სტიქია ადიგენში


თამუნა უჩიძეადიგენი
ოთხ ივლისს, სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ჯერ კოკისპირული წვიმა, შემდეგ კი ძლიერი სეტყვა ადიგენის მუნიციპალიტეტში 17 საათისთვის დაიწყო და 35 წუთს გაგრძელდა. ამას მალე ღვარცოფიც მოჰყვა. სტიქიამ ცხრა სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. უნწაში, ხევაშენში, ნაქურდევში, ვარხანში, წახანში, ხარჯამში, სოფელ აბასთუმანში, საღძესა და უდეში განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელ სახლებსაც შეუქმნა პრობლემა. სოფელ აბასთუმანში ხუთამდე სახლი დაიტბორა, წყლით გაივსო სარდაფებიც”, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ქველაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა.

სტიქიამ საგრძნობლად დააზიანა ხევაშენი-ნაქურდევის, ვარხანი-ქიქინეთის, სოფელ აბასთუმანისაღრძის ცენტრალური და შიდა სამეურნეო გზების სავალი ნაწილები. უდეში ცენტრის დასავლეთით ღვარცოფმა ჩამოშალა სავალი გზის 10-მეტრიანი მონაკვეთი, რომელზეც მოსაწყობია გაბიონი (სავალი ნაწლი შევიწროებულია). მდინარე ოცხემ საგრძნობლად დააზიანა ბენარაუნწის მისასვლელი ხიდი (ძირი გამოუთხარა საყრდენ კედლებს), წაიღო მარჯვენა სანაპიროზე 50-55 გრძივი მეტრი მიწაყრილი და მდინარე გადადის მოსახლეობის კერძო ნაკვეთებში. ღვარცოფის შედეგად ინერტული მასალებით მთლიანად ამოვსებულია სოფელ აბასთუმნის ხევი, რომელიც ერთვის მდინარე ოცხეს”, - ნათქვამია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის ხუთი ივლისის ¹63 ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის დასკვნაში.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის თქმით, მეწყერი ჩამოწვა სოფელ აბასთუმანთანაც: “ამ მონაკვეთს საგზაო დეპარტამენტი ემსახურება, ამდენად ეს მათი კომპეტენცია იყო. დავურეკეთ თუ არა ტრაქტორი მაშინვე გამოუშვეს და გზა ისე გაწმინდეს, რომ მოძრაობა არ შეფერხებულა”.

სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტში 844 ოჯახზე მეტი დააზარალა.  65 ჰექტარზე მთლიანად განადგურდა ბოსტნეული; ღორღითა და ინერტული მასალით დაიფარა სხვადასხვა სახის კულტურები 20 ჰექტარზე; 65 ჰექტარზე 20-25 პროცენტით დაზიანდა კარტოფილი; 170 ჰექტარზე 50-55 პროცენტით განადგურდა სიმინდისა და ლობიოს ნათესები; 24 ჰექტარზე 30-40 პროცენტით დაზიანდა მარცვლეული კულტურებიხორბალი, ქერი, შვრია. 50 ჰექტარზე 70 პროცენტითაა განადგურებული ხეხილის ბაღები, ვაზისა და კაკლის ნარგავები.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის კუთხით ზარალის წინასწარმა, სავარაუდო, მაჩვენებელმა 670 000 ლარი შეადგინა, ხოლო გზებსა და კომუნიკაციებზე მიყენებულმა ზიანმა 31 600 ლარი: “შესაძლოა ხიდები და ინფრასტრუქტურა გაკეთდეს, დანარჩენზე ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია”.

საკრებულოში შექმნილი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა 8 ივლისს სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ადმინისტრაციას გადაეგზავნა.
მოსახლეობას დავეხმარებით, მაგრამ როგორ ან რა ფორმით, ეს ჯერ არ ვიცით. ამჟამად მიყენებული ზარალის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან”, - აცხადებს პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ლაშა ჭკადუა.

მისი თქმით, რადგან ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ძალიან მცირეა, ზარალის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან: უახლოეს დღეებში, მივიღებთ ალბათ გადაწყვეტილებას თუ რისი ანაზღაურება მოხერხდება”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი