აუცილებელი, მაგრამ ძვირი

 შუშან შირინიანიახალქალაქი

 ეფექტური მოსავლის მისაღებად მიწის ბიო-ქიმიური ანალიზია საჭირო, თუმცა, შესაბამისი ლაბორატორია ახალქალაქში არ არის.

კარგი მოსავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მიწის კარგი ბიო-ქიმიური შემადგენლობაა. წლიდან წლამდე სხვადასხვა კულტურები მიწიდან სასარგებლო ელემენტებს ითვისებენ და ის უხარისხო ხდება, შედეგად კი ცუდ მოსავალს იძლევა. სპეციალისტების თქმით, მიწაში უნდა იყოს კალიუმი, ფოსფორი, აზოტი, რკინა, თუთია და ასე შემდეგ. მისი საჭირო მიკროელემენტებით განოყიერება მოსავლიანობას 20-25 პროცენტით ზრდის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიწები უკვე გამოფიტულია. ხალხს კი ბიო-ქიმიური ანალიზის ჩატარების საშუალება არ აქვს და შესაბამისად არც იცის, კონკრეტულად რა სასუქი სჭირდება მიწას. ახალქალაქელი ფერმერები მიწას ძირითადად აზოტით ანოყიერებენ. ამან კი უკუეფექტი შეიძლება გამოიწვიოს. შესაძლოა მოცემულ ნაკვეთში აზოტის ჭარბი შემცველობა იყოს, რაც მოსავლიანობას გააუარესებს. მიწათმოქმედებისგან ხშირად გვესმის ჩივილი დაბალ მოსავლიანობაზე. ისინი გაოცებულები არიან, რადგან მიწა აზოტით გაანოყიერეს, კარგი სათესლე მასალაც შეიძინეს, მოსავალი კი მაინც ცუდი მიიღეს.

15-20 წელია მიწისთვის აზოტის გარდა სხვა მიკროელემენტები არ მიგვიცია. არის მდიდარი მიწებიც, მაგრამ მრავალი წელია მას საჭირო მიკროელემენტები არ მიუღია და ძალები უკვე ამოწურა. ამიტომ აუცილებელია, მიწა ორ წელიწადში ერთხელ მაინც კარგად გამოვკვებოთ, - ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის   დირექტორი რამაზ გოგოლაძე.

სერვის ცენტრის თანამშრომელთა თქმით, ისინი მიწათმოქმედებთან კონსულტაციებს ატარებენ და უხსნიან, რომ მხოლოდ აზოტის დახმარებით მოსავლიანობა არ გაიზრდება. მიწის ასეთი ანალიზის აუცილებლობა ბევრმა საჭიროდ მიიჩნია და მიწების ხარისხის შემოწმებაც სურდათ. სერვის ცენტრში ამბობენ, რომ მათ ასეთი თხოვნით ბევრმა მიმართა.

ლაბორატორია, რომელშიც მიწის დეტალური ანალიზი ხდება, თბილისშია. მართალია, მსგავსი დაწესებულება ახალციხეშიცაა, მაგრამ იქ მიწას მხოლოდ აზოტზე, ფოსფორსა და კალიუმზე ამოწმებენ. თბილისში წასვლა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჯერ მხოლოდ ერთი ნაკვეთის ანალიზი 80-100 ლარი ჯდება. მიწის ანალიზისთვის სინჯი ნაკვეთის დიაგონალზე რამდენიმე ადგილზე იღება და შემდეგ ერთმანეთს ერევა.

კარტიკამის მცხოვრები გენადი ელიზბარიანი მიიჩნევს, რომ 80-100 ლარის გადახდა მიწის ანალიზისთვის ყველას არ შეუძლია: ლაბორატორია აქ რომ იყოს, კარგი იქნებოდა. მიწის ანალიზის ჩაბარება ყველას უნდა, მაგრამ ძვირია. მიწის ნაკვეთები ყველას 5-6 სხვადასხვა ადგილას გვაქვს და ანალიზი ყველგან რომ გაკეთდეს, ხარჯი უზარმაზარი გამოვა. ამდენს კი არავინ გადაიხდის.

სერვის ცენტრმა მიწათმოქმედებს დახმარება შესთავაზა. თბილისში წასვლა ყველას ცალ-ცალკე რომ არ მოუხდეს, მათ შეუძლიათ სინჯები სერვის ცენტრში მიიტანონ და 80-100 ლარის სანაცვლოდ პასუხები აქვე მიიღონ. თუმცა ჯერჯერობით ამ მომსახურებით არავის უსარგებლია. სერვის ცენტრში მიიჩნევენ, რომ ფერმერებს ან ზედმეტი ხარჯის გაწევა არ უნდათ, ან ეშინიათ, რომ მოტყუებული დარჩებიან.

მიწის ანალიზის შესახებ გამიგია, მაგრამ ეს მართლა უშველის თუ არა, არ ვიცი. თუ ვინმე ანალიზს გააკეთებს და დავინახავ, რომ მართლა სასარგებლო აღმოჩნდება, შემდეგ მეც გავაკეთებ”, - ამბობს სოფელ ბავრას მკვიდრი სოს ასლანიანი.

რამაზ გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მიწის ანალიზზე დახარჯული ფული ორმაგად ანაზღაურდება.

ჯობს, 80-100 ლარი დახარჯო და ზუსტად გაიგო, მიწას რა სჭირდება, ვიდრე არ იცოდე და მას ბრმად აყრიდე აზოტს, ფოსფორს თუ კალიუმს. შეიძლება ეს მიკროელემენტები არც სჭირდებოდეს და ადამიანი ტყუილად ხარჯავდეს ფულს სასუქის შესაძენად”, - ამბობს იგი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი