გლობალური დათბობა სამცხე-ჯავახეთისთვის


 თამუნა უჩიძეახალციხე
კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები; რამდენად მოწყვლადია ამ მხრივ სამცხე-ჯავახეთი;
                                                             
უკანასკნელი მონაცემებით 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე გასამმაგდა, რაც უმთავრესად კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

სათბურების მზარდი კონცენტრაციის გამო, მე-20 საუკუნის განმავლობაში, დედამიწაზე წლიურმა საშუალო ტემპერატურამ 0,6 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა, ხოლო 21- საუკუნის განმავლობაში ტემპერატურა 1,1 – 6,4 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში გაიზრდება.

გამოთვლების თანახმად, 2081-2100 წლებისათვის საქართველოში ნავარაუდევია წლიური საშუალო ტემპერატურის 2,5 – 5,2 გრადუსი ცელსიუსით მატება.   

რუკაზე, რომელზეც კლიმატის ცვლილება 2100 წლამდეა დატანილი, სამცხე-ჯავახეთი სუსტიდან საშუალომდე არსებულ გრაფაშია მოხვედრილი, რადგან განსაკუთრებით მოწყვლადი ეკოსისტემები თქვენთან არ არის, - გვიხსნის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი ბაკურ ბერეტაშვილი და ამატებს, რომ მოწყვლადობა ახალი ტერმინია - ეს არის მგრძნობიარობას მინუს ადაფტაციის უნარი”.

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთი მდიდარია ტყეებითა და საძოვრებით. ტყეებს კი ძლიერი ადაფტაციის უნარი გააჩნიათ, თუ მაგალითად, ორი წელი დათბება, მათ გახმობის საფრთხე არ ემუქრებათ. ამასთანავე, გამრავლების თვალსაზრისით ინერციის უნარს ათეულობით წლის განმავლობაში ინარჩუნებენ, ამდენად მგრძნობიარობაც საშუალოა. სწორედ ამ გაგებით რეგიონი ნაკლებად მოწყვლადია.

რაც შეეხება საძოვრებს, ბერეტაშვილი ამბობს, რომ თუ დათბება უკეთესიცაა, რადგან ეს გამოიწვევს ბალახის ზრდას და ასე რეგიონში სოფლის მეურნეობაც უფრო პროდუქტიული გახდება: აქ შემაფერხებელი ფაქტორი ნალექის შემცირებაა. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში საძოვრები ირწყვება. მათი დიდი ნაწილი მაღალმთიან ზონებშია, იქ კი პატარა რუ ან წყარო ყოველთვისაა. ამასთანავე, გლობალური დათბობის გამო, მიმდინარე საუკუნეში სარწყავი სისტემების მოწყობა უმნიშვნელოვანესი იქნება”.

ბერეტაშვილი კლიმატის ცვლილების საკითხებზე 16 წელია მუშაობს: “საქართველოს მასშტაბით კლიმატის ცვალებადობასთან დაკავშირებულმა კვლევამ, უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ახალქალაქში 0,2 გრადუსი ცელსიუსი აჩვენა, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამდენად, რეგიონს დათბობის თვალსაზრისით, რაიმე კატასტროფა არ ემუქრება”.

გლობალური დათბობის თვალსაზრისით არა, მაგრამ 2008 წელს ბორჯომში ათას ჰექტრამდე დამწვარი ტყის ფართობზე, ეროზიის საფრთხე რეალურად გაჩნდა.

მეწყრული პროცესები დაწყებულია. თუ ახლავე არ ვიზრუნეთ ამან შესაძლოა მომავლაში ისეთი პროცესები გამოიწვიოს, რომლის შეჩერებაც შეუძლებელი იქნება და ეს სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს”, - აცხადებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ( CANN-ის) პროგრამების მენეჯერი კახა ბახტაძე.

 CANN- ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით პროექტს - “კლიმატის ცვლილებებთან ადაფტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასაქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ახორციელებს, მათ შორის ორი ახალციხე და ბორჯომია. ეს მუნიციპალიტეტები, ბახტაძის განცხადებით, მათი მგრძნობელობისა და განსხვავებულობის მიხედვით შეირჩა: “ბორჯომში ტყის აღდგენასთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ნაწილი ფიქრობს, რომ ხეები იქ სულ უნდა მოიჭრას და განახლება ბუნებრივად მოხდეს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ აქ ხელოვნური ჩარევა არაა საჭირო, რადგან ტყე თავად აღდგება”.

 CANN-მა დახმარება ამერიკის სატყეო დეპარტამენტს სთხოვა. ბახტაძის თქმით, გადამწვარი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, ამერიკელმა სპეციალისტებმა აქ პირველი ეტაპისათვის ბუჩქოვანი მცენარეების დარგვის რეკომენდაცია მოგვცეს. ეს სამომავლოდ მრავალწლიანი ნარგავებისთვის ნიადაგს მოამზადებს და ამასთანავე შეაჩერებს უკვე დაწყებულ ეროზიულ პროცესებსაც. ასევე სასურველია დამწვარი ხეების ტყიდან გამოტანა, რადგან ამ ადგილებში დაავადებების გავრცელებას ავიცილებთ თავიდან: “მეთოდი რომლეზეც შევჩერდით ბიოინჟინერიაა, ანუ სანერგე მეურნეობების გამოყენება ეროზიული პროცესების შესაჩერებლად. საქართველოში კარგად შეიძლება ამ მიმართულების განვითარება, რადგან გამოცდილება დიდი გვაქვს”.   

ბახტაძის განცხადებით, ბორჯომში ტყის აღდგენასთან დაკავშირებითსაქრთველოს ბანკისმიერ განხორციელებული პროექტი არაეფექტური აღმოჩნდა: “ნერგის სახეობები არასწორად იქნა შერჩეული, ასევე დაშვებული იყო შეცდომები დარგვის დროსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთი ნარგავი ჯანმრთელი არ იქნება”.

ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასთან ერთად, CANN-ის მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი კლიმატის ცვალებადობისადმი საზოგადოების მზაობა და ადაფტაციაცაა. სწორედ ამ მიზნით გაიმართა საქართველოში კლიმატის კვირეული, რომელსაც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 25 და 26 ოქტომბერს ორდღიანი კონფერენცია მიეძღვნა. კლიმატის ცვალებადობასა და ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით ბერეკაშვილისა და ბახტაძის მოხსენებებთან ერთად, გლობალურ დათბობასთან კავშირში საკუთარი თემები სტუდენტებმაც წარმაოდგინეს.  

კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენცია რომელზეც ხელი საქართველოსაც მოწერილი აქვს, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ზრუნვას მეექვსე მუხლით ავალდებულებს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი