ჟურნალისტების გადამზადება


აღუნიკ აივაზიანი, ერევანი

ერევნის
“დიასპორის ახალგაზრდა ჟურნალისტთა გადამზადების სკოლაში” პროფესიული სწავლების კურსი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან ჩამოსულმა 18-მა ჟურნალისტმა გაიარა.
დიასპორის ჟურნალისტთა გადამზადების კურსი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში 26 ივნისს დაიწყო და 20 დღე გაგრძელდა. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა: ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტებმა როგორც სომხეთის, ისე სხვა ქვეყნების პროფესიონალ, ცნობილ ჟურნალისტთა ლექციები მოისმინეს, მესამე კვირას კი პრაქტიკა ერევნის ტელევიზიებსა და გაზეთებში გაიარეს. თეორიული სწავლების თემებს, ძირითადად, თავად ჟურნალისტები ირჩევდნენ. ტრენინგის მომდევნო თემებს ორგანიზატორები ჟურნალისტებთან ოფიციალურ და არაოფიციალურ შეხვედრებზე საუბრის შემდეგ განსაზღვრავდნენ. ბოლოს ტრენინგის მონაწილეებმა სხვადასხვა თემაზე შექმნილი დასკვნითი ნაშრომები ჩააბარეს.

ჟურნალისტები სომეხ ბლოგერებს, რეპატრიანტებს, დეპუტატებს, დიასპორის მინისტრს, იურისტებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბევრმა მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები მიიღო. ტრენინგის ყველა მონაწილემ ამ სკოლაში საკუთარი პრიორიტეტი განსაზღვრა.

საქართველოს წარმომადგენელი მიასნიკ ხრიმიანი სკოლაში რადიო “იმპულსის” კორესპონდენტის სტატუსით წავიდა. მისთვის ამ პროექტში ყველაზე მთავარი ახალი ნაცნობობა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძენილი ახალი მეგობრები იყვნენ.

“პროგრამის უმთავრესი პლუსი, პროფესიული ზრდის გარდა, ახალი ნაცნობების შეძენაა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც დიასპორის სხვადასხვა კერაში არსებული პრობლემებისა და მიღწევების შესახებ იგებ”, - ამბობს იგი.

საქართველოდან, მიასნიკის გარდა, ამ სკოლაში გადამზადების კურსი კიდევ სამმა ადამიანმა გაიარა. ესენი იყვნენ გაზეთ “ვრასტანის”, საქართველოს სომხური თემის გაზეთის “კავშირისა” და გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” წარმომადგენლები.

ამ სკოლაში ჩაწერა შეეძლოთ ახალგაზრდა ჟურნალისტებს 20-დან 33 წლამდე. არამხოლოდ პროფესიონალებს, არამედ დამწყებებსა და მოყვარულ ჟურნალისტებსაც.

ტრენინგის მონაწილეები, ჟურნალისტიკის სწავლების გარდა, სომხეთის ღირშესანიშნავ ადგილებსაც ესტუმრნენ და სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული ძეგლები მოინახულეს.

ამიერიდან დიასპორის ახალგაზრდა ჟურნალისტთა სკოლა ტრადიციულ ხასიათს შეიძენს. ახალ მონაწილეებს ყოველწლიურად აირჩევენ. ახალგაზრდა ჟურნალისტების გადამზადების იდეა, ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში, არცახში მიმდინარე ჟურნალისტთა მე-5 საყოველთაო სომხურ კონფერენციაზე დაიბადა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი