ზოგან ღუმელებია, ზოგან გათბობა, თუმცა, სასწავლო პროცესი არ ფერხდება. |
უამინდობისა და ძლიერი ყინვის მიუხედავად ახალციხის ყველა სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, უამინდობისა და დიდითოვლობის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა. საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში 2012 წლის 9 თებერვლიდან 13 თებერვლამდე დასვენება გამოცხადდა, 13 თებერვლიდან კი სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა.
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობაა დამონტაჟებული. სკოლაში ამბობენ, რომ სისტემა სასწავლო წლის დაწყებისთანავე წესრიგში იყო და ძლიერი ყინვების მიუხედავად, არანაირი შეფერხება არ ჰქონია.
“სიცივის გამო სკოლაში სასწავლო პროცესის არ შეფერხებულა. მინისტრის ბრძანებით, რამდენიმე დღე დავისვენეთ. თუმცა, ჩვენს ქალაქში ამის დიდი აუცილებლობა არც იყო, - განმარტავს ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი და ამატებს, რომ როგორც წესი, ზამთარში სკოლაში წყალი ყოველთვის იყინება, თუმცა საკუთარი ძალებით ცდილობენ მის გალღვობას და სკოლაში წყლის მარაგი ყოველთვის არის: სამომავლოდ ვგეგმავთ წყლისა და კანალიზაციის სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ აღარ გაიყინოს”.
მეექვსე საჯარო სკოლისგან განსხვავებით შეშის ღუმელით თბებიან პირველ საჯარო სკოლაში. სკოლაში განმარტავენ, რომ ძლიერი ყინვების მიუხედავად წყლისა და კანალიზაციის სისტემა მწყობრიდან არ გამოსულა.
“იყო შემთხვევა, რომ 2008 წელს, ძლიერი ყინვების დროს კანალიზაციის სისტემა კი გაგვიყინა, მაგრამ წელს გადავრჩით. ერთადერთი რასაც ვაგვარებთ შემოსასვლელ კართან, კიბეს ყოველდღიურად ვწმენდთ, რომ არ გაიყინოს, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი და განმარტავს, რომ ყინვების შედეგად სწავლების კაბინეტური სისტემიდან საკალსო სისტემაზე გადავიდნენ: თუმცა, როგორც კი დათბება ისევ კაბინეტურ სისტემას დავუბრუნდებით”.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, 9 -დან 13 თებერვლამდე საჯარო სკოლებში გამოცხადებული დასვენების დროს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.
“ჩვენმა დირექციამ გადაწყვიტა, რომ როცა კარგი ამინდები იქნება, ორი დღე დამატებით ვისწავლით და გაცდენილ საათებს ავანაზღაურებთ”, - ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე სუსანა მანასიანი.
ახალციხის კერძო სკოლა “მზექას” დირექტორის, ბელა კაპანაძის თქმით, გაცდენილ საათების ასანაზღაურებლად კვირა დღეს გამოიყენებენ: “ჩვენ შაბათს ისედაც ვსწავლობთ, ამიტომ კვირას დავამატებთ. მაგრამ ეს ალბათ მარტში მოხდება, ცოტა რომ დათბება”.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი