ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციის დაცვის უფროსი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება;
რევაზ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე და 210-ე მუხლების გათვალისწინებით ედება.
“მუმლაძე პოლიტიკური პატიმარია, ბრალდების შინაარსი იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მისი დაკავების მიზეზი – ის ივანიშვილთან დაახლოებული პირია”, - განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” რევაზ მუმლაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ბაკურიანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, უკანონოდ მისაკუთრების ბრალდებით დააკავეს საჯარო რეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ლევან აფციაური. მასთან ერთად დანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალად მუმლაძეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მუმლაძეს გარდა ზემოაღნიშნული დანაშაულისა, ბრალი ედება გადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან თავის არიდებაშიც. კერძოდ, მან ნასყიდობის ხელშეკრუილებაში გარიგებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები ოდენობა მიუთითა.
“სიმართლის დამტკიცება ძალიან მარტივია, რადგან ბრალდება რომელიც მას აქვს წაყენებული არ არსებულია – ამბობს თადუმაძე და ამატებს, რომ ამას ადასტურებს სასამართლო განაჩენი, რომელიც საქმეში არსებობს – განაჩენში წერია, რომ დოკუმენტაციის გაყალბება მოხდა ერთი პირის მიერ, მას არც თანამზრახველი ჰყავდა და არც არავინ იცოდა ამის შესახებ, შესაბამისად, ბრალდება სუსტია”.
თადუმაძის განცხადებით, აბსურდულია ბრალდება 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაც: “210-ე მუხლს ჰქვია საკრედიტო საფინანსო ბარათების გაყალბება. საქმეში არ დევს არცერთი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათი. ეს უკანასკნელი ბუღალტრული დოკუმენტია”.
შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ მან საკრედიტო, ან საანგარიშწორებო ბარათი გააყალბა, ან გამოიყენა, ადვოკატის თქმით, სიყალბეა: “ეს ბრალდება კი არა სისულელეა”.
წინა სასამართლო პროცესი 5 აპრილსაა ჩანიშნული.
“საქმე ისე წარიმართება, როგორც ეს ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმართან მიმართებაში ხდება ხოლმე, - აცხადებს ადვოკატი – აქ ერთ მხარეს დგას მუმლაძე თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და მეორე მხარესაა სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა. ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მუმლაძე თავისუფალი იყოს”.
რევაზ მუმლაძე 38 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ბაკურიანში ადგილობივები, ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსის დაკავებას, მის პილიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ, თუმცა, ეს მხოლოდ პირად საუბრებში. პრესასთან ან არაფერს ამბობენ და ან ინკოგნიტოდ რჩებიან.
“არ ვიცი ვინაა რევაზ მუმლაძე, არც ის ვიცი რაზე დააკავეს”, - ამბობს ბაკურიანის მკვიდრი ლია ხუციშვილი.
“აქ მაგ საკითხთან დაკავშირებით არავინ არაფერს იტყვის, ხალხს სასტუმროები აქვს, მუშაობენ და იმიტომ რომ სიმართლე თქვან, ზედმეტ პრობლემებს არავინ შეიქმნის, შესაძლოა ზეწოლა შემდეგ მათზე დაიწყონ”, - აცხადებს ბაკურიანელი ქალბატონი და ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
რევაზ მუმლაძე ამჟამად თბილისის ¹8 დაწესებულებაში იმყოფება. სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლი 5 წლამდე, 210-ე მუხლი კი 4
წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკის განცხადებით მუმლაძე მეორე პოლიტპატიმარია, რომელიც “ქართულ ოცნებას”, ან ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი