ბუნდოვანი კანონი თუ მეტი გამჭვირვალობა


ცვლილება ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ. რას ფიქრობენ ახალციხეში.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში გასული წლის ბოლოს შეტანილი და დამტკიცებული ცვლილებების შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის განხორციელება კონტროლის პალატას დაევალა.

ამავე კანონის შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები და ანგარიშვალდებულება კონტროლის პალატის წინაშე ასევე ვრცელდება იმ იურიდიულ პირზე, რომელიცპირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები”.
 
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისახალციხის ოფისის თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი გასული წლის 28 დეკემბერს ორგანულ კანონში შესულ ცვლილებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს კონტროლის პალატა ნამდვილად უნდა აკონტროლებდეს: საერთოდ, პოლიტიკურ შეხედულებებს არ უნდა წყვეტდეს ფული, ეს უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ პარტიისადმი ნდობაზე, მათ კურსსა და პროგრამაზე, გუნდის ლიდერებზე. მოდით, ფულს ნუ გადავაწონინებთ ჩვენი მოსახლეობის აზრს. ამ მიმართულებით, ეს კანონი წინ გადადგმული ნაბიჯია”.

ისევე როგორც თამარაშვილი, კანონში შესულ შესწორებებში ცუდს ვერაფერს ხედავსფრაქცია ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარე და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მარინე სუდაძე: კანონი გამჭვირვალობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად ვის უჭერს მხარს. ვინ დგას პარტიის უკან, ვინ აფინანსებს მას და რა შესაძლო ინტერესები შეიძლება გატარდეს მისი არჩევის შემთხვევაში”.

სუდაძე ფიქრობს, რომ მიღებული ცვლილების შემდეგ, შესაძლოა რიგმა პარტიებმა დამფინანსებლები დაკარგონ, რადგან ვიღაცეებმა თავიანთი ფინანსური ბრუნვის სააშკარაოზე გამოტანა არ ისურვონ: თუმცა, ვფიქრობ რომ პოლიტიკა უნდა აკეთოს მან, ვინც საჯაროობას არ ერიდება”.

კონსერვატიული პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი კანონში ცვლილების შეტანას, პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენასა და გააქტიურებას უკავშირებს: რატომ აქამდე არ შევიდა ეს ცვლილება, თუნდაც 2008 წელს, როცა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იყო?! მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი მსხვილი იურიდიული პირისგან მიიღო სოლიდური დაფინანსება, მაგრამ მაშინ აწყობდათ”.

მისი თქმით, ეს ხელისუფლებამ მაშინ გადაწყვიტა, როცა საშიშროება დაინახა, რომ ოპოზიცია მოძლიერდებოდა და არა მარტო ფინანსურად: თავადაც ვერ ხსნიან რას ნიშნავსპირდაპირი და ირიბი შეხება”. თუ საქმე სასამართლომდე მივიდა, მასაც თავად აკონტროლებენ, ამდენად პირდაპირი და ირიბი კავშირი შეიძლება ნებისმიერს დააბრალონ”.

კანონის ბუნდოვანებაზე აკეთებს აქცენტს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი: “ძველ ტოტალიტარულ ქვეყნებში იყო ასეთი გამოთქმა, კანონი უნდა იყოს ბუნდოვანი, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოსო. ამ კანონს შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, რადგან  ნებისმიერი ფიზიკური, ან იურიდიული პირი შეიძლება პირდაპირ, ან ირიბად დაუკავშირო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, თუ ამის სურვილი გექნება და ამ კანონის საფუძველზე ზიანიც მიაყენო მას”.

ადვოკატის თქმის ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა: ყველა ვიღაცის ნათესავი და ახლობელია. ალბათ შესაბამისი ორგანოები შეიტანენ საჩივარს ამ კანონის გაუქმების შესახებ სასამართლოში”.

სამარჯიშვილი აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია და ამბობს, რომ კონსტიტუციაში კონტროლის პალატის უფლებამოვალეობები მკვეთრად არის გაწერილი და იმ მოვალეობის დაკისრება, რაც შესწორებით დაევალა ანტიკონსტიტუციურია: “დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ იმუშავებს და გაუქმდება”.  

მოსახლეობის უმრავლესობა კანონში შესული ცვლილების შესახებ ინფორმირებული არაა.   

არაფერი ვიცი, არაფერი გამიგია”, - ამბობს მამუკა ინასარიძე.

რაღაცას კიმოკრა ყურინოდარ ინასარიძემ, თუმცა არ დაინტერესებულა.

კანონს ისეთს მიიღებენ თვითონ როგორიც უნდათ. ჩემ აზრს რა მნიშვნელობა აქვს, შეიცვლება რამე?! ამბობენ უკანონობას აკანონებენო და მართალია”, - აცხადებს 47 წლის ქალბატონი, რომელიც პრესასთან ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთობლივი განცხადების თანახმად, ორგანიზაციები ერთიანი ძალისხმევით ეცდებიან კანონმდებლებთან მუშაობის გზით კანონში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან. შეიცვლება თუ არა კანონში სულ ახლახანს შეტანილი ცვლილება კვლავ, ან რამდენად იმუშავებს შეცვლილი კანონი და ვის მოუტანს ზიანს, არჩევნებამდე ნათელი გახდება.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი