იარაღის ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება


თამუნა უჩიძეახალციხე
სისხლის სამართლის დანაშაულზე ჯარიმა არაა შემზღუდავი ფაქტორი

ცივი იარაღი და მოზარდები; უნდა გამკაცრდეს თუ არა სასჯელი ცივი იარაღის ტარებისათვის და რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით ახალციხეში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ცივი იარაღის გამოყენებაზე ასაკობრივი ზღვარის გაუქმებასა და სასჯელის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა დანით დაჭრისა და მკვლელობის შემთხვევები: პროექტს უახლოეს მომავალში შევიმუშავებთ და მის განხილვას პარლამენტი ძალიან მალე დაიწყებს”.


ამჟამად კანონი ცივი იარაღის ტარებასა და გამოყენებაზე სისხლის სამართლის კოდექსის 238-, პრიმა მუხლით რეგულირდება. მისი მიხედვით, 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება მხოლოდ ჯარიმით ისჯება, მინიმალური ოდენობა 500 ლარია.   
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეების უმრავლესობამ ის, რომ დანის ჯიბით ტარება არ შეიძლება იციან, თუმცა, რას ითვალისწინებს ამ თვალსაზრისით კანონი და აღნიშულ სიტუაციაში როგორ დაისჯებიან, ნაკლებად არიან დაინტერესებულნი.
 
დანა რომ დამინახონ, სკოლაშიც გამიბრაზდებიან და სახლშიც, - ამბობს მეშვიდე კლასელი და გვიხსნის, რომ დანას არც თავად ატარებს და არც მისი თანაკლასელები, თუმცა სკოლაშიდიდ ბიჭებსხშირად დააქვთ ჯიბით – “მარიაჟობენდაკაი ბიჭებადმოაქვთ თავი. ხანდახან თამაშობენ კიდეც დანით. თუ გოგოებმა არ დაინახეს დაჩაუშვეს”, მასწავლებელს სხვა არავინ ეტყვის”. 

მეექვსე კლასელი გოგონა ამბობს, რომ ერთი მისი თანაკლასელი ბიჭი სკოლაშიდუბინკითდადის: “ახლა გადმოვიდა ჩვენ სკოლაში, ბიჭები ჩაგრავენ, არ ემეგობრებიან და ამიტომ თან ხის დიდ ჯოხს ატარებს”.

ახალციხის საჯარო სკოლების დირექტორები ამბობენ, რომ მოზარდებში დანის ტარების შემთხვევები არის, თუმცა, ძალიან იშვიათი.

მეხუთე წელია ამ სკოლაში ვმუშაობ და მხოლოდ ერთხელ იყო, რომ ბავშვს გასაშლელი დანა ედო ჩანთაში. ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. დამრიგებელმა გაახსნევინა ჩანთა და საკუთარი ხელით დააბრუნებინა ცივი იარაღი”, - ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

მეექვსე საჯარო სკოლაში უჭირთ გაიხსნონ როდის იყო ბოლოს ასეთი შემთხვევა.
“16 წელია დირექტორი ვარ. რასაკვირველია ამ ხნის განმავლობაში ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ იშვიათად და მაშინვე მიგვიღია ზომები”, - ამბობს ზაზა თამარაშვილი.

მეცხრეკლასელი გიორგის მშობლების განცხადებით, სკოლაში დანის ტარების შემთხვევები იშვიათია, მაგრამ ხშირია შეხლა-შემოხლა და სისხლიანი გარჩევები უბანში: დალევენ და ძალადობისთვის მუშტები აღარ ყოფნით. კარგი იქნება თუUგამკაცრდება კანონი”.

კანონის გამკცარებაში გამოსავალს ვერ ხედავენ ადვოკატები. ამასთანავე აცხადებენ, რომ ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთი საკმაოდ მშვიდი რეგიონია და მსგავს პრობლემებს იშვიათად თუ შეხვდებით.

მხოლოდ ერთხელ მქონდა ასეთი საქმე. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, კანონის გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ. რომც გაზარდონ სასჯელის ზომა, თუ ვინმეს დანის ტარება უნდა, ვერ ატარებს?!” - კითხულობს ადვოკატი ივანე ტატალაშვილი და ამატებს, რომ თუ რაიმე დანაშაული არ მოხდა, სხვაგვარად მოზარდების ჯიბეში დანას ვერავინ ამჩნევს, არც სკოლაში ჩხრეკენ მოსწავლეებს და არც სასწავლებლებში სტუდენტებს.

ახალციხეში 238- მუხლით მსჯავრდებულთა რიცხვი ძალიან ცოტაა ადვოკატ ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებითაც: რეგიონებში ახალგაზრდების მენტალიტეტი დიდი ქალაქებისგან განსხვავებით ცოტა სხვანაირია. მეტი სითბო და ნაკლები აგრესია აქვთ ერთმანეთისადმი. ეს უფრო დიდი ქალაქების სენია”.

სამარჯიშვილს სამუშაო პრაქტიკაში ცივი იარაღის ტარებაზე მხოლოდ ორი საქმე ჰქონდა და ორივე შემთხვევაში ფულადი ჯარიმა იქნა გამოყენებული. რაც შეეხება კანონის გამკაცრებას, ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს არაეფექტური იქნება, რადგან როცა არასრულწოვნებთან გვაქვს საქმე სასჯელის მატებაზე კი არა, მის პრევენციაზე უნდა ვზრუნავდეთ: თუ კანონს გავამკაცრებთ და ასეთ ადამიანებს დავიჭერთ, ამით უარესს გავაკეთებთ. იქიდან გამოსულები დანით კი არა, ცეცხლსასროლი იარაღით დაიწყებენ ქუჩაში სიარულს”.

ახალციხის რაიონული პროკურორის გიორგი ვანიძის განცხადებით, დანაშაულის პრევენციაა ერთ-ერთი მიზანი საქართველოს პროკურატორის მიერ განხორციელებული პროექტისა - “საზოგადოებრივი პროკურატურა”. პროექტი საქართველოს მასშტაბით, სხვა სპორტულ-გასართობ ღონისძიებებთან ერთად, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, სკოლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარებასაც ითვალისწინებს: “ვსაუბრობთ ისეთ თემებზეც, როგორიცაა ცივი იარაღის ტარება და სასჯელი”.
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი ფიქრობს, რომ მხოლოდ პრევენცია საკმარისი არ არის და სასჯელი უფრო მძიმე უნდა იყოს: ნუ იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა და იყოს თუნდაც საზოგადოებისთვის სასარგებლო შორმა. მოზარდები ჯარიმას როგორც სასჯელს, ვერ აღიქვამენ. სისხლის სამართლის დანაშაულზე ჯარიმა არაა შემზღუდავი ფაქტორი”. 
ცივი იარაღის გამო სასამართლო დავები ჯეირანაშვილის თქმით, ახალციხეში იშვიათადაა: წელს ასეთი საქმე მხოლოდ ერთი გვქონდა. ვფიქრობ, მოზარდები ასე მაშინ იქცევიან, როდესაც უჩნდებათ მნიშვნელოვნად ყოფნის სურვილი. არ სწავლობენ, სხვა არაფრით გამოირჩევიან და არ უნდათ მეგობრების თვალში მნიშვნელობა დაკარგონ, ამიტომ დანას ატარებენ და ცდილობენ მათზე ილაპარაკონ”.

ჯეირანაშვილის მოსაზრებას იზიარებს ფსიქოლოგი გულიკო ბექაური: ხშირად ვაჟებისთვის დანის ტარება არის ვაჟკაცობის ინდიკატორი და სულაც არაა ამის მიზეზი აგრესია ან გენეტიკური ფაქტორი. ასეთ შემთხვევაში ოჯახურ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ არასტაბილური ოჯახური გარემო შეიძლება იყოს  ხელშემწყობი და არა ამის გამომწვევი მიზეზი”.
რაც შეეხება კანონის გამკაცრებას, ბექაური აცხადებს, რომ არ შეიძლება აგრესიას აგრესიით დაუპირისპირდე, ეს ფორმულაა ფსიქოლოგიაში: რა შედეგს მოგვიტანს კანონის გამკაცრება?! ხშირად პრობლემის გადაწყვეტას ვიწყებთ არა საფუძვლიდან, არამედ ზემოდან”.

ფსიქოლოგის თქმით, ამ შემთხვევაში უნდა დავფიქრდეთ თუ რატომ ჩნდება ახალგაზრდებში დანის ტარების სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგან მოზარდების ფსიქიკა ძალიან ფაქიზია, შეიძლება დავამძიმოთ მდგომარეობა ამ თვალსაზრისით: თუმცა ზოგიერთი ბავშვის ფსიქიკა ისეთიცაა, რომ თუ არ არსებობს დასჯის მექანიზმი, უფრო ადვილად ახდენს თავისი ქცევის რეალიზებას”.

კანონპროექტი სასჯელის ზომის გამკაცრების შესახებ მალე შევა პარლამენტში; რამდენად მკაცრი იქნება ის და რა ფორმით მიიღებს მას საკანონმდებლო ორგანო, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი