სამშენებლო მტვერში გახვეული კურორტი


ნატალია კოპაძებორჯომი 

 აკურორტო სეზონი ბორჯომში პიკს აღწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალქეები წელს ბორჯომს ნაკლებად სწყალობენ. ჩამოსული დამსვენებლები კი მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას უჩივიან.

 საკურორტო სეზონი ბორჯომში ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. თუმცა, უცხოელი ტურისტები კურორტს აპრილის შუა რიცხვებიდანვე სტუმრობენ. იმ დროიდან, როდესაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკები იხსნება.

მეორე წელია თბილისში მცხოვრები ნინო ხაჭაპურიძე ოჯახთან ერთად ზაფხულს ბორჯომში ატარებს. მის ორ მცირეწლოვან შვილს ბორჯომის პარკის ატრაქციონები ძალიან მოსწონს და ოჯახი მთელ დღეებს პარკში ატარებს. თუმცა, ნინო ამბობს, რომ პარკში მიმდინარე სამუშაოები დმსვენებლებს დისკომფორტს უქმნის: “ბორჯომში უნიკალური ჰავაა, ამიტომ ჩამოვდივართ. მაგრამ პრობლემებიც ბევრია, - ბავშვებს სასმელ წყალს არ ვასმევ, ძალიან დაბინძურებულია; გადათხრილია შიდა ქუჩები; პარკის შესასვლელის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და სულ მტვერია. ხომ შეიძლებოდა ეს სამუშაოები გაზაფხულზე დაწყებულიყო?!”

მის მოსაზრებას იზიარებს თინათინ მოგელაშვილიც: “ქალაქი მოუვლელია, -  ატალახებულია სანაპირო, კოსტავას ბაღში სიძველისგან დახავსებულია სკამები. ასეთი მნიშვნელობის კურორტს ეს არ ეკადრება”.
  
დამსვენებელი ნანა თავყევლიშვილი უკმაყოფილებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ბორჯომის პარკში შესვლა 50 თეთრი ღირს: “კუჭ-ნაწლავი მაწუხებს და სწორედ ამიტომ ჩამოვედი ბორჯომში. გამოდის, რომ ბორჯომის წყლის დალევა ფასიანია”.

მას ისიც აღელვებს, რომ ბაზარი ქალაქის ცენტრიდან მოშორებითაა. სავაჭრო ადგილად ქცეულ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაში კი რაიმეს ყიდვა შეუძლებელია: “არანაირი სანიტარული ნორმები არაა დაცული. როგორ შეიძლება მანდ რამე იყიდებოდეს!”

ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გასულ წელს 4426,7 (ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 3253,361, ცენტრალური ბიუჯეტიდან - 1173,340), მიმდნარე წელს კი - 4176,225 (ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 3511,050, ცენტრალური ბიუჯეტიდან - 665,175) ლარი გამოიყო. თუმცა, ადგილობრივ ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ ეს თანხები საკმარისი არ არის. თანხებს უკავშირებენ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოგვიანებით დაწყებასაც.

“ბიუჯეტში სახსრები თუ არ გაქვს, ვერანაირ სამუშაოებს ვერ აწარმოებ. შემოსავლები კი ბიუჯეტში ზაფხულში ჩნდება. გარდა ამისა, მშენებლობის დაწყებასაც თავისი პროცედურები აქვს, - ტენდერის გამოცხადება, განაცხადების მიღების ვადები, ხარჯთაღრიცხვა... მხოლოდ ამის შემდეგ იწყება სამუშაოები და ცხადია, სეზონის დაწყებამდე ყველაფერი ვერ მოესწრება”, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ზურა კორძაია.   

 მისივე თქმით, პარკის შესასვლელის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და 20 ივლისს დამთავრდება: “მიმდინარეობს გურამიშვილის, ორბელიანის, ჭავჭავაძის, გორკის ქუჩების მოასფალტება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი. სამუშაოები ახლო მომავალში დასრულდება. აგრეთვე ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი ახალი უბნის დასახლებაში გზების მოასფალტებისთვის, ამ თანხებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების და ფეხით სავალი გზის ნაპირების გაკეთება”. 

ბორჯომელების უმრავლესობისთვის, სეზონზე, ბინის გაქირავებით მიღებული თანხა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ათი დღით ბინების დაქირავება საშუალოდ 300-დან 400 ლარამდე ღირს. საოჯახო და ქალაქის სასტუმროებში გაცილებით მაღალი ფასებია. მაგალითად, საოჯახო სასტუმროს ნომრის ღირებულება კვების გარეშე, დღეში 60-70 ლარიდან იწყება. ცხადია, უფრო მაღალი ფასებია ქალაქის სასტუმროებში. ამიტომაა, რომ დამსვენებლები ხშირად ბინებს ამჯობინებენ. ცხადია, ეს კარგია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ამიტომაა, საკურორტო სეზონს მოუთმენლად ელოდებიან.

ციცინო ჩადუნელი ერთ-ერთია იმ მოსახლეობას შორის, ვინც სეზონზე ბინების გაქირავებით ცხოვრობს. ამბობს, რომ ბინა უკვე გააქირავა ათი დღით და იმედი აქვს, რომ კიდევ გააქირავებს: “ვფიქრობ, წელს დამსვენებლის სიმცირე არ იქნება”.

ბორჯომელი ახალგაზრდები დამსვენებლის სიმცირეს გასართობი დაწესებულებების ნაკლებობას უკავშირებენ.

“აქ არც დისკო-კლუბებია, არც ღამის ბარები. სადრაც ხომ უნდა გაერთოს ახალგაზრდობა?!”- ამბობს ბორჯომელი მარინა ემინოვა.

მართალია, ბორჯომში საკურორტო სეზონი დიდი ხანია დაიწყო, მაგრამ ადგილობრივები იმედს არ კარგავენ, რომ სეზონის პიკზე, აგვისტოში დამსვენებლის რაოდენობა გაცილებით მოიმატებს.

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი