ეროვნული შეფასება მეოთხეკლასელთათვის

და 7 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში მეოთხე კლასის მოსწავლეთა ეროვნული შეფასება ჩატარდა

თამარ თოთაძეახალციხე


მეოთხე კლასელთათვის ეროვნული შეფასება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა ჩაატარა. მოსწავლეებმა ტესტირება ორ საგანში: მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაიარეს.

ეროვნულ შეფასებებში საქართველოს ასზე მეტი საჯარო სკოლის 2 500 მოსწავლე მონაწილეობდა. ამ პროცესში მოსწავლეებთან ერთად, შესაბამისი საგნის მასწავლებლები და სკოლის დირეტორებიც იყვნენ ჩართული. ეროვნულ შეფასებებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ორი საჯარო სკოლა მონაწილეობდა. ახალციხის მეორე და სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტესტირება უკვე ჩააბარეს, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის

ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში ქართულ სეტქორზე მხოლოდ ერთი მეოთხე კლასია, სადაც ამჟამად 18 მოსწავლე სწავლობს. როგორ შეირჩა აღნიშნული სკოლები ეროვნული შეფასებების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა არ იცის. ამ პროცესში მონაწილეობა არც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიუღია.

აპრობირებული ტესტირება მხოლოდ ქართული სექტორის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. თუმცა, ჩვენ მეოთხე კლასი რუსულ სექტორზეც გვაქვს”, - ამბობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე.

აპრობირებული ტესტირებისთვის მოსწავლეებს ერთი საათი და 30 წუთი ჰქონდათ. ტესტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებმა თავად ჩამოიტანეს და სკოლის მასწავლებლებსა და დირექტორს მისი ნახვის უფლება არ ჰქონდათ.

ჩვენ არ გვქონდა იმის უფლება, რომ შეგვეხედა რა სახის დავალებები იყო და გაგვეგო, რამდენად რთული იყო ტესტები. თუმცა, როგორც ბავშვები ამბობენ, პროგრამული დავალებები იყო, ადვილად შეავსეს და პრობლემა არ შექმნიათ. ეს იყო ჩვეულებრივი ტესტირება”, - ამბობს მარინა ზედგინიძე და ამატებს, რომ ეს არის მოსამზადებელი ტესტები და მომავალი წლიდან მსგავსი პროცესი ყველა კლასში დაინერგება.

მისი ვარაუდით, სასწავლო პროგრამა არ შეიცვლება: უბრალოდ წელს, პირველიდან - მეექვსე კლასამდე ახალი სახელმძღვანელოები შემოდის. განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შვიდი და რვა ავტორი არ არის საჭირო და წიგნის ავტორთა რაოდენობა მინიმუმადე დაიყვანა. ახლა გვაქვს ჩვენ ეს ფორმები შესავსები, სადაც მითითებულია, რომ თითო საგანში ერთი ან ორი ალტერნატივა უნდა იყოს, რაც ძალიან კარგია. რომელი სახელმძღვანელოც იქნება წელს მიღებული, ხუთი წლის განმავლობაში არ გამოიცვლება”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ეროვნული შეფასება ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომლის მიზანია დადგინდეს, თუ რა ცოდნასა და უნარებს ფლობენ კონკრეტული კლასის მოსწავლეები და რამდენად აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. ასეთი ტიპის კვლევის საფუძველზე მზადდება რეკომენდაციები, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, მშობლების, სახელმძღვანელოების ავტორებისა და განათლების ექსპერტებისთვის.

მეოთხე კლასელთათვის ჩატარებული ეროვნული შეფასების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. სკოლებში ამბობენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლებში მიმაგრებულმა დამკვირვებლებმა ტესტები თავად დალუქეს და გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში გააგზავნეს.

პასუხები ჯერ არ არის, რამდენად გაართვეს ბავშვებმა თავი, რა შეცდომები დაუშვეს, რა გააკეთეს, არ ვიცით. ალბათ ანალიზს გააკეთებენ, იმის დასადგენად რა კუთხით უნდა იმუშავონ მომავალში, რა იყო სუსტი და ძლიერი მხარეები”, - ამბობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი