გათბობის დასამონტაჟებლად 44 ათასი ლარი დაიხარჯა, მაგრამ თეატრში ისევ შეშის ღუმელით თბებიან. |
ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟების მიუხედავად, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კვლავ შეშის ღუმელითა და ელექტრო-პლიტებით თბებიან. სირთულეები და სიახლეები, რა იგეგმება მიმდინარე წლის თეატრალური სეზონისთვის.
მიუხედავად ძლიერი ყინვებისა, გაზის გამათბობლები, არც იანვარში და არც
თებერვალში არ ჩაურთავთ. ამიტომ საგრიმიოროებში, დარბაზში, სცენასა და თეატრის დერეფნებში ისევე ცივა, როგორც გარეთ. ტექნიკური პერსონალის დიდი ნაწილი ერთ ოთახში, შეშის ღუმელთან მუშაობს. დანარჩენ კაბინეტებში კი ელექტრო-პლიტებია ჩართული, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო, სითბო მაინც ნაკლებად იგრძნობა.
თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში თეატრალური დასის სამუშაო რეჟიმი კლიმატს იყო მორგებული. ზამთარში ძლიერი ყინვებისას თეატრი შემოქმედებითი თვალსაზრისით თითქმის პარალიზებული ხდებოდა - დარბაზში მაყურებელი სცენაზე კი მსახიობი ვერ
ძლებდა. ამდენად, შესასრულებელი გეგმის დიდი ნაწილიდან, დატვირთვა გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მოდიოდა.
თეატრში ცენტრალური გათბობის სისტემა 2010 წლის შემოდგომაზე დამონტაჟდა და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 ათასი ლარი გამოიყო. ერთი შეხედვით პრობლემა გადაიჭრა, თუმცა, თეატრში სამუშაო რეჟიმი თითქმის უცვლელი დარჩა.
“სცენის მაღლა ერთგვარი კოშკურაა, რომელიც 3-4-სართულიანი სახლის სიმაღლეა, მისი გათბობა დაბლა დამონტაჟებული 6 გამათბობლით შეუძლებელია, გათბობის სისტემა არასაკმარისია - ამბობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრატორი შალვა ტაბატაძე და ამატებს, რომ
დარბაზსა და სცენაზე 12 გამათბობლის მუშაობისას საათში 10-15 ლარი იხარჯება –”ჯაყოს ხიზნების” პრემიერა გასული წლის ბოლოს, 7 დეკემბერს გაიმართა. რეპეტიციების მიმდინარეობისას კი დღეში 70-80 ლარი იწვოდა. ხარჯმა 10 დღეში 600 ლარს მიაღწია”.
წლის განმავლობაში თეატრს გათბობა მინიმუმ 5 თვე, ნოემბრიდან მარტამდე სჭირდება.
“თეატრს გათბობისთვის სახრები არ გააჩნია, თუმცა ფული რომც იყოს და გათბობა ჩავრთოთ, რეალურად დარბაზი არ თბება. “ჯაყოს ხიზნების” პრემიერისთვის ორი დღით ადრე ჩავრთეთ, თუმცა მაინც ძალიან ციოდა”, - აცხადებს შალვა ტაბატაძე.
წელს მეხეთის თეატრმა დაფინანსება, ტრადიციულად, 150 ათასი ლარი მიიღო. 50 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპექტაკლების სადადგმო ხარჯებისთვის და 100 ათასი კულტურის სამინისტროდან ხელფასების სუბსიდირებისთვის. ტაბატაძის თქმით, ეს თანხა მიზერულია როგორც წარმოდგენების დასადგმელად, ასევე ხელფასებისთვის: “მსახიობების საშუალო ხელფასი 180-200 ლარია. 50 ათასით კი წელიწადში 6 სპექტაკლის დადგმას ვახერხებთ. ადგილობრივი თვითმმართველობა გვპირდება დაფინანსების ნაწილობრივ გაზრდას”.
გასულ წელს მესხეთის თეატრმა ადგილობრივი ბიუჯეტის ფულით 6, კულტურის სამინისტროს დახმარებით კი ერთი სპექტაკლი დადგა. რაც
შეეხება მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კვლავ 6 სპექტაკლი დაიდგმება. წარმოდგენაზე, რომელმაც თეატრალური სეზონი უნდა გახსნას, უკვე მუშაობენ. საპატრიარქოს კურთხევით ოთარ ჩხეიძის “ქეთევანი” წარმოდგენილი აპრილში იქნება. აღნიშნული სპექტაკლი მესხეთის თეატრის სცენაზე 80-იან წლებში ნანა დემეტრაძემ დადგა და მთავარ როლს ლია
სულუაშვილი ასრულებდა.
მაისში თამარ ფხაკაძის თანამედოვე პიესა “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” დაიდმება. ივნისში საიმონის ამერიკული პიესა “ქალები და ქალიშვილები” იქნება ნაჩვენები. კიდევ ერთ წარმოდგენას ზაფხულში,
რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი დადგამს. სექტემბერში, ილია ჭავჭავაძის ცხივრებისა და მოღვაწეობის შესახებ სპექტაკლს - “ვინ?” - კახა გოგიძე გვიჩვენებს. ოქტომბერში კი ჯონ პატრიკის პიესა დაიდგმება.
ასევე წელს აღდგება ორი
წარმოდგენა: აქვსენტი ცაგარელის “ხანუმა” და ლაშა თაბუკაშვილის “ათვინიერებენ მიმინოს”. თბილისში დევნილებისთვის მოეწყობა გასვლითი ჩვენება, აქ ამავე თემაზე, სოსო ნემსაძის დადგმულ “ბამბაზიის სამოთხეს” წარმოადგენენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან უკვე მიმდინარეობს.
აქტიურ ფაზაში შედის სამზადისი ტრადიციად ქცეული ეროვნული დრამატურგიის ფესტივალისთვის.
“14-მა თეატრალურმა დასმა, როგორც თბილისიდან ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი უკვე გამოთქვა. ფესტივალი აპრილში გაიმართება და ის თანხა, რაც ხარჯებში არ გაიწერება, თეატრის ბალანსზე ერთგვარი შემოწირულობის სახით დარჩება”, - გვიხსნის ტაბატაძე.
გასულ წელს, საშუალოდ, 4-5 ათასი ლარი რომელიც ფესტივალის დასრულების შემდეგ თეატრმა მიიღო საკანცელარიო ნივთების, ინვენტარის შეძენის, ხელფასების მატებისა და სხვა წვრილი ხარჯებისთვის გაიწერა.
მიმდინარე წელს მესხეთის თეატრი ოთხი ვაჟი მსახიობის დამატებას აპირებს. როგორც ტაბატაძე ამბობს, მათი მოწვევა პრობლემა არაა, თუმცა თეატრს მსახიობების შენახვა გაუჭირდება - საცხოვრებელი ფართი, კვება და გზის ხარჯები, არც
თუ ისე ცოტა ფინანსურ რესურსს საჭიროებს.
გარდა აღნიშნული პრობლემებისა, ქალაქში აქტიურად მიმდინარე მშენებლობების ფონზე, თეატრის წინაშე ახალი ამოცანები გაჩნდა.
“ბევრი სასტუმრო შენდება, ეწყობა ინფრასტრუქტურა. არ არის აზრს მოკლებული, რომ ტურისტების 10 პროცენტი მაინც, თეატრით არ დაინტერესდეს. ვიცით რომ მაღალ ეშელონებში დაინტერესებულნი არიან თეატრის სარემონტო სამუშაოებით, - ამბობს ტაბატაძე და ამატებს, რომ სამომავლოდ სპექტაკლებს თარგმანიც დასჭირდება, – ადგილოვბრივი თვითმმართველობა 7-8 ალუმინირებული განათების მქონე ბანერებს გვიკეთებს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი ადგილობირივი და ცენტრალური ხელისუფლება ალბათ ერთობლივად იზრუნებს”.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გარდა უკვე გამოყოფილი 50 ათასი ლარისა, თეატრის დაფინანსებისათვის სხვა სახსრები არ გააჩნიათ და ამ საკითხების მოგვარება კულტურის სამინისტროს კომპეტენციაა.
“წესით გათბობაც სამინისტროს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ, რადგან არ გააკეთეს, გამოვნახეთ სახსრები და ცენტრალური სისტემა დავუმონტაჟეთ. საწვავის ხარჯი რომ დავუფინანსოთ, ამის საშუალება არაა, მაგრამ რომც იყოს, ეს თანხის არამიზნობრივი ხარჯვა გამოდის”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.
მისი თქმით, თეატრში გამათბობლების საკმარისი რაოდენობაა დამონტაჟებული: “გათბობა საერთოდ ფართის გათვლით კეთდება, იქ სიმაღლეცაა გათვალისწინებული და სიგანეც. პროექტის ავტორს ეს არ შეეშლებოდა. თუ ჩართავენ სრული დატვირთვით გამათბობლებს, თეატრში აუცილებად დათბება”.
მესხეთის თეატრი, შენობაში გაუსაძლისი სიცივის გამო, მაყურებელს გაზაფხულიდან დაელოდება.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი