ცვლილებები სოციალურ პაკეტში


2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის სფეროს პროგრამებისთვის 426 ათასი ლარია განსაზღვრული. რატომ შემცირდა თანხა 2010 წელთან შედარებით და რა ცვლილებებია სოციალურ პაკეტში.  

თამარ თოთაძეახალციხე
 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 10 მილიონ 321 ათას ლარს შეადგენს. აქედან, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს პროგრამებისათვის 426 ათასი ლარია განსაზღვრული. 2010 წელს სოციალური პაკეტის ოდენობა 816 ათასი ლარი იყო.   

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხა რეალურად ისევ არსებობს.

საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის ცვლილების მიხედვით ბიუჯეტის გადაწყობა მოხდა. საბოლოო ჯამში, 816 ათასიდან პირდაპირი სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ეს თანხა არსად წასულა და არსად გადანაწილებულა. უბრალოდ, მუხლებმა, რაც სოციალურ პაკეტში ჯამდებოდა, სხვა სამსახურის ფინანსებში გადაინაცვლა, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გაგა ივანიძე და ამატებს, რომ გარკვეული მუხლები ფუნქციურად სოციალურ პაკეტში არ უნდა იჯდეს.

სოციალურ პაკეტში თანხა სხვადასხვა სოციალური დახმარებებისთვისაა გათვალისწინებული: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სასწრაფო-გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციების დაფინანსება; სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სამხატვრო და მუსიკალურ სკოლაში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისთვის დაწესებული შეღავათები და სხვა.

2011 წლის დასაწყისიდან დღემდე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოპერაციებისთვის 65 ათასი ლარის გადახდის ვალდებულება აქვს აღებული. 

ამ თანხაში, როგორც გეგმიური ასევე სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაციებიც შედის. ეს მხოლოდ 81 ადამიანისთვის გადარიცხული თანხაა. გარდა ამისა, კიდევ არის შემოსული განცხადებები, რომელსაც რამდენიმე საბუთი აკლია ან ახლა მიმდინარეობს განხილვა. ამიტომ, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 120-მდე ადამიანი გვყავს დაკმაყოფილებული”, - ამბობს გაგა ივანიძე.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ გეგმიური ოპერაციები 30 პროცენტით ფინანსდება, ხოლო სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები 50 პროცენტით: გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში ადამიანს უნდა გააჩნდეს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ მინიჭებული 100 ათასამდე ქულა. თუ ოჯახი 100 ათასი ქულის ზემოთ იმყოფება, ამ შემთხვევაში გეგმიურ საოპერაციო ხარჯს ვერ მიიღებს. რაც შეეხება სასწრაფო და გადაუდებელ ოპერაციებს, აქ უკვე დაყოფა აღარ არის და ფაქტობრივად, დახმარებას ყველა იღებს”.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 20 ათასი ლარია გამოყოფილი. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით თანხა სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყოს, რომელიც 2011 წლის ბიუჯეტში 30 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

მაგალითად, გასულ წელს სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის სარეზერვო ფონდიც დაგვჭირდა და პლუს ნებაყოფლობითი ტრანსფერიც მივიღეთ”, - იხსენებს გაგა ივანიძე.

სოციალურ პაკეტში კონკრეტულად მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება არ არის. თუმცა, არსებობს 100 პროცენტიანი შეღავათები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლაში. აღნიშნული შეღავათით ის ბავშვები სარგებლობენ, ვინც ოთხი და მეტ-შვილიანი ოჯახის წევრები არიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ წელს აღნიშნული შეღავათებისთვის თანხა სოციალურ პაკეტში აღარაა გათვალისწინებული.

ეს უკვე საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში განისაზღვრა. ამდენად, სოციალური პაკეტისთვის თანხა ნაკლებია, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თანხა მაინც არსებობს და მოსახლეობა იგივე მომსახურებას იღებს, - განმარტავს იგი და ამატებს, რომ იგივე მოხდა ქალაქში კორპუსების რეაბილიტაციასთან დაკავშირებითაც: მაგალითად, შარშან ქალაქში რამდენიმე კორპუსი გაკეთდა და ჩვენ 80 პროცენტიან თანადაფინანსებაში შევდიოდით. აღნიშნული მუხლი მაშინ სოც-პაკეტში იჯდა, თუმცა, წელს მსგავსი სამუშაოებისთვის თანხა ინფრასტრუქტურის სამსახურიდან გამოიყო”.

2011 წლის ბიუჯეტი 2010 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის ზრდა ახალციხეში დაწყებული მშენებლობების გამო ცენტრალური ბიუჯეტიდან წამოსული პირდაპირი ტრანსფერების გამო მოხდა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი