ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ...

მათი ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. თაობ, რომელიც ბაბუებისა და ბებიების ოცნების ქვეყანაში ჩამოვიდა. ორი ოჯახის ისტორია, რომლებიც სამი თვეა, რაც საქართველოში ცხოვრობენ

გულო კოხოძე, ახალციხე

 რაჰიმოვების ოჯახი 

ახალციხე, საბარგო სადგურის დასახლება, ეგრეთ წოდებული ,,ტავარი”, ბორჯომის ქუჩა, ნომერი არ ჩანს, საღებავი წაშლილია, ხის დიდი ჭიშკარი, ორსართულიანი ბინა და სახლის ახალი ბინადარნი.  

რაჰიმოვების ოჯახი გასული წლის დეკემბრის ბოლოს აზერბაიჯანიდან, საათლის რაიონი, სოფელ გუნაშლიდან წინაპრების ნანატრ სამშობლოში წამოვიდა საცხოვრებლად.

 ოჯახი ხუთსულიანია: დედა, მამა და მათი სამი შვილი. 20 წლის რუსტამი, 18 წლის ჯამილა და 17 წლის ხალიმე. ქართულად ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა ასოციაცია ,,ტოლერანტშიქართული ენის შემსწავლელ კურსებზე დადიან და იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო ენას მალე დაეუფლებიან. ოჯახის უფროსი რუსულად საუბრობს.

 სახლში მეზობლებიც შემოდიან, მაჰმადიანი მესხები, რამდენიმე მათგანმა ქართული ცოტა იცის, თუმცა ლაპარაკი ეუხერხულებათ.

 ,,გამარჯობათ”, - მორიდებით გვესალმებიან ქართულად. საუბარი მშობლებზე იწყება.

 ,,ისინი ცხოვრობდნენ საქართველოზე ოცნებაში და ისე მოკვდნენ, – გვეუბნება მაჰამმად რაჰიმოვი და ამატებს, -  საფლავები მინდა გადმოვიტანო, ჯერ ვერ ვახერხებ, ვნახოთ, მომავლის იმედი მაქვს”.

 ვსაუბრობთ და ფეხზე ვდგავართ, რადგან ოჯახს სკამი კი არა, დიდი მაგიდის და ნაჩუქარი საწოლის გარდა, არავითარი საოჯახო ნივთი არ აქვს. ყველა ნივთი, რაც კი რაჰიმოვებს საქართველოში მოჰქონდათ, საკონტროლო გამშვებ პუნქტ ,,წითელ ხიდზედაატოვებინეს.

 ,,როცა წამოსვლა გადავწყვიტე, მაშინ ეს სახლი იყიდებოდა. ჩამოვედი, სახლის პატრონს მოველაპარაკე თანხაზე, წავედი აზერბაიჯანში. გავყიდე ყველაფერი: საქონელი, ცხვრები, მანქანა და 3500 დოლარი ბეც გამოვაგზავნე. შემდეგ სახლი გავყიდე და 23 დეკემბერს საქართველოს მოვადექით. ,,წითელ ხიდზეჩამოგვართვეს პასპორტები და მთელი ბარგი”, - გვიყვება მაჰამმად რაჰიმოვი.

 რაჰიმოვებს ნათესავის დასაფლავებაზე წამოსული ახლობლებიც ახლდნენ, არასრულწლოვანი შვილებით. მათთან ერთად ოჯახს ღამის გათევა ერთ ოთახში მოუხდა.

 ,,წამოგვიყვანეს რუსთავში, რაღაც შენობაში, შეიძლება პოლიციის იყო, ზუსტად არ ვიცი. შეგვიყვანეს ერთ ოთახში, სადაც მარტო სკამები იდგა, პატარებს იატაკზეკურტკებიდავუფინეთ და იქ ეძინათ”, - იხსენებს ოჯახის უფროსი.  

 მაჰამმად რაჰიმოვი ამბობს, რომ მათ ,,წითელ ხიდზეუხეშად მოექცნენ და ამასთანავე მათი დასწრების გარეშე გაჩხრიკეს მათივე ნივთები: ,,შემდეგ გვითხრეს, რომ რაღაც ნივთიერება ნარკოტიკულ ნივთიერებას მიამგვანეს და ანალიზებიც ამიღეს”.

 ამა წლის 15 თებერვალს მაჰამმად რაჰიმოვმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს განცხადებით მიმართა. ამონარიდი განცხადებიდან - ,,უაღრესად გთხოვთ, გამონაკლისის სახით უფლება მოგვცეთ და გაატაროთ ჩვენი მანქანა და საოჯახო და ადაპტაციაინტეგრაციისათვის აუცილებელი და საჭირო ნივთები, რათა ნორმალურად ვიცხოვროთ სამშობლოში მაინც, ასევე არ ვიყოთ დამოკიდებული მთავრობის დახმარების იმედზე. საქართველოში ისედაც ბევრია დევნილი და ლტოლვილი ადამიანი”. (სტილი დაცულია)

 26 თებერვალს რაჰიმოვების ოჯახმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან პასუხი მიიღო.

 ,,...განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ განცხადებაში მოყვანილი მანქანა ,,მერსედს ბენც” IUR O36 იმყოფება რა .. ,,წითელ ხიდზეაღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის ორგანოებს”. 

განცხადებას ხელს აწერს ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელი ვინმე . ჩაფაძე.

 რაჰიმოვებმა ახლა უკვე იციან რა ბედი ეწია მათ ნივთებს, - საოჯახო ნივთები ,,წითელი ხიდიდანისევ აზერბაიჯანში დააბრუნეს და მაჰამმად რაჰიმოვის სიმამრთანაა.

 ,,ყველაფერი გაქურდულია. ხორცი იყო, ყველი; ჭურჭელი, ბუფეტი, მდივანი დამტვრეულია. პატრონი არ ჰყავდატამოჟნიაზედა ყველაფერი გაიქურდა. მეზობელმა ეს საწოლი მოგვცა, აღარც ფული გვაქვს და არ ვიცი რა ვქნათ, რა უნდა ვჭამოთ, თავი რით უნდა ვირჩინოთ?” - ამბობს გიუნეშ რაჰიმოვი.

 თავს გადახდენილი ფაქტის მიუხედავად, მაჰამმად რაჰიმოვი ამბობს, რომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს: ,,მიყვარს ჩემი სამშობლო. წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ ფლატედან ვართ და იქაც აუცილებლად ჩავალ.

 რაჰიმოვები დემეტრაძეები არიან. ,,ჩემს მოგვარეს აქ არავის შევხვედრივარ, მაგრამ ვეძებ”.

 აქაურობა 18 წლის ჯამილასაც მოსწონს: “აქ კარგია,მომწონს ჰაერი, წყალი. ქართველი და სომეხი ეროვნების მეგობრები მყავს. ერთი ეგაა ტანსაცმელი არ მაქვს და სულ ერთი და იგივე მაცვია”.

რაჰიმოვებს არც მიწის ნაკვეთი აქვთ, მხოლოდ სახლის წინ მდებარე საბოსტნე, რომელიც უკვე საგულდაგულოდაა დამუშავებული. 

გორხაროვების ოჯახი 

ისევ ახალციხე, საბარგოს სადგურის დასახლება და ქუჩაც იგივე.

 დიდ რკინის კართან ახალგაზრდა დიასახლისი დაგვხვდა, -  ფავზია დაშტანოვა , მომღიმარი, სასიამოვნო გარეგნობის და სახლში შეგვიპატიჟა.  

სამი ვაჟის დედაა. 20 წლის ელდარი, 16 წლის ბინალი და 15 წლის რუსტამი, რომლებიც რაჰიმოვების ოჯახში იყვნენ და შემდეგ საკუთარ სახლში წამოგვყვნენ.

 მოასფალტებული ეზოსა და ვენახის გავლით სახლამდე მივდივართ.

ოჯახის უფროსი, მახმედ გორხაროვი ახლა აზერბაიჯანშია, თვალის ოპერაციის გასაკეთებლად. ,,უკან ვერ ბრუნდება, გაგვიკეთებთ საბუთს, რომ დაბრუნდეს?”- მეკითხება მისი მეუღლე ზანა გორხაროვა, რომელიც ექვსი წლის იყო, როცა საქართველოდან გადაასახლეს. ახლა თუნგის კოკით ონკანიდან წყალი მოაქვს და წელში მოხრილია. ძალიან უნდა აზერბაიჯანიდან მეუღლე მალე ჩამოვიდეს, ამიტომაც ხშირად მიმეორებს, რომ დავეხმარო ქმრის სამშობლოში დაბრუნებაში.

 ,,აღარ უშვებენ უკან და ვერ გავარკვიეთ, რატომ”, - ამბობს და მალულად ცრემლს იწმენდს.

 გორხაროვების ქართული გვარი თურმანიძეა. ისინიც ადიგენის რაიონიდან, სოფელ პატარა სმადიდან არიან. რაჰიმოვების მსგავსი პრობლემა მათ არ შეხვედრიათ.

 ახალგაზრდები ქართულს სწავლობენ და ამბობენ, რომ ქართულ ჯარშიც უნდათ სამსახური. რაჰიმოვებიცა და გორხაროვებიც ამჟამად მოქალაქეობის მიღების მოლოდინში არიან.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი