“გავათბოთ მესხეთის თეატრი”


სიცივის გამო ყოველ ზამთარს თეატრი ცარიელია. 

თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ, პირველად, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გათბობა ჩაირთვება და ოთხი წლის წინ დაპირებული ეროვნული დრამატურგიის ფესტივალიც გაიმართება.

ფესტივალის გამართვა სპონტანურად გადაწყდა, გათბობის სისტემის დასამონტაჟებლად 44 ათასი ლარი კი ადგილობრივ ბიუჯეტში თავიდანვე გაწერილი იყო. თუმცა, თეატრის გათბობისათვის (ბუნებრივი გაზის) ხარჯი წელს არც კულტურის სამინისტროს, არც ადგილობრივ თვითმმართველობას და არც თავად თეატრს გაუთვალისწინებია.

გასულ შაბათს საქართველოს მასშტაბით თეატრების მმართველები ბათუმში შევიკრიბეთ. გვასწავლეს, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ გრანტები, - გვიხსნის მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე გამოთქვეს ახალციხეში ჩამოსვლის სურვილი ბათუმის, ქუთაისის და თბილისის სხვადასხვა თეატრებმა: “თეატრები მოდიან პათოსითგავათბოთ მესხეთის თეატრი. ანუ წელს თეატრს სწორედ ამ ფესტივალიდან შემოსული თანხით გავათბობთ”.

ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ ლია სულუაშვილმა ფესტივალის  გამართვის საკითხი სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლაშა ჭკადუასთან შეათანხმა: მომზადება დავიწყოთო მითხრა, თუმცა, სამზადისს გარკვეული თანხა სჭირდება”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ პეტრიაშვილის განცხადებით, რომელიც ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურადაა ჩართული, რეგიონის თეატრები ახალციხეში საკუთარი სახსრებით ჩამოვლენ: წესით გზის ხარჯების დაფარვის საშუალება დედაქალაქის თეატრებსაც უნდა ჰქონდეთ, თუმცა, სავარაუდოდ, ამ თანხას ქალაქის კულტურის სამსახური დაფარავს. მაგრამ ჯერ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, თბილისის მერი საქართველოში არ იმყოფება”.

რაც შეეხება მასპინძელი თეატრის გათბობას, ბანერებისა და პროგრამების დაბეჭდვას, ასევე სტუმრების გამასპინძლების ხარჯებს, სულუაშვილის განმარტებით, ეს ყველაფერი აბონემენტების გაყიდვამდეკეთილმოსურნე ადამიანებისდახმარებით მოხდება: “თუ შემოსული თანხა გვეყოფა და გათბობის შესაძლებლობა გვექნება მუშაობას იანვარშიც გავაგრძელებთ. სავარაუდოდ, წელიწადში გათბობისათვის 15 ათასი ლარი დაგვჭირდება”.

რას შეიძლება გასწვდეს შემოსული თანხა, იმის მიხედვით გაირკვევა, 400 აბონემენტიდან რამდენი ცალი გაიყიდება. ფესტივალი 10 ნოემბერს გაიხსნება და 21-ში დასრულდება. ახალციხეს საქართველოს ყველა წამყვანი თეატრი ესტუმრება: რუსთაველი, მარჯანიშვილი, თუმანიშვილი, თავისუფალი, სამეფო უბნის, ილიას უნივერსიტეტთან არსებული ახალი თეატრი, ანუ ვაკის სარდაფი, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, სომხური თეატრები, ჩამოვა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრიც. 12 სპექტაკლიდან ერთ-ერთს მესხეთის თეატრიც წარმოადგენს, თუმცა რეპერტუარიდან ფესტივალისთვის რომელი შეირჩევა ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ფესტივალს სამეფო უბნის თეატრი დახურავს.

წარმოდგენები 18 საათზე გაიმართება. აბონემენტის ღირებულება 3 ლარი და 50 თეთრი, ბილეთის კი 5 ლარი იქნება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი