გაზრდილი ბიუჯეტი გაზრდილი ხარჯებით


 თამუნა უჩიძეახალციხე
2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი; სახეცვლილი სოციალური პაკეტი და გაზრდილი ხარჯები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტს 1 500 000 ლარით აღემატება და 5 970 000 ლარს შეადგენს. გამგეობამ პროექტი საკრებულოს განსახილველად 14 ნოემბერს წარუდგინა.
 
პროექტი შიდა სხდომაზე უკვე განვიხილეთ. ამ თანხას დაემატება მუნიციპალური განვითარების ფონდის თანხები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფული და სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.  

ძირითადი ცვლილება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში შევიდა, სოციალურ პაკეტს ეხება.

აქამდე ოპერაციებს სუბსიდიების სააგენტოდან მიღებული ქულების მიხედვით ვაფინანსებდით, სიმართლე გითხრათ, ამ ქულების ვერაფერი გავიგე, ბევრ ისეთს მოუხსნეს დახმარება, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებოდა. ამიტომ, ქულების მიხედვით დაფინანსება აღარ მოხდება”, - აცხადებს გიქოშვილი.

მომავალი წლიდან 30-პროცენტიან დაფინანსებას ოპერაციისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს, ვინც ამის თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართავს. ასევე, 100-ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა ახალშობილიც.

რაც შეეხება მშობიარობის 200-ლარიან დახმარებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გაგა ივანიძის განმარტებით, ეს ისე დარჩა, როგორც გასულ წელს იყო, მხოლოდ, ქულების რაოდენობამ 90 ათასიდან 150 ათასამდე აიწია: თუ აქამდე ვაძლევდით 200-ლარიან დახმარებას მათ, ვისაც ქულები 90 ათასის ჩათვლით ჰქონდათ, ახლა მივცემთ მათ, ვისაც ქულები
150 ათასის ჩათვლით ექნებათ”.

200-ლარიანი დახმარების გასაცემად მიმდინარე წელს ბიუჯეტში 10 ათასი ლარია გაწერილი, მომავალი წლის პროექტით კი 15 ათასია გათვალისწინებული. ახალშობილებისთვის 100-ლარიანი დახმარების  პროგრამაში 40 ათასი ლარია განსაზღვრული.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ახალშობილების დახმარებისთვის გავზარდოთ კიდეც თანხა. რაც შეეხება ოპერაციების 30-პროცენტიან დაფინანსებას, ერთ მუხლად გვაქვს წარმოდგენილი და 150 ათასი ლარია გაწერილი”, - გვიხსნის ივანიძე.  

მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად გაიზრდება ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, გაზისა და ამ მიმართულებებით მომსახურების ხარჯები.

ქალაქის ტრანსპორტის ხარჯს 50 პროცენტით დავაფინანსებთ. ეს აქამდეც ასე იყო, მაგრამ ახლა თანხა მეტი დაგვჭირდება, რადგან საავადმყოფოს შენობაში მოიყარა თავი ყველა სამედიცინო დაწესებულებამ; მდებარეობა შეიცვალა ბაზარმა; კეთდება რაბათი; ხიდი ასპინძის ქუჩაზე; ამდენად, ისევ ისე, - ორი მარშუტკა ერთი მარშრუტით ვეღარ ივლის”, - აცხადებს გიქოშვილი და ამატებს, რომ ქალაქში სამარშრუტო ტაქსების რაოდენობასთან ერთად, გაიზრდებარეისებისრაოდენობაც, რაც შეეხება მარშურუტს, ამის შეთანხმებას საკრებულო, მოსახლეობასთან აპირებს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო გაიზრდება კომუნალური ხარჯებიც, გაზაფხულიდან ექსპლუატაციაში შევა გარე განათების ხაზები.  

მიმდინარე წლის ბიუჯეტში გარე განათებისთვის 35 ათასის დამატება დაგვჭირდა. მომავალი წლის პროექტში ეს მუხლი 260 ათასი ლარით გვაქვს წარმოდგენილი, 2011 წლის ბოლო მაჩვენებელთან შედარებით მისი რაოდენობა 60 ათასი ლარითაა გაზრდილი”, - ამბობს ივანიძე.

მისი თქმით, მომავალი წლის პროექტში გაზრდილია თანხა დასუფთავების ღონისძიებებისთვისაც: ეს იმიტომ, რომ იზრდება მომსახურების ფართობი. ჯერ მხოლოდ რაბათის ციხეს 7 ჰექტარი უკავია, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალ ბაზარსა და სხვა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე”.  

მომავალი წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში იგივე დარჩა თანხა ისეთი ორგანიზაციების სუბსიდირებისთვის, როგორიცაა, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ახალციხის სამუსიკო სკოლა და საბავშვო ბაღები.

სხვაობა მხოლოდ კულტურის გაერთიანებაშია. ახალი საჯარო ბიბლიოთეკის შენობა თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება, ამდენად ეს კომუნალური ხარჯების მატებას გამოიწვევს”, - გვითხა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა.

სპეციალური ტრანსფერები 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაზაფხულამდე აისახება. პროექტი კი წლის ბოლომდე ჯერ სამჯერ განიხილება და შემდეგ დამტკიცდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი