გარე მოვაჭრე პოლიციელს ზეწოლაში ადანაშაულებს

ვაჭრობის აკრძალვის მიზნით გარემოვაჭრე ვახტანგ სახამბერიძეს პოლიციამ სავაჭრო მაგიდა დაუმტვრია და გასაყიდად გამოტანილი საქონელი ქუჩაში გადაუყარა.

ვახტანგ სახამბერიძემ დახმარების თხოვნით რედაქციაში 27 ოქტომბერს მოგვაკითხა. იგი კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიების წინ, ტროტუარზე ვაჭრობს. შემთხვევის ადგილზე მისულებმა დამტვრეული მაგიდა გადავიღეთ, თუმცა მომხდარზე საუბრისგან თავი შეიკავეს იმ მოვაჭრეებმა, რომლებიც სახამბერიძის გვერდით ვაჭრობენ. “არაფერი არ დამინახავს, ხმაურზე რომ მოვიხედე, მაგიდა უკვე დამტვრეული იყო”, - გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. 

ვახტანგ სახამბერიძე ამბობს, რომ პოლიციელის ბრძანებას, აელაგებინა გასაყიდად განმოტანილი საქონელი, დაემორჩილა და უპასუხა, რომ “ტავარის” ჩასალაგებლად მაღაზიიდან ჩანთას გამოიტანდა: “სად ველოდო სანამ შენ აალაგებო. “ნასკები” ძირს გადმოყარა და მაგიდა დაამტვრია”. 

იმედა ჯიშკარიანი სახამბერიძის გვერდით მობილური ტელეფონის ატრიბუტებს ყიდის. ამბობს, რომ არ დაუნახავს როგორ დაამტვრია პოლიციელმა მეზობლის მაგიდა, რადგან ამ დროს მაღაზიაში საქმეზე იყო შესული. მაგრამ არ მალავს, რომ პოლიცია ტროტუარზე ვაჭრობას მასაც უკრძალავს: “მაღაზიაში სალარო აპარატია საჭირო, უნდა იხადო ქირაც. ცოლ-შვილის პატრონი ვარ, 500-ლარიანი აპარატი რომ ვიყიდო, ამ ფულის დასაფარავად მთელი წელი უნდა ვიმუშავო”. 

სახამბერიძის თქმით, პოლიციის მხრიდან მასზე ზეწოლის ფაქტი პირველი არ ყოფილა. ორი კვირის წინ ექვსმა პოლიციელმა მანქანაში ჩასვა და გაყოფილებაში წაიყვანა: “ჯარიმა უნდა დაეწერათ. მითხრეს ქონების კონფისკაციასაც მოვახდენთ, შენს “ტავარს” ბავშვთა სახლს გადავცემთო. მერე “სახალხო დამცველის წარმომადგენელი” მოვიდა, ელაპარაკა და გამომიშვეს”.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კავკასიის ფედერაციის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თავჯდომარის მიშა კეთილაძის განმარტებით, პოლიციამ სახამბერიძის მიმართ უფლება-მოსილება გადაამეტა: “ორი კვირის წინ, როგორც კაცის მკვლელი ისე “ჩააგდეს” მანქანაში, დღეს კი მაგიდა დაუმტვრიეს. თუ კრძალავენ გარე ვაჭრობას, მაშინ მაღაზიაში ადგილებით უზრუნველყონ, საშუალება მისცენ, რომ გააფართოვოს ბიზნესი”.

ახალციხის რაიონულ სამმართველოში გვარწმუნებენ, რომ სახამბერიძის მიმართ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, გარე ვაჭრობის აკრძალვის მიზნით, მათ კანონის ფარგლებში, როგორც დაჯარიმების, ისე ქონების კონფისკაციის უფლება აქვთ.

“მსგავსი ძალადობის ფაქტები გამორიცხულია ნებისმიერი უბნის ინსპექტორის მხრიდან”, - გვითხრა ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექციის უფროსმა დავით ბოჩიკაშვილმა.

ვახტანგ სახამბერიძე 15 წელია აღნიშნულ ტერიტორიაზე ქალის, მამაკაცისა და ბავშვის საზაფხულო წინდებს ჰყიდის. მისი თქმით, გასაყიდი საქონლის საერთო ღირებულება 50 ლარამდეა. იგი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიცია გარე ვაჭრობას უკრძალავდა. ამის გამო გამგეობას განცხადებით მიმართა და ტროტუარზე ვაჭრობის ნებართვა სთხოვა: “გამგეობას განცხადებით 3 სექტემბერს მივმართე. გამგებელი დამპირდა რომ დამეხმარებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაპირება დაპირებად რჩება”. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ათუნაშვილის განმარტებით, პოლიცია მათი თხოვნით კრძალავს გარე ვაჭრობას, რადგან ტროტუარებსა და ქუჩაში ვაჭრობა ფეხით მოსიარულეებს უშლის ხელს. ვაჭრობისთვის კი შესაბამისი ფართი არსებობს: “აკრძალვა ყველაზე მოქმედებს. იმის გამო, რომ სახამბერიძეს 50 ლარის საქონელი აქვს, გამონაკლისს ვერ დავუშვებთ. ვუთხარი, რომ მასაც სპეციალურ ტერიტორიაზე ევაჭრა”.

თუმცა, იმავე დღეს, გამგეობაში ჩვენს შემდეგ მისულ სახამბერიძეს გამგებელმა გარე ვაჭრობის ნება დართო. “მითხრა დადექი და ივაჭრეო. მაგრამ მეშინია პოლიციამ კიდევ არ დამიშალოს, - ამბობს სახამბერიძე და დასძენს, რომ მაღაზიაში ქირაა გადასახდელი და იქ ის მოვაჭრეები დგანან, ვისაც ათასობით ლარის საქონელი აქვს. 50 ლარის ღირებულების წინდებით კი მთელი თვის გადასახადების გადახდას ვერ შეძლებს: “კრედიტს არავინ მაძლევს, რომ ვაჭრობა გავაფართოვო და ადამიანურად დავდგე მაღაზიაში. ზამთარ-ზაფხულ გარეთ ყოფნა მეხალისება?!”

ნათია ნებიერიძე, ახალციხე 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი