დაგვიანებული წიგნები

 სოციალურად დაუცველი მოსწავლეები უახლოეს ერთ კვირაში სახელმძღვანეოლებს მიიღებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ნაწილი სასკოლო სახელმძღვანელოების მიღებას დღემდე ელოდება. 

წელს პირველი პრეცენდენტია, როცა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ აძლევენ. ამ პროგრამის განხორციელებისთვის სახელმწიფომ რვა მილიონი ლარი გამოყო. სახელმძღვანელოები იმ მოსწავლეებმა უნდა მიიღონ, რომელთა ოჯახებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებული და 57 ათასი ან მასზე ნაკლები ქულა აქვთ. წიგნების გადაცემა სასწავლო წლის დასაწყისშივე დაიწყო, თუმცა მოსწავლეების უმრავლესობა დღემდე სახელმძღვანელოების გარეშეა.


ახალციხეში მცხოვრებ ლარისა კურტანიძეს ორი შვილი ჰყავს - ნაირა და ნიკოლოზი. ის მარტოხელა დედაა. ოჯახი ნაქირავებ ბინაში - ორ პატარა, უიატაკო, ბნელ ოთახში ცხოვრობს. სახლი სარდაფს ჰგავს, აქ კედლების სიძველეს ერთმანეთის გვერდით გაკრული ათობით პლაკატი ფარავს. შესასვლელში მდგარ პატარა მაგიდაზე მეთორმეტე კლასის ოთხი სახელმძღვანელო დევს, ეს ნაირას წიგნებია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს 19 000 ქულა აქვს და რამდენიმე წელია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია, ვერც ნაირამ და ვერც მისმა პირველკლასელმა ძმამ, სამინისტროსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები ვერ მიიღეს.

,,რამდენჯერმე მიმატანინეს სკოლაში ამონაწერი, რომ ნამდვილად ვარ სოციალურად დაუცველი და მაქვს შესაბამისი ქულები. ჩემივე თანდასწრებით გადაეცა ეს ქულები რესურსცენტრს, მაგრამ წიგნები მაინც არ მოგვცეს, - გვიამბობს ლარისა კურტანიძე და გვიხსნის, რომ მათ მხოლოდ ოთხი სახელმძღვანელო მიიღეს, რომელიც ერთ-ერთ მოსწავლისთვის შეცდომით ჩამოვიდა, - ,,არ ეკუთვნოდა ეტყობა იმას და მისცეს ჩემს გოგოს. დანარჩენი არცერთი სახელმძღვანელო არ აქვს. პირველი კლასის წიგნები ახლობელმა გვათხოვა და რაც ფანქრითაა დაწერილი ვშლი, რომ ბავშვმა იაზროვნოს’’.

პროფესიით მუსიკის პედაგოგი ლარისა კურტანიძე ამჟამად უმუშევარია. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება, 78 ლარია, რომელიც თვიდან თვემდე ბინის ქირას - თვეში 25 ლარს, კომუნალურ გადასახადებს და საკვებ პროდუქტებს უნდა გასწვდეს: ,,იძულებული გავხდი, მეთორმეტე კლასის ინგლისურის წიგნი მეყიდა იმიტომ, რომ კატეგორიულად ითხოვენ. პირველ კლასშიც ხელოვნებისა და ბუნების წიგნებს გვთხოვენ’’.

ნაირა ფარცახაშვილი ამბობს, რომ მის კლასში წიგნების გარეშე ბევრი მოსწავლეა: ,,ვთხოულობთ, ან ვაქსეროქსებთ. ინგლისურში წიგნს მოჰყვება ტექტსები და რადგან ძვირია, ქსეროასლებს ვაკეთებთ’’.

ნაირა და მისი ძმა გამონაკლისები არ არიან. სახელმძღვანელოების გარეშე არაერთი მოსწავლე დარჩა. იმის გამო, რომ სკოლაში საჭირო საბუთები გვიან წარადგინა, წიგნები ვერც მერვეკლასელმა იმედა გიორგაძემ მიიღო: ,,საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ, სადაც ხუთი მერვეკლასელი ვართ და იმათი წიგნებით ვსწავლობ’’.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის თქმით, სკოლის 240 მოსწავლიდან სოციალურად დაუცველი 19-ია. ამათგან სახელმძღვანელოები მხოლოდ 11-მა მიიღო: ,,წინასწარ ვისაც ჰქონდა განაცხადი შემოტანილი, ეს მონაცემები გადავეცით რესურსცენტრს და მათ ჩამოუვიდათ წიგნების სრული კომპლექტი. იმ ბავშვებისთვის, რომლებმაც საბუთები გვიან მოგვიტანეს, სახელმძღვანელოების მიღება სათუოა’’.

ასეთივე მდგომარეობაა ახალციხის მეორე საჯარო სკოლაშიც. წიგნებს აქაც დღემდე ელოდებიან ის მოსწავლეები, რომელთა მშობლებმაც სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან შესაბამისი ცნობა გვიან აიღეს.

,,პირველად მაისის თვეში მოგვთხოვა სამინისტრომ ინფორმაცია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე. მაშინ 5 მოსწავლის მონაცემი გვქონდა და გადავეცით. ბავშვებს მაშინვე მოვთხოვეთ შესაბამისი საბუთის მოტანა, მაგრამ ზოგმა მშობლამდე არც მოიტანა და მხოლოდ მაშინ გააქტიურდნენ, როცა გაიგეს, რომ წიგნები უფასოდ უნდა მიეღოთ’’, - ამბობს მეორე სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე და განმარტავს, რომ წიგნები მხოლოდ ხუთმა მოსწავლემ მიიღო, დანარჩენი 23 კი ელოდება და ან მიიღებს და ან ვერა.

მშობლების პასიურობაზე საუბრობს ზაზა თამარაშვილიც. მისი თქმით, ოჯახებზე მინიჭებული ქულები ყოველწლიურად იცვლება, ამიტომ, სკოლა მუდამ საქმის კურსში ვერ იქნება, რამდენი სოციალურად დაუცველი მოსწავლე ჰყავს. გარდა ამისა, სახელმძღვანელოების გადაცემის პირველი წელი იყო და ბევრი რამ სწორად ორგანიზებული არ იყო: ,,ვინაიდან დიდი დრო სჭირდება სახელმძღვანელოების შეკვეთას, დაბეჭდვას, გადანაწილებას, ტრანსპორტირებას და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დროშიც გაიწელა და ორგანიზაციულადაც გართულდა. გარდა ამისა, ყველა სკოლა სხვადასხვა სახელმძღვანელოს ირჩევს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ ცხადია ისიც, რომ მშობლებმა უყურადღებობა გამოიჩინეს’’.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა, სადაც ჯამში 7 014 მოსწავლე სწავლობს.

,,ამათგან სოციალურად დაუცველი 427 მოსწავლეა, - ეს პირველადი მონაცემებით, რასაც დაემატება დამატებით სიაში შესული მოსწავლეებიც, დაახლოებით 30, - გვიხსნის ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი ნინო დემეტრაძე და განმარტავს, რომ განათლების სამინისტროს სოციალურად დაუცველთა სიები რამდენიმე ეტაპად გადაეცა: პირველ ეტაპზე აპრილში გადაგზავნილი მონაცემების მიხედვით ჩამოვიდა წიგნები. შემდეგ, ივნის-ივლისში, სამინისტრომ განახლებული სიები მოგვთხოვა და აგვისტოში ისიც გადავეცით. ბოლოს,
მინისტრმა გამოაცხადა, რომ დამატებითი სიები შედგებოდა და საბოლოო მონაცემი 15 სექტემბერს გადავეცით’’.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი 295-მა მოსწავლემ მიიღო. ნინო დემეტრაძის განცხადებით, უახლოეს ერთ კვირაში სასკოლო სახელმძღვანელოებს დარჩენილი მოსწავლეებიც მიიღებენ: ,,ეს ინფორმაცია 5 ოქტომბერს გვაცნობა სამინისტრომ და, ამდენად, ჯერ დირექტორებმა არ იციან’’.

სასკოლო სახელმძღვანელოები სკოლებს მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მოსწვალე ვალდებულია, სახელმძღვანელო სკოლას დაუბრუნოს. წიგნებს ბიბლიოთეკარები ჩაიბარებენ და მომდევნო სასწავლო წელს შესაბამისი კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს გადასცემენ.

ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი