მინდა, რომ...


პარასკევს, სამსახურში მომავალი, გაზეთების სტენდთან გამყიდველისა და მყიდველის საუბარს შევესწარი. ერთ-ერთ გაზეთს ათვალიერებდა, გარეკანი არ ჩანდა და რომელი გაზეთი იყო ვერ მივხვდი, მაგრამ მომესმა უკმაყოფილოდ რომ თქვა, ეს გაზეთიც დაუწვრილებიათო... ალბათ, გვერდების რაოდენობას გულისხმობდა...

მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდი მის სიტყვებზე და მერე საღამოს, სოციალურ ქსელში, ერთ მეგობარს დიდხანს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ მართალია, ახალი მედია დღითიდღე ძლიერდება და ძლიერი კონკურენციას გვიწევს, მაგრამ ბეჭდური პრესა ჯერ კიდევ საჭიროა, თავისი მკითხველი ჯერ კიდევ ჰყავს და კიდევ დიდხანს იარსებებს. ოღონდ შესაძლოა კი არ იყიდებოდეს, უფასოდ რიგდებოდეს, ან უბრალოდ, სადმე ერთად იდოს და ნებისმიერ მსურველს შეეძლოს მისი აღება. ისე, როგორც ეს ამ თვის დასაწყისში ლონდონში ვნახე.

იქ ყველგან, ავტო, მეტრო და მატარებლის სადგურებში, ქუჩის გადასასვლელებზე, მეტროს გამოსასვლელში თუ ტროტუარებზე დადგმულ სპეციალურ ყუთებში, ახალი გაზეთები დევს. მიდიხარ, იღებ რომელიც გინდა და რამდენიც გინდა... მერე ყველგან, მეტროშიც, მატარებელშიც და ავტობუსშიც, ყველა ამ გაზეთებს კითხულობს, ემოციები სახეზე ეწერებათ და მათი სხვადასხვაგვარი გამომეტყველების დანახვისას, ძალიან გინდა წამით მოჰკრა თვალი რას კითხულობს ასეთი გაოცებული მზერით...

მინდა, რომ ჩვენთანაც ასე იყოს...

კიდევ ბევრი რამ მინდა, რაც ბრიტანეთიდან დაბრუნებულს დღემდე მიდგას თვალწინ...

იქ არავინ დადის, იქ ყველას ეჩქარება და ყველა გარბის, ზოგი მანქანით, ზოგი ველოსიპედით და ზოგიც ფეხით, ოღონდ, ყველა წესის დაცვით. არბიან მეტროს ესკალატორზეც... მოსიარულე ადამიანებს მხოლოდ შაბათ-კვირას ნახავ, პარკებში, ქუჩებსა და კაფე-რესტორნებში.

მინდა, რომ ჩვენთანაც ასე იყოს... გვეჩქარებოდეს, საათზე ვიხედებოდეთ, არსად ვაგვიანებდეთ და წითელ შუქზეც არ გადავრბოდეთ ქუჩაზე. მინდა რომ ყველა თავისი საქმით, პასუხისმგებლობით და მოვალეობით ცხოვრობდეს. მინდა, რომ დასვენების დღეებს ჩვენთანაც დასვენების დღეები ერქვას და ისე ვისვენებდეთ, როგორც საჭიროა...

მინდა ისიც, რომ ლონდონის მსგავსად საშობაო და საახალწლო სამზადისი ჩვენთანაც ერთი თვით ადრე იწყებოდეს... იქ ყველა სახლის ფანჯარაში საახალწლო ნაძვისხე იდგა და ყველა ქუჩაზე Merry Christmas ისმოდა. ქალაქის ქუჩებში სიარულისას ყველა განათებული ფანჯრის დანახვაზე საქართველო მახსენდებოდა, საქართველო, სადაც ახალი წელი მხოლოდ ბავშვებს უხარიათ, კეთილი ზღაპრებისა და სურვილების ასრულებისაც მხოლოდ მათ სჯერათ, საჩუქრებსაც მხოლოდ ისინი ელოდებიან და ნაძვისხესაც, ხშირად ყველაზე ბოლოს, 31 დეკემბერს, მხოლოდ მათთვის დგამენ...

მინდა, რომ სურვილების ასრულების ყველას გვჯეროდეს!

მინდა, რომ ამ ახალ წელს ხალისიანი და იმედიანი განწყობით ვხვდებოდეთ!

ორშაბათიდან ორშაბათამდე დღეების ათვლით კიდევ ერთი წელი გავიდა. შევეცადეთ, წინასაახალწლო ნომერი მძიმე არ ყოფილიყო, რამდენად გამოგვივიდა, თქვენ შეაფასეთ.

შობა-ახალ წელს გილოცავთ!

ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2012 წელი ყველა თქვენგანისთვის!

ნინო ნარიმანიშვილი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი