“ხელისუფლებას სურს, ისე ჩაიდოს პრესა ჯიბეში, როგორც ეს ტელევიზიების შემთხვევაში მოახერხა”
საპროტესტო აქცია სიტყვის თავისუფლებისთვის; რატომ ფასდება თბილისის მერიის გადაწყვეტილება ბეჭდვურ მედიაზე ზეწოლად; რატომ უკავშირებენ მას მოახლოებულ არჩევნებს და რატომ სურს ხელისუფლებას “პრესის ჯიბეში ჩადება”;
29 ნოემბერს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სახელწოდებით - “მე ვკითხულობ გაზეთებს”. ჟურნალისტები, მედიასაშუალებების მფლობელები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელიც “პლანეტა ფორტეს”, “ელვასერვისისა” და “მაცნეს” საგაზეთო ჯიხურების აღებას გულისხმობს.
სანაცვლოდ თბილისის მერიამ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლებისათვის 1 000 ადგილზე აუქციონი გამოაცხადა. 150 ლოტი სწორედ აღნიშნული ჯიხურების ადგილებს ემთხვევა. 18 ასეთი ჯიხური უკვე აღებულია. ვინც აუქციონში გაიმარჯვებს, მას შეეძლება საკუთარ ჯიხურებში ნებისმიერი სახის პროდუქცია გაყიდოს.
“შეიქმნა საფრთხე, რომ გაზეთების გავრცელების საშუალება აღარ ექნებათ გაზეთის გამომცემლებს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ გაზეთებში კი დავწერთ რაც გვინდა, მაგრამ ჩვენ დაწერილს მხოლოდ ჩვენ წავიკითხავთ, გაზეთი ვეღარ გაიყიდება”, - ამბობს გაზეთ “კვირის პალიტრას” ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი და ამატებს, რომ
საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ არ ჩაივლის საფრთხე და მერია არ გადაწყვეტს, რომ შაურმის, ლუდის, ხაჭაპურის და გაზეთის გაყიდვა ერთად არ შეიძლება.
გაზეთ “ალიას” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დარწმუნებულია, რომ ხელისულფებას მედიაზე ზეწოლა არ შერჩება: “ხელისუფლებას სურს, ისე ჩაიდოს პრესა ჯიბეში, როგორც ეს ტელევიზიების შემთხვევაში მოახერხა, მაგრამ არ გამოუვა”.
გარდა ბეჭდვური მედიის თანამშრომლებისა, აქციაზე მხარდაჭერას გამოხატავდნენ ელექტრონული მედიის წარმომადგენლებიც.
“აქ მოვედი იმისთვის, რომ ვაპროტესტებ ხელისუფლების ძალადობას მედიაზე. ის, რაც მათ მოიგონეს, მიმართულია ბეჭდვითი მედიის გავრცელების შეზღუდვაზე”, - აცხადებს ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი.
მედია ექსპერტის ზვიად ქორიძის განცხადებით, პრესის გავრცელების ასეთი მექანიზმებით შეზღუდვა გამოიწვევს დემოკრატიის ხარისხის შესუსტებას ქვეყანაში: “უბრალოდ აღარ გვექნება გაზეთი და საზოგადოება კიდევ უფრო ნაკლებად იქნება ინფორმირებული. სწორედ ამიტომ ვდგავარ აქ, რომ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ბეჭდვური მედიის მიმართ”.
მწერალი ბასა ჯანიკაშვილი თბილისის მერიის გადაწყვეტილებას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს: “ჯერ სარეკლამო შემოსავლები გადაკეტეს, ახლა დადგა დრო, როდესაც გაზეთების გაყიდვის გზები უნდა დაკეტონ. შარშანაც იყო ამის მცდელობა, მაგრამ წელს უფრო გააქტიურდნენ, რადგან არჩევნები მოდის”.
პოლიტიკოსის ალეკო შალამბერიძის თქმით, პრესის გავრცელების თავისუფლება, ქვეყნის თავისუფლებისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა: “რადგან დღეს ეს უფლება გვეზღუდება, ყველა ვალდებული ვართ ერთად დავიცვათ პრესის გავრცელების თავისუფლება”.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის ია ანთაძის განცხადებით, დღევანდელი დღე არის გაგრძელება იმ პროცესისა, რომელიც ზაფხულში დაიწყო: “მაშინ ზეწოლა “პალიტრის სახლის” მიმართ განხორციელდა, თუმცა ამბობდნენ, რომ ეს იყო რიგითი ფინანსური შემოწმება. მაშინვე ვფიქრობდით, რომ ეს იყო ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე და ეს არც დღევანდელი დღით არ დამთავრდება, რადგან გაზეთი გახდა ძალიან პოპულარული განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ეროვნული მაუწყებლები ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილს აწვდიან საზოგადოებას”.
ანთაძე ფიქრობს, რომ
დღეს პრესაა “ის სუფთა ჰაერი”, რომელიც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი რეგიონულ ბეჭვდით საშულებებს უკავიათ: “პირველ რიგში რეგიონები აწვდიან უფრო სრულად და პროფესიონალურად ინფორმაციას, ამიტომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ შეტევა დაიწყებოდა გაზეთებზე. თუ “კვირის პალიტრის” დასაცავად თბილისელები ვიყავით მისული, დღეს აქციაზე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან არიან ჩამოსულები”.
ახალციხეში პრესას საქართველოს ლატარიის კომპანია და საქპრესა ავრცელებს. გაზეთებს, ქალაქში სამ ადგილზე, სტელაჟებზეც ყიდიან. მათთვის პრესის გავრცელება არავის აუკრძალია. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, თბილისის მსგავსად, ქალაქში ჯიხურების ჩადგმაზე უკვე ფიქრობენ, თუმცა, ეს საკითხი ჯერ
მხოლოდ საუბრის დონეზეა.
“როგორც კი თბილისმა აუქციონი გამოაცხადა, ჩვენც ვიფიქრეთ, რომ თანამედროვე ჯიხურებისთვის ქალაქში ადგილები შეგვერჩია, მაგრამ ამის დაგეგმვა ჯერ ძნელია, რადგან ქალაქის ინფრასტრუქტურა მთლიანად იცვლება. აუქციონს თუ გამოაცხადებ, მინიმუმ ხუთწლიანი მაინც უნდა იყოს”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ
დააკვირდებიან თბილისში როგორ გაამართლებს ეს სიახლე, მანამდე კი თავადაც ჩამოყალიბდებიან ამის გაკეთება სად და როგორ შეიძლება.
გაზეთ რეზონანსის რედაქტორის მოადგილისა და აქციის ორგანიზატორის ელისო ჩაფიძის თქმით, თუ იგივე პრობლემა რეგიონებშიც გაჩნდება და სრულად შესაძლებელია, რომ ეს ასეც იქნება, აქციები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიამრთება და არამხოლოდ აქციები მოეწყობა, ეს იქნება დიდი მოძრაობა და გაგრძელდება მანმადე, სანამ ბეჭდვური პროდუქციის გაყიდვის სამართლებრივი საკითხი მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ არ მოწესრიგდება. ამ თემასთან დაკავშირებით, 2010 წლის მარტში პრესის ასოციაციამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, თუმცა საკანონმდებლო ორგანო არღვევს რეგლამენტს და არ იხილავს მას: “უგულავას ხელით გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ საბოლოოდ მოუღოს ბოლო თავისუფალ მედიას. ბოლომდე კბილებით დავიცავთ ყევლა გაზეთის გამყიდველს და იმ ადამიანს, რომელსაც გაზეთი სჭირდება. გაზეთი “ბათუმელები” და “რეგიონული მედიის ასოციაცია” უკვე შემოგვიერთდა”.
აქციის მიმდინარეობისას კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისათვის” წევრებმა ია მამალაძემ და მაგდა პოპიაშვილმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს. კოალიცია თბილისის მერს მიმართავს, უახლოეს დღეებში შედგეს შეხვედრა გიგი უგულავასა და საკითხით დაინტერესებულ პირებს შორის, რათა თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მართებულობა განმარტოს. ამ საკითხების გარკვევამდე კი შეჩერდეს ყოველგვარი აუქციონი და ის განახლდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც პრესის გავრცელების მყარი გარანტიები შეიქმნება.
კოალიცია საკითხებში გარკვევას და პოზიციის დაფიქსირებას სახალხო დამცველსაც სთხოვს: “საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლების მიზანი წინასაარჩევნოდ ბეჭდვური მედიის განეიტრალებაა, რათა საზოგადოებამდე მივიდეს, მხოლოდ და მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას ნაციონალური არხებით მიეწოდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამას ასეულობით წვრილი მოვაჭრისა და ჯიხურის მფლობელების უმუშევრად დატოვებითა და მათი სოციალურად განადგურების ფასად აკეთებენ. მოგმართავთ თხოვნით, შეისწავლოთ აღნიშნული პრობლემა და მისი მოგვარების პროცესში ჩაერთოთ”.
ვიდრე აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდება და უგულავა გადაწყვეტს შეხვდეს თუ არა დაინტერესებულ მხარეებს, ჟურნალისტები მშვიდობიან აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავენ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი