მანდატური სკოლაში


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ინიციატივა; მანდატური - უსაფრთხო სკოლის ერთ-ერთი კომპონენტი თუ მასწავლებლის უფლების შეკვეცა. მომხრეები და მოწინააღმდეგეები.
                                   
 - მანდატურს სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენცია და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარების გაწევა ევალება.

 - მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექვემდებარებიან და არ აქვთ უფლება სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ.

 - სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან და ვიდეო-კამერებით გააკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, ასევე ექნებათ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.

 - მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში, შეუძლია საქმის კურსში მშობელი ჩააყენოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს პატრული გამოიძახოს.

 - სამინისტროს ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტი ჰქონდეთ. ( ჰტტპ://მეს.გოვ.გე)

მანდატურები 15 აპრილს უკვე თბილისის ათ საპილოტე სკოლაში შევიდნენ.  ეს არის სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან 

მანდატურთა პირველ ნაკადს ორკვირიანი ტრენინგი ჩაუტარდა.
 
საქართველოში 2400 სკოლაა და მანდატურების სკოლაში შესვლას, შესაძლოა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვეს, თუმცა, როგორც მინისტრი ამბობს, სისტემა ამისთვის მზადაა.

 მანდატური იმისთვის არ მუშაობს სკოლაში, რომ ვინმე დასაჯოს, მისი ფუნქციაა  შიდა განაწესის კონტროლი. გარდა ამისა, არსებობს ეთიკის საკითხებიცმასწავლებელს არ უნდა ეწყინოს, თუ მანდატური თხოვს, რომ მოსწავლეების თანდასწრებით სიგარეტი არ მოსწიოს. მანდატურის კომპეტენციაში შედის სკოლაში მოსწავლეთა დასწრების კონტროლიც. მანდატურები ოქმში აღრიცხავენ იმ დარღვევებს, რომლებსაც აფიქსირებენ. ოქმი სამ ეგზემპლარად იწერება: ერთი დირექტორს გადაეცემა, მეორე სამინისტროს, მესამე კი მანდატურთან რჩება. ვინაიდან მანდატურს არ აქვს უფლება, ვინმე დასაჯოს, ის ოქმს დირექტორს გადასცემს და მას სთხოვს, დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. ხოლო თუ დირექტორი რეაგირებას არ მოახდენს, ასეთ შემთხვევაში საქმეში სამინისტრო ჩაერთვება,“ – განმარტავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

“ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ბავშვებს რაიმე მკაცრად მოვთხოვოთ. თუნდაც რაიმე მივუთითოთ”, - ამბობენ მასწავლებლები და კითხულობენ: და მაინც, რა საჭიროა მანდატური?”

,,მანდატურის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მასწავლებლებს უფლებები ჩამორთმეული გვაქვს და მანდატურის უფლება კი განუსაზღრელია. ეს უფლებები დაგვიბრუნონ, შესაბამისად პედაგოგის ავტორიტეტიც გაიზრდება და პოლიციელის საჭიროებაც არ იქნება სკოლაში”, - მიაჩნია ადიგენის საჯარო სკოლის ისტორიის მაწავლებელს ეთერ ბუცხრიკიძეს.

,,ივლისში დანიშნულია მასწავლებელთა სერტიფიცირება, დღემდე არ არის გამოცემული მეთოდიკის სახელმძღვანელო, არ მოხდა მასწავლებლების სრულყოფილად გადამზადება და შესაბამისი ლიტერატურით მომარაგება. ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი და მანდატურებზე შემდეგ ვიფიქროთ”, - გვითხრა ადიგენის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტარატურის მასწავლებელმა თინა კუბლაშვილმა.

,,მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მანდატური სრულიად ზედმეტია.
უმჯობესია იფიქრონ განათლების სისტემის გამჯობესობაზე. მანდატური სკოლაში ყოველთვის უცხო სხეული იქნება”, - მიაჩნია ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მზევინარ მჟავანაძეს.

პედაგოგები მანდატურის მაღალ ხელფასზეც აკეთებენ აქცენტს.

,,მიუღებელია, რომ მანდატურს ჰქონდეს 800 ლარი ხელფასი და მასწავლებელს 200 ლარი. ეს რა დამოკიდებულებაა?!” აღშფოთებულია ადიგენის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ქეთევან გოგრიჭიანი.

,,მანდატურის ხელსფასით ჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს არ ჰქონია მასწავლებელს ფასი”, - ამბობს მზევინარ მჟავანაძე და აქვე დასძენს, რომ უკეთესი იქნებოდა მანდატურის ნაცვლად სკოლაში ფსიქოლოგი დაენიშნათ, - ,,მანდატური პირდაპირ ასოცირდება სადამსჯელო ღონისძიებასთან. აჯობებდა ფსიქოლოგი დაენიშნათ, ვისაც ბავშვებთან მუშაობა შეუძლია”.

პედაგოგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ სკოლის დირექტორებს.

,,ძალიან კარგია, მშობლები დარწმუნებული იქნებიან, რომ მათი შვილები უსაფრთხო გარემოში არიან, სკოლაში წესრიგი იქნება. ოთხ გაკვეთილს რომ ჩაატარებს მასწავლებელი, უკვე გადაღლილია, მანდატურს კი ოფიციალურად აქვს ეს ფუნქცია და თვალყურს ადევნებს მოსწავლეებს დერფანშიც და ეზოშიც”, - განაცხადა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორმა ალექსი ბერიძემ.

,,მივესალმები ამ ინიციატივას, ნეტავ საშუალება იყოს და ექვს მანდატურსაც მოვითხოვდი. ამაში ვერანაირ შეურაცხყოფას და კონტროლს ვერ ვხედავ. მე ვარ სახელმწიფო სისტემაში და სახელმწიფო მიკონტროლებს მდგომარეობას”, - გვითხრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მაკა ჯანაშვილმა. 

 გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი