ავარიული სკოლა და მდუმარე პერსონალი


რატომ ეშინიათ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგებს იმის თქმა, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და ყოველ წუთს შეიძლება სკოლის კედლები ჩამოიშალოს?! მდუმარე დირექტორი და საფრთხეში მყოფი ბავშვები

მანანა სარაშვილიადიგენი   
 ბენარის საჯარო სკოლა 1953 წელს აშენებულ საერთო საცხოვრებლის შენობაშია განთავსებული. ბენარის გარდა აღნიშნულ სკოლაში ბავშვები  ორი სოფლიდან, უნწასა და შოლავერიდან დადიან. ბავშვებს გაკვეთილები სახიფათო ვითარებაში უტარდებათ. სკოლის ყველა კედელი გადახსნილია, შესაძლებელია ერთ დღეს კედლები ჩამოიშალოს და 100-მდე ბავშვი სკოლის გარეშე დარჩეს. რამდენიმე წლის წინ სამასწავლებლოს კედელი ჩამოინგრა კიდეც, რომლის შეკეთებაც მასწავლებლებს საკუთარი ხარჯებით მოუხდათ.

მორყეულია ფანჯრებიც და არსებობს საფრთხე, რომ სუსტი ქარის შემთხვევაშიც კი, მინები ჩამოვარდება. დერეფანში იატაკის ნაცვლად ადგილ-ადგილ ამონგრეული ცემენტია. ერთ სართულიან გრძელ შენობას მთელი მხოლოდ სახურავი აქვს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადაიხურა.

სკოლას არც სპორტდარბაზი აქვს და არც მინისტადიონი, ამიტომ   ფიზკულტურის გაკვეთილი სკოლის პატარა ეზოში ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ასეთი მდგომარეობაა, ადმინისტრაციას პრესასთან  საუბარი არ სურს.

ბენარის საჯარო სკოლის დირექტორმა გასაუბრებაზე უარი გვითხრა, იმ მოტივით, რომ სასაუბროდ არ ეცალა.

დირექტორის ნებართვის გარეშე არც პედაგოგები გაგვესაუბრნენ. პირად საუბრებში გვითხრეს, რომ სკოლაში ნამდვილად რთული მდგომარეობაა და წლებია უშედეგოდ ითხოვენ დახმარებას. თუმცა, ამ მოსაზრების ღიად  დაფიქსირებისგან, ჩვენთვის უცნობი მოტივებით, თავი შეიკავეს. გაცილებით ღიად გვესაუბრნენ მოსწავლეების მშობლები და სოფლის მოსახლეობა.

“20-30 წელია რაც ეს სკოლა არსებობს და ჯერ კაპიტალურად არ შეკეთებულა. მასწავლებლებმა და სოფლის მოსახლეობამ ბევრჯერ გაამაგრა კედელი, მაგრამ არაფერი შველის. ბავშვებს სკოლაში შიშით ვუშვებთ, გვეშინია ერთ დღეს უბედურება არ მოხდეს”, - ამბობს 76 წლის ნადია ნახაპეტიანი.

სკოლის შენარჩუნებაზე მთელი სოფელი ზრუნავს, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რაც დრო გადის სკოლის შენობის კედლების გამაგრება ძნელდება.

სკოლა უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ რემონტს აღარ ექვემდებარება, ერთ დღეს ჩამოიშლება კედლები. სანამ ეს დღე მოვა, იქნებ მანამდე რამე ეშველოს”, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი რევაზ გოგიაშვილი და აქვე ამატებს, რომ შენობის დანგრევა და ახალი სკოლის აშენებაა საჭირო.  

სკოლას წყლის პრობლემაც აქვს, ამიტომ დამლაგებელს წყლის მოტანა მდინარიდან უწევს.

წლებია ასე ვწვალობ, რამდენიც არ უნდა ალაგო, მაინც სულ მტვერია კლასებში. დერეფანში რომ ცემენტის იატაკი იქნება, როგორ უნდა დაიცვა სისუფთავე?” - ამბობს მაყვალა ბაღდოშვილი.

სოფელში იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ახალი სკოლის აშენება იგეგმებოდა.

სკოლის ასაშენებლად ადგილიც იყო გამოყოფილი. იმ სოფლებთან ახლოს, საიდანაც ბავშვები დადიან, მაგრამ, რატომღაც ყველამ დაივიწყა”, - ამბობს რევაზ გოგიაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწის გიორგი ჩილაშვილის თქმით, შესაძლებელია ახალი სკოლა მცირე კონტიგენტის გამო არ შენდება: როგორც გავიგე, სკოლაში გარკვეული ოდენობის ბავშვი უნდა სწავლობდეს, რომ სოფელს ახალი სკოლა აუშენდეს”.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარეხ დათიაშვილმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ აღნიშნული სკოლის გარემონტების შესახებ არაფერი იცოდა. მან ამიტომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გადაგვამისამართა, იმ მოტივით, რომ სკოლის გარემონტებას ადგილობრივი გამგეობა აპირებდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმა ასევე სატელეფონი საუბარში განგვიცხადა, რომ გამგეობა სკოლის გარემონტებას არ აპირებს და სკოლის რეაბილიტაციის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. მან ისევ ადიგენის რესურსცენტრის უფროსთან გადაგვამისამართა: სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ჩვენ როგორ გავარემონტებთ?! ეს რესურსცენტრის კომპეტენციაა”.
 
იციან თუ არა ბენარის სკოლის მდგომარეობა; რატომ ვერ ხერხდება ახალი სკოლის აშენება და რა ბედი ელით მოსწავლეებს, ამ კითხვებითსამხრეთის კარიბჭემსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. შეკითხვები სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გადავაგზავნეთ. თუმცა, ერთკვირიანმა ლოდინმა უშედეგოდ ჩაიარა, სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი