20 თეთრი ჯერ არ შექმნილი მომსახურებისთვის


პირველი იანვრიდან მობილური და ფიქსირებული ტელეფონის ანგარიშზე ჩართულ ყოველ ხუთ ლარზე ყველა აბონენტს 20 ან 50 თეთრი ეჭრება. რატომ იხდის მოსახლეობა ჯერ არ შექმნილი “112”- ის საფასურს და რას ფიქრობს ხალხი.

თვეზე მეტია, მობილურ ტელეფონებზე აბონენტებს შეტყობინება მისდით, რომ მათ ანგარიშიდან “112”-ის მომსახურების საფასური ჩემოეჭრებათ. მოკლეტექსტურ შეტყობინებაში განმარტებულია, რომ მთავრობის #489 დადგენილებით, აბონენტს ანგარიშიდან დაექვითება  20 თეთრი, თუ თვის განმავლობაში დახარჯული თანხა ხუთ ლარს აღემატება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ამ საფასურის ოდენობა 50 თეთრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი “112”, რომელმაც რამდენიმე საგანგებო (სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო და .) სამსახური უნდა გააერთიანოს, ჯერ არ შექმნილა. თუმცა, აბონენტი მომსახურების საფასურს პირველი იანვრიდან იხდის.

მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ვერ გაუგია, რაში იხდის ამ თანხას.
 
ახალციხეში მცხოვრებ თამთა ჩაჩანიძეს აინტერესებს, რატომ უნდა გადაიხადოს 20 თეთრიც კი, როცა ამ მომსახურებით არ სარგებლობს: არის თვეები, როცა ანგარიშზე საერთოდ არ ვრიცხავ ხუთ ლარს, მგონია, რომ არარეალური თანხაა, შეიძლება იყოს ისეთი ადამიანი ვისაც ამის საშუალება აქვს, მაგრამ უმეტესობას არ აქვს”.

იგივეს ფიქრობს ახალცხელი სამსონ მენაბდიშვილიც: “ადამიანი კაპიკს კაპიზე დებს, რომ ანგარიშზე ფული ჩარიცხოს და მობილურით ისარგებლოს. ვფიქრობ, რომ მსგავსი სამსახურების გამოძახებაც და მომსახურებაც უფასო უნდა იყოს”.

მოკლეტექსტური შეტყობინებაში განმარტებულია, რომ აბონენტი 20 თეთრს იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ თვის განმავლობაში დახარჯული თანხა ხუთ ლარს აღემატება. თუმცა, საბოლოო ჯამში ირკვევა, რომ 20 თეთრი აბონენტს, ანგარიშზე ჩართულ ყოველ ხუთ ლარზე ეჭრება.

თვიდან მეგონა, რომ თვეში მხოლოდ 20 თეთრს გადავიხდიდი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე ხუთ ლარს ჩავრთავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანხა ყოველ ხუთ ლარზე მეჭრება. იყო შემთხვევა, მეგონა რომ ანგარიშზე რაღაც თეთრები მქონდა და ზარს მაინც გავუშვებდი, მაგრამ “112” ის საფასურმა ის თეთრებიც ჩამომაჭრა”, - გვეუბნება 20 წლის ახალგაზრდა.

რატომ იხდის მოსახლეობა “112”-ის საფასურს და რას ხმარდება ეს თანხაახალციხელ ჟუჟუნა კაპანაძესაც აინტერესებს:ჩემთვის შეიძლება 20 თეთერი არაფერი იყოს, მაგრამ საერთო ჯამში საკმაოდ დიდი თანხა გამოდის. ეს ისეთი სამსახურებია, რომ მათი გამოძახება უფასო უნდა იყოს, მაგრამ გამოდის, რომ ამისთვის ფულს მაინც ვიხდით. რომ ვიცოდე, ეს თანხა სამედიცინო სამსახურს მოხმარდება, 20 კი არა 40 თეთრი ჩამოაჭრან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, სად მიდის და ვის ხმარდება”. 

კონსერვატიული პარტიისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ თანხით ხელისუფლება წინასაარჩევნო ფულს აგროვებდეს.

კანონმა, რომ იურიდიულ პირს არ აქვს უფლება დააფინანსოს არცერთი პოლიტიკური პარტია, სახელისუფლებო პარტიაზეც იმოქმედა, ცდილობენ   თანხა როგორმე მოაგროვონ, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი და ამატებს, რომ მაშინ, როცა საქართველოს ბიუჯეტი ერთიდან შვიდ მილიარდ ლარამდე გაიზარდა, მსგავსი სამსახურების გამოძახება უფასო უნდა იყოს: როცა ბიუჯეტი იზრდება, რატომ უნდა იყოს ეს მომსახურება ფასიანი?! მითუმეტეს, რომ სასწრაფო სამსახურის მომსახურება არის უფასო და ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მისი გამოძახება გახდა ფასიანი, ცოტა არ იყოს, ალოგიკურია”.

მისივე თქმით, როცა აღნიშნული სამსახური ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარებაშია შექმნილი, იქ ბევრი რამე ბურუსით მოცულია და არ იშიფრება:ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ზოგიერთი ხარჯი ისეთია, რომლის გაშიფვრაც ფართო საზოგადოებისთვის არ შეიძლება. აქედან იბადება ეჭვი, რომ ხელისუფლება თანხას არჩევნებისთვის აგროვებს”.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის ეს დადგენილება მალე გაუქმდება, რადგან რეალობას არ შეესაბამება:
პირადად მე არასდროს დამირეკავს, შიძლება არც დავრეკო “112”-ზე და არაფერში მახდევინებენ თანხას. ასეა ნახევარზე მეტი საქართველოც. თუ “112”-ის შენახვა ძვირი ჯდებოდა, მაშინ ჯობდა, რომ შემოეღოთ 1 ან 2 თეთრიანი ტარიფი და გვცოდნოდა, რომ თუ დავრეკავთ ანგარიშზე 1 ან 2 თეთრი უნდა გვქონდეს. ხოლო თუ უფასოა, მაშინ უფასო იყოს”.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისახალციხის ოფისის თავჯდომარე ნუგზარ თამარაშვილმა არ იცის, რატომ იხდის მოსახლეობა “112”- ის მომსახურების საფასურს. თუმცა, აღნიშნავს, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას რაღაც საფუძველი აქვს. მისივე თქმით, საქართველოში არსებულ მობილურ ოპერატორებს საკმაოდ მაღალი ტარიფები აქვთ: იტალიიდან საქართველოში დარეკვა დაახლოებით იგივე მიჯდებოდა, რაც ქვეყნის შიგნით სატელეფონო ზარის განხორციელება. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ტარიფებიც დასარეგულირებელია და ყველა აბონენტზე უარყოფითად აისახება იმ ოცი თეთრის ჩამოჭრა”.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2011 წლის ოქტრომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებობს მობილური ქსელის 3 709 049 და ფიქსირებული 1 245 758 აბონენტი. 

თამარ თოთაძე, ახალციხე



No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი