“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც


ალიხან ყურაძე
7 წლის იყო, სამშობლო რომ დაატოვებინეს; დღემდე ახსოვს ნოემბრის ის ღამე, სოფელი სატვირთო მანქანებით რომ გაივსო; მე-7 კლასში იყო საკუთარი ეროვნებით პირველად რომ დაინტერესდა და დედისგან უცნაური პასუხი მიიღო; 50 წელიწადი იბრძოდა დაბრუნების ოფიციალური ნებართვა რომ მიეღო; პირველად 1988 წელს დაბრუნდა და ისევ გააძევეს, ოღონდ ამჯერად, ადგილობრივებმა; ბრძოლა მაინც არ შეუწყვეტია და 76 წლის ასაკში მშობლიურ მიწაზე ახალი ცხოვრება დაიწყო.

მშობლიური მიწა სოფელი აბასთუმანია; ჩემი რესპონდენტი 76 წლის ალიხან ყურაძეა; ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ენაწყლიანი მოსაუბრე იმ მესხებს შორის, რომელთაც აქამდე შევხვედრივარ. გადავწყვიტე ამჯერად მხოლოდ მასზე დავწერო...

საიდან ჩამოვედი? ეს დიდი ისტორიაა”, - მეუბნება მასპინძელი და საუბარს იწყებს. მოსაყოლი მართლაც ბევრია...

ალიხან ყურაძე ერთ-ერთია იმ მესხებს შორის, რომელთაც გადასახლების საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადეს. მართალია მაშინ მხოლოდ შვიდი წლის იყო, მაგრამ დღემდე ახსოვს როგორ შეიცვალა 220 სოფლის ათასობით მცხოვრების ცხოვრება რამდენიმე საათში და როგორ დაკარგა ორი ყველაზე ძვირფასი რამ: სამშობლო და ეროვნება.

“1944 წელი იყო, ასე 7-8 წლის ვიქნებოდი, სოფელ წახანში ვცხოვრობდით. ეზოში ვთამაშობდი და დავინახე როგორ გამოჩნდა აბასთუმნის ტრასაზე დიდი სატვირთო მანქანები. მერე, მანქანებს მიჩერებულმა, ჩემს წინ პატარა ბაჭია დავინახე, ყურადღება მასზე გადავიტანე და ამით დამთავრდა ყველაფერი, - იხსენებს მოხუცი. დასამახსოვრებელი ამ დღეს კიდევ ბევრი რამ მოხდა, - იმ ღამით, სოფელ აბასთუმანში, დოკუმენტურ ფილმს გვიჩვენებდნენ. ხალხი დიდი კაკლის ხის ქვეშ იყო შეკრებილი, იქვე, ეკრანის მსგავსი რაღაც იყო და ფილმი გადიოდა. კადრებიც მახსოვს: კვამლი, აფეთქება, ჯარისკაცები გარბოდნენ. მერე დედის მუხლებზე ჩამეძინა. მე და დედა ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, დედა მეორედ იყო გათხოვილი და სხვაგან ცხოვრობდა, მე ბებიასთან ვიზრდებოდი”.

როგორ მიიყვანა გვიან ღამით დედამ სახლში არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს შუაღამით კარზე საშინელი ბრახუნი: ბებია ადგა, კარი გააღო და მახსოვს, რომ როგორც ვიყავი, ტრუსების ამარა, ისევე გავიქეცი. სოფელი სავსე იყო დიდი მანქანებით, ფარების შუქით იყო განათებული ყველაფერი... ასე დაიწყო მესხების ტრაგედია”.

როგორ მოხვდა და რა ხდებოდა მატარებელში არ ახსოვს, ვერც იმას გვეუბნება, მართლა დაიღუპა თუ არა ათასობით ადამიანი: პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. არსებობს სტატისტიკა, მაგრამ არავინ იცის ზუსტია თუ არა. თუმცა ვიცი, რომ ყველა სახლი აღწერილი იყო. სანამ გაგვსახლებდნენ, იქამდე გააკეთეს ეს. დაახლოებით ორი თვით ადრე, მახსოვს, რომ სამი ადამიანი დადიოდა სოფელში, მათ შორის ერთი კოლმეურნეობის წარმომადგენელი და აღწერას ატარებდნენ. სახლი-სახლ დადიოდნენ და იწერდნენ, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა, რა რაოდენობის პირუტყვი ჰყავდათ, რამდენი მიწა ჰქონდათ”...

მერე იყო ფერღანი: სხვა ქვეყანა, სხვა კლიმატი, სხვა წყალი და ომი...

გაზაფხულამდე არაფერი მომხდარა, აქაც ზამთარი იყო, იქაც. როგორც კი ზაფხული მოვიდა და ხილის ჭამა დაიწყო ხალხმა, მაშინ დაიწყო უბედურება. თუთა ყველაზე ადრე მოდიოდა, რომ ჭამდნენ და წყალს აყოლებდნენ, სივდებოდნენ. ასე დაიღუპა ჩემი ერთი ბიძა”, - მეუბნება და ჩუმდება... ვხვდები, რომ ფერღანის მოვლენების გახსენება აღარ უნდა და ვეღარაფერს ვეკითხები.

- როდის გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება? – ვცდილობ წარსული ტრაგედია აღარ გავახსენო.

-          როცა მივხვდი, ვინ ვიყავი ეროვნებით...

-          რას გულისხმობთ?..

-          რა ეროვნების ხარ? მკითხეს ერთ დღეს კლასელებმა, უზბეკეთის სკოლაში რომ ვსწავლობდი. ასე, მეშვიდე კლასში ვიქნებოდი. ხედავდნენ, რომ მათნაირი გარეგნობა არ მქონდა, არადა ყველაზე კარგად ვსწავლობდი. მაშინ ისინი ჩვენ სტუმრებს გვეძახდნენ...

-          რა უპასუხეთ?

- “კავკასიელი! – ასე ვიცოდი მაშინ. ახლა მგონია, რომ ეს კითხვა იმიტომ დამისვეს რომ სახლში, მშობლებმა დაავალეს.. ხანდახან ვამბობდი, რომ არ ვიცი ვინ ვარ. მშობლებს რომ ვეკითხებოდი, მათაც არ იცოდნენ. როცა გაგვასახლეს, ნაკლებად განათლებულები ვიყავით, უბრალოდ ასე გამოვიდა, არავის ეცალა ჩვენთვის წერა-კითხვა მაინც რომ ესწავლებინა... ამან კი იქამდე მიგიყვანა, რომ არც ვიცოდით ვინ ვიყავით.

საღამოს, სახლში რომ დავბრუნდი დედას ვკითხე, - დედა, რა ეროვნების ვართ? ქართველობიდან მუსულმანობაზე გადავედით, - მიპასუხა დედამ. ქართველობიდან მუსულმანები გავხდით, ეს ხომ შეუსაბამობაა, მაგრამ ამას მაშინ კარგად ვერ მივხვდი, ეს გვიან გავცნობიერე, უბრალოდ მაშინ გავიგე, რომ ქართველები ვიყავით. იმ დროიდან გამიჩნდა ეროვნების შეგრძნება. მივხვდი, რომ ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფდა. მერე, გვიან, ქართულ ჯარში რომ ვმსახურობდი, უფრო კარგად მივხვდი ამას”.

სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრიც ამის შემდეგ დაიწყო. პირველად 1969 წელს, გალში დაბრუნდა. ამბობს, რომ მაშინ გალში სამუშაო ძალა სჭირდებოდათ და ამიტომ, მიიღეს. თუმცა, სამი თვის მერე აზერბაიჯანმა მუშა ხელის დაკარგვა აღარ ისურვა და დაბრუნების საშუალება შეეზღუდათ: მათ არ უნდოდათ, რომ ასეთი კარგი, მშრომელი ხალხი წასულიყო. მხოლოდ საქართველოს არ უნდა ამ ხალხის მიღება. ჰგონიათ, რომ როგორც კი ჩამოვლენ, იარაღს აიღებენ და დაერევიან ქრისტიან ქართველებს. სინამდვილეში კი ამ ხალხს არასოდეს აუღია ხელში იარაღი, არც გადასახლებისას”.
მეორედ 1977 წელს, ოზურგეთში ჩამოვიდა. მეორედაა აბასთუმანშიც, პირველად 1988 წელს დაბრუნდა: “მაშინ გადაწყდა, რომ 300 ოჯახი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, მათ შორის, 160 სამცხე-ჯავახეთში, ამიტომ ჩამოვედი.

ისტორიულ მიწაზე დაბრუნებული ცოლ-შვილთან ერთად კარავში ცხოვრობდა: მაისი იყო, სულ წვიმდა”... მცდელობა დარბევითა და გაძევებით დასრულდა: “30 დღე გავძელით მხოლოდ. მაშინ ძალიან აგრესიულად შეხვდნენ მეზობლები, გვეუბნებოდნენ, რატომ დაბრუნდით, აქ რა დაგრჩენიათ, 45 წელია აქ ვცხოვრობთ, ჩვენი მიწააო. როცა ვეუბნებოდი, წინაპრების სამშობლოა, ასწლეულები გაატარეს აქ და როგორ ადარებთ 45 წელს-მეთქი, არ სჯეროდათ... არ სჯეროდათ, რომ ჩემი ფესვები აქ იყო. ერთ დღეს კი თავს დაგვესხნენ და კარავი დაგვირბიეს”.

მეორედ გაძევებულებმა მშობლიური მხარე ისე დატოვეს, თან არაფერი წაუღიათ: ხალხის ის ნაკადი მეორედაც რომ დაგვსხმოდა თავს, ვერ გადავრჩებოდით, ჩვენ მხოლოდ სამი ადამიანი ვიყავით, მე, ცოლი და შვილი. ავიღეთ საბუთები და დავტოვეთ სოფელი. ერთი წელი ჩემი ნივთები ადიგენში, ერთ-ერთ ფარეხში ეწყო. პროტესტის ნიშნად არ მიმქონდა, მიბარებდნენ, მაიძულებდნენ წამეღო, მაგრამ არ მიმქონდა. მაშინ განცხადებაც დავწერე, ვითხოვდი ეროვნება, გვარი და ცხოვრების უფლება დაებრუნებინათ”.

ისევ ოზურგეთში დაბრუნდა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვტია: “50 წელი ვიბრძოდი, რომ აქ დაბრუნების უფლება მიმეღო, იმდენს დავდიოდი რუსეთში, თბილისში. ნებართვის მიღება მინდოდა, ოფიციალური ნებართვის”.

-          რატომ მაინცდამაინც აბასთუმანი? ოზურგეთში რთულია ცხოვრება?

-          რთული?! არსად არაა რთული მესხებისთვის ცხოვრება, ყველგან ყველაზე კარგად ცხოვრობენ. მაგრამ, ძალიან ბევრ ჩაგვრას განიცდიან, მეზობლებისგან, გარემოცვისგან! არსად არ გვიღებენ, მუდამ დაგვძახიან: ჩვენზე კარგად ცხოვრობთ! ჩვენზე კარგად ცხოვრობთ! იმუშავე და შენც იცხოვრე კარგად!

მრავალწლიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. 69 წლის შემდეგ, 2011 წლის 30 ოქტომბერს ალიხან ყურაძე მშობლიურ მიწას დაუბრუნდა. მართალია საოჯახო ნივთები და ავეჯი ჯერ ისევ ეზოში აწყვია, სახლსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება უწოდო სახლი, მაგრამ მოხუცი მიღწეულით ბედნიერია. რა იქნება ხვალ, არ იცის, მაგრამ იცის ყველაზე მთავარი, ახალ ცხოვრებას წინაპრების მიწაზე იწყებს და კითხვებს: რა ეროვნების ხარ? ვინ ხარ და სადაა შენი ადგილი? აქ რატომ ჩამოხვედი? აღარავინ დაუსვამს.

 როცა გაგვასახლეს, ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც. ასეთი რამ არცერთ ერს არ განუცდია. მე ორივე დავიბრუნე”, - სიამაყით მეუბნება მოხუცი და მთელი საუბრის განმავლობაში პირველად ვამჩნევ როგორ უქრება თვალებში წყენის კვალი და როგორ ეფინება ღიმილი დანაოჭებულ სახეზე.





ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი

Post a Comment