სტამბული და იქ მცხოვრები ეთნიკური სომხები


სტამბული აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრის ადგილია. სტამბულის ქუჩებში სრული ქაოსია და ამ ქაოსში ეთნიკურ სომხებსაც აუცილებლად შეხვდებით.

ქრისტინა მარაბიანისტამბული


თვითმფრინავი მიწაზე ეშვება. ზღვის პირას გაშენებული უზარმაზარი ქალაქი ილუმინატორიდანვე ჩანს. ზღვაში მოცურავე ხომალდები პატარა სათამაშოებს გვანან.
ხალხის მუდმივი ნაკადი, სტამბულის უბრალო მცხოვრებლებისა და ტურისტების ბრბო, ქალაქის ქუჩებში დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოძრაობს. ქალები, მამაკაცები და ბავშვები შუა გზაში ათასი წვრილმანით ვაჭრობენ.

დღეში რამდენჯერმე შეიძლება წააწყდე მშვიდობიან მომიტინგეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად, ქალების უფლებების დასაცავად ან რაიმე ასეთი მიზნით შეკრებილებს.

სტამბულის პატარა ჯიხურებში ყველგან იყიდით შემწვარ წაბლს, სიმინდსა და დონერ ქებაბს. ქუჩებში ნაყინის გამყიდველსაც შეხვდებით, რომელიც ნაყინით შოუსაც კი აწყობს. ვიწრო ქუჩებზე ბევრი კაფეა, სადაც ნამდვილი თურქული ჩაი, ჰალვა და რახათლუხუმი შეგიძლიათ მიირთვათ. სტამბულში საკმაოდ პოპულარულია ზღვის პროდუქტებიც და როგორც ჩვენმა გიდმა გვითხრა: “შეუძლებელია სტამბულში ჩამოხვიდე და კუთხის მცურავ ნავში შემწვარი თევზი არ გასინჯო”.

სტამბული ბოსფორის სრუტის ორივე ნაპირზე განფენილი, ორ ნაწილად გაყოფილი, უზარმაზარი მეგაპოლისია. ქალაქის ძირითადი ნაწილი ევროპულია, მეორე ნახევარი კი აზიური. ოქროს რქის უბე ევროპულ ნაწილსაც ორად ყოფს. მეგაპოლისის მოსახლეობის რაოდენობა 12 783 000 ადამიანია.

სტამბული ძველი, კოლორიტული ქალაქია მეტად თავისებური არქიტექტურით, მრავალრიცხოვანი მინარეთებითა და მეჩეთებით, კოშკებით, სულთნის მოხატული სასახლეებით, გრანდ ბაზარით, რომელშიც უამრავი ეროვნულ ნიშნიანი სუვენირი იყიდება, ტაქსიმის მოედნით, სადაც ორივე მხარეს მაღაზიებია განლაგებული, შუა ქუჩაში კი პატარა წითელი ტრამვაი დადის, საიდანაც პატარა ორკესტრი მუსიკას უკრავს.
ძველი, აღმოსავლური სულის ქალაქი და ახალი, ევროპული მეგაპოლისი აქ გვერდიგვერდ ცხოვრობს და მესამე, რაიმე კომპრომისული ვარიანტის მოძებნას არც კი ცდილობს.

ეს მრავალფეროვნება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს იზიდავს. ზოგი მათგანი დიდი ხანია აქ ცხოვრობს, ზოგი კი ახლახანს ჩამოვიდა, სამსახურისა თუ რაიმე სხვა ინტერესის ძებნაში. კონსტიტუციის მიხედვით, თურქეთში ეროვნულ უმცირესობებად მხოლოდ ეთნიკური სომხები, ბერძნები და ებრაელები მიიჩნევიან.

სტატისტიკური ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტამბულში 70 ათასი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, როგორც ადგილობრივი, ისე ახალხანს ჩამოსული. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხეთოლოგიის ცენტრის თანამშრომლის ჰაიკაზუნ ჰალვარციანის მოსაზრებით, სტამბულელ სომეხთა 80 პროცენტი უკვე თურქულენოვანია. ამაში თავადაც დავრწმუნდით, როცა წმინდა მარიამის ტაძარში ეთნიკური სომხები შეგვხვდნენ და მათ ვერაფერი გავუგეთ. სხვა ადგილებში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს კი თურქებისგან ვეღარც განასხვავებთ. სომხური მხოლოდ თურქეთში ახალახანს ჩამოსულებმა იციან.

ნარინე მურადიანი წარმოშობით გიუმრიდანაა, დიდი ხანია იგი სტამბულში ცხოვრობს და მუშაობს: “გიუმრიდან ჩემს ოჯახთან ერთად 15 წლის წინ წამოვედი. ჯერ სამუშაოდ ჩამოვედით, შემდეგ კი საცხოვრებლადაც დავრჩით. სომხური, რუსული და თურქული ენები ვიცი. აქ ნორმალურად ვცხოვრობთ, მთავარია, სამუშაო არის”.

მორწმუნე სომეხთა უმრავლესობა სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლია, თუმცა, არიან კათოლიკე და ევანგელისტი სომხებიც. მათმა ნაწილმა გენოციდის წლებში დეპორტაციისგან თავის დასაღწევად ისლამი მიიღო.

სტამბულში სომხური საპატრიარქოცააესაა სომხური ეკლესიის ოთხიდან ერთ-ერთი იერარქიული ცენტრი (დანარჩენი სამი ერევანში, ბეირუთსა და იერუსალიმშია). 1641 წლიდან წმინდა მარიამის სახელობის ცენტრალური ეკლესია და საპატრიარქოს ხის შენობა კონსტანტინოპოლის პორტში მდებარეობს, რაც დღეს კუმკაპის რაიონს ეკუთვნის. საპატრიარქო აია-სოფიის ტაძრიდან, სულთან აჰმედის მეჩეთიდან და ტოლკაპის სასახლიდან 20 წუთის სავალზეა.

2001 წელს სტამბულისა და მთელი მსოფლიოს ეთნიკურმა სომხებმა სომხური საპატრიარქოს დაარსების 450 წლის იუბილე აღნიშნეს. თურქეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის 30-ზე მეტი ეკლესია მოქმედებს, რომლებშიც 30 მღვდელი და 20 დიაკვანი მსახურობს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი