,,ხიდჩატეხილობა”

საცალფეხო ხიდი სწორედ ამ ადგილზე უნდა გაკეთდეს.
 მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი საცალფეხო ხიდის აღდგენას თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩის მოსახლეობა უკვე წლებია, ითხოვს. 

მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი საცალფეხო ხიდი 1980 წელს გაკეთდა. ხიდის მშენებლობა თამარაშვილის 57 ნომერში ეგრეთწოდებული `ივერიის ბინის~ მცხოვრებლებმა ითავეს. სანამ ხიდს ადიდებული მდინარე წაიღებდა მანამდე ხიდით თამარაშვილის, ასპინძის, სააკაძის, ხაშურის, მარჯანიშვილის და ვარძიის ქუჩის მცხოვრებლები ყოველდღე სარგებლობდნენ.


,,ეს ხიდი 30 წლის წინ, ამ ქუჩის მცხოვრებლებმა საკუთარი ხარჯებით გავაკეთეთ. ამ ხიდით სარგებლობდა ასპინძის ქუჩის დასახლება, სოფლიდან ჩამოსული ხალხი აქ ჩერდებოდა და ქალაქის ცენტრში ხიდის გავლით მიდიოდა’’, - ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები თინა მაისურაძე.

ხიდი აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებისთვის ერთადერთი მოკლე გზა იყო, ქალაქის ცენტრში, სკოლაში, უნივერიტეტში, საბავშო ბაღში და ავტოსადგურში მისასვლელად. ახლა მათ მთელი ქალაქის შემოვლა ფეხით უწევთ.

,,რამდენიმე წლის წინ 9 აპრილის ქუჩაზე ვცხოვრობდი და მაშინაც ხშირად ვსარგებლობდი ამ გზით. ხიდის საშუალებით რამდენიმე წუთში უკვე ავტოსადგურში ვიყავი. ჩვენი კორპუსი ქალაქიდან საერთოდ მოწყვეტილია, საქალაქოც არ მოდის აქამდე’’,- ამბობს თამარაშვილის ქუჩის მცხოვრები, ლარისა პაპიკიანი.

პაპიკიანის მეზობელი ხატია გვირჯიშვილი, სტუდენტობის დროს ხიდით მხოლოდ პირველ კურსზე სარგებლობდა. მას შემდეგ რაც ხიდი წყალმა წაიღო სამი კილომეტრის გავლა ყოველდღე ფეხით უწევდა.: ,,უნივერსიტეტში ყოველდღე ამ გზით დავდიოდი. 15 წუთში სასწავლებელში ვიყავი’’.

ეგრეთწოდებულ ,,ივერიის ბინაში“ 26 ოჯახი ცხოვრობს, მათგან არიან როგორც სტუდენტები ასევე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მეორე, მესამე და მეხუთე საჯარო სკოლაში დადიან. ხიდის საშუალებით ბავშვები ათ წუთში სკოლაში იყვნენ, ახლა მათ მთელი ქალაქის შემოვლა უწევთ.

,,ტროტუარი მაინც გავიკეთონ, რომ ბავშვებმა და დიდებმაც უსაფრთხოდ ვიაროთ. თითქმის სამანქანო გზაზე გვიწევს სიარული“, - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები ჯულიეტა ზუმბაძე.

გარდა ზემოაღნიშნული ქუჩებისა, ხიდით ის ათი ოჯახიც სარგებლობდა რომლებიც ,,ივერიის ბინიდან“ ათ მეტრში ცხოვრობენ.

ხიდით ,,ივერიის ბინის“ პირველ სართულზე განთავსებული სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია’’, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებიც სარგებლობდნენ.

,,სამსახურში 50-მდე თანამშრომელია, აქედან უმრავლესობა ამ გზით დადიოდა რადგან ზოგი ასპინძის ქუჩაზე ცხოვრობს, ზოგი ვარძიის ქუჩაზე, ამიტომ მათთვის სამსახურში მოსასვლელი ყელაზე მოკლე და ერთადერთი გზა ეს იყო’’, - ამბობს აღნიშნული სამსახურის თანამშრომელი, ოლეგი მანჩხაშვილი.

ხუთი წლის განმავლობაში ,,ივერიის ბინის” მაცხოვრებლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება ხიდის აღდგენის მოთხოვნით რამდენჯერმე შეიტანეს, თუმცა უშედეგოდ

ჯულიეტა ზუმბაძემ მიმდინარე წლის ექვს მაისს ისევ მიმართ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას. განცხადებაზე პასუხი 12 დღეში მიიღო:

,,მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული თქვენი #კ-924 06 05 2010 წლის განცხადების პასუხად განცობებთ, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა ქალაქის სივრცით-ტერიტორიული გეგმის მოწყობის დროს აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენს თქვენს მოთხოვნას მდინარე ფოცხოვზე საცალფეხო გაასასვლელი ხიდის გაკეთების შესახებ”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, წინაასარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრისას მალხაზ გიქოშვილი ასპინძის ქუჩის მკვიდრებს დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, მდინარე ფოცხოვზე საცალფეხო გადასასვლელ ხიდს აღადგენდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ `როცა გამგეობა ბიუჯეტს წარმოგვიდგენს და ეს უნდა მოხდეს 15 ნოემბრამდე, ჩვენ გავითვალისწინებთ თანხებს ხიდის მშენებლობისთვის და გაზაფხულიდან დავიწყებთ პროექტზე მუშაობას. ჩემი არჩევიდან ერთი წლის თავზე, ანუ გაზაფხულზე უკვე დასრულებულ ხიდს მოსახლეობას მე თვითონ ჩავაბარებ~.

მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ამჯერად მაინც მოხდება ხიდის აღდგენა და დაპირება ისევ დაპირებად არ დარჩება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი