ნაგავსაყრელი სახნავ-სათესებში

ნინოწმინდის ნაგავსაყრელი სოფელ ჯიგრაშენის მცხოვრებთა კუთვნილ სახნავ-სათეს ფართობებთან იმდენად ახლოსაა, რომ ზოგმა მათგანმა მიწის დამუშავებაზე უარი თქვა.

წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა

ჯიგრაშენის მცხოვრებთა სათესები თითქმის ნაგავსაყრელად იქცა. იქაურობა პლასტმასის ბოთლებითა და სხადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენითაა სავსე.

თავად ნახეთ, რა ხდება. ამ ნაგვის შესაგროვებლად, ალბათ, რამდენიმე დღე დამჭირდება. ხორბლის დათესვავ ვაპირებ, მაგრამ მოვახერხებ კი? ვთქვათ, მიწა მოვხანი, დავთესე, რა გარანტია მაქვს, რომ რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ ჩემი ნაკვეთი ისევ ნაგავსაყრელად არ იქცევა?”, - ამბობს სოფელ ჯიგრაშენის მცხოვრები ვლად მარაბიანი.

სოფლის მოსახლეობის ნაწილმა კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე საკუთარი ნებით განაცხადა უარი.  

შარშან, ნაგვის გამო, გადავწყვიტეთ აღარ მოგვეხნა. ვფიქრობდით, რომ ზამთრისთვის თივას მაინც შევაგროვებდით, მაგრამ ესეც ვერ მოვახერხეთ, რადგან ბალახთან ერთად იმდენი ნაგავი შეგროვდა, საქონლის გამოკვება შეუძლებელი იყო. სანამ ნაგავსაყრელს აქედან არ გადაიტანენ, მიწის ნაკვეთზე ვერაფერს მოვიწევ”, - გვიამბობს ვალერი უსტიანი.

ნაგვის შეგროვების მიზნით სანიტარული სამსახურის ჩატარებული სამუშაოები უშედეგოა.

იძულებული ვართ, ახლომდებარე მიწის ნაკვეთებიდან ნაგავი ვაგროვოთ, რადგან ქარი, რაღაც დროის შემდეგ, მაინც გაფანტავს მას. მუნიციპალიტეტის ეკოლოგიის წარმომადგენელი ამაიაკ მგდესიანი დროდადრო ჩამოდის, ტრაქტორი ჩამოჰყავს და დაგროვილი ნაგვის თავმოყრაში გვეხმარება. ადგილობრივი ტრაქტორისტები არ გვეხმარებიან, ტექნიკის ნაგვით გასვრა არ უნდათ”, - ჩივის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი კიმიკ ტონოიანი.

ეს საკითხი არაერთხელ დაისვა და არა მხოლოდ სოფლის უკმაყოფილო მცხოვრებლების, არამედ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის რეგიონული სამსახურის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მხრიდანაც. შექმნილი რთული სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი მოიძებნანაგავსაყრელის შემოღობვა.

უკვე ვაცნობე მუნიციპალიტეტს, ნაგავსაყრელის მდებარეობა თუ არ შეიცვალა ან, არ გადაიტანეს, თანხა გამოგვიყონ მის შემოსაღობად. სამი მეტრის სიმაღლის ღობის შემორტყმას ვგეგმავთ, ქარმა რომ ვეღარ გაფანტოს”, - აღნიშნავს კიმიკ ტონოიანი.

ოფიციალური პასუხი კითხვაზე, რატომ არ შეიძლება ნაგავსაყრელის გადატანა სხვაგან, ვერ მივიღეთ. არაოფიციალური პასუხი კი ასეთია: ნაგავსაყრელი უწინდელ ადგილზე დარჩება მომდევნო სამი წლის განმავლობაში მაინც, ანუ იქამდე, ვიდრე კლდის შვერილის ქვეშ წარმოიქმნილი ღრმა ორმო ამ ნაგვით არ ამოივსება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი