კითხვები ტუბსაავადმყოფოს ირგვლივ

 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო  - დარღვევებს გამოძიება გამოავლენს.
აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს თანამშრომლის დაკავება და დირექტორის იძულებითი თუ კუთვნილი შვებულება; ბუნდოვანი სიტუაცია აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოში.

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს მნე ნოდარ ბოჩიკაშვილი დააკავა. ამავე საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ტარიელ ენდელაძე კუთვნილ შვებულებაშია, თუმცა, მის შემცვლელს თანამშრომლები უკვე ელოდებიან.


ტარიელ ენდელაძე შვებულებაში პირველ ნოემბერს გავიდა, ამ დროისთვის კი ნოდარ ბოჩიკაშვილი ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და დამზადების ფაქტზე უკვე დაკავებული იყო.

,,არაფერზე არ მსურს თქვენთან საუბარი’’, - განუცხადა  ,,სამხრეთის კარიბჭეს’’ აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსურულებელმა ნუგზარ გელოვანმა, რომელსაც ენდელაძის შვებულებაში გასვლამდე სამედიცინო დარგში კლინიკური დირექტორის თანადმებობა ეკავა.

დაკავების შესახებ  ,,არაფერი იცის’’ ტუბსაავადმყოფოსთან არსებული ამბულატორიის გამგემ თამაზ ჯიჯეიშვილმაც: ,,გამიკვირდა  ნოდარის დაპატიმრება. წესიერი და პატიოსანი ადამიანია. თავჩაღუნული მუშაობდა. ამბობენ, შეშის უკანონო შესყიდვისთვის დაიჭირესო. ვფიქრობ, სხვის დაუდევრობას შეეწირა’’.

აბასთუმნის მკვიდრი ნოდარ ბოჩიკაშვილი ტუბსაავადმყოფოში 2002 წლიდან მუშაობდა.
ბოჩიკაშვილის ოჯახის ახლობელის ანგელინა შარაშენიძის თქმით, შეუძლებელია ნოდარი უკანონობის ჩამდენი ყოფილიყო: ,,არ ვიცი, ვინ რა ან  რატომ მოუწყო. შეცდომას არ დაუშვებდა. ვიღაცამ ხელები შეიხოცა’’.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს, აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო ერთ ლიტრ რძეს 80 თეთრად იბარებდა, მაშინ როცა, ამ დროისთვის, ერთი ლიტრი რძის მაქსიმალური ღირებულება 60 თეთრს შეადგენდა.

,,რძესაც ვიბარებდით და ყველსაც საწარმოებიდანაც ვიბარებდით და ინდივიდუალური შესყიდვებიც გვქონდა. მაგრამ როგორ იბარებდნენ, არ ვიცი, რადგან რძე ჯერ საწყობში ბარდებოდა და შემდეგ მიჰქონდათ სამზარეულოში. ბუღალტერიაში კი ყოველთვის მზა საბუთები მოდიოდა. ახლა ჩვენი საბუთები პროკურატურაშია და ვერაფერს გეტყვით’’, - ამბობს აბასთუმნის რესპუბლიკური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს მთავარი ბუღალტერი ნელი ლაგვილავა.

ტარიელ ენდელაძის შვებულების ვადა ჯერ არ ამოწურულა, თუმცა, დაბასა და ტუბსაავადმყოფოში მისი შემცვლელზე უკვე საუბრობენ.

,,ახალი უფროსი უნდა მოვიდესო, მაგრამ ვინ არის, არ ვიცი’’, - აცხადებს ნელი ლაგვილავა.

,,ადიგენის საავადმყოფოში ექიმია იური სუხიაშვილი და მისი სიძე მოჰყავთ დირექტორადო’’, - ამბობს აბასთუმნის მკვიდრი სტეფანე ასროშვილი. 

მომავალი უფროსის ვინაობა ზუსტად არც  თამაზ ჯიჯეიშვილმა იცის.

,,ყოველ წელს გადიოდა ტარიელი შვებულებაში და ამჟამადაც ასეა. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ, როდის უნდა გამოვიდეს სამსახურში ისიც არ ვიცი, - ამბობს იგი და ამატებს – ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ვინც დირექტორად მოსვლას აპირებს, კახეთიდანაა. წარმოდგენა არ მაქვს, რა სპეციალობისაა. მაგრამ ვისაც ტუბერკულოზთან შეხება არ ჰქონია, არა მგონია, ამ სამსახურში უცებ ჩაერთოს’’. 

ტარიელ ენდელაძე ტუბსაავადმყოფოში 25 წელია მუშაობს.

,,ტუბერკულიოზურ დაავადებთა მკურნალობისათვის რეფორმა 1995 წელში დაიწყო. ამისათვის სოლიდური თანხაც იყო გამოყოფილი და სოლიდური სამუშაოებიც ჩატარდა. მას შემდეგ აქ არაერთი კომისია ჩამოსულა, მაგრამ ყველა კმაყოფილი მიდიოდა’’, - გვიამბობს ჯიჯეიშვილი, რომელიც ტუბსაავადმყოფოში 1968 წლიდან მუშაობს.

ამჟამად აქ პირველ, ანუ სენსიტიურ განყოფილებაში - 15, მეორე, ახლად გამოვლენილებში - 19, მესამე, რეზისტენტულში კი 42 ავადმყოფია.

ტარიელ ენდელაძეს შვებულების ვადა 29 ნოემბერს ეწურება. მან  ,,სამხრეთის კარიბჭეს’’ სატელეფონო საუბრისას განუცხადა  ,,ამჟამად ამ საკითხზე, არაფრის თქმა არ შემიძლია’’. რაც შეეხება ნოდარ ბოჩიკაშვილს, გირაო შეუფარდეს და ამჟამად იგი გათავისუფლებულია. თუმცა, საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კვლავ მიმდინარეობს.

რას გამოავლენს გამოძიება და შეიცვლება თუ არა ტუბსაავადმყოფოს დირექტორი? მოვლენების განვითარებას  ,,სამხრეთის კარიბჭე’’  შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ.

 თამუნა უჩიძე, ადიგენი

2 comments:

  1. კარგი სტატიაა.

    ReplyDelete
  2. დაველოდები შემდეგ ნომერს, მაინტერსებს რა ხდება ტუბსაავადმყოფოში.
    დირექტორზე ბევრი რამ მსმენია და ....

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი