კომპენსაციის მოლოდინში


  შუშან შირინიანიახალქალაქი
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს საქართველოს მთავრობა ერთჯერად ფულად კომპენსაციას გადასცემს. ჯავახეთში მცხოვრები რეპრესირებულების შთამომავლები საჭირო საბუთებს აგროვებენ.

საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონშიმიმდინარე წლის აპრილში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საბჭოთა კავშირის დროიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ახალქალაქში ამის შესახებ ივნის-ივლისის თვეებში შეიტყვეს. შესაბამისად, ნოტარიუსთა ბიუროებთან, მთარგმნელებთან და უფასო იურიდიული დახმარების ცენტრებთან მუდმივი რიგებია.

იურიდიული დახმარების ცენტრთან შეკრებილები უკმაყოფილო არიან იმის გამო, რომ მათი ინფორმირება არ მომხდარა, ამ თემაზე საჯარო ინფორმაცია არ არსებობს და თითოეული დეტალის გასაგებად კონსულტანტთან უნდა მოხვდნენ.

რატომღაც ტელევიზიით არ ამბობენ ვის შეუძლია სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, რათა დღეობით რიგში არ ვიდგეთ. მეუღლის მამა გერმანიაში ტყვედ იყო, შემდეგ ურალში გადაასახლეს. 1957 წლამდე იქ დარჩნენ, ახლა მოხუცი, ავადმყოფი ადამიანია. მისი თხოვნით მოვედი, რომ გავიგო ეკუთვნის კომპენსაცია თუ არა”, - ამბობს სოფელ ხანდოს მცხოვრები სლავიკ სარგსიანი.

სარჩელის დაწერა, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიგზავნოს, ნებისმიერ ადვოკატს შეუძლია. თუმცა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ყველა მცხოვრები, რომელსაც კომპენსაცია ეკუთვნის, ამ საქმისთვის იურიდიული კონსულტაციის ცენტრის იურისტს ვასილ ბალახაძეს მიმართავს. სარჩელები 2014 წლის 1 იანვრამდე მიიღება, მაგრამ ხალხი ჩქარობს და დღეობით დგას რიგში.

სასამართლოში კომპენსაციის მიღებისთვის სარჩელის შესატანად საჭიროა ცნობა შსს-დან რეპრესირებულობის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ცნობის შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი საბუთი და დაბადების მოწმობა. თუ ქალი გათხოვილია და გვარი აქვს შეცვლილი, საჭიროა ასევე ქორწინების მოწმობაც, რათა ნათესაობრივი კავშირი დადგინდეს. თუ ადამიანს კომპენსაციის მიღება უნდა როგორც მემკვიდრეს, ამ დოკუმენტებთან ერთად ნათესავის გარდაცვალების მოწმობაც უნდა წარადგინოს.

ხალხი არასწორ ადგილებში მიდის ან არასწორად უხსნიან, რა სჭირდებათ, ამიტომ მოდიან ჩემთან რამდენჯერმე. ეს დოკუმენტები პენსიის მისაღებად უკვე მომზადებული უნდა ჰქონოდათ”, - ამბობს ვასილ ბალახაძე.

რეპრესირებულთათვის პენსიის გადახდის საკითხი საქართველოს პარლამენტმა 1997 წელს გადაწყვიტა და შესაბამისი კანონიც მიიღო. ყველა რეპრესირებულს 1921 წლიდან 1990 წლამდე უფლება ჰქონდა სასამართლოსთვის მიემართა და პენსიის დასანიშნად განჩინება მიეღო. თითქმის ყველა, ვინც კომპენსაციის პრეტენდენტია, პენსიას იღებს, ამიტომაც თითქოსდა დოკუმენტები ისედაც მზად უნდა ჰქონოდათ. თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

სოფელ ხანდოს მკვიდრი გრანუშ ბერიძე მეოთხე დღეა რიგში დგას. “რეპრესირებულია დედაჩემი. იგი, ერთ შვილთან ერთად, ალტაიში გადაასახლეს, მამა კი ორ დანარჩენ ბავშვთან ერთად დატოვეს. ისინი გარდაიცვალნენ. გადაწყვეტილება მიღებული იყო და რეპრესირებულთა პენსიას 45 ლარს იღებდნენ, ახლა კი არქივში ამბობენ, რომ დოკუმენტები არ არსებობს. თუ არქივში შესაბამისი დოკუმენტაცია არ მოიძებნება, თუნდაც იმ 45 ლარს რა უფლებით გასცემდნენ. დოკუმენტების მომზადება ძალიან ძნელია. უკვე 50 ლარი დავხარჯე, მაგრამ საბუთები ჯერ მზად არ არის”, - ამბობს იგი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს გაცილებით რთულად აქვთ საქმე, - ვიდრე რიგში დგანან, მათი ტრანსპორტი მიდის, ტაქსით მგზავრობა კი ძვირი უჯდებათ. ხანდახან ისეც ხდება, რომ კონსულტაციის მიღებას მაინც ვერ ახერებენ.

ნინოწმინდაში მცხოვრებმა ნარგიზ ვარდანიანმა კომპენსაციის შესახებ მაისში, ქობულეთში ყოფნისას გაიგო. რეპრესირებულია მისი გარდაცვლილი მეუღლე. ნარგიზმა ამბის დაზუსტება ნინოწმინდის სოციალური დახმარების სააგენტოში სცადა, მაგრამ სათანადო ინფორმაცია ვერ მიაწოდეს, თუმცა, დოკუმენტების შეგროვება მაინც დაიწყო. მიუხედავად ამისა, საბუთები დღესაც არ აქვს მზად: არ მაქვს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მეუღლეს 45-ლარიანი პენსია დაენიშნა. იძულებული ვარ, ამ დოკუმენტისთვის თბილისში გავემგზავრო. ქობულეთში გავიგე, რომ ამ საბუთის მიღება სასამართლოსგან შეგვიძლია, ჩვენ კი თბილისში გვგზავნიან. უკვე 100 ლარი დამეხარჯა, ხანდახან ვფიქრობ, რომ ტყუილად ვწვალობ. დოკუმენტების შეგროვება ძალიან რთულია, ორი კვირაა ყოველდღე ჩამოვდივარ ახალქალაქში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის გარეშეც გამოაქვს, თუმცა, ზოგ შემთხვევაში მისი დასწრებაც შეიძლება მოითხოვოს. კომპენსაციის თანხას მხოლოდ თბილისის სასამართლო ადგენს, რეგიონულ სასამართლოებს ამის უფლება არ აქვთ. კანონის თანახმად, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ პირველად მემკვიდრეებსმეუღლესა და შვილებს. შვილებიდან იღებს მხოლოდ ერთი, და საჭიროა დანარჩენი შვილების თანახმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სარჩელი არ მიიღება. შვილიშვილებს კომპენსაცია არ ეკუთვნით. ისინი პირველ მემკვიდრეებად მიიჩნევიან მხოლოდ მაშინ, თუ მშობლები ბებიაზე ან ბაბუაზე ადრე გარდაეცვალათ.

ვასილ ბალახაძეს კონსულტაციისა და თბილისის საქალაქო სასამართლოში წარსადგენი სარჩელის დასაწერად უკვე 200-მა ადამიანმა მიმართა. აქედან, 100 სარჩელი გაგზავნილია სასამართლოში, დანარჩენები კი მზადების პროცესშია. გაგზავნილი სარჩელებიდან თბილისის სასამართლომ 10-15 სარჩელი სხვადასხვა მიზეზით უკან დააბრუნა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის მცხოვრებს ჰარუთიუნ ჯარახიანს სარჩელი იმ მიზეზით დაუბრუნეს, რომ რეპრესირებულობის დამადასტურებელი სასამართლო გადაწყვეტილება უშუალოდ ცენტრალური არქივიდან უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

ერთ-ერთ მოსარჩელეს სარჩელი იმის გამო დაუბრუნეს, რომ არ იყო დასახელებული თანხა, რომელზეც ეს ადამიანი პრეტენზიას აცხადებდა. თუმცა, კანონის მიხედვით, კომპენსაციის რაოდენობას სასამართლო განსაზღვრავს.

ვასილ ბალახაძე მიიჩნევს, რომ სარჩელის დაბრუნება დაუსაბუთებელი იყო: თავის დროს, სასამართლომ ყველასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ვინც მას რეპრესიის ფაქტის დასადასტურებლად მიმართა, ახლა კი დოკუმენტები არქივშია გაგზავნილი. ამ ადამიანებს აქვთ ცნობა, სოციალური უზრუნველყოფის სამსახურისგან წარმოდგენილი გადაწყვეტილება, რომელსაც იგივე ძალა აქვს, მაგრამ რამდენიმე სარჩელი სასამართლოს გადაწყვეტილების თბილისის არქივიდან მიღების მოთხოვნით დააბრუნეს. როგორც იურისტი, მივიჩნევ, რომ ეს არასწორია, რადგან ყველა ეს ადამიანი პენსიას იღებდა და სასამართლოს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო, პენსიასაც ვერ აიღებდნენ. წავლენ თბილისში და იგივე საქმეს კიდევ ერთხელ გააკეთებენ. აიღებენ ცნობას, გააკეთებენ ასლს, გადათარგმნიან და ნოტარიუსთან დაამოწმებენ. ეს ხალხისთვის, უბრალოდ, ზედმეტი ხარჯია”.

დაბრუნებულ სარჩელებს უზუსტობათა გამოსასწორებლად 10-20 დღიანი ვადა აქვს, თუ უზუსტობა ამ ვადაში არ გამოსწორდა, სასამართლო აღნიშნულ სარჩელს უკან აღარ მიიღებს. რიგში მდგომ ხალხს იმედი აქვს, რომ ფულსა და ნერვებს ამაოდ არ ხარჯავს და სახელმწიფო რაიმე კომპენსაციას აუცილებლად გადაუხდის

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი