ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზა გაიხსნა

15 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნინოწმინდა-წალკა-თბილისის გზის ოფიციალური გახსნისთვის ჯავახეთს ეწვია.

მიხეილ სააკაშვილი ახალი, 224 კილომეტრიანი გზით ჩამოვიდა, რომლითაც დედაქალაქიდან ქვეყნის სამხრეთ რეგიონამდე ჩასვლა 2,5 საათში შეიძლება, ნაცვლად ხუთი საათისა. გზის მშენებლობაზე 209 მილიონი დოლარი დაიხარჯა. პროექტი აშშ-ის მთავრობისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის'' ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა. მშენებლობას ორი წელი დასჭირდა. გზის სიგრძე 224 კილომეტრია — ერთკილომეტრიანი მონაკვეთი საშუალოდ 933 ათასი დოლარი დაჯდა.


სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წლის გაზაფხულზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 224 კმ გზის მშენებლობასთან ერთად, ასევე აშენდა 15  ხიდი და სარეაბილიტაციო გზის გასწვრივ არსებული სადრენაჟო სისტემები.

დაგებული გზის საექსპლუატაციო ვადა 20 წელია. მშენებლობის დასრულების შემდეგ გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ახალქალაქში გამართა, რომელსაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ესწრებოდა. გამგეობასთან მდებარე კულტურის სახლის შენობასთან ხალხი დილის 11:00 საათიდან შეიკრიბა. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილს რკინის ღობეები შემოავლეს და პოლიციის კორდონები ჩააყენეს. ცენტრისკენ მიმავალი ყველა გზა ავტომანქანებისთვის დილიდან დაკეტილი იყო. ცენტრალურ მოედანზე შესვლა კონტროლის შემდეგ ხდებოდა.

ქვეყნის პრეზიდენტი მოედნის შემოღობილ ნაწილში მანქანით შემოვიდა, მის გვერდით პირველი ლედი სანდრა რულოვსი მოდიოდა. პრეზიდენტი ტრიბუნაზე ავიდა და მოსახლეობას სომხურ ენაზე მისალმა.

,,გამარჯობა, ძმებო და დებო. გილოცავთ ჩვენი შეთანხმების განხორციელებასა და თქვენი ოცნებების ასრულებას'', - მიესალმა ხალხს ქვეყნის მეთაური.

შემდგომ სიტყვა პრეზიდენტმა უკვე ქართულად გააგრძელდა. მიხეილ სააკაშვილი ტრიბუნიდან მოსახლეობას 7 წუთი და 30 წამი ესაუბრებოდა. ამ დღეს პრეზიდენტმა მთელი ქვეყნისთვის ისტორიული უწოდა. მან თქვა, რომ ახალ გზას უზარმაზარი როლი აქვს, როგორც ,,საქართველოს რეგიონების დამაკავშირებელ გზასა და თავისუფლების გზას''.

,,საქართველოში ბოლო ეპოქებსა და საუკუნეებში აშენდა სამი მნიშვნელოვანი გზა.

პირველი გზა ეს იყო სამხედრო-ქართული გზა, რომლის მიზანი საქართველოსა და კავკასიის თავისუფლების მოსპობა, დამონება, დაკაბალება და კოლონიზაცია იყო.

მეორე გზა როკის გვირაბზე გავიდა, რომლის მისია და ფუნქცია საქართველოს ამ და დანარჩენ რეგიონებს შორის იმ საუკუნოვანი კავშირის ჩაჭრა იყო, რომელიც ოდითგანვე გვქონდა.

ეს არის მესამე, როკის გვირაბისგან სრულიად განსხვავებული გზა, რადგან ეს არის საქართველოს გაერთიანების, საქართველოს ერთ მუშტად შეკვრის, საქართველოს საბოლოოდ გათავისუფლებისკენ მიმავალი გზა.

გილოცავთ ამ გზის გახსნას, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს!”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ერთიანობის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა და ხალხს შეახსენა, რომ სამცხე-ჯავახეთის ეს მიწები პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოს შემადგენლობაში დარჩა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ადგილობრივმა სომხებმა და ქართველებმა ხელში იარაღი აიღეს და მშობლიურ მიწას ერთმანეთის მხარდამხარ იცავდნენ. 

,,ასე იყო, არის და იქნება – ჩვენ ერთად ვაძლიერებთ და ვამთლიანებთ ჩვენს საქრთველოს და ამ საქმეს ბოლომდეც ერთად მივიყვანთ. საქართველოს ძლიერება ტანკების, რაკეტებისა და ავტომატების რაოდენობა, ან თუნდაც ეკონომიკური ზრდა (თუმცა ეკონომიკური ზრდა უკიდურესად მნიშვნელოვანია) კი არ არის, არამედ ჩვენი ერთიანობა'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
  

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი