გარემო ბავშვის განვითარებისთვის


 ქალაქ ახალქალაქს საბავშვო მოედნები არ აქვს, ცენტრალური ბაღისა და მინიფეხბურთის მოედნის ორად-ორი საქანელა კი მოუხერხებელი და ცოტა სახიფათოა. “სამხრეთის კარიბჭემოგითხრობთ, როგორ ართობენ მშობლები თავიანთ პატარებს, სად ასეირნებენ თავისუფალ დროს, რას გვეუბნება ამ საკითხზე ბავშვთა საერთაშორისო უფლებები და რას აკეთებს საზოგადოება და ხელისუფლება.


რიმა ღარიბიანიახალქალაქი

სონია მანასიანს 4 წლის ტყუპი გოგონები ჰყავს. საბავშვო ბაღიდან პატარები სახლში მიჰყავს, თავისუფალ დღეებში კი ვერსად ასეირნებს, ამიტომაც, უბრალოდ, ქუჩაში სათამაშოდ უშვებს.

ქუჩაში თამაშობენ, ქვებში, ქვიშაში, არც ვიცი, კიდევ რაში. რა უნდა ვქნა, თავისუფალი დრო როცა მაქვს, მათი წასაყვანი ადგილი არსადაა, არადა სიამოვნებით გავასეირნებდი”, - ამბობს ახალგაზრდა დედა.

ახალქალაქში ძალიან გაგიჭირდებათ პატარა ბავშვს გააგებინოთ, რა არის ბავშვთა საერთაშორისო დღე ან რაიმე მსგავსი საბავშვო დღესასწაული, რადგან თუნდაც პატარას უთხრათ, რომ დღეს მისი დღეა, ნამდვილი დღესასწაული მაინც არ  იქნება. აქ არც საბავშვო პარკია, და არც სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ღონისძიებები ტარდება. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ბავშვი ცენტრალურ ბაღში წაიყვანოთ, სადაც საქანელები, მთები, ტურნიკი და ოთხი წლის წინ სულ ცოტა ხნით მომუშავე კარუსელის ნარჩენები პირდაპირ მიწაზე დგას.

სკოლამდელი ასაკის ბავშვების გართობისა და ზოგადი განვითარებისთვის ყველაზე მისაღები და ხელმისაწვდომი საშუალება საბავშვო ბაღებია. თუმცა საბავშვო ბაღი ბავშვის განვითარებისთვის საჭირო მთელ დროს ვერ აითვისებს და გარდა ამისა, სრულად ვერ მისცემს პატარას იმ კომპლექსურ ცოდნასა და უნარებს, რაც ბავშვმა სპეციალურ საბავშვო გარემოში უნდა მიიღოს.

მერსროპ მაშტოცის სახელობის პირველი საბავშვო ბაღის ეზოში პატარები საქანელებზე მხიარულად თამაშობენ. საქანელები მშობლების ფინანსური დახმარებით გაარემონტეს. საბავშვო ბაღი ბავშვთა სათანადოდ განვითარებისთვის სკოლამდელი სწავლების პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ასრულებს, თუმცა, აქ გარე ღონისძიებებიც აუცილებელია, რაც ახალქალაქში დიდი იშვიათობაა.

ახლახანს ცირკი იყო ჩამოსული. დაახლოებით წელიწადში ორჯერ თოჯინების თეატრის წარმოდგენები იმართება. ბავშვები ყველა ღონისძიებაზე მიგვყავს, თუ ასეთი რამ ხდება, მაგრამ ეს ჩვენს პირობებში იშვიათია. ვცდილობთ სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები თავადვე მოვუწყოთ. კარგი იქნებოდა, ყველა ეზოს საკუთარი საბავშვო მოედანი ჰქონდეს”, - ამბობს მერსროპ მაშტოცის სახელობის პირველი საბავშვო ბაღის დირექტორი მარგარიტა გალსტიანი.

სატენიკ შახბექიანი მშობლებს პატარა ძმის გაზრდაში ეხმარება. მას ბიჭუნა საღამოობით საბავშვო ბაღიდან გამოჰყავს, თავისუფალ დროს კი ცდილობს ბავშვი გაართოს, რადგან პატარას სახლში თანატოლი არ ჰყავს. სატენიკი ფიქრობს, რომ ამ ასაკში ბავშვის განვითარება შემდგომში მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ქცევაზე ახდენს გავლენას: თუ ბავშვს თანატოლი ძმა ან და არ ჰყავს, მას შემდეგ ძალიან უჭირს. ბავშვის წასაყვანი ადგილი არსადაა. დიდ ქალაქებთან შედარებით, ახალქალაქში ამ მხრივ ცუდი სიტუაციაა. დიდ ქალაქებში გაზრდილი და აქაური ბავშვები ძალიან განსხვავდებიან. ჩვენები უფრო შებოჭილები არიან, რაც ბავშვის განვითარებაზე ზეგავლენას ახდენს. მან არ იცის, საკუთარი მოსაზრება როგორ გამოხატოს, საზოგადოებაში თავი როგორ დაიჭიროს.

გაიანე ჰოვჰანნისიანს ორი პატარა ჰყავს და ძალიან უნდა, სადმე პარკი იყოს, სადაც ბავშვებს წაიყვანდა. მაქსიმუმი, რასაც ახერხებს, პატარების გასეირნებაა მისი მშობლების სახლამდე მტვრიან და სამანქანო მოძრაობით გადატვირთულ ქუჩებში.

ქალაქში კიდევ კარგი მდგომარეობაა, რადგან მშობლები პატარებს საბავშვო ბაღში მაინც უშვებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კი სოფლებში ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის 63 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ორშიადილისკასა და ვაჩიანში. დანარჩენ სოფლებში ბავშვის ერთადერთი აღმზრდელი ქუჩა და ოჯახია. შემდეგ ბავშვი სკოლაში მიდის, მერე კი, ვინ იცის...

ბოლო ხანებში თოჯინების თეატრიპურპიკი”, საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის თანადგომით, სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა სოფლების ბავშვებისთვის წარმოდგენებს აწყობს. თოჯინების თეატრის პროგრამაში ამჟამად ორი წარმოდგენაა: “უკუდო მელადაქრისტეშობა”. სოფლებში თოჯინების თეატრს დიდი სიხარულით იღებენ და ბავშვებისთვის განვითარების ზოგიერთი შესაძლებლობის ნაკლებობას არ უჩივიან. თუმცა ყველა ბავშვს თანაბარი უფლება აქვს და ეს უფლებები მრავალი საერთაშორისო დოკუმენტითაა დადგენილი. “ბავშვთა უფლებების დეკლარაციაშიარის ასეთი პუნქტი: ბავშვს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს თამაშისა და გართობის სრული შესაძლებლობა, რაც განათლებით ნაკარნახები მიზნისკენ იქნება მიმართული; ამ უფლების განხორციელების ხელშეწყობისთვის საზოგადოებამ და საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა ყველა ღონეს უნდა მიმართონ”. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა კი ამ უფლებით ვერ სარგებლობს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი სტელმაშოვის თქმით, ძირითადი მომენტი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება პატარა ბავშვების განვითარების საქმეში აქცევს ყურადღებას, საბავშვო ბაღების განვითარებაა. დამხმარე ღონისძიებებად და შესაძლებლობად სტელმაშოვიმომავლის სახლს”, ჭადრაკის, მუსიკალურ, მხატვრულ და აშუღთა სკოლებს ასახელებს, სადაც ბავშვებს შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში თავიანთი უნარები განავითარონ. სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დედებს თავიანთი პატარების საბავშვო მოედნებზე წაყვანის შესაძლებლობაც მალე მიეცემათ, თუმცა, ამას ყველა ვერ მოახერხებს. იგეგმება საბავშვო მოედნის რამდენიმე კომპლექტის შეძენა, რომლებსაც საბავშვო ბაღებში განალაგებენ და კიდევ ორი კომპლექტი ცენტრალურ პარკსა და ქალაქის სამხრეთ ნაწილში, მინიფეხბურთის მოედნის შორიახლოს იქნება.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი