ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი
სტატისტიკური მონაცემების სიზუსტე და მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის; ინტერვიუს აღებისა და ინფორმაციის შეგროვების ტექნიკა – ამ თემებზე 13-16 დეკემბერს სტატისტიკის სამსახურის რეგიონალურ ინტერვიუერებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი, რომელიც ბაკურიანში, სასტუმრო “ვერე პალასში” მიმდინარეობდა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. ტრენინგებს USAD-ის სტატისტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ჯიპას აგრარული განვითარების პროგრამის ასისტენტის ირინა წეროძეს განმარტებით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა ახორციელებს ერთ-ერთ პროექტს - ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი არის საქსტატის, ჯიპას და USAD-ის
თანამშრომლობა, რომლის საფუძველზეც პროგრამის ერთ-ერთი მიზანი საქსტატის რეგიონული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაა.
ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში დემნა ძირკვაძე ამბობს, რომ ვინაიდან საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, იგი ეხმარება საქართველოს სხვადასხვა დარგების გაძლიერებაში. მათ შორის, ერთ-ერთი სოფლის მეურნეობის განვითარებაა, რომელსაც აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ახორციელებს: “გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობის განათლების და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ტექნიკური დახმარების პროგრამაა”.
მისივე განმარტებით, პროგრამის მიზანი საქსტატის როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული თანამშრომლების გადამზადებაა. “ვინაიდან მეთოდოლოგია, რომელსაც სტატისტიკის სამსახური იყენებს, დიდიხანია მოძველდა. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ საქსტატთან, დავიწყეთ სათაო ოფისიდან, შემდეგ იყო ტრენინგები ამერიკაში და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ თანამშრომლებმა შეიძინეს ის უნარ-ჩვევევბი რომელიც საჭიროა მონაცემების დამუშავებისთვის, მაგრამ ახლა საჭიროა ტრენინგები ჩაუტარდეთ ინტერვიუერებს, რომლებიც უშუალოდ ფერმერებისგან იღებენ მონაცემებს”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ
ყველაზე მთავარი და ღირებული სწორად შეგროვილი მონაცემებია. ინტერვიუერის შეცდომა შედეგებზე ცუდად აისახება და მონაცემების გამომყენებლისთვის შეიძლება შეცდომის დაშვების წინაპირობა გახდეს, - “ეს მთელს ჯაჭვში იწვევს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას”.
სამცხე-ჯავახეთი პირველი რეგიონია, სადაც მსგავსი ტრენინგი ჩატარდა. აშშ-ს სოფლის მეურნების სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების მთავარი სპეციალისტის მაიკლ სტაინერის, განმარტებით, რომელიც ტრენინგებს უძღვებოდა, სამცხე-ჯავახეთი მონაწილეობს აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში და მასზე არჩევანიც ამიტომ შეჩერდა. “ჩვენ უნდა აგვერჩია ერთ-ერთი რეგიონი, ქალბატონი ნათელა (საქსტატის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ს.კ.) მონაწილეობდა ჩვენს ტრენინგში აშშ-ში, გარდა ამისა, ეს რეგიონი ჩართულია ჩვენს ერთ-ერთ პროგრამაში”, - ამბობს იგი და ამატებს, რომ
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პრობლემების მოსაგვარებლად, ზუსტი სტატისტიკური მონაცემების არსებობაა, - “უკეთესი სტატისტიკური მონაცემებით უკეთესად შევძლებთ მოვახდინოთ პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი მოგვარება”.
ინტერვიუერების შეფასებით, მსგავსი ტრენინგები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მათ უამრავი პრობლემა ექმნებათ მონაცემების შეგროვებისას.
ტრენინგის მნიშვნელობაზე საუბრობს საქსტატის ბორჯომის სამმართველოს უფროსი ნათელა გოგალაძეც და ამბობს, რომ
სტატისტიკის სამსახურის ეკონომიკური და ფინანსური ხარისხი განსაკუთრებით მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც ამ სამსახურს სათავეში ზაზა ჭელიძე ჩაუდგა: “მინდა გამოვყო ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის ღვაწლი, როგორც კარგი ორგანიზატორის და პროფესიონალი მმართველის. სხვა სიკეთეებთან ერთად, სწორედ მისი მმართველობის პერიოდში მოხდა SDDS-ში (სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტი) გაწევრიანება, რაც ნათლად აჩვენებს ამ სტანდარტების შესრულების მზადყოფნას და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში სანდოობის გარანტს”
ტრენინგების განმავლობაში მსმენელებმა მოისმინეს რამდენიმე მომხსენებლის გამოსვლა თემაზე “სტატისტიკის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარებაში”. მაიკლ სტაინერის განცხადებით, ამ კუთხით ძალიან სასარგებლო და საინტერესო იყო ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის თინა გელაშვილის მოხსენება, რომელმაც ამ საკითხებზე ძალიან დეტალურად ისაუბრა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი