სიღნაღში ნანახი ,,სიღნაღიზაცია”

 გზა სიღნაღისკენ; განწყობაა თავიდანვე ისეთია, რომ, რაღაც განსაკუთრებული უნდა ნახო. მანამდე იყო ფრაზები: ულამაზესია! გადაირევი! თავი სხვა სამყაროში მგონია! მართლა სიყვარულის ქალაქია!

ვიწრო ქუჩები, ქვაფენილი, ხის აივნები, ხიდზე ფიროსმანი, საპირისპირო მხარეს ჩუქურთმებიანი პოლიციის შენობა, წითელ-აგურებიანი სახლები და ირგვლივ სიცარიელე. ასე დავინახე სიღნაღი. 

ქუჩაში ხალხი კანტი-კუნტად დადის. პირველ დღეს შთაბეჭდილება შემექმნა, რომ აქ არავინ ცხოვრობს. ქუჩები ძალიან ლამაზია, ოღონდ საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან ყვითელი, თბილი სინათლე არ გამოდის.  

ქალაქი მუზეუმი – გავიფიქრე მაშინ. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობამ მომხიბლა, თუმცა გარედან, შენობის შიგნით ყველაფერი სარემონტო და მოსაწესრიგებელია.

სიღნაღი ღამით უფრო ლამაზია: მიდიხარ მოკირწლულ ქუჩაზე, ლამპიონები მბჟუტავი ყვითელი შუქით ანათებენ, შადრევანი ხმაურობს, ისევ გინდა ფანჯრებში სინათლე დაინახო, თუმცა ამაოდ. მგონია რომ აქაურობას მხოლოდ დამთვალიერებლები ახმაურებენ. 28 ნოემბერს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის წამყვანი აცხადებს, რომ პირველად ტარდება ფესტივალი ,,სიღნაღობა-2009”, რომ დაგეგმილია გამოფენა-გაყიდვა, კონცერტები და ბევრი გასართობი ღინისძიება. 

28 ნოემბერს სიღნაღში ვარ, ქუჩებში სიწყნარე, არავინ არაფერს ზეიმობს. 

ქალაქი ილუზია – ვფიქრობ ახლა.

ძალიან მინდა რაღაც ძალიან, ძალიან მომეწონოს, რომ მეც ვთქვა -აღვფრთოვანდი. ვეძებ, დავეძებ...

სიღნაღში ბარათაშვილის, თამარ მეფის, წმინდა გიორგის, ევდოშვილის, დავით აღმაშენებელის, რუსთაველის და ცხრა აპრილის ქუჩებზე სრული რეაბილიტაცია მოხდა. რეაბილიტაციამდე ბინების ფასი 300-დან 1500 დოლარამდე მერყეობდა. რეაბილიტაციის დროს 50 ათასიდან 300 ათასამდე. ახლა ფასები სტაბილურად 10 000-დან 50 000-მდეა.

,,თუმცა ბინები არ იყიდება, - წუხან ადგილობრივები და ამატებენ: ახლა მოთოვს და ვინღა ამოვა”. 

,,პრეზიდენტი გვსტუმრობს ხშირად, თითქმის ყოველ მესამე დღეს, ვეტმფრენით, - მეუბნება ,,მაგთიკომის” ოფისის წინ მდგარი ჭაღარა მამაკაცი და მიხსნის: აი ამ ადგილიდან აქვს ხოლმე სატელევიზიო ჩართვებიც”. 

ადგილს ვათვალიერებ, მეცნობა: ხის რიკულებიანი, ახალშეღებილი თეთრი და წითელი აივნები, მათზე ხელოვნური ყვავილები ყავისფერი პლასტმასის ქოთნებით. 

სიღნაღის წარსული

სიღნაღი – ქალაქი კახეთში. მდებარეობს რკინიგზის სადგურ წნორისწყლიდან 13 კილომეტრზე. სიტყვა “სიღნაღი“ თურქული წარმოშობისაა და ,,აუღებელს” ნიშნავს. ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების სწრაფი შეხიზვნისათვის.

სიღნაღი თელავის მსაგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა, ასევე აღსანიშნავია, რომ ქიზიყში საერთოდ არ ყოფილა ბატონ-ყმობა. შესაბამისად, ქიზიყი უბატონო ქვეყანა იყო და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. სამოქალაქო ხელისუფლებას აქ მოურავი განაგებდა. სამხედრო განაწესის მიხედვით კი ქიზიყი პირველ მოწინავე სადროშოს წარმოადგენდა, რომელსაც ბოდბის ეპისკოპოსი განაგებდა. სიღნაღი მისი მდებარეობის წყალობით ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი ჩამოყალიბდა. აქ რამდენიმე სავაჭრო გზა იკვეთებოდა. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გავლით ჰერეთისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით თელავისაკენ. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ერეკლე II მიერ აგებულ ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. 

ადგილობრივები

ადგილობრივები ახლა ძირითადად სასტუმროებში, რესტორნებსა და კაფეებში არიან დასაქმებულები. განვითარდა საოჯახო სასტუმროების ბიზნესიც. საოჯახო სასტუმროების მფლობელებს ბანკებიდან სესხი აქვთ აღებული და როგორც განაცხადეს, საკმოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთით.  

,,ძალიანაც არ გვინდოდა, მაგრამ გვაიძულეს. სიღნაღის გალამაზება სახელმწიფო პროექტია, თქვენი სახლები უსახურად ხომ არ უნდა გამოიყურებოდეს, სესხი აიღეთ, გააკეთეთ და თუ არ გინდათ, მიბრძანდით აქედანო”, - გვიამბობენ ისინი.  

საოჯახო სასტუმროებში ნომრის ფასი არც თუ ისე დაბალია. ,,სესხს ხომ დაფარვა უნდა”, - ხუმრობენ ადგილობრივები. 

სასტუმრო ,,სიღნაღის” მარჯვენა მხარეს ბაღია გაშენებული. ,,ეს ინგლისური ბაღია”, - მიხსნიან აქაურები, რატომ ინგლისური, ვერ მპასუხობენ. ბაღი ძალიან ლამაზია, თუმცა უკაცრიელი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც არ დამინახავს დამთვალიერებლები.  

აქ არც პატრულის მანქანისთვის მომიკრავს თვალი, თუმცა როცა ერთ-ერთ სკულპტურასთან ფოტოს გადაღება მოვინდომეთ, წინა შენობის ფანჯრიდან პატრულის ფორმაში გამოწყობილმა ვაჟმა დაგვიძახა: არ გატეხოთ ძველია. პატრულს ყველგან თავისებური მოვალეობა აქვს. საკურორტო ქალაქში სხვანაირი, ისტორიულ ქალაქში სხვანაირი.  

,,კახური სნიკერსი” არ გინდათ? - ხშირად გაიგონებთ აქ. ,,კახური სნიკერსი” ჩურჩხელაა და ლარნახევარი ღირს. 

აქ ასეც ხუმრობენ: ,,კახელებმა ფრანგული იციან და ამის დასამტკიცებლად ამბობენ - სიღნაღი”. 

სიღნაღის გალავანზე ადგილობრივები ბინოკლებით დგაგან, რომელსაც ოც თეთრად აქირავებენ. 

ვიპოვე! ალაზნის ველებიააა, აღფრთოვანდები.  

ქალაქში სარაჯიშვილის, ფიროსმანის, მოსაშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე მხოლოდ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა.

2010 წელს სიღნაღის რეაბილიტაციისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო. 2010 წლის ბოლოს ისევ უნდა წავიდე სიღნაღში, იქნებ მაშინ მაინც გულიანად აღვფრთოვანდე. 

გულო კოხოძე, სიღნაღი

1 comment:

  1. ძალიან საინტერესოა.

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი