მაძიებელთა პროგრამა დაიწყო

მაძიებელ-მენტორთა პროგრამა დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტში 16 მაძიებლობის მსურველიდან 13 შეირჩა: ცხრა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ორ-ორი კი ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. 

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის თქმით, მაძიებლობაზე განაცხადი 16-მა დამწყებმა პედაგოგმა შეიტანა. ამათგან, ერთს უარი ეთქვა იმის გამო, რომ ამ პერიოდში ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო მუშაობა. მაძიებლობის დებულების თანახმად კი მაძიებლობა და მუშაობა ერთდროულად დაუშვებელია. ორისთვის კი ვერ მოინახა მენტორი მასწავლებელი, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის ლია ბერიძის თქმით, მენტორი მასწავლებელი არ შეირჩა გერმანულსა და რუსულ ენებში.

მენტორობა იმ მასწავლებლებს შეუძლიათ, რომელთაც სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. გარდა ამისა, მათ უნდა გაევლოთ მეორე ეტაპი, გასაუბრება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა.
 

,,ამ ორ საგანში პედაგოგები, რასაკვირველია, იყვნენ. მათ უნდა გადაელახათ მეორე ეტაპი, სადაც უნდა ეჩვენებინათ მოტივაცია და, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონოდათ სურვილი. სწორედ მეორე ეტაპის შემდგომ ეთქვათ მათ უარი, როგორც ჩანს, ან სურვილი არ გამოთქვეს, ან სამინისტრომ ვერ დაინახა მათი მოტივაცია'', - განმარტავს ლია ბერიძე. 

მისივე თქმით, ყველაზე მეტი მაძიებელი ქართულ ენაში შეირჩა. ქართული ენის სამ მენტორ მასწავლებელთან ცხრა მაძიებელი გადანაწილდა: ,,მზევინარ მჟავანაძე არის მეექვსე საჯარო სკოლაში და ჰყავს სამი მაძიებელი. ხოლო პირველ სკოლაში არიან მადლენა გვამბერიძე და მზია ეგიაშვილი,  ასევე სამ-სამი მაძიებლით''.   

პირველ საჯარო სკოლაშია მათემატიკის მენტორი ბადრი კაპანაძე, ორი მაძიებლით. ასევე ორი მაძიებელი ჰყავს ინგლისურის მენტორს ლელა ცაგარეიშვილს, რომელიც მეხუთე საჯარო სკოლაში მუშაობს.
 

,,მენტორებმა დაგეგმეს, როგორ უნდა იმუშავონ მაძიებლებთან. ისინი უტარებენ საჩვენებელ გაკვეთილებს და შემდგომ საჩვენებელ გაკვეთილებს თავად მაძიებლები ჩაატარებენ'', - ამბობს ლია ბერიძე.

ის მაძიებელი, რომელიც მაძიებლობის ერთწლიან პერიოდს წარმატებით გაივლის, წლის ბოლოს მიიღებს ცნობას, უფლება ექნება გავიდეს სასერტიფიკაციო გამოცდაზე და მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება. მაძიებლები სკოლაში ყოველდღე დადიან, მათ ანაზღაურება არ აქვთ.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment