კონფლიქტური კანონი


ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი



საქართველოში მოქმედი ხუთი კონფესიისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ შემუშავებული კანონპროექტი სასულიერო და სამთავრობო წრეების დაპირისპირების მიზეზად იქცა. სხვადასხვა მხარეთა ფაქტები და მოსაზრებები.
5 ივლისს საქართველოს პარლამენტის 70-მა დეპუტატმაერთიანი ნაციონალური მოძრაობიდანმეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც იურიდიული პირის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ხუთ კონფესიას: სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლიკურ ეკლესიას, ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიას და ასევე, მუსლიმთა და იუდეველთა თემებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ლაშა თორდია, ჩიორა თაქთაქიშვილი და ნუგზარ წიკლაური არიან. კანონპოექტს პარლამენტის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს

მოლაპარაკებების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე და მესამე მოსმენით მაინც გაითვალისწინა კანონპროექტში შესატანი ცვლილებები, რაც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს ეხება. თუ პირველ მოსმენაზე წარმოდგენილ პროექტში აღნიშნული იყო, რომ იურიდიული სტატუსი ექნება მხოლოდ იუდეველთა, კათოლიკურ, მუსლიმურ და სომხურ ეკლესიებს, დამტკიცებული ვარიანტი საჯარო სამართლის პირად რეგისტრირების უფლებას აძლევს ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც ევროსაბჭოს წევრ ერთ ქვეყანაში მაინც ოფიციალური სტატუსი აქვს.

მომხრე და წინააღმდეგი


საჯარო სამართლის სუბიექტად რეგისტრაციის უფლება რელიგიურ ორგანიზაციებს საბანკო ანგარიშების გახსნის, საკუთრების ქონის, საკულტო შენობა-ნაგებობების აშენებისა და საერთაშორისო საქმიანობის საშუალებას აძლევს. ამასთან ერთად, 2001 წელს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დაიდო განსაკუთრებული ხელშეკრულება, რომელიც ეკლესიას უპრეცედენტოდ დიდ უფლებამოსილებას ანიჭებდა. სწორედ ამ დოკუმენტზე უთითებს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ექსკლუზიური უფლებების შენარჩუნებას მოითხოვს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- სპეციალურ გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

დღემდე დღის წესრიგში არ დამდგარა სხვა ქვეყნებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების ქონებრივი მიკუთვნებისა და მათზე ზრუნვის საკითხი, ასევე არც ქართული ეკლესიის სამართლებრივი სტატუსი განხილულა და ამ კონტექსტში ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ქვეყნის პარლამენტის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის დაჩქარებულ ტემპში და საჯარო განხილვის გარეშე მიღება. ეკლესია არასდროს ყოფილა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისთვის სტატუსის მინიჭებისა და მათი უფლებების განხორციელების საკითხს, მაგრამ ეს პროცესი თავის დროს არ გაგრძელებულა, ანუ მთავრობას მრავალმხრივი სამთავრობო კომისია, რომელიც საკითხს დეტალურად შეისწავლიდა, არ შეუქმნია”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კანონის მიღება უარყოფითად აღიქვა არამხოლოდ ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომელთაც მთავრობის ეს ნაბიჯი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის, როლისა და რანგის შელახვად აღიქვეს.

სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობა, ქართული პარტიაახალი მემარჯვენეები”, პოლიტიკური გაერთიანებებიჩვენ თვითონ”, “საქართველოს სახელით”, პარტიასახალხო კრებისაღმასრულებელი საბჭო, საქართველოს ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, პარტიათავისუფალი დემოკრატებისლიდერი ირაკლი ალასანიააი, პოლიტიკური სუბიექტების ჩამონათვალი, რომელთაც მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს.

ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ რელიგიასთან დაკავშირებული საკითხი ხელისუფლებას ქართული ეკლესიის პოზიციის გათვალისწინებისა და მისი რეკომენდაციების გარეშე განეხილა. ხელისუფლების ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯის ახსნა რთულია, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ შედეგი მძიმე იქნება ისევ და ისევნაციონალური მოძრაობისთვის”, რომლის წევრებიც თავიანთი ანტიეკლესიური განწყობის ხმამაღლა გამოხატვას არ ერიდებიან”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას სავსებით მართებული უწოდა. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არაფერში ეწინააღმდეგება.

თუ საქართველოს მოქალაქეებს, დამოუკიდებლად იმისა, რა კონფესიას მიეკუთვნებიან, არიან ისინი იუდეველები, მუსლიმები, სომხური სამოციქული ეკლესიისა თუ ისლამის ორი დენომინაციის წარმომადგენლები, თავიანთი რელიგიური გაერთიანების რეგისტრაცია სურთ არა არასამთავრობო ორგანიზაციად, არამედ სამოქალაქო სამართლის სუბიექტად, ეს მათი უფლებაა. და ჩვენი კონსტიტუცია ამ უფლებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა (საინფორმაციო სააგენტო REGNUM).

ქართული ეკლესია ქვეყნის ისტორიაში, კულტურასა და სულიერებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, ამბობს მინისტრი, საქართველოს ბევრი მოქალაქე ამ რელიგიის მიმდევარი არ არის, მაგრამ ზუსტად ისეთივე უფლებები აქვს. პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მოტივი და მიზეზი სწორედ ეს ფაქტია, განმარტავს გრიგოლ ვაშაძე.

სამთავრობო და საპარლამენტო უმრავლესობის გარდა ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მხოლოდკოალიციამ ევროპული საქართველოსთვის” (52 არასამთავრობო ორგანიზაცია). მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღებით საქართველომ სინდისის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

განადგურებულია ჩვენსა და თანამედროვე მსოფლიოს შორის ხელოვნურად შექმნილი კიდევ ერთი ბარიერი. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაეხმარება ქვეყანაში ჩამოყალიბებული სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მშვიდობიან თანაცხოვრებას და საქართველოს მოქალაქეების რელიგიური ნიშნით დაყოფის მცდელობებს შეუშლის ხელს. სიტყვით მრავალჯერ დამტკიცებული ქართული შემწყნარებლობა ამიერიდან კანონითYიქნება გამყარებული. პარლამენტში დღესაც ამ პოზიციაზე ვდგავართ. მართლმადიდებლური ეკლესია განსაკუთრებული სტატუსით, ტრადიციითა და კონსტიტუციით სარგებლობს და კონკორდატი სხვებთან არ შეიძლება გაფორმდეს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საზღვარგარეთის წარმომადგენელთა რამდენიმე განცხადებაც ამ კანონპროექტისადმი დასავლეთის დადებით დამოკიდებულებას მოწმობს. საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი საქართველოს პარლამენტის მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსში რელიგიური კონფესიების სტატუსთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებსამართლიანსუწოდებს.

სწორია, როდესაც რელიგიურ ორგანიზაციებს ხალხის დახმარებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით კი ამის განხორციელება უფრო ადვილია. ცნობილია, რომ დასავლურ სამყაროში, რომლის ფასეულობებსაც საქართველო იზიარებს, ყველა ადამიანი აღმსარებლობის თავისუფლებით სარგებლობს. ბევრ ქვეყანაში რომელიმე ეკლესიის ტრადიციულად აღიარების წესი მოქმედებს, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით ყველას თანაბარი უფლებები აქვს”, - აცხადებს დიმიტროვი.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ პარლამენტის ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე კომენტარი არ გააკეთა, რადგან მათი აზრით, “ეს ქვეყნის შიდა საქმეა და ამასთან, ძალიან სენსიტიური საკითხი”.
ვინ არის დამნაშავე?”

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მის მიღებაში ძირითად დამნაშავედ სომხურ მხარეს მიიჩნევენ. კანონპროექტის აშკარა მოწინააღმდეგემ, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქართული მართლმადიდებლური ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე ზენონმა განაცხადა: “რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ სტატუსსა და სხვა საკითხებს ერთობლივად განვიხილავდით. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სომხური მხარის მოთხოვნები ცალმხრივად არის დაკმაყოფილებული: მათ მიენიჭათ სტატუსი და ახლა შეუძლიათ განცხადებები საკუთრებაზეც გააკეთონ. ფაქტობრივად, მთელი ეს მოვლენები სომხური ეკლესიის ქმედებით არის გამოწვეული”.
მან ასევე დაამატა, რომ საქართველოში არსებული კათოლიკური და ბაპტისტური ეკლესიები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას არ ითხოვდნენ.
მოძრაობაჯავახკისთავმჯდომარის ნორიკ კარაპეტიანის თქმით, გადაწყვეტილება რომის კათოლიკური ეკლესიისა და მუსლიმთა თემის გავლენით იქნა მიღებული.

აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფაქტმა, რომ საქართველოს ხელისუფლე
ბა
მთლიანად პროდასავლური ორიენტაციისაა. სომხური ფაქტორიც იქნა გამოყენებული, რადგან ზეწოლა დასავლეთიდან და ევროპიდან არსებობს. მათ, ასე თუ ისე, აღნიშნული ნაბიჯი უნდა გადაედგათ”, - განაცხადა კარაპეტიანმა 7 ივლისს ერევანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

მისი თქმით, ამ პროცესში გარკვეული როლი საქართველოში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანისა და სრულიად სომეხთა კათალიკოსის გერეგინ II-ის ვიზიტმაც ითამაშა.

მათ ამ ნაბიჯის გადასადგმელად გარკვეული მეთოდი სჭირდებოდათ და ეს ვიზიტები სწორედ ასე გამოიყენეს”, - აღნიშნა მოძრაობაჯავახკისთავმჯდომარემ.
და კვლავ, შეფასებები
ოფიციალური განცხადებები არც სომხეთის ხელისუფლებას და არც სომხურ სამოციქულო ეკლესიას გაუკეთებიათ.

იურიდიული პირის სტატუსი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის სასულიერო წრეებს შორის ყველაფერი მოგვარებულია, - მიიჩნევს სომხური ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი დასათვისტომო კავშირ ჯავახკისგამგეობის წევრი ოგანეს აივაზიანი.

ეს კანონი არა მხოლოდ ჩვენს ეკლესიას, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც ეხება. იურიდიული პირის სტატუსი, დააკვირდით, ორგანიზაციები და არა ეკლესიები იძლევა პოლიტიკური, სახელმწიფო, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი და სხვა საქმიანობების განხორციელების საშუალებას. იურიდიული პირის სტატუსი ყველა სხვა ქვეყანაში ერთი და იგივეა. საქართველოში მხოლოდ ჩვენი ეკლესია არ მიიჩნევა ორგანიზაციად, არამედ ხუთივე, რომელთაც ეს სტატუსი მიანიჭეს. ამ ქმედებებში სულიერი საქმიანობა აღნიშნული არ არის, - ამბობს ოგანეს აივაზიანი.

სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირისჯავახკისწევრი არტაკ გაბრიელიანი კანონპროექტის მიღებას მიესალმება, თუმცა, მისთვის ქართული ოპოზიციის თვალსაზრისი გაუგებარია.

არ მგონია, რომ კანონის მიღება სრულიად სომეხთა კათალიკოსის გერეგინ II-ის ვიზიტთანაა დაკავშირებული, რადგან ევროსაბჭოს მხრიდან ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული განცხადებები აქამდეც კეთდებოდა. არის საკითხები, რომლებიც საქართველომ უნდა მოაგვაროს. ჩემთვის ქართული ოპოზიციური პარტიების მოქმედება ძალიან გაუგებარია. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან პარტიები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის პროპაგანდას ეწევიან და სახელმწიფოს კი დიქტატურაში ადანაშაულებენ. აღმოჩნდა, რომ მათთვის დემოკრატიას მხოლოდ ფიქტიური ხასიათი აქვს. რაშია პრობლემა? თუ ეს პოლიტიკური თამაშია? არ მინდა, რომ ეს საკითხი პოლიტიკური კუთხით განიხილებოდეს და პოლიტიკურ კონტექსტს ატარებდეს”, - ამბობს არტაკ გაბრიელიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი