14 სოფელი ლოდინის რეჟიმში

 ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 სოფელი სასმელი წყლის ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას ელოდება, რომლის შემდეგ ამ დასახლებებში წყლის პრობლემა უნდა მოგვარდეს.

გიორგიწმინდა, მუგარეთი, აწყური, კლდე, ჭვინთა, ელიაწმინდა, წირა, ვალე, დიდი პამაჯი, ხაკი, კულალისი, საძელი, წყორძა და წნისი - იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც დაახლობით ორი კვირის წინ სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. 

ამ სოფლებიდან განსაკუთრებით რთული მდგომარეობა სოფელ წნისშია. სასმელი წყლის სათავე ნაგებობა სექტემბერში, სტიქიის დროს დაზიანდა, - ადიდებულმა მდინარემ სათავე ნაგებობა გაიტაცა. მას შემდეგ მოსახლეობა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ტექნიკური მოხმარებისთვის კი სოფელში არსებული ძველი რეზერვუარის წყალს იყენებს. 

წყლის მომარაგება მეზობელი სოფლებიდან გარკვეულ ხარჯს უკავშირდება და ამავდროულად, მხოლოდ იმ ოჯახებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელთაც რაიმე სახის ტრანსპორტი ჰყავთ. ამიტომ, მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს ყიდულობს, ნაწილი კი ამბობს, რომ დასალევად და საკვების მოსამზადებლადაც რეზერვუარის წყალს იყენებს. 

“მეზობელი სოფლებიდან წყლის მომარაგება ძნელია, სოფლებში წასვლას ვერ ვახერხებ. ამიტომ, ტექნიკური “ბასეინიდან” მომაქვს, წყალი სუფთა არ არის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს”, - ამბობს წნისში მცხოვრები ზელიმხან ნათენაძე.

სათავე ნაგებობის დაზიანებამდე სოფელს წყალი გარკვეული განრიგით მიეწოდებოდა. ადგილობრივი ფრიდონ პაპუაშვილი ამბობს, რომ წყლის მარაგის სიმცირის გამო ნახევარი სოფელი მაინც უწყლოდ რჩებოდა: 
“დილით, 7-დან 11-საათამდე მოდიოდა მხოლოდ”.

ადგილობრივ ხელისუფლებაში გვარწმუნებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელს წყლის მიწოდება აღუდგება.
ამჟამად წნისში წყლის შემკრები კედელი შენდება. მშენებლები ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის დებეტიც მოიმატებს. 
 
“ახალი სისტემა ისე კეთდება, რომ წყალს უკეთესი დინება ექნება”, - ამბობს წნისის მკვიდრი ფრიდონ პაპუაშვილი, რომელიც მშენებლობაზეა დასაქმებული.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ათუნაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლების სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო: “ზოგან იცვლება მილები, ზოგან ახალი იდება. ის სოფლები შეირჩა, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო”.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს წნისში ტენდერში გამარჯვებული შპს “ტაო” ასრულებს. მშენებლობაზე ადგილობრივებიც მუშაობენ. 

მოსახლეობა, ბუნებრივია, კმაყოფილია, თუმცა ამბობენ, რომ რეაბილიტაცია დგვიანებულია.

“გამგეობას რამდენჯერმე მივაკითხეთ, გამგებელიც იყო ჩამოსული და დაგვპირდა, რომ წყალი მალე გვექნებოდა, იმის მერე ორი თვე გავიდა და ახლა დაიწყეს გაკეთება. ჩვენ კი დღემდე ისევ უწყლოდ ვართ”, - ამბობს ზელიმხან ნათენაძე.  

გამგებლის თქმით, წნისში წყლის შემკრები კედელის მშენებლობა 10 დღეში დასრულდება. დანარჩენ სოფლებში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. 

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტის 42 სოფლიდან 14-ს სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება. რამდენად ჩაეტევიან დროში მშენებლები და რამდენად ხარისხიანად შესრულდება სამუშაოები, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. “სამხრეთის კარიბჭე” კი აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდება. 

მანანა სარაშვილი, ახალციხე

No comments:

Post a comment

დატოვე კომენტარი