ფესტივალი დასრულდა


რა ხარჯი გაიწია 11 თეატრის მასპინძლობისთვის და რამდენ ხანს გაათბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეროვნული დრამატურგიის ფესტივალიდან შემოსული თანხა. 


ფესტივალი, რომელიც ლოზუნგით – ,,გავათბოთ მესხეთის თეატრი'' 10-დან 21-ნოემბრამდე მიმდინარეობდა, დასრულდა. თავისუფალი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებზე დასასწრები ყველა ბილეთი წინასწარ გაიყიდა.

,,შედარებით მცირე მაყურებელი ჰყავდა თეატრალურ ინსტიტუტს და ფინალში თეატრს ათონელზე მაყურებელი მხოლოდ აბონიმენტებითა და მოსაწვევებით იყო მოსული'', - ამბობს მესხეთის სახლემწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ლია სულუაშვილი.
მესხეთის თეატრმა ფესტივალისთვის 780 აბონიმენტიდან 700 გაყიდა. მათ შორის 390 პირველი ექვსი წარმოდგენისთვის იყო. მეორე ექვსი წარმოდგენისთვის ლია სულუაშვილის თქმით, აბონიმენტების შედარებით მცირე რაოდენობა გაიყიდა. აბონიმენტით ერთი წარმოდგენის ნახვა 3 ლარი და 50 თეთრი, ბილეთით კი 5 ლარი ღირდა. ექვსი წარმოდგენის ნახვა აბონიმენტით მაყურებელს 21, 12-ის კი 42 ლარი უჯდებოდა.

გაცემული აბონიმენტების თანხა თეატრში ჯერ სრულად არ შესულა.
,,ორგანიზაციების ნაწილი თვის ბოლოს ხელფასების დარიცხვას ელოდება. სავარაუდოდ, სულ ცოტა, 16 ათასი ლარი უნდა შემოვიდეს. ეს თანხა გათბობას უნდა მოვახმაროთ, იქამდე სადამდეც გვეყოფა'', - აცხადებს სულუაშვილი.  
თეატრში, ახლად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი სისტემა პირველად 5 ნოემბერს ჩართეს.
,,უხეში გათვლით თვის განმავლობაში თეატრს გათბობა 3000-3500 ლარი დაუჯდება. გვინდა ნოემბერი და დეკემბერი მაქსიმალურად ვიმუშაოთ, რომ შევხედოთ რა ხარჯი გაიწევა. თუ გათბობაში 3000 ლარი გადავიხადე და სპექტკლაზე მხოლოდ 7 ბილეთი გავყიდე რა აზრი აქვს?! - კითხულობს სულუაშვილი და დასძენს, რომ იანვრიდან გეგმის შედგენაზე იმუშავებს, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში დედაქალაქიდან სხვადასხვა კოლექტივების მოწვევას შეეცდება – გაიზარდა სხვა კომუნალური ხარჯებიც, არ ვიცით მომავალ წელს რა როგორ გვეყოფა''.
მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებამდე ერთი თვეც აღარ დარჩა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, თეატრის გათბობის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს კულტურის სამინისტროსთან: ,,ფესტივალის ორგანიზებაც სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ თეატრის გათბობის ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოგვეთავისუფლებინა''.
ფესტივალიდან შემოსული თანხიდან მაქსიმუმ 1000 ლარი მასპინძლობისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დაიხარჯა. აქედან 6600 ლარზე მეტი კვებაში, დანარჩენი კი აფიშების, პროგრამებისა და ბანერების დამზადებისთვის გაიწერა.
ამჟამად მესხეთის თეატრი სეზონის ბოლო პრემიერაზე – აკაკი წერეთლის ,,ბუტიაობაზე'' მუშაობს. შემოქმედებითმა დასმა სამაგიდო რეპეტიციები უკვე დაასრულა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სიცივის გამო, მესხეთის თეატრს  ნოემბერის თვეში პრემიერა არ დაუდგამს. ამდენად, ზამთარში, ბოლო ორი ათეული წლის განავლობაში პირველად ახალციხელი მაყურებელი თბილ დარბაზში პრემიერას ნახავს.
 
თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი