ჩუტყვავილა სეზონური ინფექცია

შემოდგომასა და ზამთარში ბავშვთა ინფექციური დაავადების, ჩუტყვავილას შემთხვევები ხშირდება. ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩუტყვავილათი ინფიცირებული არაერთი ბავშვია.

4 წლის შალვა ინასარიძეს ჯერ მაღალი სიცხე მისცა, მეორე დღეს კი ტანზე გამოაყარა.

,,მივხვდით რომ ,,ბატონები’’ ჰქონდა, ნათესავისგან გადაედო. რადგან ძლიერი ქავილი აწუხებდა, ექიმმა სუპრასტინი დაგვინიშნა’’, - გვიამბობს შალვა ინასარიძის დედა ლელა სარაშვილი.

უბნის ექიმის, პედიატრის ლია ზედგინიძის თქმით, ჩუტყვავილას შემთხვევებმა ძალიან იმატა: ,,ინფიცირებული ბავშვების ზუსტ რაოდენობას ვერ განვსაზღვრავთ. რადგან სასკოლო ასაკის ბავშვის გასინჯვა ფასიანი, მოსახლეობას საშუალება არ აქვს და ამიტომ ხშირ შემთხვევაში პოლიკლინიკაში არ მოჰყავთ. თუმცა, უბანზე არა ერთ შემთხვევას ვაფიქსირებთ’’.


ზედგინიძის განმარტებით, ჩუტყვავილას გამომწვევი ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვნაზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს. ვირუსი ყველაზე მეტად კანსა და ნერვულ სისტემას აზიანებს სწორედ ამით აიხსნება, რომ დაავადების ყველაზე ხშირი და ტიპური გართულება ვისურული ენცეფალიტია.

ჩუტყვავილათი ათიდან ცხრა დაავადებული 10 წლამდე ასაკის ბავშვია.

,,ადამიანი, რომელსაც ჩუტყვავილა ბავშვობაში არ გადაუტანია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეხვდეს. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. ინფექციის წყარო ჩუტყვავილათი ან ზოსტერით დაავადებული ადამიანია’’, - გვიხსნის ლია ზედგინიძე.

მისი თქმით, დაავადება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. ამიტომ დაავადებული ბავშვი, სხვებისგან იზოლირებული უნდა ჰყავდეთ. აუცილებელია სანიტარული ნორმების დაცვა. ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღე-ღამის განმავლობაში და 3-7 დღეს მისი გაქრობის შემდეგ: ,,საინკუბაციოა პერიოდი, ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე 10—21 დღეა, უმეტესად – 14 დღე. გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმნიშვნელო სისუსტე’’.

გამონაყარი პირველად ტანზე ჩნდება, შემდეგ სახეზე, თავის თმიან ნაწილში, ასევე კიდურების პერიფერიულ ნაწილებზე. ბუშტუკები ადვილად სკდება, სითხე იღვრება, ხოლო კანი მათ ადგილას მუქი ფუფხით იფარება.

,,საშუალო სიმძიმის ფორმისას ტემპერატურა 39 გრადუსს აღწევს. მძიმე ფორმისას ტემპერატურა 40 გრადუსამდე აღწევს. ჩუტყვავილა მწვავე ინფექციაა და მან შესაძლოა დიდი გართულებები გამოიწვიოს - მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, პლევმონია’’, - ამბობს ლია ზედგინიძე.

ამდენად, საჭიროა ვიტამინოთერაპია და კარგი კვება. ზედგინიძის თქმით, თუ სიცხეები გაგრძელდა და ჩირქოვანი გამონაყარიც გახშირდა, მაშინ მკურნალობაში ანტიბიოტიკებიც უნდა ჩაერთოს.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი