სოფელი, რომლის ახლანდელი სახელწოდება მხოლოდ საჯარო სკოლის აბრაზე წერია; ქალები – ზურგზე წყლის კასრებით, “დამუნჯებული” ბავშვები და უვადოდ შეჩერებული მეჩეთის მშენებლობა.
გზა სოფლამდე
ორგანიზაცია “გოუ ჯგუფის” ორგანიზებით ქვემო ქართლში ორდღიანი ჟურნალისტური მისია ეწყობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მარნეულის გავლით მივდივართ. მარნეულამდე გზა ასფალტირებულია. რაც უფრო წინ მივიწევთ, ასფალტს ჯერ ადგილ-ადგილ გაჩენილი ორმოები, შემდეგ ხრეში და ბოლოს წყლით სავსე გუბეები ცვლის.
მარნეულიდან 40 წუთიანი მგზავრობის მერე წარწერა “ტალავერი” გვხვდება და ვხვდებით, რომ სოფელში ვართ. სოფელს “ტალავერი” 90-იან წლებში დაერქვა. “ეს ის პერიოდია, როცა ქვემო ქართლის 37 დასახლებული პუნქტის აზერბაიჯანული სახელწოდება ქართულით შეცვალეს”, - გვიხსნის ორგანიზაცია “ტოლერანსის” თანამშრომელი რამილა ალიევა. “ტოლერანსი” ერთადერთი ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომელიც ქვენო ქართლის მცხოვრებთა უფლებებს იცავს.
ტოპონიმების ცვლილება ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. ახალ სახელწოდებას ვერ ეგუებიან, სოფელს დღემდე “ფახრალს” უწოდებენ და ამბობენ, რომ როდესაც მათ საცხოვრებელ ადგილს სახელწოდებას უცვლიან, მათ, როგორც იქ მცხოვრებლებს, სულ ცოტა აზრი მაინც უნდა ჰკითხონ.



