საქართველო და ნატო


  თამუნა უჩიძეახალციხე

მიგვიღებენ თუ არა ნატოში; რამდენად ახლოს ვართ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან; რას ფიქრობს ხალხი;

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაერთიანების საკითხი, ქვეყანაში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურდება. მისი განცხადებით, საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ნატოსთან, როგორც ახლა. მისივე თქმით, ქვეყანაში სამხედრო პოლიტიკური სტრუქტურების განვითარების პარალელურად, აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაც. ძირითადი აქცენტი რასმუსენმა 2012 წლის არჩევნებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ნატო არჩევნების დემოკრატიულობას დიდი ყურადღებით დააკვირდება.
 
საქართველოს ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის სწორ გზას ვადგავართ და მალე ალიანსის წევრებიც გავხდებით. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობა უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეუძლებელს გახდის.

პარტიაჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატებისლიდერი ირაკლი ალასანია, აცხადებს, რომ ნატო ყოველთვის იყო რუსეთის გამაღიზიანებელი ფაქტორი. მისი თქმით, ნატოში გაწევრიანების ანგაჟირება იყო შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა 2007-2008 წლებში დაუშვა. ამ შეცდომამ მიგვიყვანა დაძაბულობამდე და 2008 წლის შემდეგ კიდევ უფრო გადაიწია ჩვენი ნატოში გაწევრიანების ვადებმა. ამდენად, რადგან ნატო რუსეთისთვის გამაღიზიანებელი ფაქტორია, მეტი საგარეო პოლიტიკური ელასტიურობა გვმართებს.

უნდა გაეწიოს თუ არა ამ თვალსაზრისით ანგარიში რუსეთის ფაქტორს; რამდენად სწრაფად მიგვიღებენ ნატოში; როგორ ჩავაბარებთ კიდევ ერთ გამოცდას – 2012 წლის არჩევნებს და შესაძლოა თუ არა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ყველა იმ სტანდარტის დაკმაყოფილების გარეშე, რასაც მისი წევრი ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ?

ასოციაციატოლერანტისმენეჯერი გოჩა ნათენაძე: “იმედენად ახლოს ვართ ნატოსთან, რამდენადაც ახლოს ვართ ჩვენი ცნობიერებით თავისუფლებასთან. თუ ჩვენ არ ვართ მზად ამ ღირებულების აღსაქმელად, ძალით თავისუფალს ვერავინ გაგვხდის.  

ნატოზე უარის თქმა, ამ ეტაპზე, ნიშნავს უარი ვთქვათ თავისუფლებაზე. ასე ერთხელ და სამუდამოდ დავასამარებთ თავისუფლების იდეას, სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში ეს იდეა დღემდე არ არის პოპულარული, პრიორიტეტული. როცა სახელმწიფოს და საზოგადოებას თავისუფლება არ მიჩანია უპირველეს ღირებულებად, მერე მოდის დანარჩენი უბედურებები.

ნატო არის ჩვენი ერთადერთი ხსნის საშუალება, რომ მოვიპოვოთ ნამდვილი თავისუფლება და არა ის თავისუფლება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გვქონდა ხან სპარსეთთან, ხან თურქეთთან, ბოლო ორი-სამი საუკუნეა კი რუსეთთან.

წაიკითხონ ყველა დიდი მოაზროვნის მოსაზრებები, ვისთვისაც მთავარი ღირებულება და საზრუნავი მუცელი და საკუთარი კეთილდღეობა კი არა, საქართველო იყო. ოთარ ჭილაძე ამბობდა, რუსეთთან ხუთი წუთითაც არ გვქონია მეგობრობაო. რუსეთთან კარგი ურთიერთობები არ არსებობს, ეს არის თავის მოტყუება. საქართველო ან იქნება თავისუფალი ნატოსთან ერთად ან სხვა არჩევანი აღარ გვექნება. შესაძლოა ეს ჩვენთვის ერთგვარი თავშესაფარიც იყოს თავისუფლების მოპოვებისთვის”.

არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისთავმჯდომარე გიორგი ანდღულაძე:ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო კავშირი, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია და ფაქტია, რომ დღეს ნატოს წევრები არიან ჩვენზე უფრო ნაკლებ დემოკრატიული და ჩვენზე მეტი პრობლემების მქონე ქვეყნები, მაგრამ აქ იყო გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები, რის გამოც ასეთი ქვეყნები ნატოში მიიღეს.  

ის, რომ დღეს ჩვენ სტანდარტებს გვიწესებენ, რომლებიც უნდა დავაკმაყოფილოთ, ვფიქრობ, ხელოვნურად შექმნილი ბარიერია. რადგან სხვა ქვეყნების მაგალითებიდან გამომდინარე, მიგიღებენ თუ არა ნატოში ამას წყვეტს არა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხი, არა ქვეყნის ეკონომიური განვითარება, არამედ გეოპოლიტიკა, რომელშიც დღეს საქართველო და მსოფლიო იმყოფება.

დღეს პირველად აღიარებს რუსეთის პრეზიდენტი, 2008 წლის ომი რომ არ ყოფილიყო, საქართველო უკვე ნატოს წევრი იქნებოდაო, ამიტომ, მგონია, რომ ამ საკითხს ამ კუთხით უნდა მივუდგეთ”.

საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის თავმჯდომარე ნუგზარ თათეშვილი: “რა თქვა რასმუსენმა არ ვიცი, მაგრამ ახლოს ყოფნა სულაც არ ნიშნავს მასში შესვლის პერსპექტივას, ნატოს კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა, მაგრამ მას გააჩნია პირობები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილო. ნატო არ  არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, ამდენად აქ მთავარი განმსაზღვრელი ზოგადად ცხოვრების დონის მაჩვენებელია. ქვეყანა ეკონომიკურად რომ განვითარდება და დემოკრატიის ხარისხი იქნება ნორმალური, ნატოში მხოლოდ შემდეგ მიგვიღებენ”.

სამცხე-ჯავახეთისბილაინისგანყოფილების უფროსი შალვა დალალიშვილი: “არ არის საქართველო იმდენად ძლიერი სახელმწიფო, რომ დამოუკიდებლად შევძლოთ თავდაცვა. ამდენად, ჩვენს მდგომარეობაში ვიღაცას მაინც გავანაწყენებთ, თუ ნატოზე ვიტყვით უარს, დასავლეთი გაღიზიანდება, ნატოში გაწევრიანებით კი რუსეთი.

ყოველთვის გვაძლევენ რეკომენდაციებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს საქართველო ნატოსთან დაახლოებისკენ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უბრალოდ საბაბია საიმისოდ, რომ მანამდე სხვა კუთხით დალაგდეს სიტუაცია. ალიანსში მყოფ არცერთ ქვეყანას არ აწყობს რუსეთის განაწყენება, იმიტომ, რომ ბევრი ქვეყანაა რუსეთზე დამოკიდებული, მაგალითად, ნავთობითა და გაზით.

მიმაჩნია, რომ ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეიტილებაა, რადგან დაწესებული სტანდარტების გარეშე გააწევრიანეს ნატოში ბევრი ქვეყანა. თუ არჩევნებს კარგად ჩავატარებთ და ნატო ვადებს ისევ გადაწევს, ეს მათი მხრიდან არასერიოზული იქნება.

მართალია, მიზეზი ოკუპირებული აფხაზეთი და ოსეთია, მაგრამ ნატო თავად უნდა გამოერკვეს და თქვას, რომ ჩვენ ასეთს გვღებულობს და არ უნდა იძახოს ახლოს ხართ, ერთი ნაბიჯი გაკლიათო და ამ ერთ ნაბიჯს ვუცადოთ მთელი ცხოვრება”.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე: “საქართველოში ჩამოსული ფართო დელეგაცია მიგვანიშნებს, რომ გაზაფხულზე ამ თვალსაზრისით საკითხი დადებითად გადაწყდება. ჩვენი ერთადერთი შემაფერხებელი კონფლიქტური სიტუაცია, ოსეთი და აფხაზეთია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ არჩევნებიც დემოკრატიულად ჩატარდება. ოპტიმიზმის საფუძველს საარჩევნო კოდექსის შესაცვლელად მიმდინარე სამუშაოები მაძლევს. ასევე, ვფიქრობ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისითაც ვუახლოვდებით ნატოს სტანდარტებს”.  

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი: “ნატოში გაწევრიანება კარგია ქვეყნის განვითარებისთვის, დაცულობისთვის, მითUუმეტეს, ისეთი პატარა და ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარე სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. მაგრამ, ნატო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა და აქ გაწევრიანებისთვის  ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ქვეყნაში დემოკრატიზაციის პროცესების სტაბილური მიმდინარეობაა.

როგორც რასმუსენმა თქვა, ჯერ არ ვართ მზად საამისოდ, მაგრამ ნაბიჯები წინ გადადგმულია. იმის თქმა, რომ 10-20 წლის განმავლობაში მოვემზადებით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიქნებით მისაღები ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, კატასტროფა იქნება და ქვეყანა ერთ ადგილზე გაჩერდება.  ჩემი სურვილია, ხარვეზებიანი საქართველო მიიღონ და შემდეგ უფრო დაჩქარდეს ქვეყნის განვითარება, თორემ, ამერიკას და ევროპას კარგა ხანს ვერ დავეწევით. გაწევრიანებული სახელმწიფოს პროგრესი კი უფრო მეტად დაჩქრდება.

ვფიქრობ, არჩევნებს დემოკრატიულდ ჩავატარებთ და წარმატებით ჩავაბარებთ ამ გამოცდას”.

2008 წლის იანვარში საქართველოში ჩატარებულმა პლებისციტმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა 72,5 პროცენტი ნატოში გაწევრინების მსურველია. ნატოს სამიტი 2012 წლის მასში ჩიკაგოში გაიმართება. რამდენად ახდება ქვეყნის მოსახლეობის სურვილი, გაზაფხულზე გაირკვევა.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი