კანონდარღვევა სკოლაში

დირექტორს ყალბი ატესტატების გაცემა ბრალდება

ვალის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნანა ბაღდოშვილს კომერციულ მოსყიდვაში ადანაშაულებენ. მას გირაოს სახით აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდა.

დირექტორის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით - “კომერციული მოსყიდვა”. სისხლის სამართლის პასუხისგებაში ნანა ბაღდოშვილი 2009 წლის 3 დეკემბერს მისცეს. 

“აღმკვეთი ღონისძიების უზრუნველსაყოფად 20 დღე განესაზღვრა. სამი ათასი ლარი ან რესპუბლიკის მთავარი პროკურატურის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა, ან უძრავი ქონება უნდა ჩაედო ფულის ნაცვლად. მიწა ჩავდეთ, უკვე დაედო ყადაღა”, - გვიხსნის ნანა ბაღდოშვილის ადვოკატი ივანე ტატალაშვილი. 

ნანა ბაღდოშვილი 1972 წლის ივლისში დაიბადა. საშუალო განათლება 1979-1989 წლებში ქალაქ ვალის პირველ სკოლაში მიიღო. 1992-1997 წლებში მესხეთის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1989 წლიდან ახალციხის რაიონის სოფელ წინუბნის საშუალო სკოლაში მუშაობდა. 1997 წლიდან ქალაქ ვალის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 2005 წლიდან ამავე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2007 წლის პირველი ივლისიდან კი დანიშნული დირექტორი. 

დირექტორის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ, მათემატიკის მასწავლებელმა ირა გოგილაშვილმა შეიტანა. ბრალდებული კოლეგის ამგვარ საქციელს პირადი ანგარიშსწორებით ხსნის: “მას თავად უნდოდა სკოლის დირექტორობა”.

პედაგოგებს შორის დაძაბულობა ხუთი წლის წინ დაიწყო. მაშინ სკოლის დირექტორი პენსიაზე გადიოდა. მასწავლებლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფარული კენჭისყრით უნდა შეერჩიათ. არჩევანი ორ კანდიდატს, გოგილაშვილსა და ბაღდოშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ. 

“რვა ხმით ვაჯობე, ამან გოგილაშვილი ძალიან გააღიზიანა. ცუდი სიტყვებით მიმართა მაშინ განათლების განყოფილების უფროსს გიორგი ზედგინიძეს”, - გვიამბობს ნანა ბაღდოშვილი.
სხვაგვარად იხსენებს ამ ფაქტს ირა გოგილაშვილი: “სამასწავლებლოში მარტო იჯდა გიორგი ზედგინიძე, მასთან პედაგოგები სათითაოდ შედიოდნენ და ეუბნებოდნენ, ვის უჭერდნენ მხარს. ხმები არავის დაუთვლია, თუ კენჭისყრა იყო, ეს ორ პიროვნებას ხომ მაინც უნდა გაეკეთებინა? მაშინვე ვუთხარი გიორგის, რომ მან არჩევანი გარეგნული ნიშნებით გააკეთა”. 

ორი წლის შემდეგ ნანა ბაღდოშვილმა სკოლის დირექტორების შესარჩევ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა. გასაუბრებაც წარმატებით ჩააბარა და ლოტოტრონით პირველი საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა. ბაღდოშვილის თქმით, მის მიმართ გოგილაშვილის განწყობა არც ამის შემდეგ შეცვლილა: “პირიქით, უფრო ვერ აიტანა ჩემი ბოლომდე გამარჯვება. არადა, როცა გამოცდების ჩასაბარებლად მივდიოდი, სკოლაში გამოვაცხადე, რომ ჩემთან ერთად ბედის ცდა ნებისმიერ მსურველს შეეძლო”. 

ირა გოგილაშვილი ამბობს, რომ პიროვნულად ნანა ბაღდოშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა როგორც სასწავლო ნაწილის გამგე დირექტორს სკოლის მართვასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში არ ეთანხმება.

“ფინანსები არასწორად ჰქონდა გათვლილი”, - აცხადებს ირა გოგილაშვილი და დასძენს, რომ ბაღდოშვილს თანამშრომლების გარკევული ნაწილი სასათბურე პირობებში ჰყავდა. იგი პედაგოგებს სავალდებულო ბადის გარეშე საათებს უფინანსებდა: “მართალია ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს. ბაღდოშვილი ამას კოლექტივში მხარდაჭერის მოპოვების მიზნით აკეთებდა. ამიტომ 265 ათასიანი ბიუჯეტი მხოლოდ ხელფასებში იხარჯებოდა და სკოლისთვის სხვა არაფერი კეთდებოდა”.

სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ დირექტორსა და სასწავლო ნაწილის გამგეს შორის დაძაბულობა არასდროს შეუმჩნევიათ.

“მათი დაპირისპირების მოწმე არავინ ვყოფილვართ, შეწყობილად მუშაობდნენ, ყველაფერს ერთმანეთს უთანხმებდნენ. 32 წელია აქ ვმუშაობ და ასეთი რამ არ მომხდარა”, - ამბობს ლაბორანტი ლიანა ჩიტაძე.

დირექტორსა და სასწავლო ნაწილის გამგეს შორის დაძაბულობამ პიკს ნოემბრის ბოლოს მიაღწია – ნანა ბაღდოშვილმა ირა გოგილაშვილს თანამდებობა დაატოვებინა.

“მოიწვია პედსაბჭო, ხუთი-ექვსი მიზეზი წაიკითხა. მაგალითად ერთი ასეთი იყო, თითქოს მე არ გავუწიე ორგანიზება, რომ დაჩეხილი შეშა მოსწავლეებს საკლასო ოთახებში შეეტანათ და იქვე მიაყოლა, რომ თანამდებობიდან მათავისუფლებდა”, - ამბობს ირა გოგილაშვილი.

სასწავლო ნაწილის გამგემ მომხდარის შესახებ რაიონულ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და თანამდებობაზე აღადგინა, თუმცა სამართალდამცავებს ვალის პირველ საჯარო სკოლაში საგამოძიებო საქმიანობა ამით არ დაუსრულებიათ. გოგილაშვილმა ბაღდოშვილი ყალბი ატესტატების დამზადებასა და გაცემაში ამხილა. 

“არ მინდოდა უნებლიედ უკანონობის თანამონაწილე ვყოფილიყავი. რადგან არანაირი დოკუმენტაცია არ მქონდა ნანახი, სარჩელში აღვნიშნე, რომ ამას ვვარაუდობდი და სიმართლის დადგენას ვითხოვდი”, - ამბობს ირა გოგილაშვილი.

მისი თქმით, ყოველი წლის ბოლოს კეთდება სახელობითი სია, სადაც თითოეული დამრიგებელი თავისი ხელით წერს მოსწავლეების სახელებსა და გვარებს: “35 მოსწავლე გვყავდა. სექტემბერში სკოლაში დაბრუნებულებს კი ბაღდოშვილმა სიამაყით განგვიცხადა, რომ მან 40 ატესტატი გასცა”.

ბრალდებულის ადვოკატის ივანე ტატალაშვილის განმარტებით, ნანა ბაღდოშვილმა მისი ყოფილი მოსწავლის ზეზვა ფეიქრიშვილის შუამდგომლობით, ცხინვალიდან დევნილ თამარ და ბაკურ კოშუაშვილებს ყალბი ატესტატები გაუკეთა: “ამისთვის ფეიქრიშვილმა ბაღდოშვილს მისი დის, ქეთევან პარუნაშვილის სახელზე სახლხო ბანკში 500 ლარი ჩაურიცხა”. 

ბაღდოშვილის განცხადებით, მან ფეიქრიშვილისგან 500 ლარი ნამდვილად აიღო, მაგრამ არა ატესტატებისთვის: “ვალი ჰქონდა და დამიბრუნა, არაფერ შუაშია ატესტატები. უბრალოდ დაემთხვა, რომ ბავშვები ვისთვისაც ატესტატები გავაკეთე, მისგან მოდიოდნენ. სკოლას ორი ვაუჩერი შევმატე, ამ თანხით კი მთელმა ჩემმა კოლექტივმა ისარგებლა”. 

ადვოკატის განცხადებით, ბაღდოშვილს ის ფაქტი, რომ ფეიქრიშვილმა 500 ლარი ვალის გაქვითვის მიზნით მისცა, არცერთ ჩვენებაში არ დაუფიქსირებია: “ეს მას არც მოწმის, არც ეჭვმიტანილის და არც ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს უთქვამს. მაგრამ ფეიქრიშვილი ადასტურებს, რომ ეს თანხა ნამდვილად ატესტატებისთვის გადაიხადა”. 

საქმეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამასახური იძიებს. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის ვაჟა ჩიტაშვილის განცხადებით, გამოძიება დასრულების პირასაა. საქმე უახლოეს დღეებში სასამართლოს გადაეცემა: “თუ ბრალდებული და მისი ადვოკატი აღძრავენ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების შესახებ და მათი პირობები ჩვენთვის მისაღები იქნება, დავდებთ საპროცესო შეთანხმებას. ასეთი შუამდგომლობით ჯერ ადვოკატს ჩვენთვის არ მოუმართავს. თუ არც მოგვმართავს, მაშინ საქმის განხილვა სასამართლოში დაიწყება”.

თამუნა უჩიძე, ვალე

მოსავალი გაიზარდა, რეალიზაცია შემცირდა

მოსახლეობას კარტოფილი გასაყიდი დარჩა

გასულ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 250 ათასი ტონა კარტოფილის მოსავალი მიიღეს, რაც 150 ათასი ტონით მეტია წინა წლის მოსვალზე. თუმცა, სოფლის მცხოვრებლების თქმით, გაზრდილი მოსავალი მათ შემოსავლებზე არ ასახულა.

გასულ წელს ფერმერები და ექსპერტები, ვარაუდობდნენ, რომ ვირუსების, ხანგრძლივი წვიმებისა და სექტემბერში ნაადრევი ყინვების გამო კარტოფილის ცუდი მოსავალი იქნებოდა. თუმცა შედეგები საპირისპირო იყო _ კარტოფილის მოსავლის მაჩვენებელმა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წინა წლის მონაცემს ერთნახევარჯერ გადააჭარბა. მომსახლეობა ამბობს, რომ ასეთ მოსავალს არ ელოდა, ამიტომ რეალიზაციისთვის მზად არ იყვო: “კარტოფილს ვერც ვინახავთ და ვერც ვყიდით”. 

ყველა სოფელში თითქმის ერთნაირი მდგომარეობაა. მყიდველები მოსავლის აღების დროს ჩამოვიდნენ და კილოგრამ კარტოფილში ფერმერებს 35-45 თეთრი შესთავაზეს. ფერმერებმა ეს თანხა საკმარისად არ მიიჩნიეს და სამომავლო გაძვირების იმედით, ბევრმა არ გაყიდა. შემდეგ კი 40 თეთრად მყიდველებიც აღარ გამოჩნდნენ. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევნის მცხოვრებმა ვარაზდატ მელიქიანმა ცხრა ტონა მოსავალი მიიღო: “თავიდან 43 თეთრად იყიდებოდა. ხალხი იძულებული იყო, დაბალ ფასზე დათანხმებულიყო, რათა ტრაქტორის ხარჯი აენაზღაურებინა. შარშან მოსავალი მცირე იყო, სამაგიეროდ ძვირი ღირდა, წელს პირიქითაა, კარტოფილი ბევრია და იაფი. რატომღაც, კარტოფილის ფასი არ იმატებს”.

გასული წლის დეკემბრიდან თურქეთიდან და სომხეთიდან კარტოფილი ქვეყანაში თითქოს აღარ შემოდის, მაგრამ, სოფლის მცხოვრებთა თქმით, მათ პროდუქციაზე მოთხოვნა მაინც არ გაზრდილა.

სოფელ დადეშის მკვიდრი არტურ აკოფიანი ნანობს, რომ კარტოფილი ადრე არ გაყიდა, რადგან ახლა მყიდველები აღარ არიან: “წელს ხორბალიც დავთესე, მაგრამ წვიმებმა გააფუჭა. 0,8 ჰექტარიდან 200 კილოგრამი ხორბალი ავიღე და ვიზარალე. კარტოფილი კი 0,5 ჰექტარზე დავთესე და 5 ტონა მოვიდა. მყიდველები იყვნენ ჩამოსული და კილოგრამში 33 თეთრს მთავაზობდნენ. მაშინ არ გავყიდე, ახლა კი 33 თეთრიც რომ მომცენ, აუცილებლად გავყიდი, რადგან ფული მჭირდება. თბილისში წაღებული კარტოფილის ნახევარი ხალხმა ისევ უკან ჩამოიტანა, რადგან, მათი თქმით, ნორმალურ ფასს იქაც არ სთავაზობენ”.

ბევრი კარტოფილს სხვა პროდუქტებში ცვლის, თუმცა ეს მათთვის ხშირად წამგებიანია.

სოფელ სულდას მცხოვრებმა არმენ ტოროიანმა 0,50 ჰექტარზე ექვსი ტონა მოსავალი მიიღო. 

“ცოტა სხვა პროდუქტებში გავცვალე, მაგრამ ეს წამგებიანია. ასე ძალიან ძვირის გადახდა გვიწევს. კარტოფილის მყიდველები იშვიათად მოდიან და ისინიც ისე ცოტას მთავაზობენ, რომ არ ვყიდი. ერთ კილოგრამ კარტოფილში 35 თეთრი ძალიან ცოტაა. ჩემი თანასოფლელების ნაწილმა კარტოფილი თბილისში წაიღო და იქაც სულ რაღაც 40 თეთრი შესთავაზეს. უკვე მეორე კვირაა, გაყიდვას ვერ ახერხებენ”, - ამბობს არმენ ტოროიანი. 

შუშან შირინიანი, ახალქალაქი

სახალხო დამცველი - საჩივრები და რეკომენდაციები

როგორ მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, რა საკითხებით მიმართავენ და რამდენად ხშირია საჩივრები სამცხე-ჯავახეთიდან. 
“სამხრეთის კარიბჭე” საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს თათა ხუნწარიას ესაუბრა.
 

- მოსახლოების ნაწილმა არ იცის სახალხო დამცველის ფუნქცია და არ იცის როდის უნდა მიმართონ მას. თუ შეიძლება მოკლედ ამის შესახებ.

- ომბუცმენს პარლამენტი ხუთი წლის ვადით ირჩევს. მისი ძირითადი სამუშაო ზედამხედველობის, კონტროლის განხორციელებაა. ომბუცმენი აბსოლუტურად თავისუფალი ფიგურაა. მას, ფაქტობრივად, ქვეყანაში არსებული ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს გაკონტროლება შეუძლია. ომბუცმენი არავისზეა დამოკიდებული. იგი წელიწადში ორჯერ, მარტსა და ოქტომბერში, მოხსენებას აკეთებს. მთელ საქართველოში სახალხო დამცველის ექვსი რეგიონული ოფისი მუშაობს – სამი დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი), ახლახანს გახსნილი შიდა ქართლის ოფისი (გორი), ასევე, სამცხე-ჯავახეთში (ახალქალაქი) და ქვემო ქართლში (მარნეული).

- რა პროცენტით სრულდება თქვენი რეკომენდაციები? 

- ჩვენი რეკომენდაციების შესრულების პროცენტი გასულ წელს საკმაოდ დაბალი – 11 პროცენტი იყო. წელს კი, ვნახოთ. 

- რა საკითხებით მიმართავენ ომბუცმენს? 

- ძირითადად, ჩვენთან სოციალური პრობლემებით მოდიან. ძალიან ხშირად მოგვმართავენ მსჯავრდებულები. ჩვენი მონიტორინგის დეპარტამენტი პატიმრებთან სერიოზულ სამუშაოს ატარებს. ხშირად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც მოდიან. ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გვაქვს ბავშვების უფლებათა დაცვის საქმეები. ძირითადად, ესაა სოციალური და პოლიტიკური სამართალდარღვევები. თუმცა მე პირველ ადგილზე სოციალურ სამართალდარღვევებს დავაყენებდი. 
ჩვენთან შემოსული საჩივრების გარკვეული პროცენტი არ განიხილება, რადგან აღნიშნული საკითხები ჩვენი მანდატის ფარგლებს სცდება. მაგალითად, თუ მეზობლებს შორის არსებული დავის თაობაზე მოგვმართავენ, სამწუხაროდ, იძულებული გავხდებით, საჩივრის განხილვაზე უარი ვთქვათ. თუმცა ასეთი საჩივრები ცოტაა, რადგან ცენტრში ინფორმირებულობის დონე, ასე თუ ისე, მაღალია. რაც შეეხება რეგიონებს, აქ, რასაკვირველია, ამ კუთხით უარესი სიტუაციაა, თუმცა, მსგავსი საჩივრები ძირითადად ხანშიშესულ ადამიანებს მოაქვთ, რომელთაც ინფორმაციის მიღების ნაკლები საშუალება გააჩნიათ. მათთან ყველაფრის განმარტება თავად გვიწევს. 
ასევე, არის სიტყვის თავისუფლების უფლების დარღვევის შემთხვევებიც. დემონსტრაციის, მიტინგების გამართვის უფლების შელახვა და ა.შ. განვიხილავთ იმ ადამიანების საჩივრებსაც, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ასეთი ტიპის საჩივრებიც საკმაოდ ცოტაა. 

- რამდენად ხშირად იღებთ საჩივრებს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისგან? 

- არც ისე ხშირად, თუმცა, მოგვმართავენ როგორც ეროვნული, ისე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები. ძირითადად, საკითხები სადავო მიწებსა და ეკლესიებს ეხება. ასეთი ტიპის უფლებების დარღვევის საჩივრები, ძირითადად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ეკუთვნით. 

- რითი ახსნით საჩივრების სიმცირეს სამცხე-ჯავახეთიდან? 

- მოსახლეობის გაუბედაობის საკითხი ძალიან სერიოზულია. სედა მელქუმიანთან ამ თემაზე მისაუბრია და მისგანაც და სხვა ადამიანებისგანაც გამიგია, რაც ძალიან მაკვირვებს, რადგან ეს პრობლემას არ წარმოადგენს არც ერთ სხვა რეგიონში და არც ცენტრალურ ოფისში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა წარმომადგენელმა სედა მელქუმიანმა იცის და იგი ყველა მომსვლელს განუმარტავს, რომ საჩივარი შეიძლება იყოს კონფიდენციალური. თუ საჩივარზე წერია, რომ ის კონფიდენციალურია, სახალხო დამცველი ამ ადამიანის ვინაობას არავითარ სიტუაციასა და პირობებში არ გაამჟღავნებს. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე აღწევს. მე გაკვირვებული ვარ, ჯერ კიდევ რატომ არსებობს ეს პრობლემა. 

 ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი

ახალი წელი ძველი პრობლემებით

ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმის ოფისში ომბუცმენის აპარატის წარმომადგენლები ახალქალაქისა და ნინოწმინდის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ჯავახეთის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა - ენის საკითხი, საკუთარი უფლებებისა და კანონების არცოდნა, ძვირი სასკოლო სახელმძღვანელოები და სამედიცინო მომსახურების სიძვირე. 

“ჩვენ გვინდა, სომხურ ენას რეგიონული ენის სტატუსი მიეცეს. უკვე ხუთი წელია, ჩვენი კავშირი ხელისუფლებისგან ამას მოითხოვს. მაგრამ წერილებზე პასუხი არასდროს მიგვიღია. გვიპასუხონ მაინც, თუნდაც ეს პასუხი უარყოფითი იყოს. ეს ხომ ადამიანის უფლებების დარღვევაა”, - ამბობს ჯავახეთის ინტელიგენტთა კავშირის თავმჯდომარე აზად შიბაქციანი. 

თუმცა, ირკვევა, რომ პრობლემატური არა მხოლოდ სახელმწიფო ენის შესწავლაა. 

“ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ენობრივი ბარიერია, სომხური ენაც კი სერიოზულ დახმარებას საჭიროებს. სომხური ენის პედაგოგები არ გვყავს. არ არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვებს სომხურ ენას სწორად ასწავლიან. თუ ბავშვმა მშობლიური ენაც კი არ იცის კარგად, სახელმწიფო ენა როგორღა უნდა ისწავლოს? მოდით, შევქმნათ სომხურ-ქართული ფაკულტეტი, სადაც ქართული და სომხური ენის კარგ პედაგოგებს მოამზადებენ”, - ამბობს ჯავახეთის სამოქალაქო ფორუმის თავმჯდომარე მიშა კოლიკიდი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომისტები და იურისტები რეფორმებისათვის” წარმომადგენლის სმბატ ხოდიკიანის თქმით, კანონების არცოდნა მოსახლეობას ხშირად წამგებიან მდგომარეობაში აყენებს, სკოლებში სწავლება კი, ნორმალური სახელმძღვანელოების არქონის გამო, სათანადო დონეზე ვერ მიმდინარეობს. 

“ჩვენ კანონები არ ვიცით და თუ ადამიანმა კანონი არ იცის, საკუთარ უფლებებს როგორ დაიცავს? ყველა კანონი ქართულ ენაზეა. საქართველოს კოდექსის სანდო და ნორმალური თარგმანი კი არ არსებობს. ჩემი გოგონა მეორე კლასში სწავლობს. მის წიგნს, “მათემატიკის” ნაცვლად, დიდი ასოებით აწერია “მაკემათიკა”. თარგმანზე მილიონებს ხარჯავენ, შედეგი კი საშინელია. თქვენ იცინით, მაგრამ ჯობს, ტიროდეთ. იმავე მათემატიკის წიგნში ციფრი 40 ქართულიდან სიტყვასიტყვით გადმოთარგმნეს და გამოვიდა “ორი ოცი”, სომხურში კი არსებობს სიტყვა “ორმოცი”, - ამბობს სმბატ ხოდიკიანი. 

მასწავლებელთა და მოსწავლეთა პრობლემებზე სომხური ენის პედაგოგმა სუსანნა გალუსტიანმა ისაუბრა. 

“სახელმძღვანელოები ძალიან ძვირი – 15, 16, 18 ლარი ღირს. წიგნების ყიდვის საშუალება ყველა მშობელს არ გააჩნია, განსაკუთრებით მათ, რომელთა ოჯახშიც ორი-სამი მოსწავლეა. მასწავლებელთა 2010 წლისთვის დაგეგმილ ტესტირებაში სომხური ენის პედაგოგთა ტესტირება გათვალისწინებული არ არის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ტესტირება სომხურ ენაშიც ჩაატარონ, რადგან თუ მასწავლებელი ტესტირებას გაივლის და სერტიფიკატს აიღებს, მოსალოდნელია მისი ხელფასის მომატებაც. ეს ადამიანის უფლებათა დარღვევაა”, - ამბობს სუსანა გალუსტიანი არასამთავრობო ორგანიზაციიდან “პედაგოგები სახელმწიფოსათვის”. 

რაიონული საავადმყოფოს დირექტორის აზრით, მოსახლეობის უფლებები ჯანდაცვის სფეროშიც ირღვევა. 

“ვფიქრობ, ადამიანის უფლებაა საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნებაც. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ხელი ჩვენამდე ვერ აღწევს, ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, არაფერი კეთდება. მინდა, რომ ეს მომენტი ომბუცმენის მოხსენებაში აუცილებლად იქნას გათვალისწინებული. დღეს საქართველოში მშობიარობა ფასიანია, 3-დან 18 წლამდე ბავშვების მკურნალობაც კი ფასიანი გახდა. ნუთუ ჩვენს სახელმწიფოს, საკუთარი ბავშვების გარდა ყველასთვის აქვს ფული?!”, - ამბობს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ტოროიანი. 

აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი

ახალი მინისტრი - ახალი ცვლილებები

მიმდინარე წლიდან განათლების სისტემაში ძირეული გარდაქმნები იწყება. სასწავლო გეგმებს ახალი საგნები ემატება. სასკოლო გამოცდები კი მოსწავლეებისათვის სკოლაში ზოგადი განათლების მიღებისა და ეროვნული გამოცდებისათვის მზადების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოსწავლეებთან, მასწავლებლებსა და დირექტორებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი მათ პრეზიდენტის ინიცირებულ იმ სიახლეებს აცნობს, რომელთა განხორციელებას განათლების სამინისტრო 2010-2011 წლებში ეტაპობრივად იწყებს.

მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა სკოლებში; სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა; 2011 წელს ათ ძირითად სავალდებულო საგანში მინიმალური კომპეტენციის მიღება ეროვნულ საგამოცდო ცენტრებში სასკოლო ატესტატის მისაღებად.

სკოლებში მოსწავლეების თვითმმართველობის შექმნა და განვითარება; სასკოლო ოლიმპიადების ხელშეწყობა; ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა - ფიზკულტურის გაკვეთილების შეცვლა სპორტის გაკვეთილებით, კომპიუტერის გაკვეთილების დანერგვა, კულტუროლოგიის დისციპლინის შემოღება, სამხედრო-პატრიოტული სწავლების დანერგვა.

მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება: პედაგოგთა ნებაყოფლობითი სერტიფიცირების დაწყება 2010 წლის ივლისში; ხელფასის მომატება მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის; მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, მენტორმასწავლებელელთა (მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან სტაჟიორებს) ინსტიტუტის გაძლიერება.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სკოლების რეაბილიტაციაში; 20 მილიონის გადაცემა ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტებში სკოლების რეაბილიტაციისთვის; სასკოლო სასადილოების, ბიბლიოთეკებისა და ლაბორატორიების მოწყობა.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ ძირითადი ცვლილებებისა, რომელთა განხორციელებას განათლების სამინისტრო ეტაპობრივად იწყებს. 

განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ 12 იანვარს, ბათუმში პედაგოგებთნ შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც ვრცლად ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება 10 სავალდებულო საგანში გამოცდის ჩაბარებაზე გაამახვილა. მისი განმარტებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება მხოლოდ სამი მისაღები გამოცდით აღარ მოხდება. სკოლის დამთავრებისას მოსწავლე 10 საგანში ჩააბარებს გამოცდას, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ატესტატის ქულებსა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შესაძლებლობას. 

10-ვე გამოცდა სპეციალურად განკუთვნილ საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება. საგამოცდო საგნების რიცხვში კი აუცილებლად შევა ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია და ინფორმატიკა. 

განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმა მიხეილ სააკაშვილმა იმით ახსნა, რომ სკოლის ატესტატმა და სკოლაში სწავლამ ფასი დაკარგა: “განსაკუთრებით ბოლო კლასების მოსწავლეები სკოლაში საერთოდ აღარ დადიან, რადგან ემზადებიან მხოლოდ იმ საგნებში, რაც უმაღლესში მოსახვედრადაა საჭირო”. 

ანალოგიურად ფიქრობენ მშობლები. მათი განმარტებით, სკოლამ განათლების მიღების ფუნქცია დაკარგა. ისინი ამბობენ, რომ 10 გამოცდა მხოლოდ რეფორმის დასაწყისი უნდა იყოს.

“იმისათვის, რომ ბავშვი სკოლით და საერთოდ, სწავლით დაინტერესდეს, სხვა ცვლილებებიცაა საჭირო”, - ამბობს დალი კაპანაძე.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვალერი სილოგავა ამბობს, რომ უფრო ადრე შეიძლებოდა იმის გაკეთება, რაც ახლაა დაგეგმილი განათლების სისტემაში: “ეს 10 გამოცდა პირველი ეტაპია. ვფიქრობ, რომ საგნების რაოდენობა მოიმატებს, რადგან აუცილებელია სკოლის ავტორიტეტის გაზრდა. თუ უნდათ, რომ იყვნენ პრესპექტიულები და ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები, აუცილებელია ცოდნის მიღება და მათ ეს ცოდნა სკოლიდანვე უნდა მიიღონ”. 

განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს პედაგოგებიც დადებითად ხვდებიან.
 
“ჩემთვის ნამდვილად მისაღებია, რადგან მოსწავლეს და მშობელს ნიშნების მიმართ მადა ცოტა დაეწევათ და მიხვდებიან, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა საჭიროა. რატომღაც აჩემებული აქვთ და ჰგონიათ, რომ უმაღლესში სასწავლებლად ორ საგანში მომზადება საკმარისია”, - განმარტავს მეორე საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი ქეთევან მაღრაძე.

ქართული ენის პედაგოგის მანონი ყავრელიშვილის თქმით, რეფორმა სწავლის ხარისხისა და დასწრების საკითხს მოაწესრიგებს, რაც სკოლების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა: “ბოლოს და ბოლოს ბავშვები უნდა მიხვდნენ, რომ უნდა დასხდნენ და იმეცადინონ. თუმცა საგამოცდო ტესტები აუცილებლად სკოლის პროგრამის მიხედვით უნდა იყოს შედგენილი”. 

მოსწავლეების ნაწილი ფიქრობს, რომ საგამოცდო საგნების რაოდენობა ბევრია. მაგრამ გვარწმუნებენ, რომ სწავლისთვის და შემდეგ გამოცდისთვის მზად არიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უმაღლეს სასწავლებელში სწავლას ვერ შეძლებენ.

“ყველანაირად შევეცდები, ყველა საგანი ისე ვისწავლო, რომ შემდეგ გამოცდების ჩაბარება არ გამიჭირდეს. სხვანაირად უმაღლესში ვერ ჩავაბარებ”, - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე სოფო ოქრომელიძე.  

მასწავლებლები ამბობენ, რომ ბოლო დროს მოსწავლეები სკოლის ფუნქციას არასწორად აღიქვამენ. სკოლამ მათთვის მხოლოდ ერთი დატვირთვა შეიძინა – გზა უმაღლესში მოსახვედრად. ისინი უგულებელყოფენ სკოლის ძირითად ფუნქციას, რაც ზოგადი განათლების მიღებაში გამოიხატება. 

პრეზიდენტის ინიციატივით 2010-2011 წელს მოსწავლეები ორ ახალ დისციპლინას - კულტუროლოგიასა და სამხედრო-პატრიოტულ საგანს ისწავლიან.

პედაგოგები ამ სიახლესაც დადებითად ხვდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ “პატრიოტიზმზე მოსწავლემ ბევრი რამ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლოს”.  

“დიდი ხანია ბავშვებმა პატრიოტიზმის გრძნობა დაკარგეს. რატომღაც ჰგონიათ, თუ საკუთარ თავს მოიწესრიგებენ, ეს საკმარისია (?! ავტ). მათ სიტყვა პატრიოტიზმი კარგად უნდა გაითავისონ, ამიტომ საჭიროა ამ საგნის შემოღება”, - ამბობს ქეთევან მაღრაძე.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც.

“არ მესმის, როგორ უნდა ასწავლო პატრიოტიზმი?! ეს იგივეა, ასწავლო სიყვარული, მეგობრობა და ა.შ. ხომ სწავლობენ ქვეყნის ისტორიას, ლიტერატურას. საინტერესოა, ვინ და როგორ შეადგენს პროგრამას, სახელმძღვანელოს, რას გააკეთებენ ამ საგნის გაკვეთილზე. ცოტა უცნაურად მეჩვენება პატრიოტიზმის სწავლება”, - ამბობს ორი უფროსკლასელი მოსწავლის მშობელი და ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.  

განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ სასწავლო კურსი შემუშავდა.

კურსი მოიცვას ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების მიმოხილვა. 

მშობლების ნაწილი ამ საკითხისადმიც სკეპტიკურადაა განწყობილი. ისინი ფიქრობენ, რომ ამისათვის არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური და სკოლებში არმიის შეიარაღების შესახებ არ უნდა სწავლობდნენ. 

კიდევ ერთი საკითხი სახელმძღვანელოების ხშირად შეცვლას ეხება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ იგეგმება სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გამკაცრება და სასკოლო გამოცემების სტანდარტების შექმნა. 

ამ სიახლისადმი განწყობა დადებითია, ვინაიდან ყოველწლიურად სახელმძღვანელოები აღარ შეიცვლება და, შესაბამისად, გასულ წელს შეძენილი სახელმძღვანელო მომავალ სასწავლო წელსაც გამოსადეგი იქნება. 

მანანა სარაშვილი, ახალციხე  

A/H1N1-ის მეორე ტალღას ელიან

 ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ათეულზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. A/H1N1-ის გავრცელების პირველი ტალღა დასრულდა, მაგრამ ექიმები მეორე ტალღის მოლოდინში არიან.

გასული წლის დეკემბერში, რესპირატიული და ვირუსული ინფექციების ტალღა ახალციხეში გაიზარდა. იმატა როგორც ჰოსპიტალიზებულმა, ასევე ამბულატორიულმა შემთხვევებმა. 

დეკემბერში ახალციხის რაიონულ პოლიკლინიკას მწვავე რესპირატიული დაავადებით 330-მა პიროვნებამ მიმართა. მათ შორის 280 შემთხვევა 18-დან 24 დეკემბრის ჩათვლით დაფიქსირდა.

“ერთ კვირაში საკმაოდ დიდი ციფრია. მაგრამ ეს შიშით იყო გამოწვეული, მოსახლეობას ღორის გრიპის ეშინოდა”, - გვიხსნის რაიონული პოლიკლინიკის უფროსი მედდა ლია ტუღუში. 

4-დან 14 იანვრამდე რაიონულ პოლიკლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობა 30-მდე შემცირდა. როგორც ამბულატორიულმა, ასევე სტაციონალურმა შემთხვევბმა იკლო ახალციხის რაიონულ საავადმყოფოშიც. აქ დეკემბერში 114 ამბულატორიული და 91 სტაციონალური; იანვარში კი 44 ამბულატორიული და 42 სტაციონალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ე.წ. ღორის გრიპი 14 პიროვნებას დაუდასტურდა. მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქე იყო, რომელიც ბორჯომში ისვენებდა.

დეკემბერში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 137 ამბულატორიული, 66 ჰოსპიტალიზებული, ზემო სასუნთქი გზების ინფექციების კი 485 შემთხვევა გამოვლინდა. იანვრის პირველ ორ კვირში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა: ამბულატორიული - 32, ჰოსპიტალიზებული - 23, ზემოსასუნთქი გზები - 64.

მთელი გასული წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში ამბულატორიული - 434, ჰოსპიტალიზირებული - 217, ზემო სასუნთქი გზების კი 2 150 შემთხვევა დაფიქსირდა. 

“რესპირატორული და ვირუსული ინფექციების ტალღამ იკლო. თუმცა, თებერვლიდან უმაღლეს სასწვალებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მეორე ტალღას ველოდებით”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე.

თებერვლიდან რომ A/H1N1-ით ინფიცირებულთა მეორე ტალღა დაიწყება, ამაზე პაატა იმნაძეც საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ “ალაბათ თებერვალში არ იქნება შემთხვევების იმდენი რაოდენობა, როგორც ეს დეკემბერში იყო”. 



დეკემბერში საქართველო ღორის გრიპის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფებოდა. საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ფეხმძიმე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 1 246 შემთხვევაა დაფიქსირებული. საერთო მონაცემებით კი ღორის გრიპი 100 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაიტანა. ჰოსპიტალიზებული იყო 8 ათასამდე კაცი.

რაიონული საავადმყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე, მოაქალაქეებს ურჩევს, რომ მაღალი ტემპერატურის, სუნთქვის უკმარისობის, ღებინების შეგრძნებისა და ფაღარათის შემთხვევაში უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებს აუცილებლად მიაკითხონ.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

“მეცამეტე რაიონი” ახალციხეში

წლებია, ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩამდე მისასვლელი გზა ამორტიზებულია, საკანალიზაციო ჭები ღიაა და გარე განათება არ არის, რაც არ მარტო ფეხით მოსიარულეებს, მანქანის მძღოლებსაც პრობლემას უქმნის. 

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა ერთ-ერთია ქალაქის იმ ქუჩებს შორის, სადაც გზის პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. თუმცა ახალციხის სხვა ქუჩებისგან განსხვავებით, მდგომარეობა აქ ყველაზე რთულია. ადგილობრივების თქმით, ამ დასახლებაში ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა; რამდენჯერმე მოიხრეშა, თუმცა უშედეგოდ; წვიმის შემდეგ გზა გაუვალი ტალახითა და გუბურებით იფარება. გარდა ამისა, ქუჩაზე ღია საკანალიზაციო ჭებია, გარე განათება კი არ არის. 

მოსახლეობა დასახლებას “მეცამეტე რაიონს” უწოდებს და ამბობს, რომ ამ ქუჩაზე მოსვლა ტაქსის მძღოლებსაც არ უყვართ. 

ქუჩების სარეაბილიტაციოდ გასულ წელს 1 560 000 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით ასფალტის საფარი ახალციხის შვიდ ქუჩაზე დაიგო. კერძოდ. მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით ორბელიანის, იბერის, ივერიელისა და ვარძიის ქუჩები გაკეთდა. ამ ოთხ ქუჩაზე დაახლოებით 1 200 000 ლარი დაიხარჯა. 360 ათასი ლარი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 
მამულიშვილის, კანანელისა და ფარნავაზ მეფის ქუჩის შესაკეთებლად. გრიგოლ ხანძთელის დასახლება შესაკეთებელ ქუჩათა სიაში არ მოხვდა. 

“ოცი წელია, აქ ვცხოვრობ და ყოველთვის ასეთი მდგომარეობა იყო. წლების წინ, ბაზრობას რომ აკეთებდნენ, მოიხრეშა, მაგრამ მოხრეშვა არ შველის. თუ ასფალტი არ დაიგო, სულ ასე იქნება”, - ამბობს გრიგოლ ხანძთელის ¹32-ში მცხოვრები აკაკი სამსონიძე. 

2009 წლის გაზაფხულზე მოსახლეობამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ათუნაშვილს თხოვნით მიმართა, ასფალტს თუ ვერ დაუგებდნენ, ხრეში მაინც დაეყარათ. მაგრამ უშედეგოდ. 

“სამასამდე ხელმოწერა შევაგროვე და გამგებელთან მივედი. ვუთხარი, რა მდგომარეობაც იყო. დაგვპირდა, რომ ქუჩას აუცილებლად მოგიხრეშავთ და საკანალიზაციო ჭებსაც დავხურავთო”, - ამბობს გრიგოლ ხანძთელის ¹32_ში მცხოვრები ირმა ბარბაქაძე. 

ამავე დასახლებაში ცხოვრობს აფხაზეთიდან დევნილების 17 ოჯახი. ისინი ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში გარეთ გასვლას ერიდებიან, ზაფხულში კი მტვერი აწუხებთ. “ამხელა დასახლებაა და ყურადღება ხომ უნდა მოგვაქციონ”, - წუხს თამარ მურჯიკნელი. 

პრობლემაა დასახლებიდან ნაგვის გატანაც. მოსახლეობა ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მდინარის ნაპირზე ყრის. ირმა ბარბაქაძის თქმით, გამგებელს ამის შესახებაც ესაუბრა და ქუჩაზე ბუნკერების დადგმა სთხოვა. მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა.


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ იციან და გვარწმუნებენ, რომ ქუჩის შეკეთება მიმდინარე წლის პრიორიტეტების ჩამონათვალში მოხვდა. 

დავით ათუნაშვილის განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 960 ათასი ლარი გამოყო. ამ თანხაში შედის აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაციაც. სამუშაოები გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.

“დაიგება ასფალტი, გაკეთდება საკანალიზაციო ჭები. ქუჩის გაკეთების შემდეგ, ამ დასახლებაში ბუნკერებსაც დავდგამთ და ნაგვის გატანაც აღარ იქნება პრობლემა”, - ამბობს გამგებელი.  

მისივე თქმით, წელს ისევ 1 200 000 ლარი გამოიყო მუნიციპალური განვითარების ფონდიდან. ამ თანხით ქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩა მოწესრიგდება: “პირველ რიგში ზარზმელის ქუჩა, ეგრეთ წოდებული “ადინაცეტების” დასახლება და ძველი საავადმყოფოს ანუ თაბუკაშვილის ქუჩა უნდა გაკეთდეს”. 

ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ გამგებლის დაპირება დაპირებად არ დარჩება და “მეცამეტე რაიონი” ზაფხულში მაინც მიიღებს ქალაქის ქუჩის სახეს. 

თამარ თოთაძე, ახალციხე

დასაქმება ,,მტკვარიჰესზე”

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში 28-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ,,მტკვარიჰესის” სამშენებლო სამუშაოებზე დასასაქმებელ მსურველთა რიცხვმა სამი ათასს გადააჭარბა.

,,ყოველი მეორე ადამიანი უმუშევარია, როგორც კი გავიგებთ, სადმე სამუშაოაო, თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ”, - გვითხრა ადგილობრივმა ოთარ ჩილინგარაშვილმა. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ნიალას მკვიდრი, უმუშევარი, პროფესიით ტრაქტორისტი ნოშრევან თათრაძე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა რაიმე ვაკანსია გამოცხადებული.

,,მე არც მიმიღებენ, ვიცი უკვე. ახლა ასეა, ჩემი ხნის ხალხს ხანშიშესულად მიიჩნევენ. 40 წლის ზევით სამუშაოზე არ გვიღებენ, მაშინ მომეცი პენსია ამ ასაკიდან, 65 წლამდე რა უნდა ვქნა?“, - ამბობს იგი.

,,ჰიდროელექროსადგურ ,,მტკვარიჰესის” მშენებლობაზე ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრული არ არის”, - განგვიმარტეს სოფელ საყუნეთში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე მომუშავე კომპანია ,,ჰიდროენერგომონტაჟის” წარმომადგენლებმა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჰიდროელექტროსადგურ ,,მტკვარიჰესის” სამშენებლო სამუშაოებზე მუშახელი დასჭირდებოდათ, რეგიონში სწრაფადვე გავრცელდა. ამის შესახებ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე სიტყვებით, ,,მტკვარიჰესი” ქვეყანაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური იქნება და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ადგილობრივებიც დასაქმდებიან. 

ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დასაქმების მსურველ მოქალაქეთა განცხადებებმა სამი ათას გადააჭარბა.

,,ნოემბრის თვიდან დავიწყეთ აღნიშნულ მშენებლობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღება. ამ დროისათვის, დაახლოებით, 3 200 მოქალაქე მოვიდა. ჩავიწერეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და ის, თუ რა ხელობა იციან”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულმა ქალაქ ახალციხეში ლია ქებაძემ.

მისი ინფორმაციით, ძირითადად ზეინკლები, მძღოლები და დურგლები აკითხავეენ, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატებიც აქვთ. 

,,ეს არის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინასწარი მზადყოფნა ჰიდროელექტროსადგურ ,,მტკვაჰესის” სამუშაოებისთვის. წინასწარ ვადგენთ სიებს, რომ მერე მივაწოდოთ კომპეტენტურ პირებს და მოხდეს შერჩევა”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა.

კომპანია ,,კავკასიის ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა” მშენებლობაზე 70 მილონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორცილებს. სამშენებლო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მისაღებში განაცხადების მიღება კიდევ გრძელდება. 

 გულო კოხოძე, ახალციხე 

ცივი უნივერსიტეტი

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სიცივეს უჩივიან, ადმინისტრაცია კი გვარწმუნებს, რომ სასწავლო შენობებში თბილა. 

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში 996 სტუდენტი სწავლობს. სწავლის ქირა სოლიდურია: 1250-დან 1500 ლარამდე ბაკალავრიატში და 2000 ლარი მაგისტრატურაში. შესაბამისად, სტუდენტები სრულყოფილ სასწავლო პირობებს ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ პირობები, მით უმეტეს ზამთარში, არც თუ ისე სახარბიელოა. 

განსაკუთრებით პრეტენზიულები ის სტუდენტები არიან, რომლებსაც ლექციები უნივერსიტეტის ძირითადი კორპუსის პირველ სართულზე უტარდებათ. მსგავს საყვედურებს დღემდე გამოთქვამენ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც. 

“ფილოლოგებს და ჟურნალისტებს ლექციები ისეთ აუდიტორიებში გვიტარდებოდა, სადაც არც გათბობა იყო და არც მზის სხივი ხვდებოდა. თუ გათბობა ჩართული იყო, ბატარიები თავის თავს ძლივს ათბობდა”, - იხსენებს ფილოლოგიის სპეციალობის 2004 წლის კურსდამთავრებული, რომელიც სახელსა და გვარს არ გვიმხელს.  

2009-2010 სასწავლო წელი უნივერსიტეტში ოქტომბერში დაიწყო. ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი როინ თათეშვილი ამბობს, რომ სტუდენტებს საყვედურის საფუძველი არ აქვთ, რადგან როგორც კი აცივდა გათბობის სისტემა მაშინვე ჩართეს. თუმცა უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის სტუდენტები ამბობენ, რომ დერეფნებშიც და აუდიტორიებშიც ცივა.  

“გათბობა ჩართულია, მაგრამ ახლოს თუ არ დაჯექი, ვერ გათბები”, - ამბობს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი და დასძენს, რომ მზიან ამინდში გასათბობად ეზოში გამოდიან. 

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამი შენობა ეკუთვნის. ორ კორპუსში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მესამე კი საერთო საცხოვრებელია, სადაც პროფესორ-მასწავლებლები ცხოვრობენ. 

მეორე კორპუსის ამოქმედების შემდეგ ბიზნესისა და მართვის და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტები მეორე კორპუსში გადავიდა. ხოლო დანარჩენი ფაკულტეტები ძირითად კორპუსში დარჩა. 

როინ თათეშვილი ამბობს, რომ შენობებში გათბობის სისტემა აუდიტორიის ფართის შესაბამისადაა დამონტაჟებული. მისივე თქმით, პირველ კორპუსში, სადაც უნივერსტეტის ადმინისტრაციაა, გათბობის სისტემა მოძველებულია: “საწვავად მაზუთს ვიყენებთ. მომავალი წლიდან ვფიქრობთ, რეაბილიტაცია გავუკეთოთ ძველ სისტემას და მაზუთი ბუნებრივი გაზით შევცვალოთ. უკვე ორი კვირაა, ბუნებრივი გაზის გათბობაა საერთო საცხოვრებელსა და მეორე კორპუსში”. 

როინ თათეშვილი ამბობს, რომ ამ სასწავლო წელს გაზით მომარაგებისთვის 45 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა არ გვეუბნება, რა თანხაა გათვალისწინებული პირველი კორპუსის გასათბობად: “პირველი კორპუსისთვის ცალკე შევიძინეთ 16 ტონა მაზუთი, რომელიც ხარჯვის პროცესშია. როდესაც შევხედავთ, რომ გვაქვს ერთი თვის მარაგი და წინ არის კიდევ ზამთრის პერიოდი, დამატებით შევიძენთ”.

მისივე თქმით, გათბობა გამოცდების პერიოდშიც ჩართულია.

“ღამე დაბალზეა ჩართული, რომ არ გაიყინოს. 9 საათიდან ორ საათამდე კი მაქსიმალური გათბობაა ჩართული”, - გვარწმუნებს იგი. 

სტუდენტები კი ამტკიცებენ, რომ ლექცია-სემინარებსა და გამოცდებზე ქურთუკებით სხედან და იმედი აქვთ, რომ მომავალ ზამთარს გაყინულ აუდიტორიებში აღარ მოუწევთ სწავლა. 
 
თამარ თოთაძე, ახალციხე



გლეხებს შემომწყრალი ბუნება

ანომალიური ზამთარი, მაღალი ტემპერატურა და წვიმა იანვარში სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით აშფოთებთ. გასული მოუსავლიანი წლის შემდეგ, მიმდინარე წელი მათთვის, ვისთვისაც ერთადერთი საარსებო წყარო მიწაა, კიდევ უფრო უიმედო ჩანს.

იმაზე, რომ 2010 წელს მოსავალს ვერ მიიღებენ, უთოვლობა არა, მაგრამ ზამთარში სითბო და წვიმიანი ამინდები რომ კარგის მომასწავებელი არ არის, სოფლებში ყველა საუბრობს.

“თუ მიწა არ გაყინა და დაიფშვნა, რა დაშლის ამ ბელტებს? ასეთი ზამთრის შემდეგ გაზაფხული კიდევ უფრო წვიმიანი იქნება. სველი მიწა არ დაიხვნება. თან ეს სითბო კვირტებს გამოიტყუებს და მერე კი მოყინავს”, - ამბობს ვალის მკვიდრი 70 წლის ნიკოლოზ ნადირაძე.

დეკემბერსა და იანვარში წვიმა, რომ იშვიათი შემთხვევაა, ამას ახალციხის მეტეოსადგურშიც ადასტურებენ.

“წელს ნალექის რაოდენობა 23,4 მეათედია, ოღონდ წვიმის სახით. რაც შეეხება თოვლს, მხოლოდ ერთხელ მოვიდა და ისიც თოვლჭყაპი. მისი სიმაღლე ერთი სანტიმეტრიც არ იყო და მალევე გადნა”, - გვიხსნის ახალციხის მეტეოსადგურის უფროსი ირმა ყავრელიშვილი.

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ჯემალ დოლიძის განცხადებით, გასული წლის დეკემბერი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მართლაც ანომალიურად თბილი იყო: “ახალციხეში ჰაერის საშუალო ტემპერეტურის გადახრა ნორმიდან 3. 2 გრადუსით მეტი დაფიქსირდა”.

სტიქიამ გასულ წელს ბევრი ოჯახი ლუკმაპურის გარეშე დატოვა. ივნისიდან აგვისტომდე არაერთხელ მოსულმა ჭარბმა წვიმამ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაკვეთები დატბორა და ნათესები თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა.

“გასულ წელს მუნიციპალიტეტმა ორ მილიონამდე ზარალი განიცადა. 2008 წელთან შედარებით 2009-ში მოსავლიანობა 50 პროცენტით შემცირდა”, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ალიკა კოსტანიშვილი და დასძენს, რომ მარცვლის მოსავლის საერთო რაოდენობამ 10 ცენტნერიც ვერ შეადგინა.

მათ კი, რომელთა ნაკვეთებიც სტიქიას გადაურჩა და მოსავალი მიიღო, გასაღება გაუჭირდათ. ნიკოლოზ ნადირაძემ სამი ტონა კარტოფილი და 20 ტონა კომბოსტო მოიყვანა: “სად წავიღო? იმის საშულება არ მაქვს თბილისში გასაყიდად რომ ჩავიტანო. აქ კიდევ საწარმო არაფერია, რომ ჩააბარო. ხალხს ტონობით ვაშლი დაულპა. გლეხის მომკითხავი ხომ არავინაა და თითქოს ახლა ბუნებაც შემოგვწყრა”.

იმის გამო, რომ გლეხებმა მოსავალი ვერ მიიღეს, ხოლო ვინც მიიღო ვერ გაასაღა, სოფლებში საშემოდგომო ხვნები არ ჩატარებულა.

“ბევრ სოფელში ტრაქტორი საერთოდ არ შესულა, ხალხს ფული არ ჰქონდა. ოთხი კილო კარტოფილი უნდა გაყიდო, რომ ერთი ლიტრი საწვავი იყიდო. კარგი იქნება, თუ მთავრობა გლეხებს საწავავით დაეხმარება”, - ამბობს ალიკა კოსტანიშვილი.

მისი განმარტებით, თბილ და წვიმიან ზამთართან ერთად ის გარემოება, რომ მზრალი ხვნები არ ჩატარებულა, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს: “ბელტები ამოვა, სანამ ტალახი გახმება და დახნავენ მაისიც მოგვადგება. არადა, ჩვენთან მარცვლეული მარტში ითესება. თუ მაისში დათესავ, ჩათვალე, რომ 60 პროცენტი მოსავალს ვერ მიიღებ”.

კოსტანიშვილი ვარაუდობს, რომ კლიმატური პირობების გამო დროულად ვერც კარტოფილი დაითესება: “კარტოფილი აპრილის დასაწყისში უნდა დაითესოს, მაგრამ ესეც ძალიან გაჭირდება”.

სინოპტიკოსები იმ ფაქტს, რომ ზამთარში თოვლის ნაცვლად წვიმა მოდის და ტემპერატურაც საკმაოდ მაღალია, გლობალური დათბობით ხსნიან.

“კლიმატი შეიცვალა, გაზაფხული უფრო ადრე მოდის. წელს ჩინეთში ერთ მეტრზე მეტი მოთოვა. ასეთი რამ არავის ახსოვს”, - ამბობს სამცხე- ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი
ლევან კაპანაძე.

ჯემალ დოლიძის განმარტებით, წლევანდელი ზამთრის თბილი ამინდების ფორმირებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი კლიმატის ცვლილებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო თვე ან სეზონი აუცილებლად თბილი იქნება: “მაგალითად, გასული წლის აგვისტო 1923 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე ცივი აღმოჩნდა”.

როგორი გაზაფხული იქნება, რამდენად დროულად მოხერხდება დათესვა და რამდენად კარგი მოსავალი მოვა, ეს ბუნებაზეა დამოკიდებული. ის კი გლეხებს მიწის დასახნავად საწვავით დაეხმარებიან თუ არა, ან იზრუნებენ სხვადასხვა პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნის სტიმულირებაზე, მთავრობის გადასაწყვეტია.

თამუნა უჩიძე, ახალციხე