სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტს დაცული ტერიტორია ეწირება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის არც თუ მცირე ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - დაცულ ტერიტორიაზე 500-კილოვატი სიმძლავრის ელექტრო-გადამცემმა ხაზმა უნდა გაიაროს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ქვეყნის ენრგომომარაგების ქსელის გაფართოებას გეგმავს. ამ საქმიანობის ფარგლებში გადაწყვეტილია სამხრეთ საქართველოში გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დასრულებაც, რომელიც დააკავშირებს გარდაბანსა და ზესტაფონს, ასევე ახალციხის გავლით მივა თურქეთის საზღვრამდე, სადაც იგი ჩაერთვება თურქეთის ენერგოსისტემაში. პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ასევე გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აფინანსებს.

2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს 4, 55 მილიარდი დოლარით დახმარება აღუთქვეს. ამ თანხის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლადაა განკუთვნილი. 
აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა საბჭოთა პერიოდში დაიწყო, მაგრამ 1992 წელს შეწყდა. ამჟამად 500-კილოვატიანი ხაზი გარდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა, გაივლის სხვა დაცულ ტერიტორიებსაც – ქცია-ტაბაწყურისა და გარდაბნის აღკვეთილებს.
პროექტით შემოთავაზებულია ბორჯომის ხეობის გადაკვეთის სამი ალტერნატიული მარშრუტი. პირველი ალტერნატივის შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზი ეროვნულ პარკს კვეთს 11,5-კილომეტრიან ტყით დაფარულ მონაკვეთში, მეორე შემთხვევაში – ტყით დაუფარავ 4,7-კილომეტრიან მონაკვეთში, ხოლო მესამე ალტერნატივის შემთხვევაში გვერდს უვლის ეროვნულ პარკს, თუმცა გაივლის ყველაზე მეტი ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც უახლოეს პერიოდში პარკს უნდა შეუერთდეს. 
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ეროვნულ პარკზე ზემოქმედება ყველაზე ნაკლებია მეორე ალტერნატივის შემთხვევაში. მისი განმარტებით, ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და გარემოზე ზემოქმედების შესწავლისათვის დაქირავებული კონსულტანტიც მეორე ალტერნატივას ემხრობიან: “ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს, გავლენა მოახდინოს გარემოსდაცვის სამინისტროზე და გამოიყენოს ყველაზე იაფი, პირველი ალტერნატივა, რომელიც გულისხმობს პარკზე ყველაზე მეტ ზემოქმედებას”.  
ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით საგანგაშოს ვერაფერს ხედავს: “ნებისმიერ ადგილზე სახლის მშენებლობაც კი გარემოზე ზემოქმედებას იწვევს. მსოფლიოში ეროვნულ პარკებზე ელექტროგადამცემი ხაზების გატარების უამრავი პრეცენდენტი არსებობს”. 

ირაკლი მაჭარაშვილის განმარტებით, მშენებლობის პროცესში ადგილი ექნება სახეობების შეწუხებას, მოიმატებს ტყის ხანძრების საშიშროება და ლანდშაფტი ვიზუალურად დაბინძურდება, რის გამოც პარკი ტურისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდება: “ამდენად, პროექტი იქონიებს ხანგრძლივ სოციალურ და უარყოფით გავლენას”. 
სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა და სატყეო დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ლაშა ჭკადუამ “ნამდვილად არ იცის, რა რაოდენობის ტყე შეიძლება გაიჩეხოს”, თუმცა “ღრამადაა დარწმუნებული”, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, რეგიონისთვისაც: “უამრავი ადამიანი დასაქმდება. ამხელა პროექტია და გარემოზე ზემოქმედებაც ზუსტად იქნება შესწავლილი”.
ჭკადუას მოსაზრებას ამტკიცებს ალექსანდრე ხეთაგური: “პროექტში გათვალისწინებულია აღდგენითი სამუშაოები, ანუ იმდენივე ხე დაირგვება, რამდენიც გაიჩეხება”. 
საპირისპიროს ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი: “დოკუმენტში არაფერია ნახსენები გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ”. 
მისივე განმარტებით, დიდი დაქანების ფერდობებზე ტყის პირწმინდად ჭრა, არა მხოლოდ ტყის ეკოსისტემისთვის გახდება სავალალო, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზსაც შეუქმნის საფრთხეს.
ბორჯომელებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოში, ერთი თვის განმავლობაში ცეცხლის ალში გახვეული წაღვერის ტყე და კვამლით დაფარული ქალაქი.
“ჩვენ კიდევ დენი და ხანძრის გაჩენის საფრთხე გვინდა?! რაც რუსეთმა დაგვაკლო, ჩვენი მთავრობა აგვინაზღაურებს. ხანძარი რომ გაჩნდეს, მათი აღდგენილი ტყე უშველის საქმეს?!” - კითხულობს ბორჯომის მკვიდრი ნუნუ წიქარიშვილი.  
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი თომა დეკანოიძე პროექტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ეკა ბენდელიანის თქმით, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, პროექტმა ეროვნულ პარკზე არ გაიაროს: “ამ საკითხზე სპეციალისტები მუშაობენ”.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, კი ხაზი ეროვნულ პარკზე გაივლის: “ოღონდ ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიადგება”. 
გარემოსდაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი “საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”. დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, დასაშვები ხდება ტყის ჭრა 35-გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე. ასევე უქმდება შეზღუდვები, რომელთა თანახმადაც ჭრა შესაძლებელი იყო მხოლოდ წინასწარი სპეციალური გამოკვლევის შემდეგ; მხოლოდ საბაგირო და საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით და სავალდებულო იყო ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. 
ჭკადუა კანონში ცვლილებას მიესალმება: “ხშირად კანონი არ გვაძლევდა ისეთი პროექტების განხორციელების საშუალებას, როგორიცაა მაგალითად თბილსი-ახალქალქის მაგისტრალის მშენებლობა. გზაზე წითელ წიგნში შეტანილი სამი ხე იყო და მათი მოჭრის უფლება არ გვქონდა”.
სხვაგვარად აფასებს კანონპროექტს ირაკლი მაჭარაშვილი: “ცვლილება კანონში ამ პრექტისთვის შეაქვთ. ხელისუფლება აპირებს დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხების გამოყენებით, კიდევ უფრო დააზიანოს რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული ეროვნული პარკი”. 
ბორჯომ-ხარაგაულის პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში. მისი ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის ერთ პროცენტზე მეტს მოიცავს. პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. 

რა ზემოქმედებას იქონიებს დაცულ ტერიტორიაზე პრეოქტი, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ის კი, კანონში შესული ცვლილების შემდეგ, თუ რამდენი ამგვარი სახლემწიფოებრივად მნიშვნელოანი პროექტი განხორცილედება ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, უფრო შორეული მომავლის საქმეა. 

თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი