ძვირფასო მკითხველებო!
2011 წელში ეს “სამხრეთის კარიბჭეს” ბოლო ნომერია. წლის დამთავრებამდე სულ რაღაც ხუთი დღე რჩება და, ანგარიშის ჩაბარების დროც მოვიდა. ანგარიშის, რომლის წერა, ბოლო რამდენიმე წელია, ერთგვარ სასიამოვნო მოვალეობად იქცა.
2011 წელში ეს “სამხრეთის კარიბჭეს” ბოლო ნომერია. წლის დამთავრებამდე სულ რაღაც ხუთი დღე რჩება და, ანგარიშის ჩაბარების დროც მოვიდა. ანგარიშის, რომლის წერა, ბოლო რამდენიმე წელია, ერთგვარ სასიამოვნო მოვალეობად იქცა.
მაშ ასე:
2004 წლიდან დღემდე “სამხრეთის კარიბჭეს” 351 ნომერი გამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში, ყოველთვის ვცდილობდით ოპერატიულები ვყოფილიყავით და გაზეთის პერიოდულობაც არ დაგვერღვია.
ბევრი თქვენგანი პირველი ნაბიჯებიდანვე გვიცნობს, იყო დრო “სამხრეთის კარიბჭე” ქსელში ოთხშაბათ დღეს გადიოდა, მერე ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა ახალი კვირა ჩვენთან ერთად დაგეწყოთ, ოთხშაბათი ორშაბათით შეიცვალა და მას შემდეგ, ტრადიცია აღარ დარღვეულა.
მაქსიმალურად ვცდილობდით არცერთი ორშაბათი არ დაწყებულიყო “სამხრეთის კარიბჭეს” გარეშე და გაზეთის არქივს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ეს ასეა კიდეც. ცხადია, საშვებულებო პერიოდების გამოკლებით.
თუმცა იყო მცირე გამონაკლისიც... მიმდინარე თვეს “სამხრეთის კარიბჭეს” მხოლოდ ორი ნომერი გამოვიდა. თუმცა, მეტ-ნაკლებად საპატიო მიზეზით. უცხო ქვეყნის აჩქარებულ რიტმზე გადართულს და დროში არსებული 4-საათიანი განსხვავების გამო, ინტერნეტით გაზეთის აწყობა არ გამოგვივიდა.
მაგრამ, ეს ერთგვარად, სასარგებლო ექსპერიმენტიც აღმოჩნდა. ორი კვირის განმავლობაში “სამხრეთის კარიბჭეს” თითოეულ თანამშრომელთან არაერთი ზარი შევიდა. კუთვნილი გაზეთის მისაღებად რედაქციას უამრავმა განაწყენებულმა მკითხველმა მოაკითხა, საყვედურნარევი ტონით, გაზეთმა რატომ დაიგვიანაო...
ეს ნიშანი იყო, კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ “სამხრეთის კარიბჭე” მოსწონთ, უყვართ და ენდობიან... ან უბრალოდ, არ უყვართ, მაგრამ მაინც ელოდებიან... ელოდებიან სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ესეც ჩვეულებრივი ამბავია. ყველას ვერ ეყვარები...
რამდენიმე დღის წინ “სამხრეთის კარიბჭეს” შიდა ტელეფონზე ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან ზარი შემოვიდა. სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, რომელზეც რამდენიმე თვის წინ ვრცელი რეპორტაჟი მოვამზადეთ, - “მადლობა, რომ არსებობთო!”
მადლობა თქვენ, ჩვენს მკითხველებს, მადლობა რომ თქვენ არსებობთ!
მადლობა, რომ გვენდობით!
მადლობა, რომ გველოდებით!
მადლობა, რომ გვკითხულობთ, გვაქებთ და გვაკრიტიკებთ!
მადლობა, რომ ყოველ ორშაბათს გვაძლევთ სტიმულს, ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და მომდევნო ორშაბათისთვის მოვემზადოთ!
დამდეგ დღესასწაულებს, შობა-ახალ წელს გილოცავთ!
დამდეგ დღესასწაულებს, შობა-ახალ წელს გილოცავთ!
მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულის, სათნოების, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს დამდეგი წელი ჩვენი ქვეყნისათვის!
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი ყველა ოჯახისათვის!
“სამხრეთის კარიბჭე” ერთი თვით, იანვრის ბოლომდე გემშვიდობებათ.
2012 წლიდან, ჩვენ ისევ დაგიბრუნდებით, განსხვავებული ფორმატით, ახალი იდეებითა და ბევრი სიურპრიზებით. დაგიბრუნდებით და ისევ შევეცდებით თქვენი ხმა მივაწვდინოთ ყველას.
გილოცავთ დამდეგ 2012 წელს და ვიმედოვნებთ, ბედნიერი წელიწადი გვექნება!