ივანიშვილის გეგმები რეგიონებში


დაიწყო თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ოფისების გახსნა რეგიონებში; როგორ აპირებს მხარდამჭერების შემოკრებას; რომელ რეგიონშია ყველაზე რთული ვითარება და როგორ აპირებენ მომხრეების დაცვას, - ’’სამხრეთის კარიბჭის” კითხვებს  ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი პასუხობს.
- თქვენი საინიციატივო ჯგუფი უკვე ცნობილია... რა გეგმები გაქვთ რეგიონებთან დაკავშირებით?  გახსენით თუ არა ოფისები რეგიონებში?
- როგორც მოგეხსენებათ,  ბიძინა ივანიშვილმა უკვე წარადგინა თავისი მომავალი პარტიის საინიციატივო ჯგუფი, რასაც სულ მალე მოყვება ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა კოალიციის გამოცხადება. ოფისების გახსნასთან დაკავშირებით, წინასწარი სამუშაოები ჩატარებულია და ახლაც მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ როგორც კი კოალიციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდება, დაიწყოს ოფისების გახსნა. ჩვენი ოფისები თითქმის ყველა ქალაქში გაიხსნება.


-   წარმომადგენლები თუ გყავთ რეგიონებში? თუ არის  შემთხვები, როცა შიშის გამო ვერ ბედავენ თქვენს პარტიაში გაწევრიანებას?

- საარჩევნო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში უმთავრესი ადგილი, ბუნებრივია, ადამიანებს უჭირავთ. ახლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა და კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალთა ადამიანური რესურსის გაერთიანების პროცესი, რაც ასევე მოკლე დროში დასრულდება და საარჩევნოდ კოალიციას ეყოლება  კარგად მობილიზებული, შეთანხმებული და ერთ მონოლითად ჩამოყალიბებული საარჩევნო არმია.
- რომელ რეგიონშია  ყველაზე უფრო რთული ვითარება, თქვენი მხარდამჭერების დაშინების თვალსაზრისით?
-  ჯერ მოგახსენებთ, სად არის ყველაზე უფრო სახარბიელო მდგომარეობა. ეს არის შიდა ქართლი, გურია, იმერეთი. რთული ვითარებაა სამეგრელოში, ვინაიდან ახალიების კლანმა პრაქტიკულად სამხედრო დიქტატურა დაამყარა. თუმცა, ჩვენ ეს არ გვაშინებს. პირიქით, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ რეგიონებში ვითარება კარდინალურად შეიცვალა და ხალხს იმედი და საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა გაუჩნდა.
- გყავთ წარმომადგენლები ახალციხეში?

- კონკრეტულად ახალციხეში არსებობს რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი. მიმდინარეობს მათთან მუშაობა და მალე გამოიკვეთება ის ადამიანები, ვისაც ვანდობთ ჩვენი გაერთიანების სახელით რეგიონში საქმიანობას.
- რამდენად გაქვთ მხარდაჭერის იმედი ვანო მერაბიშვილის რეგიონიდან?

- სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცილებით უფრო ღირსეული ადამიანები ცხოვრბდნენ და ცხოვრობენ, ვიდრე ვანო მერაბიშვილი და მისი გარემოცვაა.  ამიტომაც ჩვენ გვაქვს იმ ადამიანების იმედი, რომლებიც თვლიან, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და მზად არიან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებისთვის.
- როგორ აპირებთ იმ ადამიანების დაცვას, რომლებსაც პრობლემებს უქმნიან თქვენთან თანამშრომლობის გამო?

- ამის წარმატებული პირველი მაგალითები უკვე გვქონდა კოალიციაში შემავალი ცალკეული სუბიექტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტების აღკვეთის თვალსაზრისით. ამასთან, ძალიან მაღალია ყურადღება ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის და თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მხრიდან. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველა ზომას ვიხმართ, რათა ხელისუფლებამ შეწყვიტოს ჩვენი მხარდამჭერების დევნა და მათზე ზეწოლა, მაგრამ თუკი მათი მხრიდან მსგავსი უკანონობა კვლავ გაგრძელდება, ჩვენ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და მათი ოჯახის წევრებს ყოველმხრივ აღმოვუჩენთ დახმარებას.
- ერთმანდატიან მაჟორიოტარულ ოლქებში, იმისთვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური ხმების გაყოფა, ერთ კანდიდატზე შეთანხმებას აპირებთ. როგორ ფიქრობთ, თქვენ კოალიციაში არსებულ ყველა პარტიასთან ადვილი შესაძლებელი იქნება ამ შეთანხმების მიღწევა?

- სწორედ ამ კითხვაზე პასუხს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული შეთავაზება სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და ცალკეული ადამიანების მიმართ, რომლებიც იზიარებენ კოალიციის ღირებულებებს და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის უალტერნატივობას.
- გაუმართლებლად მიგაჩნიათ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შესული ცვლილება...

- ეს გამუართლებელია პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არაა  პარტიათა დაფინანსების საკითხის მოწესრიგების მცდელობა, არამედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა დასაშვები თუ დაუშვებელი მეთოდებით. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ იმავე ხერხებით ბრძოლა ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე არ დაუშვას ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა. ამ ცვლილებებით ხელისუფლება, ერთის მხრივ იტოვებს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეუზღუდავ უფლებას, და მეორეს მხრივ არ აძლევს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს განვითარებისა და პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვნად თანამონაწილეობის მიზნით თანხების მოზიდვის შესაძლებლობას.
- როგორც წესი ოპოზიციური პარტიები რეგიონებში მხოლოდ არჩევნების წინ აქტიურდებიან, ხსნიან ოფისებს, არჩევნების შემდეგ ისევ ქრებიან. იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში ვერ მოხვალთ და ოპოზიციაში დარჩებით, გააგრძელებს ფუნქცინირებას თქვენი ოფისები რეგიონებში?

- ბიძინა ივანიშვილის კოალიცია აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში და განახორციელებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც ყველას მისცემს სრულფასოვანი ფუნქციონირების შესაძლებლობას.  
  
თამუნა უჩიძე, ახალციხე


1 comment:

  1. Casino Lake Tahoe Hotel & Casino - Mapyro
    Casino Lake Tahoe Hotel & 울산광역 출장안마 Casino is a Wedding Venue in Stateline, 부산광역 출장마사지 LA, United States and is open daily 24 hours. The casino features 1050 경산 출장안마 slots, 45 table 김천 출장마사지 games and  Rating: 2.7 · ‎17 communitykhabar reviews · ‎Price range: $$

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი