რკინიგზის კარწახის მონაკვეთზე მუშაობა კვლავ შეჩერებულია

თურქული კომპანია ,,POLAT''- ი მიმდინარე წლის აგვისტოდან 15 ნოემბრამდე საქართველოს სასაზღვრო მონაკვეთზე, სოფელ კარწახთან, რკინიგზის გაყვანისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებდა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის კარწახის მონაკვეთზე მუშაობა წელს უკვე შეწყვეტილია. მოსამზადებელ სამუშაოებს თურქული სამშენებლო კომპანია ,,POLAT''-ი ატარებს. მუშაობა მუსლიმანური დღესასწაულის ყურბანის მიზეზითაა შეწყვეტილი, რომელიც, შვიდი დღე გრძელდება, თუმცა კომპანიის თანამშრომელთა თქმით, სამუშაოები მხოლოდ მომავალი წლის აპრილში განახლდება.


,,დღესასწაულის შემდეგ ალბათ აღარ ვიმუშავებთ. შვიდი დღე ყურბანია, შემდეგ კი, ჩემი აზრით, სიცივე იქნება, თოვლიც წამოვა და ალბათ, საქმიანობას შევწყვეტთ. აპრილში მუშაობას ისევ გავაგრძელებთ. გვიან დაგვიძახეს, ჩვენი ფირმა აზერბაიჯანში მუშაობდა, იქ ასფალტს ვაგებდით'', - ამბობს ტოპოგრაფი ელდარ ლაზიშვილი.

ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტის სამმხრივ დეკლარაციას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა 2005 წლის მაისში, ბაქოში მოაწერეს ხელი.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყების ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს, აზრბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო სისტემებს გააერთიანებს, 2007 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი სამი ქვეყნის მეთაურებმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ტენდერში აზერბაიჯანულმა სამშენებლო კომპანიამ ,,აზერინშაათსერვისმა'' გაიმარჯვა. თუმცა რკინიგზის ქართულ მონაკვეთზე მუშაობა ხშირი და ხანგრძლივი პაუზებით მიმდინარეობს. მიზეზები სხვადასხვაა: ამინდი, დაფინანსების პრობლემები, პოლიტიკური ინტერესები.

მუშაობა 2008 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა დეკემბერში უკვე შეწყვეტილი იყო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთის მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად კომპანია ,,აზერინშაათსერვისის'' გენერალური დირექტორის მოადგილემ ვუსალ აბბასოვმა ჟურნალისტებს მეტეოროლოგიური პირობები დაუსახელა.

,,ღია ცის ქვეშ მუშაობა შეუძლებელი გახდა, ასევე გაძნელდა მძიმე ტექნიკის მიყვანაც, ამიტომაც მუშაობა გარკვეული დროით შევწყვიტეთ. უბრალოდ, გზის მონაკვეთის გეოლოგიური წყობის არასრულ გამოკვლევასთან დაკავშირებულ რიგ ტექნიკურ პრობლემებს წავაწყდით. ამიტომაც ახალი პროექტის შემუშავებისა და სრული ძიების ჩატარების გადაწყვეტილება მივიღეთ. ამავე დროს, გზის დაგება ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თავდაპირველ გეგმაში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება'', - აღნიშნა აბბასოვმა (`,,REGNUM''. 15/01/2009).

2009 წელს, ძირითადად, იმ ტერიტორიაზე, სადაც რკინიგზამ უნდა გაიაროს, ტყე გაიჩეხა. კომპანია ,,აზერინშაათსერვისი'' კი სოფელ სულდადან აზერბაიჯანის საზღვრამდე გამავალი მონაკვეთის გზის მშენებლობაზე გადავიდა. წელს კი ,,აზერინშაათსერვისმა'' დაიქირავა სამშენებლო კომპანია ,,POLAT'', რომელმაც მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა. სასაზღვრო მონაკვეთზე თურქული კომპანიის 40 თანამშრომელი მუშაობდა, ტოპოგრაფთა შემადგენლობაში კი ერთი ახალქალაქელიც ერია. 

გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩა. ასაშენებელია გვირაბი თურქულ და ქართულ მონაკვეთებს შორის და მრავალი ხიდი, ასევე, უნდა მოხდეს ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის რკინიგზის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია. ახალქალაქში იგეგმება რკინიგზის სადგურისა და მატარებლებისთვის საქართველოში არსებული რელსების ევროპულზე გადასასვლელი პუნქტის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, რკინიგზის სადგურის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს და მომავალ წელს დასრულდეს, თუმცა, ჯერჯერობით არაფერია გაკეთებული.

თავდაპირველი გეგმით, რკინიგზა საექსპლუატაციოდ 2011 წლის დასაწყისში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ უკვე 2013 წლამდე გადაიწია.

ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს სარკინიგზო პროექტი 98 კილომეტრი სიგრძის ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობასაც მოიცავს. ამ მონაკვეთის მთელი სიგრძიდან 68 კმ. თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ. კი საქართველოში. პროექტის წინასწარი ღირებულება 422 მლნ. დოლარია, საიდანაც 202 მლნ. ქართული ნაწილის მშენებლობაზე, ხოლო 220 მლნ. დოლარი თურქული მონაკვეთის მშენებლობისთვისაა განსაზღვრული. თუმცა მოგვიანებით პროექტის ღირებულება გადაიხედა და 2008 წლის ბოლოსთვის პროექტის მთლიანი ღირებულება, სხვადასხვა შეფასებით, უკვე 600 მლნ. დოლარს აჭარბებს. ხარჯი თანაბრად გაიყვეს აზერბაიჯანმა, საქართველოსთვის კრედიტის გამოყოფის გზით და თურქეთმა. საქართველო, კრედიტის მეშვეობით, რკინიგზას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე მიიყვანს, აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ, მარნეული-ახალქალაქის მონაკვეთის რეკონსტრუქციას განახორციელებს.

გზის მთლიანი გამშვებუნარიანობა, დამპროექტებელთა ჩანაფიქრით, 15 მლნ. ტონა ტვირთი უნდა იყოს, ხოლო თავად გზა ტრანსციმბირული მაგისტრალის ალტერნატივა უნდა გახდეს. ეს უკანასკნელი აზიისა და ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის სარკინიგზო გადაზიდვების მონოპოლისტია. გარდა ამისა, თურქეთის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბის ამუშავების შემდეგ, შესაძლებელი გახდება მატარებლების გადაადგილება ჩინეთიდან ევროპაში – თავად ლონდონამდე.

"ქართული ეკონომიკისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება ხვალ და ზეგ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე დღეს, თუმცა ყველაფერი ხელისუფლების პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მაგისტრალის ამოქმედება ახალქალაქსა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთში მცირე და საშუალო საწარმოების ამოქმედებას შეუწყობს ხელს, შესაძლებელია, აშენდეს მომსახურების ობიექტები, რადგან ყარსის გამანაწილებელ პუნქტში ამის საჭიროება აუცილებლად იქნება", - განაცხადა "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ.


შუშან შირინიანი, ახალქალაქი




No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი