ბრძანება არსებობს, მომსახურება მაინც ფასიანია
თამარ თოთაძე, ახალციხე
- რამდენი სამედიცინო უბანია ახალციხეში და რა პროფილის ექიმები არიან უბნის ექიმები?
- ქალაქში ცამეტი სამედიცინო უბანია. უბნის ექიმები პედიატრები და თერაპევტები არიან. მათი მოვალეობაა, უფასოდ მიიღონ ექვს წლამდე და სამოცი წლის ზემოთ პაციენტები. ხოლო ექვსიდან სამოც წლამდე ასაკის მოქალაქეების მიღება ფასიანია.
- ინფორმირებულია მოსახლეობა უბნის ექიმების მოვალობების შესახებ და იციან თუ არა, რომელი ექიმი ემსახურება მათ უბანს?
- ყველამ კარგად იცის, რომელ უბანს რომელი ექიმი ემსახურება. უბნის ექიმებს კარდაკარ აქვთ შემოვლილი უბნები და ყველას იცნობენ.
- როგორ ხდება მათი ბინაზე გამოძახება?
- პაციენტი მოდის და ეწერება რეგისტრატურაში, ან ტელეფონით გვიკავშირდებიან. ამისთვის სპეციალური ჟურნალი გვაქვს. შემდეგ ვატყობინებთ ექიმს და დღის ექიმს მეორე ნახევარში შეუძლია პაციენტთან ბინაზე გასვლა. თუ სასწრაფო შემთხვევაა, ამისთვის სასწრაფო დახმარების სამსახური არსებობს.
- ნებისმიერ დროს შეუძლია მოქალაქეს უბნის ექიმის გამოძახება?
- 24 საათის განმავლობაში არ შეუძლია. დღის საათებში ჩაწერილ პაციენტთან ექიმი დღის მეორე ნახევარში, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გადის და ემსახურება.
ვინმე ცუდად ექვს საათზე თუ გახდა, ამისთვის სასწრაფო არსებობს. თუმცა, ხშირად ხდება ისეთი შემთხვევებიც, როცა უბნის ექიმს აწუხებენ და ისინიც უარს ვერ ეუბნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ კომპეტენციაში აღარ შედის.
- რა ხდება მაშინ, თუ პაციენტი A/H1N1–ითაა ინფიცირებული? ამ შემთხვევაშიც ფასიანია მომსახურება და მკაცრად განსაზღვრულია ექიმის სამუშაო საათები?
- ამ შემთხევაში გამოძახება უფასოა, მაგრამ ადგილზე მომსახურება მაინც ფასიანია. ექიმის ერთი მიღება თხუთმეტი ლარი ღირს. გამოძახება უფასოა, რადგანაც ეს ვირუსი მძიმედ ითვლება და პაციენტი თავად ვერ მოდის ექიმთან, ხოლო ადგილზე მოსული ექვსიდან სამოც წლამდე პაციენტებისთვის ფასიანია.
- გასული წლის ბოლოს, ღორის გრიპთან დაკავშირებით ახალციხეში მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეთ ზეპირი ბრძანება, რომლის თანახმადაც უბნის ექიმები ვალდებული არიან, ათიდან ხუთ საათამდე პაციენტებს ბინზე მისვლით უფასოდ მოემსახურონ... (“სამხრეთის კარიბჭე”, ¹42(266), 14 დეკემბერი)
- კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ გამოძახება არის უფასო, ხოლო ადგილზე მომსახურება ფასიანი(?!). მომსახურებაში შედის გასინჯვა, ექიმის დანიშნულება და ასე შემდეგ. მაგრამ რენდგენის გადაღება, ანალიზების გაკეთება და სხვა მომსახურება ცალკეა.
- რით განისაზღვრება უბნის ექიმის ანაზღაურება და რამდენია მათი ხელფასი?
- ანაზღაურება სხვადასხვაა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამა უხდით თანხას, ამას ემატება სადაზღვევო კომპანიების კაპიტაციური თანხები, ანუ იმის მიხედვით, ვის რამდენი პაციენტი ჰყავს უბანზე დაზღვეული. ზოგს 150 ლარი აქვს, ზოგს კი 200 ან 300 ლარი.
- სტატისტიკური მონაცემებით უბნის ექიმის რამდენი გამოძახება დაფიქსირდა ბოლო სამ თვეში?
- გასული სამი თვის განმავლობაში 294 გამოძახება დაფიქსირდა. ძირითადად ვირუსული ინფექციების შემთხვევები იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დეკემბრის თვეში იყო. იანვარში ცოტა მოიკლო ვირუსული ინფექციების რაოდენობამ. მაგრამ თებერვალში ისევ მოიმატა გამოძახებების რიცხვმა.
მართალია, პოლიკლინიკის დირექტორი გვარწმუნებს, რომ A/H1N1-ის შემთხვევაში უბნის ექიმის მომსახურება ფასიანია, თუმცა 2009 წლის 8 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ უტიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით “ღორის გრიპით” დაავადებულ პაციენტებთან პედიატრების, თერაპევტებისა და სოფლის ექიმების გამოძახებებს ჟანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს. ეს ინფორმაცია ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის ვებგვერდზეცაა განთავსებული (www.polyclinic.ge). აქვე აღნიშნულია, რომ უფასო გამოძახებები იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ ამის აუცილებლობა იარსებებს. ამავე ვებგვერდზეა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ მედიკოსების პროგნოზი იმის თაობაზე, რომ თებერვლიდან “ღორის გრიპის” ახალი ტალღა დაიწყებოდა, გამართლდა.
პრეზენტაცია “ვიწრო წრეში”
ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით 2010-2011 წლებში საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
“ხალხის მანიფესტის” მიზანია მოქალაქეებსა და თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა”, - განმარტავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ფოკუს ჯგუფები და მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები ლიდერობისა და თვითმმართველობის მონიტორინგის საკითხების შესახებ. ტრენინგის მონაწილეები შემდგომ თავად განახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს და ჩაერთვებიან ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებში ჩატარდება შეხვედრები, სადაც პრობლემატური საკითხების იდენტიფიცირება მოხდება. აღნიშნული კვლევის შედეგები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში არჩევნებში მონაწილე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს წარედგინება. მათ კი შესაძლებლობა მიეცემათ, ერთის მხრივ, თავიანთი საარჩევნო პროგრამა საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით წარმართონ, ხოლო, მეორეს მხრივ, არჩევის შემთხვევაში იზრუნონ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისთვის.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების ტრენინგებს ინფორმაციის თავისუფლების, ბიუჯეტის ფორმირებისა და მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის ეფექტურობის ზრდას.
პროექტის პრეზენტაციას, რომლის მთავარი მიზანია, მოქალაქეთა გაააქტიურება და მათი აქტიური ჩართვა თვითმმართველობის საქმიანობაში, “სამხრეთის კარიბჭის” გარდა ორი მოქალაქე ესწრებოდა: ახალქალაქის ბიზნესცენტრის უფროსი მახარე მაცუკატოვი, რომელიც პრეზენტაციაზე შეცდომით, მედიის წარმომადგენლის რანგში იყო მოწვეული და ერთი მოხალისე ახალციხიდან. ახალქალაქიდან მოწვეულმა რამდენიმე სტუმარმა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შეძლო ჩამოსვლა. სატელეფონო საუბარში მათ აღნიშნეს, რომ იმ დღეს ტრანსპორტი არ მოძრაობდა.
ამდენად, ინფორმაცია პროექტზე, რომლის მთავარი სამიზნე ჯგუფი მოქალაქეები არიან, მათ გარეშე გაჟღერდა. ქეთევან ბებიაშვილმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტებში ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნების” რაიონული კოორდინატორები გაავრცელებენ. მათივე პრეროგატივაა ფოკუსჯგუფების შექმნა, სადაც ის მოქალაქეები გაერთიანდებიან, რომლებიც შემდგომ თვითმმართველობის საქმიანობას გააკონტროლებენ.
“სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორებმა შეხვედრაზე განაცხადეს, აქტიური და დაინტერესებული მოქალაქეების მოძიება არ გაუჭირდებათ, ვინაიდან ადგილზე ბევრი აქტიური მცხოვრებია.
ქეთევან ბებიაშვილი პროექტის ეფექტურობაში დარწმუნებულია: “გასულ წელსაც ხორციელდებოდა ანალოგიური პროექტი - “აქტიური მოქალაქე”. ოღონდ იქ იყო საუბარი ადვოკატირებაზე და თითო მუნიციპალიტეტის თითო დასახლებაში გავაკეთეთ ინიცირება. კარგი შედეგები მივიღეთ და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ახალი პროექტით მოგვეცვა მთლიანად მუნიციპალიტეტი. ანუ, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩატარდება შეხვედრები და წარიმართება მუშაობა და არა ერთ კონკრეტულ ადგილას”.
როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად ეფექტური აღმოჩნდება პროექტი, რომლის პრეზენტაციამ “ვიწრო წრეში” მოკრძალებულად ჩაიარა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეშივე გახდება ცნობილი. პროექტის ერთ-ერთი შედეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა იყოს ცნობილი.
რამდენად დაეხმარება ეს შედეგები საარჩევნო სუბიექტებს და აისახება თუ არა მათ წინასაარჩევნო პროგრამებში, სამ თვეში გახდება ცნობილი.
განკარგულების ორი მხარე
გულო კოხოძე, ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლაა. სკოლის დირექტორები და პედაგოგები ინფორმირებულები არიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადების თაობაზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,დიალოგი დავით პაიჭაძესთან” დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მისი განკარგულების თანახმად, სკოლის დირექტორებმა ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის ან ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდების შესახებ წინასწარ უნდა შეატყობინონ განათლების სამინისტროს პრესცენტრს.
,,სამინისტროს პრესსამსახური მხოლოდ კოორდინაციას გაუწევს დირექტორებს”, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს ინფორმაციის გაცემის თაობაზე შეუძლიათ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრს, არამედ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ნინო დემეტრაძეს დაუკავშირდნენ.
,,მინისტრის ბრძანება არ არსებობს. რესურცენტრი უნდა იყოს საქმის კურსში, რა ინფორმაციას გასცემს სკოლა. უბრალოდ, დამირეკავენ და მეტყვიან, რა ინფორმაცია სჭირდება ჟურნალისტს, ეს არ არის პრობლემა”, - განაცხადა ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსმა ნინო დემეტრაძემ.
მსგავსი პოზიცია აქვს საჯარო სკოლის დირექტორებსაც, რომელთა ჩაწერა რესურსცენტრში მოხდა.
,,დაშლით არავის არაფერი დაუშლია. რა პრობლემაა, დავუკავშირდე რესურცენტრს და შევატყობინო, რა საჯარო ინფორმაციას ვაძლევ ჟურნალისტს”, - გვითხრა ანის საჯარო სკოლის დირექტორმა გია კაპანაძემ.
,,არაფერი შეზღუდვა არ ყოფილა, უბრალოდ, ინფორმაცის გაცემის წინ უნდა დავურეკოთ რესურსცენტრს”, - ამბობს კლდის საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ბლუაშვილი.
,,ვერაფერ საპრობლემოს ვერ ვხედავ, გავაგებინო რესურსცენტრს, რა ინფორმაციას ვაძლევ ჟურნალისტს. რა არის ამაში განსაკუთრებული?” – უკვირს ხეოთის სკოლის დირექტორს ლელა გვრიტიშვილს.
,,სამხრეთის კარიბჭის” პირველი თებერვლის ნომერში დაიბეჭდა სტატია ,,ხმაური სერტიფიცირების ირგვლივ”. ჟურნალისტს მოუწია მისულიყო რესურცენტრში და თავად მიეღო თანხმობა რესურსცენტრიდან მასწავლებლების კომენტარის მიღებაზე. თანხმობა, გაეკეთებინათ კომენტარი პედაგოგებს სერტიფიცირებაზე, მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა აღნიშნულ საკითხზე ნინო დემეტრაძემ საქმის კურსში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრი ჩააყენა.
,,სკოლა საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მარტივად მინდა გითხრათ, რომ არსებობს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”, რომელიც განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს. რაიმე ტიპის შეთანხმებას ზემდგომთან ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კანონი არ ითვალისწინებს”, - განაცხადა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისი ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძეც აპროტესტებს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს პრესცენტრთან შეუთანხმებლად ჟურნალისტებთან ყოველგვარი კომენტარის გაკეთების განკარგულებას.
"ის ფაქტი, რომ დირექტორებისათვის დაგეგმეს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის შეზღუდვა, მიმაჩნია, რომ არის სერიოზული საფრთხე. ჩვენ მივმართეთ სკოლის დირექტორების გაერთიანების ხელმძღვანელს დავით ლაგვილავას და ვთხოვეთ განცხადება გაეკეთებინა ამის შესახებ. რადგან სკოლის დირექტორთა დიდი ნაწილი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, ანუ არიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები, დამატებით კიდევ ახალი დაბრკოლებების შექმნაზე, გაჩუმებას და შეგუებას არ ვაპირებთ,"-აცხადებს ღურჭუმელიძე.
რეორგანიზაცია სასამართლოში
გულო კოხოძე, ახალციხე
გოჩა ჯეირანაშვილი გასული წლის 28 დეკემბრიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ბიოგრაფია –
გოჩა ჯეირანაშვილი დაიბადა 1977 წლის 29 ნოემბერს ქ. ახალციხეში.
1994 წელს დაამთავრა ახალციხის ი. ჭავჭავაძის სახელობის ¹5-ე საშუალო სკოლა.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროს ინსპექტორად.
2004-2005 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სს სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროს ინსპექტორად.
2005-2006 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სს სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.
2006-2007 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.
2007-2009 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
2009 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2009 წლის აპრილიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
,,მოულოდნელი იყო ხელმძღვანელების ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ნდობა გამომიცხადეს და შევეჭიდე ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს”, - განაცხადა ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გოჩა ჯეირანაშვილმა.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში შედის ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სასამართლოები.
სასამართლოს შემადგენლობაშია შვიდი მოსამართლე, მათ შორის სამი მაგისტრატი მოსამართლეა, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 54 საშტატო ერთეულით. 20 იანვარს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31 –ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაცხადა კონკურსი ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე, გარდა მოსამართლეებისა.
კონკურსი უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 132 მოქალაქე. ვაკანტური თანამდებობა კი 42-ია.
კომისიის წევრები არიან გოჩა ჯეირანაშვილი –კომისიის თავმჯდომარე, წევრები – მოსამართლე რევაზ კაჭკაჭიშვილი და სამი წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.
,,დღესდღეობით საკონკურსო კომისია მსჯელობს, თუ ვინ დაინიშნება ვაკანტურ თანამდებობებზე. პასუხი ალბათ მომავალ კვირაში იქნება”, - გვითხრა გოჩა ჯეირანაშვილმა.
ქრისტიან-დემოკრატებს ახალქალაქში კანდიდატები ეყოლებათ
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
- ბატონო ლევან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ძირითადად იმ სოფლებს ესტუმრეთ, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეროვნებით ქართველია. რა მიზანს ისახავდა თქვენი ვიზიტი ამ სოფლებში და რატომ არ აირჩიეთ სხვა დასახლებული პუნქტები?
- არა, პირველ ჯერზე უბრალოდ ასე გამოგვივიდა. თანაც ეს არ არის მხოლოდ ქართული სოფლები, ესაა შერეული სოფლები. ჩვენ ისეთ დასახლებულ პუნქტებს ვესტუმრეთ, სადაც ვიცოდით, ჩვენი კანდიდატები ვინ იქნებოდნენ. ვიყავით ოკამში, აზმანაში, აფნიასა და გოგაშენში. ამ სოფლებში შეხვედრები გვქონდა. სოფლებს ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთ. ახლა ნინოწმინდაში მივდივარ, სადაც ქართული სოფლები საერთოდ არ არის, იქ მხოლოდ სომხური დასახლებებია. სადაც კანდიდატები გვყავს, იქ დავდივართ. რამდენიმე კვირის შემდეგ მომდევნო ვიზიტი გვექნება და სხვა სოფლებს ვესტუმრებით. თვითმმართველობა ქართულ ან სომხურ თვითმმართველობას არ ნიშნავს. მთავარია, ხალხს კარგად ესმოდეს პრინციპი – რა არის ადგილობრივი არჩევნები.
- რამდენი კანდიდატი გეყოლებათ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და მთელ საქართველოში?
- კანდიდატები ყველგან გვეყოლება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 200 ადამიანი. რასაკვირველია, ახალქალაქის ყველა სოფელშიც. ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და გაიმარჯვოს, ამიტომ კანდიდატები ყველა სოფელში გვეყოლება და მათ შორის შევარჩევთ პიროვნებებს, რომლებიც უფრო კომპეტენტურები იქნებიან და საკრებულოში საკუთარი სოფლის პოზიციებს უკეთესად დაიცავენ.
თუ ჩვენი კანდიდატები ხმათა უმრავლესობას მიიღებენ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ გამგებელი თბილისიდან აღარ დაინიშნება. გამგებელი, უბრალოდ, მენეჯერია, იგი პოლიტიკური სახე არ გახლავთ. საკრებულო კონკურსს აცხადებს და გამგებელს ამის შემდეგ ამტკიცებს. სისტემა ასეთია, თუმცა სხვა საქმეა, ის როგორ მუშაობს. როდესაც საკრებულოს უმრავლესობაში ერთი პარტიაა და თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც ეს პარტია დომინირებს, გამოდის, რომ განკარგულებებს პარტიული ხაზით იძლევიან და დეპუტატებიც უბრალოდ ასრულებენ მას.
- თქვენი პარტიის ოფისი ახალქალაქში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაიხსნა. მას შემდეგ ოფისის საქმიანობაზე აღარაფერი გვსმენია...
- დიახ, ჩვენ გვაქვს ოფისი ახალქალაქში. ის ოფიციალურად გაიხსნა და არც დაგვიხურავს. გახსნა არჩევნების დროს მოხდა, შემდეგ ოფისი შევიცვალეთ, რადგან საპარლამენტო პარტია ვართ და ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია ადგილი გამოგვიყოს.
- ამ შეხვედრების დროს ძირითადად რა პრობლემები გამოიკვეთა და როგორ აპირებთ მათ მოგვარებას?
- თბილისში ჩასვლის შემდეგ აქ არსებულ პრობლემებს აუცილებლად დავაყენებ დღის წესრიგში. ნომერ პირველი პრობლემა მოსავლის რეალიზაციის საკითხია, რა უნდა ვუყოთ კარტოფილს, სტაფილოს და ასე შემდეგ, რომლებიც სოფლებში ტონობით აქვთ. ამ პროდუქციას, ფასის კუთხით, თურქეთიდან ან სომხეთიდან შემოტანილი საქონლისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. ჩვენ პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან პირდაპირი კითხვები გვექნება. რატომ იყიდა თავდაცვის სამინისტრომ კარტოფილი თურქეთში და არა აქ? მათი მხრიდან იყო დაპირება, რომ კარტოფილს ჯავახეთში შეიძენდნენ, რასაც მოსახლეობისთვის პირდაპირი სოციალური ეფექტი ექნებოდა.
- ახლა თითქოს კარტოფილის იმპორტი არ ხორციელდება...
საზღვარი დეკემბრის ბოლოს დაიკეტა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თურქეთიდან და სომხეთიდან საქონელი წინასწარ მოიმარაგეს, რის გამოც საზღვრის დაკეტვამ ფასებზე გავლენა აღარ მოახდინა.
- როგორ შეაფასებთ სახელმწიფო პოლიტიკას კონკრეტულად ჩვენს, სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში?
- ზოგჯერ სოციალური საკითხების მოგვარება ეგრეთ წოდებული ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მოწესრიგების გასაღებია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. რატომ იყო პრობლემატური რუსული სამხედრო ბაზის დახურვა? იმიტომ, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობდა და მაღალი შემოსავალი ჰქონდა. პრაქტიკულად, ნახევარი ახალქალაქი იქ იყო. მთავრობა სამხედრო ბაზის გაყვანის შემდეგ ხალხს ჰპირდებოდა, რომ სოციალურ პროექტებს განახორციელებდა, მაგრამ მათ არაფერი გააკეთეს. აქ უკვე პოლიტიკური და სოციალური პრობლემები ერთმანეთს გადაეჯაჭვა.
- თქვენ რის გაკეთებას გვპირდებით?
- როდესაც მუნიციპალურ პროექტებზე ვსაუბრობ, მაგალითად, გზების საკითხის მოგვარებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთიდან რაიმე კომპანიას ჩამოვიყვან და მშენებლობას ის აწარმოებს. ჩემი აზრით, ასეთ პროექტებში, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს. ამ ხალხს სახელმწიფომ უნდა ასწავლოს. უნდა შეიქმნას გადამზადების პროფესიული ცენტრები. სახელმწიფომ კადრები ისე უნდა მოამზადოს, რომ დამქირავებელმა მათზე უარის თქმა ვეღარ შეძლოს.
აფხაზეთი დევნილების თვალით
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკას შორის “აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების განთავსების ხელშეკრულების” ხელმოწერის თაობაზე პროტესტი განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვი აფხაზეთში რუსული სამხედრო ფაქტორის გაძლიერების მცდელობაში დაადანაშაულა. ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს შეახსენა, რომ რუსეთმა გუდაუთის სამხედრო ბაზის 2001 წლის 1 ივლისამდე დახურვის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ 1999 წელს იკისრა, თუმცა, ამ წლების განმავლობაში აღნიშნული ბაზა ფუნქციონირებას საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით მაინც აგრძელებდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს ნაბიჯი, რუსეთთან ერთად, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმაც გადადგეს.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი
აფხაზეთში კონფლიქტი 1992 წლის 23 ივლისს დაიწყო, როდესაც რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (ქართველი დეპუტატების მხრიდან სესიის ბოიკოტის პირობებში) აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1925 წლის კონსტიტუცია აღადგინა, რომლის თანახმადაც აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა (აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე არავინ აღიარა). უზენაესი საბჭო ორ ნაწილად – აფხაზებად და ქართველებად გაიყო. იმავე წლის აგვისტოში კი უკვე შეიარაღებული კონფლიქტი გაჩაღდა. 1994 წლის 14 მაისს რუსეთის შუამდგომლობით, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
1992-1993 წლების შეიარაღებულმა კონფლიქტმა, მხარეთა გამოქვეყნებული მონაცემებით, ოთხი ათასი ქართველისა (დაახლოებით, ათასი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა) და ათასი აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩა უამრავი ნაღმი, რომელთაც შემდგომ წლებში 700 ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი კი დევნილად იქცა.
მომდევნო წლებში მშობლიურ მიწას, დაახლოებით 55 ათასი ქართველი დევნილი დაუბრუნდა, ძირითადად, გალის რაიონში. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი დანარჩენ ლტოლვილთა დაბრუნებას არ აპირებს.
“დევნილების დაბრუნების საკითხი მეტად პრობლემატურია. ამ ვარიანტზე თანახმა არ ვართ, რათა ხვალ ისევ ომი არ გაჩაღდეს. უკვე გამოვცადეთ, რას ნიშნავს, როცა საკუთარ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი ვიყავით და ამის გამო ჩვენი განადგურება უნდოდათ”, - განაცხადა სერგეი ბაგაფშმა 16 თებერვალს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრისას.
რთული სათქმელია, უნდათ თუ არა აფხაზეთში დაბრუნება ქართველებს, რომელთაც ეს მხარე დიდი ხნის წინ დატოვეს. ჩვენ ვცადეთ, აფხაზეთიდან დევნილები გვეპოვა და მიმდინარე მოვლენებზე მათი მოსაზრებები შეგვეტყო.
აფხაზეთის ყოფილი მკვიდრები საკითხს გარე თვალით განსჯიან. აფხაზეთის თემისთვის მიძღვნილ ფორუმზე კოდორიდან დევნილი დავით ჩოფლიანი წერს, რომ თავად აფხაზეთი მის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში არ ფიგურირებს: “პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზები მოლაპარაკებათა სუბიექტები, ფაქტობრივად, აღარ არიან და რეალურად, აფხაზეთის სამომავლო ბედზე მათ აღარაფერს შეეკითხებიან. აღიარებამდე აფხაზები უკეთეს სიტუაციაში იყვნენ, რადგან დამოუკიდებელი მოთამაშის როლი ჰქონდათ, ახლა კი ვექტორი მთლიანად რუსეთისკენაა მიმართული და ევროპაშიც და მთელ მსოფლიოშიც ყველას კარგად ესმის, რომ აქ არა ეთნიკური, არამედ პოლიტიკური კონფლიქტია”.
მაშინ აფხაზეთიდან ლარა გიგოლიანის ოჯახიც გაიქცა და ისინი ახლა სოჭში ცხოვრობენ. უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ, ამის გაკეთებას აპირებენ კიდეც, თუმცა, ჯერ არა.
“იმ წლებზე საშინელი მოგონებები მაქვს. მანამდე ყველანი მშვიდობიანად ვცხოვრობდით, კეთილი მეზობლები, მეგობრები და ნაცნობები ვიყავით. ყველაფერი თითქოს ერთ წუთში შეიცვალა. ხალხმა გონი დაკარგა, კლავდნენ და ძარცვავდნენ ყველას და ყველგან, - ამბობს ლარა გიგოლიანი და იხსენებს, რომ როდესაც ყველაფერი დასრულდა, უკან დაბრუნდნენ, - სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ სახლი ადგილზე დაგვხვდებოდა. დაგვხვდა, თუმცა გაძარცული, ცარიელი ოთახები, მხოლოდ კედლები იყო დარჩენილი. მთელი ოჯახი უკან, სოჭში დავბრუნდით, თუმცა, აფხაზეთში ხშირად ჩავდივართ. სოხუმში ბინას ნელ-ნელა ვაწყობთ, შეიძლება ოდესმე დავბრუნდეთ კიდეც და იქ ვიცხოვროთ, თუმცა, ჯერჯერობით ამას არ ვაპირებთ. იქ ცხოვრება რთულია”.
მანონი ბოკუჩავამ აფხაზეთი ექვსი წლის ასაკში დატოვა, მაგრამ მშობლიური მხარე ბუნდოვნად მაინც ახსოვს. იგი გალის რაიონში, მშობლიურ სოფელ მუხურში დაბრუნებაზე ოცნებობს, რადგან სჯერა, რომ ადამიანსა და იმ მიწას შორის, სადაც დაიბადა, კავშირი არსებობს: “შარშან, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო, ბავშვობა გამახსენდა. თვალწინ ჩვენი მოკლული ჯარისკაცები დამიდგნენ. მათი დედების ტირილი კარგად მახსოვს. კიდევ ვიხსენებ, როგორ მოვიდნენ ომში დაღუპული ჩემი ნათესავის დაკრძალვაზე მისი მეგობარი აფხაზები და როგორ იმღერეს რაღაც სიმღერა, რომლის სიტყვებიც მათ ტკივილზე მეტყველებდა. ისინი აშკარად თანაგვიგრძნობდნენ. ჩემ თანატოლ აფხაზებთან ურთიერთობა ახლაც მაქვს, ისინი ჩვენნაირები არიან. ვგრძნობ, რომ ჩემი ადგილი გალში, მუხურშია. ეს ჩემი ოცნებაა, რომელიც მჯერა, როდესმე ამიხდება”.
“სამხრეთის კარიბჭე” შეეცადა, აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებსაც დაკავშირებოდა, მაგრამ კონტაქტზე არ გამოვიდნენ. მათი საქციელი აფხაზმა ქალბატონმა ინგა ქეცბამ განგვიმარტა, რომელიც ომის დროს თავის ქართულ ოჯახთან ერთად დევნილად იქცა: “იქ მცხოვრებ აფხაზებთან ურთიერთობის დამყარება უკიდურესად რთულია, არიან ისეთებიც, ვინც ქართველებს საერთოდ არც ელაპარაკებიან. გაიზარდა ბავშვების თაობა, რომელთაც ქართველი მხოლოდ ტელევიზორში უნახავთ, ისიც იარაღით ხელში. ისინი დამნაშავეები არ არიან, ეს პროპაგანდაა. ცარიელი სახლები დაიტაცეს. ზოგმა 20 სახლი მიისაკუთრა და ნელ-ნელა ყიდის. ზოგიერთი საკუთარ სახლს დღემდე პატრონობს, მაგრამ მეტისმეტად ბევრი დრო გავიდა. მეუღლის სახლის შენარჩუნება ვერ შევძელით, ის უბრალოდ წაგვართვეს”.
ეროვნებით აფხაზი ინგა ქეცბა 1991 წელს ქართველზე დაქორწინდა, მათ მშობლიური მხარე ომის დაწყებისთანავე დატოვეს. ინგა აფხაზეთში დღემდე ჩადის.
“ყველაფერი ნელ-ნელა გვარდება. ვერ ვიტყვი, რომ იქ ისევ სულ ნანგრევებია. წელს ცვლილებებმა გამაოცა. რუსეთში წასული აფხაზებიც თანდათანობით უკან ბრუნდებიან. აფხაზეთში ბევრი ეთნიკური სომეხი ცხოვრობს, ჩამოდიან რუსებიც, უფრო სწორად, უძრავ ქონებას ყიდულობენ”, - ამბობს ინგა ქეცბა.
ვაან ტერიანის 125-ე იუბილე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე დაიგეგმა ტერიანის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი სტელმაშოვის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოეწყობა კონფერენციები, გამოფენები და შემოქმედებითი საღამოები. უახლოეს მომავალში კულტურის სახლში გაიმართება საღამო, სადაც პოეტის ბიოგრაფიასა და პოეტურ მემკვიდრეობას გაიხსენებენ.
სამველ ხოდიკიანის თოჯინების თეატრი ერევანში, ვაან ტერიანის სახელობის ყოველწლიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ყოველ წელს, ტერიანის დღეები, ახლაც პოეტის მშობლიურ სოფელში – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ცატარდება.
ვაან ტერიანის იუბილის სათანადოდ აღსანიშნავად ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანის ხელმძღვანელობით, საიუბილეო კომისია შეიქმნა, რომელმაც ამ წლის განმავლობაში ჩასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცა.
წელს გამოუშვებენ საფოსტო მარკასა და საიუბილეო “ლიტერატურულ გაზეთს”, დაწესდება ვაან ტერიანის სახელობის სტიპენდია, გამოიცემა ტერიანის ენციკლოპედია.
საიუბილეო კომისიამ ერევანში ვაან ტერიანის სახელობის მუზეუმის შექმნაც გადაწყვიტა.
ტერიანის დღეები ჩატარდება ორენბურგშიც, სადაც მისი ნეშტი ასვენია.
ერევანში ჯავახეთის პრობლემა კვალვ აქტუალურია
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, ეროვნული კრების დეპუტატი შირაქ ტოროსიანი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აშოტ მელქონიანი, საქართველოში დაურეგისტრირებელი პარტია “ვირქის” თანათავმჯდომარე დავით რსტაკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნორიკ კარაპეტიანი და სხვები.
სემინარზე გამომსვლელებმა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემებსა და მათი უფლებების დარღვევებზე ისაუბრეს. სემინარის ბოლოს გაჟღერდა ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების უფლებათა დაცვის კავშირის ოფიციალური მიმართვა, რომელითაც სომხეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას “საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკისგან” ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების დაცვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
“ირღვევა ჯავახეთში მცხოვრები სომხების პოლიტიკური, სამოქალაქო, ენობრივი, საგანმანათლებლო-კულტურული და რელიგიური უფლებები. ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, სასტიკად შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რის შედეგადაც სამცხე-ჯავახეთ-წალკის რეგიონი სომხების დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. პირველხარისხოვნად მივიჩნევთ:
1. დაუყოვნებლივ შეწყდეს აქტივისტების პოლიტიკური დევნა.
2. სომხურ ენას რეგიონული ენის სტატუსი მიეცეს სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში.
3. მოგვარდეს საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის სტატუსისა და სომხური ეკლესიების დაბრუნების პრობლემა”, - ვკითხულობთ მოწოდებაში.
უსახსრობის გამო ახალგაზრდა სპორტსმენები ჩემპიონატებზე ვერ მიდაინ
მანანა სარაშვილი, ახალციხე
ახალციხის ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთი) საფეხბურთო გუნდი, სადაც 1994, 96 და 97 წელს დაბადებული ბავშვები ვარჯიშობენ, არსებობის რვა წელს ითვლის. 120 ახალგაზრდა ექვს ჯგუფადაა დაყოფილი. მათ რამდენიმე მწვრთნელი ავარჯიშებთ, ერთ-ერთი გელა მაისურაძეა, რომელიც ამავდროულად სამცხე-ჯავახეთში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
გელა მაისურაძე ამბობს, რომ ანალოგიური საფეხბურთო გუნდები საქართველოს ბევრ რეგიონში არსებობს და მათგან განსხვავებით, ბევრად კარგი პირობებიც აქვთ. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ სპორტსმენები ვარჯიშს უკეთეს საფეხბურთო გუნდში ამჯობინებენ.
რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გუნდს საჩუქრად ინვენტარი გადასცა. თუმცა ამით გუნდის პრობლემები არ მოგვარებულა. მთავარი დაფინანსების საკითხია. გელა მაისურაძის თქმით, ხელმძღვანელებს თანხების მოძიება თვითონ უწევთ: “გვიხდება ხალხის შეწუხება, რომ შეჯიბრებებისთვის და ტურნირებისთვის თანხები ვინმემ გადმოგვცეს, მაგრამ ხანდახან ჩვენი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება”.
ბავშვები, რომლებიც აღნიშნულ გუნდში ვარჯიშობენ, ძირითადად პირველ საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამიტომ, მწვრთნელმა დახმარება პირველი სკოლის დირექტორსაც სთხოვა: “მითხრა, რომ იანვრის ბოლომდე მომეცადა, ახალი ბიუჯეტი დამტკიცდებოდა და მერე გადაწყვეტდა, შეძლებდა თუ არა ჩვენს დახმარებას. მას მერე არ მივსულვარ, დარწმუნებული ვარ, უარს მეტყვის”.
ფინანსების სიმწირის გამო სპორტსმენები ყოველთვიურად 10 ლარს იხდიან. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვთ.
ფუტსალის ფეხბურთელები ხშირად იღებენ მოწვევებს სხვადასხვა ჩემპიონატიდან და თამაში სხვა ქალაქებშიც უწევთ.
“ბავშვები საქართველოს პირველობაზე ყოველთვის გამყავს, შეზღუდვებით, მაგრამ მაინც. ამასწინათ, 1997 წელს დაბადებულები შოთა იამანიძის ტურნირზე მყავდა და მეორე ადგილი ავიღეთ”, - ამბობს მწვრთნელი. თუმცა აქვე დასძენს, რომ ზოგჯერ ტურნირზე უსახსრობის გამო ვერ მიდიან, - მეორე გუნდმა, რომელიც ამავე ტურნირის ფინალში გავიდა, გადამწყვეტი თამაში ვერ ითამაშა, უსახსრობის გამო თბილისში ვეღარ წავედით”.
გელა მაისურაძემ დახმარებისთვის გამგეობას მიმართა, საიდანაც დაპირება უკვე მიიღო: “20 თებერვლიდან საქართველოს ჩემპიონატი იწყება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. გამგებელი და მისი მოადგილე იმედს მაძლევენ, რომ დამეხმარებიან”.
ახალციხის გამგებლის პირველი მოადგილის ზურაბ ჯინიუზაშვილის თქმით, გამგეობა არავის დაფინანსებას არ შეჰპირებია: “გვყავს საფეხბურთო გუნდი, სადაც სკოლის ასაკის ბავშვები ვარჯიშობენ და ფეხბურთის ფედერაცია თუ რაიმე ჩემპიონატს ჩაატარებს, მხოლოდ ამ გუნდის სახელით გამოვალთ. რაც შეეხება სხვა, კერძო საფეხბურთო გუნდს, მისი დაფინანსების უფლება არ გვაქვს”.
ფუტსალის ფეხბურთელებს კი იმედი აქვთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ და კიდევ ერთ გამარჯვებას მოიპოვებენ.
უთოვლო ბაკურიანი – ცოტა დამსვენებლით
ნატალია კოპაძე, ბორჯომი
ბაკურიანში დაახლოებით 200 სასტუმროა, ამათგან ოთხი წელს გაიხსნა. ცხადია, სასტუმროებში განსხვავებული ფასებია და გაცილებით მეტი ღირს ერთი ღამის გათევა, ვიდრე კერძო ბინებში. ჩვეულებრივ ბინაში რომ გადაწყვიტოს დამსვენებელმა ღამის გათევა, ყველაზე ცოტა, დღეში 10 ლარის გადახდა მოუწევს. საოჯახო სასტუმროებში ფასები 60 ლარიდან იწყება, ევროსტანდარტების სასტუმროებში კი 60 დოლარიდან.
სასტუმრო ,,თბილისი” ბაკურიანის ცენტრში მდებარეობს. გასულ წლებში სრული დატვირთვით მუშაობდა.
“მდგომარეობა მკვეთრად 2008 წლის მოვლენების შემდეგ შეიცვალა. წელს, იანვარში, თოვლი არ მოვიდა და დამსვენებელიც მცირე რაოდენობით ჩამოვიდა”, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი ინგა გვალია.
მისივე განმარტებით, დამსვენებელთა სიმრავლე მხოლოდ 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე შეიმჩნეოდა, ამის შემდგომ კი რაოდენობამ საგრძნობლად იკლო: “სასტუმროში 70 ოთახია. ერთი ადამიანის დასვენება 3-ჯერადი კვებით 40 დოლარიდან იწყება. უცხოელი დამსვენებლებიდან წელს ჩვენთან, ისევე, როგორც მთელს ბაკურიანში, ძირითადად აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები ისვენებდნენ”.
ბაკურიანში მცხოვრები გიორგი ტაბატაძე დამსვენებელთა რაოდენობის კლებას შემდეგნაირად ხსნის: “2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ მოსახლეობას გაუჭირდა, ამას ისიც დაემატა, რომ იმ დროს როდესაც ზამთრის არდადეგები იყო, ბაკურიანში თოვლი არ მოვიდა, არადა, დამსვენებელი ძირითადად თოვლის გამო ჩამოდის”.
იმავეს ამბობს საოჯახო სასტუმრო ,,აისბერგის” დირექტორი ირინა ქუმარიტაშვილიც: “სასტუმრო 20 ადამიანზეა გათვლილი. ერთი ღამე, რაშიც კვებაც შედის, 60 ლარია. 15 იანვრამდე სასტუმროს ნომრების 80 პროცენტი დაკავებული იყო, ახლა კი თითქმის ცარიელია”.
ბაკურიანის ტურისტული სააგენტოს მენეჯერის მარიკა მაკიევას განმარტებით, 2009 წელს ბაკურიანს 45 ათასი დამსვენებლი ესტუმრა. ესენი იყვნენ: ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, უკრაინელები, რუსები, პოლონელები, გერმანელები, ამერიკელები, ესპანელები, იტალიელები და ასე შემდეგ. იგი ვარაუდობს, რომ მარტის ბოლომდე დამსვენებლების რაოდენობა მოიმატებს და გასულ წელთან შედარებით დიდი განსხვავება არ იქნება.
ბაკურიანის რწმუნებული ლევან შავკანი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ თოვლის არმოსვლის გამო ბაკურიანში საკურორტო სეზონი ჩავარდა: “სასრიალოებზე თოვლი მუდამ იყო. თუმცა იყო ხარვეზებიც იმ თვალსაზრისით, რომ ცოტა დამსვენებელი ჩამოვიდა იანვრის შუარიცხვების შემდგომ”.
მისივე თქმით, დამსვენებლების მეორე ნაწილის ჩამოსვლას ბაკურიანში 5 იანვრის შემდეგ ელოდნენ: “თუმცა უთოვლობამ ხელი შეგვიშალა. თან 2008 წლის მოვლენებსაც თუ გავითვალისწინებთ, ეს ნორმალურიცაა. გარკვეული რაოდენობით დამსვენებლები დღესაც არიან ბაკურიანში”.
დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით, რაშიც გართობის საშუალებებიც მოიზარება, 2010 წელს ბაკურიანში რამდენიმე ფესტივალი მოეწყო. ჩატარდა “ყინულის ფესტივალი”, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტმა გააკეთა ეგრეთ წოდებულ ,,კუკუშკაზე” ანიმატორები, რომლებიც ბავშვებს ართობდნენ. დაგეგმილია ბაკურიანობის დღესასწაული და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები.
ლევან შავკანის განმარტებით, ბაკურიანში ამ ეტაპზეც გრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. გასულ წელს დაიწყო წყალკანალიზაციის მშენებლობა, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა “მილენიუმმა” 14 მილიონი ლარი გამოყო.
“დაგეგმილია წრიულ გზაზე და დიდველის მიმართულებით ასფალტის დაგება; დავამატებთ გარე განათების ბოძებს; 2010 წელს დასრულდება ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟება”, - ამბობს ბაკურიანის რწმუნებული და განმარტავს, რომ გასულ წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ბაკურიანისთვის 13 550 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა ცენტრალური პარკის კეთილმოწყობას მოხმარდა. წელს კი თანხა გაორმაგდა. იგი გვარწმუნებს, რომ ეს 28 000 ლარიც პარკის კეთილმოწყობისთვისაა საჭირო, რადგან გაუმჯობესებული პარკი, ბაკურიანში გაცილებით მეტ ტურისტსა და დამსვენებელს მიიზიდავს.
მოსახლეობა და მართლმსაჯულება
გულო კოხოძე, ახალციხე
გაეროს მონაცემებით, სასამართლო ხელისუფლების ნდობის მაჩვენებლი 66 პროცენტია. გასულ წელს კი მოსახლეობის ნდობა მართლმსაჯულების მიმართ 57 პროცენტი იყო.
,,. . . ვიტყვი, რომ სრული ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ არც ჩვენთვის მისაბაძ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს. თუმცა, ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა შესაძლო რესურსის ამოქმედებას, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაზრდის მოსახლეობის ნდობას მართლმსაჯულების მიმართ”, _ ასეთი შეფასება გააკეთა კონსტანტინე კუბლაშვილმა გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის მიმოხილვისას.
“სამხრეთის კარიბჭე” შეეცადა, გაერკვია, რა მდგომარებაა ამ კუთხით ახალციხეში.
საჯარო სამსახურებში მომუშავეებმა კომენტარის მოცემისაგან თავი შეიკავეს. ,,ეგ ჩვენი კომპეტენცია არ არის”, - განაცხადეს მათ.
ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა რესპონდენტების უმრავლესობამ, რომლებსაც ამ საკითხის ირგვლივ აზრის გამოხატვა ვთხოვეთ.
გამოიკვეთა ასეთი ტენდენცია - მოსახლეობის უმეტესობა როგორც კი გებულობდა, რა საკითხზე გვსურდა კომენტარი, სასწრაფოდ თავს გვარიდებდა. ჩემ მიერ გამოკითხული 13 რესპონდენტიდან სასამართლოს მხოლოდ ერთი რესპონდენტი უცხადებს ნდობას.
- ,,როგორც სურთ, ისე ჭრიან და კერავენ ყველაფერს. გაეროს მონაცემებსაც ცვლიან და ელჩის კომენატრებსაც სათავისოდ ასხვაფერებენ”.
- ,,ვფიქრობ, რომ ჩემს აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამით არაფერი შეიცვლება”.
- ,,რა ნდობის გაზრდაზეა ლაპარაკი, როცა სანამ საქმე სასამართლომდე მივა, მოსამართლემ სხვადასხვა გზებითა და მაქინაციებით უკვე იცის, რა განაჩენი უნდა გამოიტანოს”.
- ,,ვენდობი სასამართლოს. მიმაჩნია, რომ იქ არანაირ ნაცნობობასა და ჩაწყობას ადგილი არ აქვს”.
- “არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ ყველა მოსამართლე გაყიდულია, უბრალოდ, ასეთი დრო დადგა - არ გააკეთებ და უმუშევარი დარჩები, შენ კი ოჯახი გყავს სარჩენი, ხოდა, აბიჯებ საკუთარ პრინციპებს, მაგრამ სადამდე გაძლებ, ეგ კი არ იცი”.
გაეროს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 2 800 რესპონდენტი გამოიკითხა. გამოკითხვა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტმა, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ კარგად იყო ინფორმირებული და რომელმაც ასევე გვთხოვა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, განაცხადა - ,,სწორედ ეს პირისპირ ინტერვიუს ჩაწერის მეთოდი მეჩვენება საეჭვოდ. ახლა როცა ხალხი ასეა დაშინებული, მით უმეტეს პროვინციებში, არ იტყოდა ხმამაღლა იმას, რასაც ფიქრობს. სამი ათასი კაცის გამოკითხვით საყოველთაო აზრის ჩამოყალიბება და გამოკითხვის შედეგების დადება არასერიოზულად მიმაჩნია”.
,,გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მიმართულება კორუფციის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების განსაზღვრაც გახლდათ. გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 6,7 პროცენტს სჯერა, რომ ფულის აღება ქართულ სასამართლოში ისევ ხდება. ხოლო გამოკითხული რესპონდენტების დანარჩენი ნაწილი - 65 პროცენტი თვლის, რომ მხოლოდ ერთეული მოსამართლეები შეიძლება იღებდნენ ქრთამს, და 28 პროცენტის აზრით, ფულის აღება სასამართლოებში საერთოდ აღარ ხდება,” – ვკითხულობთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
,,ნეტარ არიან მოსახლეობის იმ 28 პროცენტში შემავალნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ფულის აღება სასამართლოში საერთოდ არ ხდება”, - მითხრა ასევე ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველმა მამაკაცმა.
ბავშვები საკვირაო სკოლიდან
მანანა სარაშვილი, ადიგენი
სკოლა წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის მამა იოსების (გაჩავა) ხელმძღვანელობით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ლოცვა-კურთხევითა და გერმანული ორგანიზაციის, კავშირ “რიას” ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა. საინტეგრაციო ცენტრში სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ათი ბავშვი სწავლობს.
სკოლაში სამი პედაგოგი მუშაობს, მათგან ორი მშობელია. პედაგოგები აღნიშნულმა ორგანიზაციამ სპეციალურად გადაამზადა.
“ტრენინგები ჩაგვიტარდა თბილისშიც და ადგილზეც. ძირითადად გავიარეთ შემდეგი საკითხები - რამდენი ნაწილისაგან შედგება მთლიანი გაკვეთილი, როგორ შეიძლება მივუდგეთ შშმ ბავშვებს, როგორ უნდა შეიქმნას მათთვის ადეკვატური გარემო. ბავშვმა სრული ნდობა უნდა გამოგიცხადოს”, - ამბობს პედაგოგი და მშობელი თამარ მათოშვილი.
გერმანელების მხარდაჭერით კავშირმა “რიამ” სარეაბილიტაციო ცენტრი პირველად თბილისში გახსნა. მისი ნახვის შემდეგ გაუჩნდა მსგავსი სკოლის სოფელში გახსნის სურვილი მამა იოსებს.
“რამდენჯერმე ვიყავი მისული და წამოსვლა აღარ მინდოდა, საოცარ შედეგებს იღებენ. ამიტომ გამიჩნდა სურვილი, ასეთი სკოლა ჩემს სოფელშიც გამეხსნა, თან ვიცოდი, რომ ასეთი ბავშვები სოფელში ცხოვრობდნენ”, - ამბობს მამა იოსები.
ვიდრე სკოლის გახსნისთვის რესურსების მოძიებას დაიწყებდა, სამი სოფელი: უდე, არალი და წარბასთუმანი შემოიარა და ის ოჯახები აღრიცხა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ცხოვრობდნენ: “სწორედ ამ სოფლებიდან და ოჯახებიდან შეირჩა ეს ათი ბავშვი”.
ამის შემდეგ საკვირაო სკოლის გახსნის ბედი უკვე იმ გერმანულ ორგანიზაციას უნდა გადაეწყვიტა, რომელიც ასეთ ფონდებს აფინანსებს. თუმცა მამა იოსებმა პირველ ცდაზე დახმარება ვერ მიიღო: “ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო, ამიტომ დაფინანსებაზე უარი მივიღე, იმ მოტივით, რომ კრიზისი იყო”.
იდეის განხორციელებაზე უარი მაინც არ უთქვამს. შემთხვევით ერთ-ერთი გერმანელი წმინდანის დრამატული ისტორია წაიკითხა, შემდეგ ეს ისტორია აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წიგნის სახით მისწერა: “წმინდა ელისაბედი პროტესტანტი იყო, შემდეგ მართლმადიდებელი გახდა. იგი მოსკოვის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორის, სერგის ცოლი იყო. სერგი ბოლშევიკებმა ააფეთქეს, მისი მეუღლე ციხეში შევიდა და მკვლელს შეუნდო. ამის შემდეგ ჯერ მონაზვნად აღიკვეცა, შემდეგ იღუმენი გახდა და მართლმადიდებლური მონასტერი დაარსა. მას ისეთი დრამატული იტორია აქვს, რომ შეძრა ჩვენი გერმანელი სპონსორები და სკოლის გახსნისთვის დაფინანსებას შეგვპირდნენ”.
სკოლის ფართზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იზრუნა და სკოლას სოფელ არალის ბაგა-ბაღის რამდენიმე ოთახი დაუთმო. სარემონტო სამუშაოები მამა იოსებმა ორგანიზაციის დახმარებით შეასრულა, ჯერჯერობითYმხოლოდ ერთი, სამუშაო ოთახი და სველი წერტილებია გარემონტებული. გაზაფხულიდან სატრაპეზო ოთახისა და სამზარეულოს შეკეთება დაიწყება.
საკვირაო სკოლა ოფიციალურად 1 თებერვალს გაიხსნა. ცენტრში სხვადასხვა სირთულისა და დიაგნოზის ბავშვები დადიან. პედაგოგები თითოეული ბავშვის დასახმარებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ყველა მეთოდი მოსწავლეების ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.
ნიკა 18 წლისაა. მარჯვენა მხარე პარალიზებული აქვს. 6-7 თვის იყო, როცა ნეიროტოქსიკოზის დიაგნოზი დაუსვეს.
“ფილტვების ანთებამ ფილტვში ნახველის დაგროვება გამოიწვია, რაც შემდეგ ჩირქად გადაიქცა. ორგანიზმი მთლიანად მოეწამლა, მას შემდეგ ეტლით გადადგილდებოდა. რაც საკვირაო სკოლაში დაიწყო სიარული, ეტლი არც სკოლაში და არც სახლში აღარ გამოუყენებია. ამბობს, რომ “ასე ლამაზი არ არის”, - ამბობს ნიკას დედა თამარ გიქოშვილი და დასძენს, რომ ეს მან მამა იოსების სიყვარულით გააკეთა.
“სკოლაში ახალი დაწყებული ჰქონდა სიარული. ერთხელ ცენტრში რომ მივედი, ნიკამ დერეფანში დამინახა, უცბად წამოდგა და “მამაოს” ძახილით ჩემსკენ წამოემართა”, - იხსენებს მამა იოსები.
ნიკას მეტყველება უჭირს, თუმცა ცდილობს, ყველას საუბარში ჩაერთოს და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოს. განსაკუთრებით ეკა მასწავლებელი უყვარს. როცა იგი სხვა მოსწავლეს ეხმარება, მაშინ ნიკას გვერდით დედა უნდა ჰყავდეს, მას ხშირად კითხულობს და ამიტომ დედა სკოლაში ყოველთვის დაჰყვება.
მასწავლებლები ამბობენ, რომ გარკვეულ შედეგებს უკვე მიაღწიეს.
“ბავშვი ძალიან ენერგიული გახდა, სახლში რასაც აკეთებდა, იმაზე მეტი უნდა რომ გააკეთოს და ამას ძალიან დიდი მონდომებით ცდილობს”, - ამბობს თამარ გიქოშვილი.
საკვირაო სკოლა 11 წლის გიორგისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა. პატარა იყო, როცა ექიმებმა გენტამიცინი გაუკეთეს. წამალმა გიორგის სმენა დაუქვეითა, რის გამოც მას მეტყველებაც არ შეუძლია.
“როგორც კი გიორგი სასკოლო გახდა, ლოგოპედის კურსები გავიარე. ვასწავლი წერა-კითხვას, ელემენტარულ მათემატიკას, უკვე გამრავლების ტაბულაზე გადავედით. ძალიან მოსწონს აქაურობა და უნდა, რომ ყოველდღე იაროს”, - ამბობს გიორგის დედა მანანა ტაბატაძე, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგია.
გიორგის არ ესმის და ვერც საუბრობს, თუმცა რაც სკოლაში სიარული დაიწყო, გარკვეულ სიტყვების წარმოთქმას ცდილობს. საკლასო ოთახის კედელზე მისი ნახატებია. როცა სტუმრები ნამუშევრების დათვალიერებას იწყებენ, გიორგი მათთან დგება და ხელის დადებით ახვედრებს, რომ ავტორი თავადაა.
ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი დღეები შაბათი და კვირაა, რადგან სკოლაში მხოლოდ ამ დღეებში დადიან. შაბათ-კვირას მათი დილა წრეზე მოწყობით, მისალმებით, სიმღერითა და ფიზიკური ვარჯიშით იწყება, შემდეგ მაგიდასთან სხდებიან და რიცხვზე, თვეზე, სეზონსა და ამინდზე საუბრობენ.
შემდეგ ახალი გაკვეთილი იწყება, თაბახის ფურცლებისგან რვეულებს აკეთებენ, ფერადი ფურცლებისგან სხვადასხვა ფიგურებს ჭრიან და საკუთარ რვეულებს აფორმებენ. ასე მათი ხელის კუნთები და სახსრები უნდა გავარჯიშდეს.
სოფო ერთ-ერთია ათი მოსწავლიდან, რომელსაც სკოლის გავლენა უკვე ეტყობა - დამოუკიდებლად მუშაობას ცდილობს და ამისთვის შექებას ხშირად იმსახურებს. ყველაზე ჩუმი, სევდიანი და მორიდებულია. ბავშობიდან ეტლით გადაადგილდება და თითქმის არ ლაპარაკობს. ხანდახან თუ გაიღიმებს, ისიც მაშინ, თუ რაიმე სასიამოვნოს ეტყვი.
სოფო და ნიკა გაკვეთილზე ერთმანეთის გვერდით, ხელჩაკიდებულები სხედან. მას შემდეგ, რაც საკუთარი ეტლი ნიკამ ავტოფარეხში გამოკეტა, სოფოსაც სთხოვს, რომ იგივე გააკეთოს. თუმცა სოფოს მასთან შედარებით რთული მდგომარეობა აქვს და ამიტომ ეტლის გარეშე გადაადგილებას ჯერ ვერ ახერხებს.
საკვირაო სკოლის ბავშვებს ყველაზე მეტად ხატვის გაკვეთილი უყვართ, ხატავენ პეიზაჟებს ამბობენ, რომ კარგად გამოსდით და ამიტომ. საკლასო ოთახი მათ მიერ შესრულებული უამრავი ნახატით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიგურებით და თიხისგან გაკეთებული მძივებითაა აჭრელებული.
ბავშვებმა უფრო ხალისიანად რომ იმუშაონ, პედაგოგები ხანდახან ნაცნობ სიმღერას წაიმღერებენ. მოსწავლეები სიმღერის ტექსტიდან სიტყვებს ჩუმად და მორიდებით იმეორებენ და მასწავლებლებისგან შექებას სულმოუთქმელად ელოდებიან.
სამუშაოს დასრულების შემდეგ საკუთარ ნამუშევრებს კმაყოფილები საქაღალდეში აწყობენ, სახელსა და გვარს აწერენ და კარადაში საგულდაგულოდ ინახავენ.
სწავლის საათები მალე სრულდება, სახლში წასვლა არავის უნდა. მათი სურვილია, მეცადინეობები მთელი კვირა გრძელდებოდეს.
სტუმრად ფსიქოლოგთნ
რა არის დეპრესია, არის თუ არა დეპრესიული ფონი ქვეყანაში და როდის გვჭირდება ვიზიტი ფსიქოლოგთან, ამ და სხვა საკითხებით “სამხრეთის კარიბჭემ” ფსიქოლოგ გულიკო ბექაურს მიმართა.
გულო კოხოძე, ახალციხე
- დეპრესია მაქვს, ფსიქოლოგის დახმარება მჭირდება! - ბოლო დროს ეს ფრაზა ხშირად ისმის. რითი ახსნით ამ ფაქტს? მართლაც ასეთი დეპრესიული ფონია ქვეყანაში?
- პირველ რიგში ავხსნი რა არის დეპრესია. დეპრესია ხასიათდება განსაკუთრებულად გამოკვეთილი უარყოფითი ემოციური ფონით, ცვლილებებით მოტივაციურ-ნებელობით სფეროში და საერთო ქცევითი პასიურობით. სუბიექტურად, დეპრესიაში მყოფი ადამიანი უარყოფითი, ხშირად უაღრესად მძიმე ემოციური მდგომარეობის ტყვეობაშია. დაკარგული აქვს ცხოვრების ხალისი. ტანჯავს დათრგუნულობის შერძნება, უიმედობა, სევდა, სასოწარკვეთილება. ამ დროს საფუძვლიანად არის შეზღუდული სურვილები. მოშლილია მოტივაციური მექანიზმები. მკვეთრად არის დაქვეითებული ნებელობა –ადამიანს ძალიან უჭირს აიძულოს თავი რაიმე გააკეთოს, მით უფრო ის რაც არ სურს, მაგრამ საჭიროა. უსუსურობის გრძნობას ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე თან ერთვის პერსპექტივის უქონლობის მწვავე განცდა. ადამიანი დასუსტებულია, მალე იღლება, რაც საბოლოო ჯამში მოქმედების პროდუქტიულობის შესამჩნევ კლებას იწვევს.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩემთან უფრო და უფრო მეტი ადამიანი მოდის, ვფიქრობ, რომ პრობლემებიც მეტია და ამას ემატება ადამიანების გახსნილობა ზოგადად ფსიქოლოგიური პრობლემებისადმი, რომელიც წინა წლებში არ იყო. ბოლო წლებში ამ თვისებას, ანუ საზოგადოების გახსნილობას აქტიურად ვამჩნევ. აღარ ეთაკილებათ აღიარება, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვთ.
- ანუ დეპრესიული ფონი ყოველთვის იყო, უბრალოდ ადამიანები გახდნენ გახსნილები?
- ბოლო პერიოდში უფრო მეტად არის გახსნილი საზოგადოება. ერთის მხრივ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პრობლემებმა იმატა, მეორეს მხრივ კი საზოგადოების ცნობიერებაში მომწიფდა ის აზრი რომ ფსიქოლოგთან მისვლა და ფსიქოლგიურ პრობლემებზე დალაპარაკება უხერხულობას არ იწვევს. პირიქით, ეს გარკვეულწილდ გეხმარება პრობლემა სწორად დაინახო და სწორად გადაწყვიტო და მოაგვარო.
უფრო ხშირად მოდიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები. ბავშვები, რომლებიც არ ღებულობენ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ნორმას და არაადეკვატურად იქცევიან სკოლაში, ოჯახში სხვადასხვა დონის ურთიერთიბებში (ასეთებს ასოციალურ ბავშვებს ვეძახით). საინტერსოა ის ფაქტიც, რომ თავად ახალგაზრდებს აქვთ სურვილი, რომ დაუშვათ მივიდნენ ფსიქოლოთან. ადრე ასე არ იყო. ფსიქოლოგის ინსტიტუტის დამკვიდრება ამ ბოლო პერიიოდში აქტიურად დაიწყო.
-რა შემთხვევაში აკითხავენ, უფრო ხშირად ფსიქოლოგს?
- უმუშევრობამ, მძიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა ფონმა, ადამიანი შეიძლება ჩააგდოს რთულ დეპრესიულ მდგომარეობაში, თუ ასე წავიყვანთ საუბარს, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ვისაც სამსახური არ აქვს ყველას ნერვოზი და დეპრესია შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს ინდივიდუალურია. ვისაც შედარებით სუსტი ნერვიული სისიტემა აქვს, ის უფრო ვერ უძლებს ცხოვრებისეულ სირთულეებს და ამ შემთხვევაში უფრო მეტია რისკი იმისა, რომ ადამიანი ჩავარდეს დეპრესიაში. ასეთ პრობლემებზე რომ ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორი. რამდენად აქვს ადამიანს გენეტიკური განწყობა რომელიმე კონკრეტული პრობლემისადმი.
- რას ნიშნავს გენეტიკური ფაქტორი?
- გენეტიკური განწყობა ნიშნავს იყო თუ არა ვინმე დავუშვათ კონკრეტული ნერვული დაავადებით. მაგალითად ჩვენ გვქონდა შემთხვეა, როცა ერთი ოჯახიდან სამმა ადამიანმა მოიკლა თავი და ოჯახის მეოთხე წევრი ახლა მკურნალობის კურსს გადის, ანტიდეპრესანტების საშუალებით.
- რამდენად იმატა თვითმკვლეობის ფაქტებმა?
- ზუსტი სტატისტიკა არ მაქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადი ემოციური ფონი საზოგადოებაში მაინც არის აწეული. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა 2008 წლის ომის პერიოდმაც.
- რას ეტყოდით მათ, ვისაც უნდა ფსიქოლოგთან ვიზიტი და არ აქვს ინფორმაცია თუ სად ან ვის მიმართოს?
- რეგიონულ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით ვმუშაობ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და გავუწევთ კონსულტაციებს.
- ყოველდღიური რომ იყოს ფსიქოლოგთან შეხვედრები, სეანსები?
- ასეთი ტიპის სეანსებს არ ვატარებთ, საჭიროება კი არის, მაგრამ... არაფორმალურად ჩემს ახლობლებს, სტუდენტებს ისედაც ვეხმარები, მაგრამ რომ არსებობდეს ფსიქოლოგიური ცენტრი, კარგი იქნებოდა.
- ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში დაახლოებით რამდენი ადამიანი მოდის?
- მაგალითად, დღეს ექვს ადამიანს გავუწიეთ კონსულტაცია.
არჩევნებისთვის ჯერ არ ემზადებიან
ქალაქში წინასაარჩევნო სამზადისი ჯერ არ იგრძნობა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც არჩვენების ჩატარება სწორედ მაისში განისაზღვრება.
“პრეზიდენტი მიესალმება ოპოზიციის ჩართულობას წინასაარჩევნო პროცესში. რამდენიმე ოპოზიციურმა სუბიექტმა სურვილი გამოთქვა და მათ მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო სიების გადამოწმებაში”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
რეგიონებში პოლიტიკური ცხოვრება არჩევნებამდე რამდენიმე თვით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის კი რამდენიმე დღით ადრე ცოცხლდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე დაზუსტებულია, ქალაქში წინასაარჩევნო განწყობა ჯერ არ იგრძნობა.
“საშტაბო რეჟიმში მუშაობაზე 15 თებერვლიდან გადავალთ”, - აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.
“კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას ჯერ ოფისიც არ აქვს. “რადგან გამოცხადდა არჩვენების დღე, ოფისსაც გავხსნით”, - ამბობს “კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.
მისი თქმით, რადგან აქამდე მთელი საქართველო არჩევნების დანიშვნის მოლოდინში იყო, წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარებულია: “გარკვეულწილად უბნები დაკომპლექტებული გვაქვს, მოძიებული გვყავს კანდიდატებიც. თუმცა ჯერ მათი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ”.
“კონსერვატიული პარტიის” კანდიდატად ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი მოიზარება. “იმ პარტიებს, რომლებიც ჩვენთან ერთად მონაწილეობენ არჩევნებში, ახალციხეში წარმომადგენლები ჯერჯერობით არ ჰყავთ, მაგრამ თუ ეყოლებათ, ჩვენ შორის პრაიმერი ჩატარდება და კანდიდატის ზუსტი ვინაობა ამის შემდეგ გაირკვევა”, - ამბობს იგი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ათუნაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებიდან არჩევნებმდე არ ცხოვრობს: “პარტიაში ჩვეულებრივი მუშა პროცესია. პარტია მხოლოდ არჩევნების წინა დღეებში არ უნდა მიდიოდეს მოსახლესთან და ეკითხებოდეს მისი პრობლემების შესახებ”.
სახელისუფლებო პარტიას კანდიდატებზე “სავარაუდო მონახაზი” უკვე აქვს.
“დამკვირვებლებზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. ჯერ სიები უნდა გადამოწმდეს. ამაზე უკვე მიდის პარტიის ცენტრალურ ოფისში გეგმის შემუშავება და კონკრეტული დავალებებიც ძალიან მალე გვექნება”, - განმარტავს ათუნაშვილი.
არჩევნებისთვის მზადება არც ახალციხის საოლქო საარჩენო კომისიაში დაუწყიათ.
“დრო ძალიან ცოტაა, მით უფრო სიების დასაზუსტებლად”, - ამბობს ახალციხის საოლქო საარჩენო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო მიქაბერიძე.
სიების გადამოწმების პროცესი 15 მარტამდე უნდა დასრულდეს.
ამ ეტაპზე სიების მონიტორინგი პარტიებმა პირველი აგვისტოს მონაცემებით უნდა დაიწყონ. თუ აქამდე არჩევნების პერიოდში იქმნებოდა სპეციალური ჯგუფები, რომლებშიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციებიდან არჩეული პირებიც იყვნენ ჩართულნი, ამჯერად სიების გადამოწმებას პარტიები დამოუკიდებლად აწარმოებენ. ამ პროცესში 12 პოლიტიკური პარტიაა ჩართული და თითოეულის ანგარიშზე 10 000 ლარია დარიცხული. ამ პროცესისათვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი.
თამარ გოგოლაძის განცხადებით, საარჩევნო სიების შემოწმებისთვის დრო საკმარისი არაა: “ასე მოკლე დროში მთელი საქართველოს მასშტაბით სიების დაზუსტება შეუძლებელია. თან რამდენი ენთუზიასტი გეგულებათ ამ მშიერ საქართველოში, რომ მცირე თანხით, თუ ერთხელ სახლში არავინ დახვდათ, ერთსა და იმავე ადგილზე ათჯერ მივიდეს?!”
გასულ წელს, კარდაკარ შემოვლის პრინციპით სიების გადასამოწმებლად კაცს საშუალოდ 70-დან 100 ლარამდე უხდიდნენ.
“სიების გადასამოწმებლად სწორი მექნიზმის ამუშავება შეუძლებელია და მით უფრო ქალაქში. ეს პროცესი სოფლებში შედარებით იოლია, თუმცა სოფლებში დაშინება და მუქარაა სამაგიეროდ მეტი”, - ამბობს თამარ გოგოლაძე.
დავით ათუნაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” “პრაქტიკულად სიები გადამოწმებული აქვს”: “შარშან გვქონდა დავალება, თითოეული მოსახლე უნდა შემოგვევლო. არა მარტო სულადობა დაითვალეს, აღწერეს, ვის რამდენი საქონელი ჰყავს, რა რაოდენობის მიწა აქვს”.
ბოლო, საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში ამომრჩეველთა რაოდენობა 35 167 კაცი იყო. თამარ გოგოლაძისა და ოლეგ სანდროშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიებში ბევრი მკვდარი სული იყო.
“მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ოპოზიციაა სიების მონიტორინგში ჩართული, ცდომილებისგან დაზღვეულნი არც ახლა ვართ”, - ამბობს ოლეგ სანდროშვილი.
პარტიების მიერ სიების გადამოწმების პროცესი ხუთი თებერვლიდან ოფიციალურად გახსნილადაა გამოცხადებული. რამდენად ზუსტი იქნება ამომრჩეველთა სიები, ამჯერად ეს თანაბრადაა დამოკიდებული ხელისფლებაზეც და ოპოზიციაზეც.
ბიბლიოთეკებში ისევ პრობლემებია
ადიგენის მუნიციპალიტეტში მოქმედი ექვსი ბიბლიოთეკიდან ორი დაბა აბასთუმანში ფუნქციონირებს. მკითხველი და პრობლემები არცერთ მათგანს არ აკლია.
ნათია პარუნაშვილი, ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული 56 ბიბლიოთეკიდან ამჟამად მხოლოდ ექვსი ფუნქციონირებს: ცენტრალური და საბავშვო ადიგენში, საქალაქო და საბავშვო აბასთუმანში და თითო-თითო უდესა და არალში.
აბასთუმნის საქალაქო ბიბლიოთეკა, რომლის წიგნადი ფონდი ამჟამად 20 000-ს შეადგენს, წლების წინ რაიონის ყველაზე მდიდარ ბიბლიოთეკად ითვლებოდა. აქ არა მხოლოდ ქართული, არამედ რუსული, სომხური და აზერბაიჯანული წიგნები ინახებოდა.
ბიბლიოთეკა 1945 წელს დაარსდა. ორსართულიან შენობას, 200 კვადრატული მეტრი ფართით, წვიმისგან გაყვითლებული ჭერითა და ალაგ-ალაგ დამპალი იატაკით, ერთი შეხედვით ეტყობა, რომ დიდი ხანია, მზრუნველი ხელი არ შეხებია. ერთი გამონაკლისის გარდა - გასულ წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბიბლიოთეკის სახურავი შეაკეთა.
,,წლების განმავლობაში ოთახშიც ისევე წვიმდა, როგორც გარეთ, ამიტომ დალპა იატაკი. თანამშრომლები ვცდილობდით, როგორმე დაგვეცვა წიგნები დაზიანებისგან”, - ამბობს საქალაქო ბიბლიოთეკის თანამშრომელი მანანა ბაღდოშვილი.
აბასთუმნის ბიბლიოთეკისაგან განსხვავებით შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია სოფლების უდისა და არლის ბიბლიოთეკები. ბოლო წლებში აქ წიგნადი ფონდიც განახლდა, შერემონტდა კიდეც და კომპიუტერებითაც აღიჭურვა. ეს სიახლეები რატომღაც აბასთუმნის ბიბლიოთეკას არ შეხებია.
,,ადრე ყოველთვიურად 100-მდე წიგნი შემოდიოდა. ახლა თანხის უკმარისობის გამო წელიწადში 15-20 წიგნს გვაძლევენ. ძირითადად, ენციკლოპედიები და საცნობარო ლიტერატურაა”, - ამბობს აბასთუმნის საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე მაგული დემეტრაძე და ამატებს, რომ მკითხველი უფრო მხატვრულ ლიტერატურას ითხოვს.
ბიბლიოთეკის თანამშრომლები მცირე ანაზღაურებით მუშაობენ. მაგული დემეტრაძეს მუშაობის 24-წლიანი გამცდილება აქვს. იგი იხსენებს, რომ წლების წინ, ინფიცირებული მკითხველის მომსახურების გამო, დამატებით ხელფასის 30 პროცენტსაც აძლევდნენ. ახლა მისი ხელფასი 100 ლარია და რადგან სამსახურში სოფელ ვარხნიდან დადის, თანხის დიდი ნაწილი გზაში ეხარჯება.
აბასთუმნის საქალაქო ბიბლიოთეკის ფილიალი, საბავშვო განყოფილება, კურორტის სპეციფიკადან გამომდინარე, სხვა შენობაშია. ,,ეს ინფექციური ზონაა. აქ ტუბერკულოზით დავადებულიც შემოდის. წიგნიდან ადვილად დაავადდები. ბავშვებს მათთან კონტაქტი რომ არ ჰქონდეთ, სხვა ფართია გამოყოფილი”, - ამბობს ბიბლიოთეკის გამგე.
აბასთუმნის საბავშვო ბიბლიოთეკა ისტორიულ შენობაში მდებარეობს. იგი 1955 წლის მაისში გაიხსნა. მანამდე აქ უცხოვრია რუს ფერმწერს მიხეილ ვასილის ძე ნესტეროვს, რომელმაც აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია მოხატა.
,,აქ ყველასთვისაა წიგნები, სკოლამდელი დაწესებულების ბავშვებისგან დაწყებული, უფროსკლასელებით დამთავრებული. აბასთუმნის მცხოვრებლების გარდა ამ ბიბლიოთეკას ზაფხულში დასასვენებლად ჩამოსული ბავშვებიც აკითხავენ”, - გვიხსნის საბავშვო ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარი ნანა ბაღდოშვილი.
საბავშვო ბიბლიოთეკას 350-მდე მკითხველი ჰყავს. აქაც არა მხოლოდ ქართული, არამედ სომხური და რუსული წიგნებიცაა, დაახლოებით 17 200.
,,წიგნს ხშირად ვკითხულობ. ბოლოს წავიკითხე კონსტანტინე ლორთქიფანიძის ,,კოლხეთის ცისკარი” და შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარი”, - ამბობს აბასთუმნის ევგენი ხარაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე გვანცა ივანიძე.
,,გვაქვს ბაკურ სულაკაურის რამდენიმე გამოცემა, საბავშვო ისტორიული ლიტერატურა, საბავშვო ლოცვები, თანამედროვე ილუსტრირებული ზღაპრები”, - ამბობს ბიბლიოთეკარი პირიმზე მამუკაშვილი.
სახარბიელო მდგომარეობაში არც საბავშვო ბიბლიოთეკაა: ერთი ოთახის კედლები დაბზარულია, გამოსაცვლელია იატაკი, ჩამსხვრეულ მინებს თანამშრომლები საკუთარი სახსრებით აკეთებენ. გარდა ამისა, წლებია, საბავშვო ბიბლიოთეკა ელექტროენერგიის გარეშეა.
,,1996 წლიდან ვმუშაობ და დღემდე დენი არ გვაქვს. საბნელის გამო ბავშვებისთვის საჭირო ლიტერატურას წიგნსაცავებში სანთლის შუქზე ვეძებთ”, - გვითხრა ნანა ბაღდოშვილმა.
წლების განმავლობაში ელექტროენერგია არც საქალაქო ბიბლიოთეკაში იყო. გასულ წელს, ბიბლიოთეკარმა ზინაიდა ლობჟანიძემ ელექტროგაყვანილობა საკუთარი ძალისხმევით მოაწესრიგა. თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა. დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს თანამშრომლები ხელფასებიდან იხდიან.
დაწესებულებაში ამჟამად შემცირებული საშტატო ერთეულით მუშაობენ. საქალაქოში - სამი, საბავშვოში კი ორი თანამშრომელია. ისინი ინაწილებენ დამლაგებლისა და დარაჯის ფუნქციებსაც. ზამთარში ოთახებს პატარა შეშის ღუმელით ათბობენ.
დაბა აბასთუმანში 1200-მდე მოსახლეა. ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ დაახლოებით 670-მდე ადგილობრივი მკითხველი ჰყავთ. მიმდებარე სოფლებში ბიბლიოთეკის დახურვით კი მკითხველების რაოდენობამ გაცილებით მოიმატა.
,,მოდიან სოფლებიდან - ვარხნიდან, წახნიდან, ხარჯამიდან. ზაფხულში უფრო მეტი მკითხველია. 2009 წლის მონაცებით მათი რიცხვი 900-ს შეადგენდა”, - განმარტავს მაგული დემეტრაძე.
2006 წლის პირველი ოქტომბრიდან, ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის მიუხედავად, თანამშრომლების კეთილი ნებით აბასთუმნის ბიბლიოთეკების კარი არ დაკეტილა. ისინი ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ.
,,მკითხველები ითხოვდნენ ბიბლიოთეკების გახსნას. მათ 1000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს და ალბათ, ამანაც განაპირობა დაკეტილი ბიბლიოთეკის გახსნა”, - ამბობს მანანა ბაღდოშვილი.
“წიგნის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. რატომ აუქმებენ ბიბლიოთეკებს?! წიგნი სულიერი საზრდოა, რომელიც ახლანდელ თაობას განსაკუთრებით სჭირდება”, - გვითხრა აბასთუმნის კავშირგაბმულობის თანამშრომელმა ანა იანუსკინამ.
მკითხველთა მოზიდვისა და სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით, აბასთუმნის ბიბლიოთეკაში ხშირად ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება, მწერლების, პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეთა იუბილეები. კედლები კი აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოსულ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების, აბასთუმნის წარსულისა და დღევანდელობასთან ამსახველი ფოტოებითაა დამშვენებული. ბიბლიოთეკაში ფიქრობენ, რომ წიგნები დაკარგულ მკითხველებს, ბიბლიოთეკები კი ძველებურ ისერსახეს მალე დაიბრუნებენ.
სოფელი ქალაქში
რატომ ინახავს პირუტყვს ახალციხეში მცხოვრები მოსახლეობა; სად აქვთ გაშენებული საქონლის სადგომები და არსებობს თუ არა რაიმე ტიპის აკრძალვა საქონლის სადგომის გაშენებისას.
თამარ თოთაძე, ახალციხე
ქუჩაში მოსიარულე პირუტყვი ახალციხელებისათვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არც თუ ისე მცირეა იმ ქუჩების ჩამონათვალიც, სადაც კორპუსების ეზოები საქონლის სადგომებითაა სავსე.
ამ მხრივ განსაკუთრებით ქალაქგარე უბნები გამოირჩევა, თუმცა გამონაკლისი არც ცენტრალური ქუჩებია. კორპუსების უკან გაშენებული საქონლის სადგომები ჩვეულებრივი მოვლენაა ცხრა აპრილის, რუსთაველისა და ასპინძის ქუჩებზე.
ასპინძის ქუჩის მოსახლეობა საქონლის სადგომებიდან გატანილ ნაკელს მდინარეში ყრის ისევე, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რაც მდინარეს ორგანული ნივთიერებებით აბინძურებს.
“ასეთი დაბინძურების შედეგად მდინარეებისა და ტბების წყლებში იცვლება ჟანგბადის ბალანსი, რაც ზეგავლენას ახდენს წყლის ბიომრავალფეროვნებაზე. ასევე, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის”, - განმარტავს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე.
მიკრობიოლოგიური ორგანიზმებითა თუ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული სასმელი წყალი კი ნაწლავური და ინფექციური დაავადებების ერთ-ერთი უმთავრესი გამომწვევი მიზეზია.
“ოჯახში სამი პატარა ბავშვი გვყავს. ძროხა რომ არ გვყავდეს, ბავშვები შიმშილით დაიხოცებიან. იმდენის საშუალება არ გვაქვს, რომ რძის პროდუქტები მაღაზიაში შევიძინოთ”, - ამბობს ცხრა აპრილის ქუჩაზე მცხოვრები დიასახლისი.
საქონელს წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობაც ინახავს. სადგომები მათაც სახლებთან ახლოს აქვთ.
“დილით ფანჯარას ვერ ვაღებ, სახლში უსიამოვნო სუნი რომ არ შემოვიდეს. მართალია, უჭირს ადამიანს და ძროხა ჰყავს, მაგრამ ხომ შეიძლება, სადგომები სახლთან ახლოს არ იყოს?” - ამბობს ამ ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი.
აკრძალვა, რომლის თანახმადაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე “ნახირი” არ უნდა დადიოდეს, ჩვენს ქალაქში არ არსებობს. თუმცა ქალაქის არქიტექტორის დავით ჩაჩანიძის თქმით, არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომლის თანახმადაც საქონლის სადგომები დასახლებული ადგილისა და სავალი ნაწილისგან მოშორებით უნდა იყოს გაშენებული:
“ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საქონლის სადგომებისა და თვითნებურად შემოღობილი ბოსტნების გაშენება მიზანშეწონილი არ არის. ეს ყველაფერი უკანონოა და ახლო მომავალში ვეცდებით, რომ ყველაფერი ავიღოთ”.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი ამბობენ, რომ მოსახლეობის სოციალური პირობების გათვალისწინებით, გამგეობა ამას არ კრძალავს.
“მოსახლეობა არ ცდილობს, რომ სისუფთავე დაიცვას და ქალაქის იერსახეს გაუფრთხილდეს. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვიღაცისთვის ეს ერთი ძროხა შეიძლება შემოსავლის წყარო იყოს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი.
უკანონოდ შემოღობილი ბოსტნები და საქონლის სადგომები ქალაქის იერსახეს რომ ამახინჯებს, ამაზე არავინ დავობს. არც ისაა საკამათო, რომ ეს არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია და არაერთი ოჯახი ამით ირჩენს თავს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ასეთი ოჯახები გარკვეულ სტანდარტებს უნდა იცავდნენ და საფრთხესა და დისკომფორტს არ უქმნიდნენ მეზობლად მცხოვრებ მოსახელობას.
პრობლემები და სიახლეები მესხეთის თეატრში
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება. წელს მესხეთის თეატრში წარმოდგენებს კვლავ მოწვეული რეჟისორები დადგამენ. შესაძლოა, თეატრში გათბობის სისტემაც დამონტაჟდეს.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
ისევე როგორც გასულ წელს, მესხეთის თეატრის დაფინანსება წელსაც 150 ათას ლარს შეადგენს. თეატრის დირექტორის ლია სულუაშვილის განცხადებით, 100 ათასი ლარი ხელფასებშია გაწერილი, 50 ათასი კი სპექტაკლების დასადგმელად. წელს პროგრამული დაფინანსებით 6 პრემიერა დაიდგმება. მესხეთის თეატრის სცენაზე წარმოდგენებს რეჟისორები გიორგი შალუტაშვილი, გოგა თავაძე, კოტე აბაშიძე და ირაკლი გოგია დადგამენ.
“გარდა შალუტაშვილისა, დანარჩენი რეჟისორები ჩვენი თეატრისთვის ახალი სახეები არიან. ვიდრე დასს არ შეხვდებიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რომელი პისა შეიძლება დადგან”, - განმარტავს ლია სულუაშვილი.
რას დადგამს გიორგი შალუტაშვილი, გარკვეულია. იგი ახალციხეში საგანგებოდ მესხეთის თეატრისთვის დაწერილ პიესას ჩამოიტანს, რომელიც მიხეილ თამარაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება. პიესა ირაკლი სამსონაძემ დაწერა. წარმოდგენაზე მუშაობას რეჟისორი 15 მარტიდან დაიწყებს. მანამდე კი თეატრის შემოქმედებით დასი სპექტაკლების აღდგენითი სამუშაოებითაა დაკავებული. პარალელურად პრემიერისთვის რეპეტიციები მიმდინარეობს. ბერტოლდ ბრეხტის პიესას -”დედა კურაჟი და მისი შვილები” მესხეთის თეატრის სცენაზე ლია სულუაშვილი დგამს.
“პრემიერას მაყურებელი მაშინვე ნახავს, როგორც კი ცოტა დათბება და დარბაზში შესაძლებელი იქნება გაჩერება “, - ამბობს სულუაშვილი და დასძენს, რომ თუ თეატრის შემოსავალი საშუალებას მისცემს, სასკოლო თემაზე კიდევ ერთ პიესას დადგამს და ეს ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს” იქნება.
წელს მესხეთის თეატრი გასტროლებზე წასვლასაც გეგმავს. შემოქმედებითი დასი მარჯანიშვილისა და ბათუმის თეატრებს ესტუმრება. სულუაშვილი გასტროლებზე წასაღები სპექტაკლების შესარჩევად თეატრმცოდნეების მოწვევას აპირებს: “იმისთვის რომ უცხო მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვდგეთ, შერჩეული სპექტაკლების რეჟისორებს მოვიწვევთ და წასაღებ წარმოდგენებს განვაახლებთ”.
სულუაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დაპირებული ეროვნული დრამატურგიის ფესტივალი აუცილებად შედგება. ფესტივალი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე გაიმართება.
თეატრი ახალგაზრდა მსახიობების ნაკლებობას განიცდის. შემოქმედებით დასს განსაკუთრებით ვაჟები აკლია. ამიტომ, სულუაშვილის განმარტებით, შესაძლოა, მიმდინარე წლიდან თეატრალურ უნივერსიტეტში ახალციხელებისთვის ლიმიტები რეგულარულად დაიშვას: “ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტში უკვე განვაცხადე”.
გასულ წელს თეატრში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, კახიძის სახლეობის ფესტივალიდან შემოსული თანხით სარეპეტიციო ოთახი გარემონტდა: “ექვსი ათასამდე ლარი ოთახის გარემონტებასა და ინვენტარში დავხარჯეთ, შევიძინეთ კარადები და მაგიდები”.
სავარაუდოდ, წელს თეატრში გათბობის გაკეთება იგეგმება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ზურაბ ჯინიუზაშვილის თქმით, “ჯერ თეატრს გათბობის გაკეთებას არავინ დაპირებია”: “ეს არც თუ ისე იოლი საკითხია, ჯერ უბრალოდ ვმსჯელობთ, თუ რა ტიპის სისტემა შეიძლება დამონტაჟდეს იმისათვის, რომ შემდგომში საწვავის ხარჯის გადახდა შესაძლებელი გახდეს”.
ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში
13 თებერვალს ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის მხარდამჭერი აქციები თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან გამართული აქციის პარალელურად, საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.
შეწყდეს ჟურნალისტების დევნა! თავისუფლება სიტყვას! ერთად დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები! მხარი დავუჭიროთ ვახტანგ კომახიძეს! - ამ ლოზუნგებით ახალციხელი ჟურნალისტები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და გააპროტესტეს ვახტან კომახიძეზე ზეწოლის ფაქტები.
13 თებერვალს, დღის 3 საათზე მსგავსი აქციები გაიმართა ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში.
მასწავლებელთა პროფკავშირები აქციისთვის ემზადება
2 თებერვალს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე სამცხე-ჯავახეთის პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მანანა ღურჭუმელიძეს “სამხრეთის კარიბჭემ” რამდენიმე კითხვით მიმართა.
თამუნა უჩიძე, ახალციხე
შეხვედრა ახალციხის სამუსიკო სკოლაში გაიმართა და მას რეგიონის 300-მდე პედაგოგი ესწრებოდა. პროფკავშირების პრეზიდენტმა მასწავლებლებს დეტალურად გააცნო სერტიფიცირების დებულება და იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რასაც ეს პროცესი შეიცავს.
- პროფკავშირი უარს აცხადებს სერტიფიცირებაზე და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი განათლების სფეროში დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული, საფრთხეებში რა იგულისხმება?
- საფრთხე ძალიან დიდია. დავუშვათ, რომ მასწავლებელი ვერ გავიდეს გამოცდაზე, შემცვლელი უნდა იყოს, შემცვლელი კი, როგორც კვლევები გვიჩვენებს, არ ჰყავთ. ანუ ვინც მუშაობს, მათზე უკეთესი კადრები არ არსებობს. სარფთხე არის ის, რომ დისკრედიტაცია მოხდება ამ პროფესიის. წარმოგიდგენიათ, ახლა არ უნდათ ბავშვებს სკოლა და რა იქნება მერე, თუ იმ სკოლაში მასწავლებლები ვერ გაივლიან სერტიფიცირებას?! გამოცდაზე ჩაჭრილ მასწავლებლებთან გაკვეთილზე შევლენ?! საფრთხე არის არა მასწავლებლების, არამედ განათლების, დისკრედიტაციის.
თბილისის კლასიკური გიმნაზია ერთ-ერთი დიდი სკოლაა. აქ მხოლოდ ორ მასწავლებელს უნდა სერტიფიცირების გავლა, 51-ე სკოლაში კი სამს. მასწავლებელი მარტო საგანს ხომ არ ასწავლის? მასწავლებლი ცხოვრების წესს, ღირებულებათა ერთობლიობას ასწავლის, მასწავლებელი მართლა ყველაფერის მასწავლებელია. რატომ უნდა გაუჩინო პედაგოგებს არასრულფასოვნების შეგრძნება?! მიეცი გონივრული ვადა, მიეცი ლიტერატურა...
- ამბობთ, რომ 15 წელია, მასწავლებლებისათვის წიგნი არ გამოსულა, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში კი აცხადებენ, რომ სერტიფიცირებისათვის პედაგოგები შესაბამისი ლიტერატურით მომარაგებულნი არიან...
- არ არის ეს მართალი. მიდით მოსამართლეებთან, ადვოკატებთან, ექიმებთან... უნდა არსებობდეს ყველა ტესტი, აბსოლუტურად ყველა რომელიც შეიძლება, რომ სერტიფიცირებისას იყოს და არა სანიმუშო ტესტი. მაგალითად, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა გვაჩვენა ხუთტომეული ლიტერატურის მასწავლებლებისათვის, რომელიც ექსპერტების თქმით, პედაგოგებს ვერ დაეხმარება სათანადო ცოდნა მიიღონ. მაგრამ სახელმწიფომ ამ წიგნებისთვისაც კი ვერ გამონახა ფული, რომ თითოეული მათგანი სკოლის ბიბლიოთეკებში მისულიყო. ხუთი წიგნი ერთად 50 ლარი ღირს. ეს წიგნები უნდა იყოს ბიბლიოთეკაში, რესურსცენტრში თუ არის, მერე რა?!
- დღევანდელ შეხვედრაზე პედაგოგოგებზე ზეწოლასა და მათი უფლებების დარღვევაზე საუბრობდით, რას გულისხმობთ?
- ჩვენ თავისუფალი ორგანიზაცია ვართ. გუშინ ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები უშიშროების განყოფილებებში დაიბარეს, ზოგმა უთხრა, რომ არ მივიდოდა და არც მივიდა, მაგრამ, სამაგიეროდ, უშიშროების თანამშრომლები მივიდნენ მათთან. მართალია, ძალიან მეგობრულ და მშვიდ ტონში, მაგრამ მოითხოვეს ახსნა-განმარტებები, რატომ მოდიოდნენ დღეს ამ შეხვედრაზე. უშიშროების ორი წარმომადგენელი დღეს დარბაზში შემოსვლისასაც დაგვხვდა. აქციის შესახებ, რომელსაც ვმართავთ საქმის კურსშია ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ფაქტს გაეწევა მონიტორინგი. თუ ჩვენ საშიში ვართ საქართველოსთვის, ამ ქვეყნის საქმე უკუღმა წასულა!
- რა მოთხოვნები გექნებათ ორი მარტს დაგეგმილ აქციაზე?
- უმოკლეს დროში დაიწყოს სოციალური დიალოგი მასწავლებლების, თავიანთი წევრების სამართლებრივ-შრომით უფლებებთან დაკავშირებით; შეიცვალოს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება და მაქსიმალურად იქნეს პროცესში მასწავლებლის უფლებები გათვალისწინებული; საჯარო სკოლის პედაგოგთა მინიმალური ხელფასი გაუტოლდეს საჯარო მოხელეთა საშუალო ხელფასს და გაიცეს პედაგოგებისათვის მეცამეტე ხელფასი; შეიცვალოს საჯარო სკოლების დაფინანსებისა და მართვის არსებული პრინციპი; დადგინდეს საჯარო სკოლის დირექტორთა და ტექნიკურ პერსონალთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი და მიეცეს მათ შრომას ღირსეული ანაზღაურება; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს მიენიჭოთ საგანმანათლებლო სტატუსი.
- რა ზომებს მიმართავთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება?
- თუ მოლაპარაკებაზე წამოვლენ, ორი მარტის აქცია შეიძლება არ დაგვჭირდეს. ნამდვილად არ არის ჩვენი თვითმიზანი გაფიცვა, მაგრამ ყველა უცხოელი ელჩი გაკვირვებულია, რადგან მათ ეუბნებიან, რომ ვითომ ჩვენ კურიკულუმები არ მოგვწონს და უსაფუძვლო პრეტენზიები გვაქვს. პრეტენზიები რომ გვაქვს, ვიღაცამ უნდა მოგვისმინოს. წერილით მივმართე ყველას ვისთვისაც შეიძლებოდა რომ მიმემართა. მივწერე უშიშროების საბჭოსაც, რადგან სერტიფიცირება ქვეყნისთვის მართლაც ძალიან დიდი საფრთხეა.
ორმაგი დანაშაული
თამუნა უჩიძე, ახალციხე
ეკლესია ნინოობის დღესასწაულზე, ღამით გაძარცვეს. ამ დღეს ტაძარში მესანთლე მარიამ სამსონიძე მუშაობდა.
“საღამოს 7 საათზე, სახლში წასვლამდე, როგორც წესი ტაძრის კარები ჩავკეტე და ეზოში განათებაც ჩავრთე. დილით რომ მოვედი, შუქი გათიშული იყო. ვიფიქრე, მამა დავითი მოვიდა და იმან გათიშა-მეთქი, მაგრამ მამაო არსად ჩანდა”, - იხსენებს იგი.
მესანთლეს ტაძრის შესასვლელთან, ყუთში, ჩაწყობილი თავსაფრები გადმოყრილი დახვდა: “ეკლესიაში შეასასვლელი კარი მოხურული იყო, მაგრამ ჩაკეტილი არა. ტაძარში შესაწირი ყუთები ძირს ეყარა, ყველა ამომტვრეული და დაგლეჯილი იყო”.
შესაწირ ყუთებში თანხა აღარ იყო. მესანთლეს არც გაყიდული სეფისკვერებისა და სანთლის ფული დახვდა ადგილზე.
“46 ლარი და 25 თეთრი სეფისკვერების იყო. გვქონდა 500 ლარიც და დანარჩენი ხურდა ფული რამდენი იყო არ ვიცი. გარდა ფულისა სხვა არაფერი წაუღია, ხატები ყველა ადგილზეა”, - გვიამბობს მესანთლე.
მარიამ სამსონიძემ მომხდარის შესახებ ტაძრის წინამძღვარს იღუმენ დავით გვრიტიშვილს შეატყობინა: “პოლიციაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ განაცხადა”.
მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია გასული წლის 22 სექტემბერს გაიხსნა. ეკლესიაში მესანთლედ მუშაობა მარიამ სამსონიძეს ტაძრის გაქურდვამდე სამი დღით ადრე ჰქონდა დაწყებული. სამართალდამცავებს დამნაშავის მიგნებაში სწორედ მესანთლე დაეხმარა: “შუადღის შემდეგ ჯვრისწერა და ნათლობა იყო. ახალგაზრდა ბიჭი შევამჩნიე, მოგვიანებით სასანთლეების გაწმენდაში დახმარება შემომთავაზა. მანამდე ეს ახალგაზრდა ტაძარში არასოდეს მინახავს”.
ახალციხის შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებლებმა ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ ეჭვმიტანილი დააკავს. 1991 წლის მარტში დაბადებულმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირში მცხოვრებმა ლევანან ხუციშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
“მტკიცებულებები შეკრებილია, წარედგინა ბრალი და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. აღნიშნული დანაშაულით მას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვთა ემუქრება”, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში ეს ტაძრის გაქურდვის მეორე შემთხვევაა. გასული წლის 19 იანვარს, სოფელ წყალთბილაში ეკლესიის კუთვნილი ქონება კათოლიკური ტაძრის წინამძღვრის საცხოვრებელი ბინიდან გაიტანეს.
“ჯვარი, ოქროს ნივთები და შემოწირულობა წაიღეს. დამნაშავეს, ამავე სოფელში მცხოვრებ ხაჩატურ მარტიროსიანს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა”, - აცხადებს ვაჟა ჩიტაშვილი.
მასმედიის პრობლემები ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში
შუშან შირინიანი, ახალქალაქი
წარმოშობით აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული მარნეული და გარდაბანი გაცილებით მეტად ინტეგრირებულია ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სომხებით დასახლებული ახალქალაქი და ნინოწმინდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მარნეული და გარდაბანი გაცილებით ახლოს მდებარეობს ცენტრთან, ვიდრე ახალქალაქი და ნინოწმინდა და ცენტრთან მათი კავშირიც გაცილებით მყარია. თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ამ რეგიონებში მედიის განვითარების შესახებ. სამცხე-ჯავახეთთან შედარებით, ქვემო ქართლში მედია ნაკლებად თუ არა, მეტად მაინც არაა განვითარებული.
სამცხე-ჯავახეთში არის მედიის საშუალებები, მაგრამ არ არიან ჟურნალისტები, ქვემო ქართლში კი პირიქითაა. ქალაქ მარნეულსა და გარდაბანში ბევრი ჟურნალისტია, რომლებიც ან უმუშევრები არიან, ან დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატუსით მუშაობენ.
გასულ წელს ქვემო ქართლში დაიხურა რეგიონული გაზეთი “ტაიმერი”, რომელიც სისტემატურად გამოდიოდა. მანონი ბოკუჩავა სამი წლის წინ ამ გაზეთში მუშაობდა, ახლა დამოუკიდებელი ჟურნალისტია.
“რეგიონის ერთადერთი გაზეთი იყო, რომელიც აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე გამოდიოდა. რედაქცია რუსთავში იყო, თუმცა, გაზეთი მარნეულსა და გარდაბანშიც ვრცელდებოდა. გაზეთი დაიხურა, რადგან მენეჯმენტში გარკვეული პრობლემები იყო. არასწორად დაიგეგმა, გაზეთის დისტრიბუცია. გარდა ამისა, ხშირად იცვლებოდნენ რედაქტორები და ჟურნალისტები, ამიტომაც გაზეთი არ შედგა”, - ამბობს იგი.
ახლა მარნეულში ოთხი გაზეთი გამოდის, საიდანაც სამი რელიგიაზე და ერთი კულტურაზე აკეთებეს აქცენტეს. პოლიტიკის თემაზე მხოლოდ ერთი აზერბაიჯანული გაზეთი “რეგიონ პრესი” წერს. ეს გაზეთი თვეში სამჯერ გამოდის, თუმცა, სამომავლოდ მისი ყოველკვირეული გამოცემა იგეგმება. მარნეულში მუშაობს ასევე ტელეარხი “მარნეული ტვ”.
გაცილებით უარესი ვითარებაა გარდაბანში, რომელსაც დღეს არც ტელევიზია, არც გაზეთი და არც რადიო არ გააჩნია.
ზულფია მუსაევა დამოუკიდებელი ჟურნალისტია გარდაბანიდან. იგი მუშაობდა გარდაბნის გაზეთ “ახალ გარდაბანში”, რომელიც 2007 წელს დაიხურა. გაზეთს ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებდა.
“ახალი გარდაბანი” ორ ენაზე გამოდიოდა. გაზეთს რაიონის ბიუჯეტი აფინანსებდა და 2007 წელს გამგეობამ გაზეთის ხარჯების ანაზღაურება შეწყვიტა, და გაზეთიც დაიხურა. ხელისუფლებამ გაზეთი არასაჭიროდ მიიჩნია. ის არ იკითხებოდა და არც იყიდებოდა, მას დაწესებულებებში უფასოდ ვარიგებდით”, - იხსენებს ზულფია მუსაევა.
მედიის საშუალებების ჩამონათვალი მაინცდამაინც შთამბეჭდავი არც ჯავახეთშია. ახალქალაქში მუშაობს ტელეარხები “ატვ 12” და “ჯავახკი” და ნინოწმინდაში - ტელევიზია “ფარვანა”. მთელი რეგიონის მასშტაბით ვრცელდება მხოლოდ გაზეთი “სამხრეთის კარიბჭე”. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არის კიდევ ორი-სამი გაზეთი, რომლებიც სისტემატურად არ გამოდის და არა ინფორმაციული, არამედ უფრო მხატვრული ხასიათისაა. ნინოწმინდაში არსებულმა რადიომ მაუწყებლობა შარშან შეწყვიტა, ახალქალაქს კი რადიო უკვე დიდი ხანია აღარ აქვს.
ახალქალაქის ტელეარხ “ატვ 12-ის” დირექტორი ვალიკ ქტოიანი ფიქრობს, რომ ჯავახეთში მასმედიის არაეფექტური მუშაობის მიზეზი ფინანსების უკმარისობაა: “პრობლემა ისაა, რომ არ არის რეკლამები. ქალაქში მხოლოდ მაღაზიებია, რომელთაც რეკლამა არ სჭირდება, უნდა იყოს წარმოება, რათა მან რეკლამაში ფული გადაიხადოს. ტელეარხი “ჯავახკი” საინფორმაციო არხი არ არის, მათ მხოლოდ ნეკროლოგები და რეტრანსლაცია აქვთ. ჩვენ ძალიან გვეხმარება “რეგიონ ტვ”, რომელიც რეგიონს ინფორმაციას რუსულ ენაზე აწვდის, ეს ენა კი მოსახლეობის უმრავლესობამ ქართულზე უკეთ იცის. საჭიროა მეტი გაზეთის არსებობა, რადგან რაც მეტია გაზეთი, მით მეტია აზრიც. გაზეთები ბევრ თემაზე და ჩვენს ყველა ყოველდღიურ საკითხზე უნდა წერდნენ, ხალხს ყველაფერი აინტერესებს, რაც მათ ქალაქსა და რეგიონში ხდება. ასევე უნდა იწერებოდეს სამართალდამცავი ორგანოების შესახებ. ისინი კი ჩვენ ინფორმაციას არ გვაძლევენ. გარდა ამისა, ძალიან ცოტა პროფესიონალი ჟურნალისტი გვყავს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ სომხეთში განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდები უკან აღარ ბრუნდებიან”.
ორი რეგიონის პრესაზე დაკვირვება შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.
“სამცხე-ჯავახეთში მასმედია უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ქვემო ქართლში. ამ უკანასკნელის ადგილობრივმა პრესამ ისეთი სირთულეები განიცადა, რომ ერთადერთი გაზეთი “ტაიმერიც” კი დაიხურა. ქვემო ქართლმა ამით თავისი უკანასკნელი “გამძლე” გაზეთი დაკარგა. რაც შეეხება “სამხრეთის კარიბჭეს”, ფაქტები მეტყველებს, რომ მან ყველა პრობლემას მედგრად გაუძლო. ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, რომელსაც ზეწოლის განხორციელება შეუძლია, ალბათ ბევრი რამ თავად მენეჯერებსა და ჟურნალისტებზე იყო დამოკიდებული. ამ ყველაფერს “სამხრეთის კარიბჭემ” წარმატებულად გაართვა თავი და ამიტომაც გადარჩა”, - ამბობს კავკასიის ჟურნალისტთა ქსელის დირექტორი პაატა გურგენიძე.
ქვემო ქართლის ჟურნალისტები ახალი მედია საშუალების შექმნას გეგმავენ.
“ჩვენი მიზანია ჟურნალისტებს შევუქმნათ ადგილი, სადაც ისინი მუშაობასა და სიტყვის თავისუფლების განვითარებას შეძლებენ”, - ამბობს მანონი ბოკუჩავა.
აუთვისებელი რესურსი
არსებობს თუ არა ჯავახეთში ტურიზმის განვითარების პოტენციალი “სამხრეთის კარიბჭე” მწერალს, გიდს, ჟურნალისტს, ფოტოგრაფსა და მოგზაურს არჩილ ქიქოძეს ესაუბრა.
ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი
- რამდენიმე პროფესია გაქვთ. რომელია ყველაზე ახლობელი თქვენთვის?
- ბევრ რამეს ვაკეთებ. მუდმივი სამუშაო არ მაქვს და სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რადგან ერთფეროვნება მბეზრდება. ამ კითხვაზე კი გიპასუხებთ, რომ პირველ რიგში, მწერალი ვარ. ვწერ და ვაქვეყნებ მოთხრობებს. პროფესიონალური ფოტოგრაფიით 17 წლიდან ვარ დაკავებული. საყვარელი თემატიკაა ეთნოგრაფია, ჩემი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეები, პეიზაჟები და ველური ცხოველები. ქალაქს არასდროს ვიღებ, არ არის საინტერესო.
- რის ხარჯზე შეძლებს საქართველო ტურიზმის განვითარებას?
- ქვეყანამ უკვე მრავალჯერ განაცხადა ოფიციალურად, რომ ტურიზმი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე იდგმება. მრავალი წელია, გარკვეულწილად მეც ამ სფეროში ვმუშაობ, კერძოდ, ვარ გიდი, ტურისტებს თავადაც ვპოულობ და ზოგიერთ კომპანიასაც ვემსახურები. ტურისტები მთებში, უღელტეხილებზე დამყავს და ეს ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა. მე ფრინველებითაც ვარ გატაცებული, ტურისტებიც ჩამოდიან და ფრინველებსა და ბუდეებს ათვალიერებენ. ეს სწორედ ისაა, რაც დასავლეთიდან ჩამოსულ ხალხს ჩვენს ქვეყანაში აინტერესებს. საქართველო მომხიბლავია თავისი მრავალფეროვნებით და ლანდშაფტებით. ქვეყანაში არის ადგილები, რომელთაც გლობალიზაცია ჯერ არ შეხებია.
უნდა გავითვალისწინოთ ერთი მომენტი – საქართველოში ახალგაზრდები ხშირად არ ჩამოდიან, აქ სტუდენტური ტურიზმი განვითარებული არ არის. ჩვენი ქვეყანა ახალგაზრდა ტურისტებისათვის მაინც საკმაოდ ძვირი ქვეყანაა. მათ შეუძლიათ ნეპალში წავიდნენ, სადაც მთებიც მაღალია და სამჯერ იაფიცაა.
- ხომ ვერ გაიხსენებდით რაიმე საინტერესო შემთხვევას გიდად მუშაობის გამოცდილებიდან?
იანვარში ამერიკიდან ჩამოსული სტუდენტების ჯგუფი მყავდა – მოხალისეები, რომლებიც ყოველ იანვარს ჩამოდიან. მათ ექსკურსია სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე დავით გარეჯის მონასტერში მოვუწყვე. სტუდენტებს ძალიან გაუკვირდათ და შემდეგ ბევრს ლაპარაკობდნენ, მუდმივად ყვებოდნენ რომ ნახეს ქურთი მეცხვარე, რომელსაც მესამე თაობის მობილური ტელეფონი ჰქონდა.
- როგორია ტურიზმის განვითარების პოტენციალი ჯავახეთში?
პოტენციალი არის. ჯავახეთში ძალიან საინტერესო ფლორა და ფაუნაა. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ვარხვები იბუდებენ. ამის სანახავად ჩამოსვლა ბევრ ადამიანს მოუნდება. დიდი პოტენციალი აქვს საცხენოსნო ტურიზმს, რადგან ეს იდეალური ადგილია. ჯავახეთი ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც ტბებია. პოტენციალი აქვს ველოტურიზმსაც. ტურისტები აქ სამთო ტურიზმისთვის არ ჩამოვლენ და კავკასიონის ქედზე წასვლას ამჯობინებენ. ტურიზმის ძალიან საინტერესო სფეროა სასოფლო-სამეურნეო ტურიზმი, მაგრამ ამაზე რატომღაც ჯერ არავინ ფიქრობს. ხალხი უამრავ ფულს იხდის, რათა გლეხებს შორის იცხოვროს და ახალი ყველით, რძითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით იკვებოს. ყველაზე პრიორიტეტულად ეკო ტურიზმს მივიჩნევ. შესაძლებელია, ეთნოგრაფიული ტურიზმიც. თუმცა გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ მთელი მხარე ტურიზმის ხარჯზე იცხოვრებს. ტურიზმით შემოსავალს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც მოხერხებულობას გამოიჩენენ და ამ მომგებიან საქმეს პირველები წამოიწყებენ.
- რეალურია თუ არა ჯავახეთში ერთდროულად რამდენიმე სახის ტურიზმის განვითარება და რა არის ამისათვის აუცილებელი?
რატომაც არა, ეს სავსებით რეალურია. აუცილებელია ინფრასტურქტურა. ზოგჯერ მთავრობაში ფიქრობენ, რომ ზღვასთან უზარმაზარ სასტუმროს ააგებენ და ამით ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა დასრულდება. ეს ასე არ არის. სიმართლე რომ ვთქვათ, ზოგჯერ გზებიც კი არაა საჭირო. არის ტურიზმის ასეთი სახეობა – უგზოობაში სიარული. გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ თუ კარგი გზატკეცილები გვექნება, ტურიზმიც აუცილებლად განვითარდება. ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად საჭიროა რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება, რაც სხვაგან არ არის. ოცადგილიანი სასტუმროს წამოჭიმვა აუცილებელი არაა. საკმარისია ოჯახი და უბრალო სახლი, სადაც ელემენტარული პირობები იქნება, კომფორტით ახლა უკვე ვეღარავის გააკვირვებ.
- რა ფინანსები დასჭირდება აქ ტურიზმის განვითარებას?
თუ აქ ეროვნული პარკი გაიხსნება, გარკვეული ფინანსები უკვე იქნება, რადგან ყველგან ასე ხდება. მაგალითად, თუშეთში ეროვნული პარკი გაიხსნა, რაც, თავისთავად კარგი მოვლენაა. ეროვნული პარკების გახსნის ფაქტიც კი უკვე მიანიშნებს, რომ ეს სფერო საინტერესო ხდება და ადგილი გზამკვლევებშიც მოხვდება. არის ადგილები, მათ შორისაა ჯავახეთიც, რომლებიც ტურისტული მარშრუტების მიღმა რჩება. თუ გზები გარემონტდება, გაიხსნება მთელი ტურისტული წრე, მესხეთისა და წალკის ჩათვლით. წრე ყოველთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთი მიმართულებით მოძრაობა.