ყარაბაღის დღევანდელობა

რა შედეგი მოიტანა ასტრახანის სამხრივმა შეხვედრამ, რა ხდება არცახის ირგვლივ და როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი მომავალი არცახელებს. 

27 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით, ასტრახანში, მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტთა შეხვედრა შედგა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კონფლიქტის ორივე მხარე სამხედრო ტყვეებსა და დაღუპულთა ცხედრებს დააბრუნებს. ამ ხელშეკრულებამ 2008 წლის 2 ნოემბერს მოსკოვში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია განამტკიცა. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,ასეთი მიდგომას, საკითხების ჰუმანიტარული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მომავალშიც შეინარჩუნებენ’’.


4 ნოემბერს, ხელშეკრულების ფარგლებში პირველი გაცვლა უკვე შედგა. იჯევან-ღაზაღის მონაკვეთზე (სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი) აზერბაიჯანს საზღვრის დამრღვევი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე გადაეცა, სომხურ მხარეს კი ტყვეობაში დაღუპული სომეხი მწყემსის ცხედარი.

დავინტერესდით, რას ფიქრობენ არცახელი ახალგაზრდები მიმდინარე მოვლენებზე.

,,ჩემი მომავალი მხოლოდ არცახში წარმომიდგენია. ვიცით, რომ შეუძლებელია ყველაფერი ერთბაშად გქონდეს. ჩვენ, ჩვენი მიწისთვის ძალიან ძვირი გადავიხადეთ და არცახის გარეთ ჩვენი მომავალი გამორიცხულია. სირთულეები, რასაკვირველია, გვაქვს, მაგრამ ეს წვრილმანია, იმასთან შედარებით, რომ თავს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მოქალაქედ გრძნობ და ამაყობ, რომ მშობლების ოცნება შენს რეალობად იქცა’’, - თქვა ნარინე აბრაამიანმა.

ყარაბაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი არუტ მნაცაკანიანი კი ამბობს, რომ ,,უკვე 20 წელია, რაც დამოუკიდებლობის გზა ავირჩიეთ. ჩვენ აღიარების მიღწევა საერთაშორისო სამართლის თანახმად შეგვიძლია, რადგან ერის თვითგამორკვევის პრინციპი ამ უფლებას ყველა ერს აძლევს, თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად სომეხ ერთან გაერთიანების პროცესიც განვაგრძოთ. მთავარი ერთიანი ეროვნული პოლიტიკაა’’.

მთიანი ყარაბაღის აღიარების საკითხი ამ ეტაპზე გაურკვეველია. ოფიციალურად ის ჯერ სომხეთსაც კი არ უღიარებია, თუმცა, მთავრობათშორისი შეხვედრები და პროგრამები მუდმივად ხორციელდება. სტეფანაკერტში გამართულ ჟურნალისტთა მეხუთე საყოველთაო სომხურ კონფერენციაზე მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის აშოტ ღულიანის გამოსვლიდან ჩანს, რომ ოფიციალური სტეფანაკერტი ამ მდგომარეობას კრიტიკულად არ აღიქვამს.

,,ჩვენ, ყარაბაღში, ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებას ორ ნაწილად – სომხეთისა და დანარჩენი ქვეყნების მიერ აღიარებად არასდროს ვყოფდით. მართალია, ეს სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური საბჭოს საკითხია, მაგრამ არ მინდა, ამ თემაში გრძნობები გავრიოთ. ყარაბაღის აღიარება არ არის ის საკითხი, რომელსაც სომხეთის ნაციონალური საბჭო პოლიტიკური უთანხმოების პირობებში მოაგვარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სრულ პოლიტიკურ თანხმობაში უნდა მოხდეს და კენჭისყრა უნდა იყოს იდეალური, თავის შეკავებისა და მოწინააღმდეგე ხმების გარეშე’’, - ამბობს მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე აშოტ ღულიანი.

ყარაბაღის ირგვლივ გაურკვევლობა საკმაოდ დიდი ხანია სუფევს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მოსახლეობა თავს გამარჯვებულად კი მიიჩნევს, მაგრამ მაინც არ იცის, რა სტატუსის მქონე ქვეყანაში ცხოვრობს.

,,ეს გაურკვეველი მდგომარეობა ჩვენთვის ყველაფრის განმსაზღვრელია, მსოფლიოს კი აწყობს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მსოფლიომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა რაც შეიძლება მალე აღიაროს და მიიღოს’’, - ამბობს ესპანეთის ყოველკვირეული გამოცემის ,,აირენიკის’’ რედაქტორი არარატ ღუკასიანი.

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი