ინოვაცია საგადასახადო კოდექსში

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები და მათი მიმოხილვა. კანონპროექტი ჯერ განხილვის ეტაპზეა და მომხრე-მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. 
 
პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებებმა სახელმწიფოსა და გადამხდელის დროისა და დანახარჯების ეფექტურობა უნდა აამაღლოს და საგადასახადო ადმინისტრირება გააუმჯობესოს. 

კანონპროექტით, ცვლილება ძირითადად გულისხმობს გადასახადის გადამხდელთათვის საგადასახადო მორიგების გაფორმების შესაძლებლობას, თუ საგადასახადო ვალდებულებების ჯამური ოდენობა 100 000 ლარს აღემატება და არ არის აღიარებული მის მიერ. 

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, ,,ცვლილებების შეტანის შემდეგ ეფექტური გახდება ყბადაღებული ქონების რეალიზაციის პროცესიც. ამისათვის კანონპროექტი ითვალისწინებს აუქციონის გამოცხადებისა და მისი ჩატარების დროის ოპტიმიზაციას. ქონების რეალიზაციის შესახებ აუქციონი 30 დღის ნაცვლად 14 კალენდარული დღით ადრე გამოცხადდება”.

ასევე, კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის პირველ იანვრამდე საკონტროლო- სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებულ არასტაციონალური სავაჭრო ადგილებიდან, მათ შორის დახლიდანაც, იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია, ან ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ–ს გადამხდელად. 

პროექტით ასევე წესდება ჯარიმა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვაზე. კანონპროექტის ავტორები საკონტროლო –სალარო აპარატის დაკარგვაზე ჯარიმის შემოღების მიზეზად სალარო აპარატების დაკარგვის ინსცენირების შემთხვევების მომრავლებას ასახელებენ. ამასთანავე, მთავრობა უფლებამოსილი იქნება, ყოველი მომდევნო დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის განსხვავებული ოდენობა დაადგინოს.

ადგილობრივი მეწარმეები მიიჩნევენ, რომ სალარო აპარატის დაკარგვის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, სხვადასხვა კორუფციულ მანიპულაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი.

მათივე თქმით, სალარო აპარატების დაკარგვის მიზეზად ჯარიმის შემოღება თითიდან გამოწოვილ მიზეზს უფრო ჰგავს, ვიდრე მყარ არგუმენტს.
ახალი სამთავრობო ინიციატივის განხილვაში ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” საზოგადოების ჩართვას ითხოვს. პარტიის წევრების განცხადებით - ,,ცვლილებების შესახებ მთავრობამ ხალხის აზრიც უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს”.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აქვს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასაც. მათი პროექტი სალარო აპარატების მოხმარების ვალდებულებისაგან ორი წლით გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, ინიციატივა მხოლოდ იმ მოვაჭრეებს შეეხება, რომელთა დღიური ბრუნვაც ას ლარზე ნაკლებია.  

პროფკავშირებში ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება.  

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გძელდება.
 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი