დაუსრულებელი გზა


 ელზა გოგოლაძეახალციხე

რატომ არ დასრულდა ზარზმელის ქუჩის მოასფალტება ბოლომდე; რაზე ჩივის მოსახლეობა და რა პასუხი აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებაში.  

ზარზმელის ქუჩა, ეგრეთ წოდებული ადინაცეტები, ერთერთია ქალაქში არსებულ სამხედრო დასახლებებს შორის. სხვა სამხედრო საცხოვრებლების მსგავსად, აქაც, ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. არც გზა, არც სანიაღვრე არხები, არც გარე განათება, არც ნაგვის ბუნკერები, არც საქალაქო ტრანსპორტი... ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს დასახლება არასოდეს არავის ახსოვს და აქ მოსვლაც ყოველთვის ყველას ეზარება. მათ შორის, ტაქსის მძღოლებსაც. მიზეზი დასახლების ამორტიზებული გზაა. ასფალტი, რომელიც ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელ გზაზე გასულ ზაფხულს დაიგო, დასახლების დასაწყისშივე წყდება.
 
ტაქსისტს, როდესაც ეტყვი ზარზმელის ქუჩაზე წამიყვანეო, მაშინვე კითხულობს: ასფალტამდე თუ იქეთ? თუ გარისკა და სახლამდე მიგიყვანა, სადღაც 200 მეტრში დამატებით ფულს გართმევს”, - ამბობს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ქეთინო ბაღდოშვილი.
      
გზის მოასფალტებას ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა. გასულ ზაფხულს ადგილობრივების თხოვნამ შედეგი გამოიღო, თუმცა, ნაწილობრივ. კორპუსები ისევ ამორტიზებული გზის ამარად დარჩა.A

,,რამდენიმე კაცი თხოვნით მივედით მაშინდელ გამგებელთან დავით ათუნაშვილთან, ხელმოწერებიც შევაგროვეთ. გზის მშენებლობა მალევე დაიწყო, მაგრამ რად გინდა, ბოლომდე არ დასრულდა”, - ამბობს ჟორა ბალახაძე.

დასახლებაში ექვსი კორპუსია. თეონა ბლუაშვილი პირველივე კორპუსში ცხოვრობს, იქ, სადაც ასფალტის საფარი წყდება, პრეტენზია მასაც აქვს: “ბინასთან მაღაზია არ გვაქვს, ამიტომ აუბედურებული გზის გავლა გვიხდება. წვიმის დროს კი ისეთი გუბეები დგება, გვირჩევნია პროდუქტი ქალაქიდან მოვიტანოთ”.  

მოსახლეობის პროტესტს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ჩამოსასვლელი საფეხმავლო გზაც იწვევს.

ყოველ დილით ბავშვი სკოლაში უნდა წავიყვანო, წვიმასა და თოვლში კი მოკლე გზაზე ჩავლა შეუძლებელია და სამანქანო გზის შემოვლა გვიხდება”, - ამატებს ბლუაშვილი.

ჩატარებული სამუშაოებით ნაწილობრივ კმაყოფილია ამავე დასახლებაში მცხოვრები შორენა გაბოშვილი: “საერთოდ, ძალიან ადვილია ილაპარაკო ნაკლზე, მაგრამ ფაქტია, რომ დასახლებაში მართლაც ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მივესალმები იმ ფაქტს, რომ გზა შემოსასვლელამდე მოწესრიგდა, მაგრამ ცუდია, რომ ბოლომდე არ გაკეთდა”.

მისივე თქმით, პრობლემები არა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს, მანქანის მძღოლებსაც ექმნებათ.

შეუძლებელია ისე გავლა, რომელიმე ღრმულში რომ არჩაარტყა”, ტვირთით ამოსვლა კი შეუძლებელია. არც გარე განათებაა, რაც მეტ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას”, - ამბობს და ღიმილით ამატებს, - აქაურები ერთი შეხედვით გამოვირჩევით სხვა ქუჩების მცხოვრებლებისგან, ყოველთვის დასვრილი ფეხსაცმელი გვაცვია”.   

ცუდი მდგომარეობაა შიდა ეზოებშიც.

სანიაღვრე სისტემების არქონის გამო წვიმა და ტალახი პირდაპირ სადარბაზოებში შემოდის, რაც მართლა საშინელებაა”, - გვითხრა ცოტნე გიქოშვილმა.

დასახლების პრობლემები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გელა დემეტრაძისთვის ცნობილია.

როდესაც ზარზმელის ქუჩაზე აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა, მაშინ ამ თანამდებობაზე არ ვიყავი. რაც გაკეთდა, ვფიქრობ დიდი საქმეა, ბოლომდე ალბათ იმიტომ ვერ დასრულდა, რომ სახსრები აღარ იყო საკმარისი”, - ამბობს იგი.

გაკეთდება თუ არა დასახლების შიდა გზა მომავალ წელს, ამ ეტაპზე უცნობია. გამგებლის თქმით, ეს მთავრობის დადგენილებაზეა დამოკიდებული: მომავალი წლიდან ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებთ. თუმცა მთავრობის დადგენილებაზე ვართ დამოკიდებული, რა თანხა გამოიყოფა ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის, ამ ეტაპზე უცნობია. ზარზმელის ქუჩა სხვა უბნებთან ერთად მწვავე საკითხად რომ დგას ვიცით და ყველაფერი თანმიმდევრობით გაკეთდება”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი