სასერტიფიკაციო გამოცდები – წელი მესამე


მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. წელს გამოცდაზე გასვლა ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია, ამავდროულად, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სავალდებულო აღარ არის. 

ამავდროულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სპორტის, მუსიკის, სახვითი ხელოვნებისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ გამოცდა არამხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ.

გამოცდებზე დარეგისტრირება უკვე სერთიფიცირებულ მასწავლებელსაც შეუძლია, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბაროს.

წელს პირველად, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში გამოცდას საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებიც ჩააბარებენ.

პედაგოგები რეგისტრაციას გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე, ელექტრონულად გადიან, შემდეგ კი შესაბამისი დოკუმენტაცია საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც მოხდება მათი საბოლოო დარეგისტრირება.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, რომ მხოლოდ აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ გახდება ცნობილი რამდენი პედაგოგი გაივლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას: “23 მარტის ჩათვლით ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს, ხოლო 25 მარტამდე გამოცდებითვის დარეგისტრირებულმა პედაგოგებმა დოკუმენტაცია რესურსცენტრში უნდა წარმოადგინონ”.

ახალციხის მეორე საჯარო სკოლის 49 პედაგოგიდან, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთია სერთიფიცირებული.. ხოლო რვა მასწავლებელს თითო საგანი აქვს ჩაბარებული. სკოლა რუსულ და ქართულ სექტორად იყოფა. ამიტომ, სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც მეორე საჯარო სკოლაში ცოტა სერთიფიცირებული პედაგოგია ის არის, რომ არაქართულენოვან მასწავლებლებს გამოცდაზე გასვლა არ შეუძლიათ: როგორც კი დაიშვება გამოცდები რუსულ ენაზე, ჩვენი სკოლიდან კიდევ ბევრი მასწავლებელი გავა გამოცდაზე. მეც რუსულად მაქვს მიღებული განათლება და ჩემთვის უფრო ადვილია რუსულად ჩაბარება, ამიტომ ველოდები, რომ ბიოლოგია რუსულ ენაზე ჩავაბარო”.

სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი ხელფასზე 75 ლარია. ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ანაზღაურება 200 ლარით მატულობს. საუკეთესო 25 პროცენტში მოხვდერილი პედაგოგის ხელფასი 1000 ლარი ხდება, მენტორ მასწავლებელი კი 180 ლარიან დანამატს იღებს. პედაგოგებს, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ ხელფასი 75 ლარით გაეზრდებათ.

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდები 2014 წლამდე ნებაყოფლობითია. ბარიერის გადალახვის შემთხვევაში პედაგოგს საშუალება ეძლევა განმეორებით გამოცდაზე რამდენჯერმე გავიდეს.

სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველთა რეგისტრაცია 13 თებერვლიდან დაიწყო და 23 მარტამდე გაგრძელდება. 

თამარ თოთაძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი