2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. დარეგისტრირება წელს მხოლოდ ელექტრონულად შეიძლება.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. მიმდინარე წელს აბიტურიენტები ფაკულტეტებს კი არა, პირდაპირ სპეციალობებს ირჩევენ. გარდა ამისა, თუ გასულ წელს მათ შვიდი ფაკულტეტის არჩევა შეეძლოთ, წელს 20 სასურველი სპეციალობის აღნიშვნა შეუძლიათ. შესაბამისად, გაუქმდა მეორადი ჩარიცხვებიც.
“თუ ადრე აბიტურიენტი ირიცხებოდა ფაკულტეტზე და შემდეგ უნივერსტეტი ანაწილებდა ცალკეულ პროგრამებზე, ახლა პირდაპირ სპეციალობაზე ჩაირიცხებიან”, - განმარტავს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის რექტორის მოდაგილე ნიკოლოზ ახალკაცი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა: “აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად ხდება ცნობილი”.
მეორე საჯარო სკოლის მეოთორმეტე კლასის მოსწავლე თეა ქართველიშვილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებს. ფიქრობს, რომ აბიტურიენტებს ახლა უფრო დიდი შანსი აქვთ დასახელებული ოცი პროგრამიდან რომელიმეზე მაინც ჩააბარონ: “როცა მხოლოდ შვიდი ფაკულტეტი სახელდებოდა, ბევრი აბიტურიენტი გარეთ რჩებოდა და მეორად ჩარიცხვებზე უწევდა გასვლა. ახლა უკვე ყველას აქვს შანსი, რომ იმ ოციდან ერთ-ერთზე მაინც ჩააბაროს. პირველს სასურველ უნივერსტეტს ჩავწერ და თუ კარგი ქულები მივიღე იმ პროგრამაზე მოვხვდები”.
ნიკოლოზ ახალკაცი აღნიშნულ ცვლილებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და მის უპირატესობაზე საუბრობს. მისი თქმით, მეორადი ჩარიცხვების საფუძველზე ახალციხის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსატეტში ძირითადად ის სტუდენტები აბარებდნენ, ვინც თბილისის უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდა. ხოლო, მეორე კურსიდან მობილობის წესით მათი მასიური გადინება ხდებოდა: “სტუდენტები პირველი კურსის პირველ სემესტრში, ძირითადად, საფაკულტეტო საგნებს გადიოდნენ, ხოლო შემდეგ ხდებოდა მათი ცალკეულ პროგრამაზე განაწილება. ასე, ზოგიერთი ფაკულტეტი ხელოვნურად ინარჩუნებდა რომელიმე სპეციალობას, ახლა ასე აღარ იქნება. თუ რომელიმე პროგრამაზე სტუდენტი არ შემოვა, შესაბამისად, ეს პროგრამა არ ამოქმედდება და თან გამოჩნდება სამომხმარებლო ბაზარზე რომელი უფრო მოთხოვნადია”.
უცვლელი დარჩა გრანტების განაწილების წესი. ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე, როგორც ნაწილობრივი, ასევე ასპროცენტიანი გრანტები დაფინანსდება, ხოლო ბიზენსის ადმინისტრირებისა და იურიდიული მიმართულებით, მხოლოდ ასპროცენტიანი დაფინანსება იქნება.
მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე – სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და სამ საგანში – 35 პროცენტი, ხოლო უცხო ენაში 30 პროცენტი გახდება.
გასულ სასწავლო წელს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს იურიდიულ ფაკულტეტზე მიღება არ ჰქონდა.
“წელს დამატებით წარვადგინეთ იურიდიულის განახლებული პროგრამა და მოგვცეს უფლება, რომ ბაკალავრიატშიც და მაგისტრატურაშიც მიღება გამოგვეცხადებინა”, - ამბობს ახალკაცი.
2012-2013 სასწავლო წელს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ბაკალავრიატზე მიღება 720 ადგილზე გამოაცხადა.
“განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიღება ხუთ სპეციალობაზე გამოცხადდა. ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სამი სპეციალობა იქნება. იურიდიულზე სამართალმცოდნეობის მხოლოდ ერთი სპეციალობაა, ხოლო ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მიღება ოთხ სპეციალობაზე იქნება”, - განმარტავს ნიკოლოზ ახალკაცი.
გარდა ამისა, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტი პროფესიულ პროგრამებზე წელს 135 აბიტურიენტს მიიღებს, ხოლო ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე სომხური და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის 72 ადგილია გათვალისწინებული.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცლილებებია პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვისაც. უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ უთითებენ პროფესიულ მიმართულებებს. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ, პროფესიულ მიმართულებებს ბარიერის გადალახვის შემთხვევაში აირჩევენ.
“ახალციხის უნივერსტეტში პროფესიული პროგრამების მეოთხე საფეხურია, შესაბამისად, თუ სტუდენტს გავლილი აქვს პროფესიული პროგრამების სამი საფეხური სხვა სასწავლებელში და ჩვენთან იგივე პროფილის მეოთხე საფეხურზე სურს ჩაბარება, მისი მიღება გამოცდის გარეშე ხდება”, - განმარტავს ახალკაცი.
შეიცვალა მეოთხე საგნის არჩევის წესიც. უმაღლესი სასწავლებლები, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, მეოთხე საგანს ეგრეთ წოდებული მაპროფილებელი მიმართულებიდან აირჩევენ.
“წინა წელს აბიტურიენტს ნებისმიერ სპეციალობაზე მეოთხე არჩევით საგნად სასურველი საგნების ჩაბარება შეეძლო და ხდებოდა ისე, რომ სამედიცინოზე ისტორიით ირიცხებოდნენ და არა ბიოლოგიით ან ქიმიით”, - ამბობს რექტორის მოადგილე.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა ელექტრონული რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 23 მარტის ჩათვლით იწარმოებს.
თამარ თოთაძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი